Featured21

დიახ, ეს არის კონტრასტების ქალაქი და არ მეგულება დედამიწაზე სხვა ადგილი, სადაც ასე მძაფრად იგრძნობოდეს სიმდიდრისა და სიღარიბის თანაცხოვრების ეფექტი. ჩვენ ვსაუბრობთ მეხიკოზე, მექსიკის დედაქალაქზე.Featured1

მექსიკა ბავშვობიდანვე ყვითელ ფერებში წარმომედგინა. ალბათ იმიტომ, რომ მაშინდელ პოლიტიკურ რუქებზე ეს ქვეყანა ყოველთვის მოყვითალო ფერით იყო აღნიშნული. ეს წარმოდგენა რეალობად იქცა, როდესაც მართლაც ჩავედი მექსიკაში და, შეიძლება ეს ჩემი უწინდელი აღქმის შედეგია, მაგრამ მექსიკა მართლაც ყვითელ ფერებში დამამახსოვრდა.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, მაშინ ნუ დაიწყებ საერთოდ. არ ვეთანხმები გამოთქმას, რომელსაც ხშირად ხმარობენ საუბრის დაწყებისას – „არ ვიცი საიდან დავიწყო.“

მე ვიცი, საიდან უნდა დავიწყო და დავიწყებ იმით, რომ მეხიკო იმ მისტიური ტომების საცხოვრისის ახლოს არის გაშენებული, რომლებიც უდიდეს მაგიას, ცოდნასა და შორს ჭვრეტის უნარს ფლობდნენ. მეხიკოს გარშემო ხომ დღესაც დაბორიალობენ კეცალკოატლის, მიშკოატლის, ჩიმალმატისა თუ სხვათა აჩრდილები. ისინი ყველანი ღმერთები იყვნენ.

მეხიკოც ღმერთების ქალაქია…

გამორიცხულია ღმერთის ხელი არ ერიოს იმაში, რომ ეს უზარმაზარი ქალაქი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდია და რომელშიც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ქრონიკულად განიცდის წყლისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემას, მაგრამ მაინც იზრდება, ვითარდება.

20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში. წარმოდგენაც კი რთულია, მაგრამ როგორც კი ჩახვალთ იქ, ასეთებზე ფიქრის დრო ნამდვილად აღარ დაგრჩებათ. თქვენ თვალწინ წამიერად ცვალებადი, მდუღარე, მდიდარი და ღარიბი სამყარო გადაიშლება.

როგორ ჩავიდე? რა გზით? ვიზა მჭირდება?… ასეთ შეკითხვებზე პასუხს ამ ჩანაწერში ვერ მოიძიებთ. ამ ინფორმაციის მოძიება ისედაც ადვილი საქმეა, როდესაც იცი სად მიდიხარ და რა არის შენი მიზანი.

ზოკალო – მეხიკოს გული

Zocalo1ეს არის ამ ქალაქის უისტორიულესი ადგილი, უძველესი რაიონი, რომელიც თვით ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე დგას. აქ არაერთი ისტორიული შენობა და ნაგებობაა, რომელსაც აგვირგვინებს ზოკალო, იგივე მოედანი, იგივე კონსტიტუციის პლაზა. ეს მოედანი მსოფლიოში სიდიდით მესამეა მოსკოვის წითელი და პეკინის ტიანანმენის მოედნების შემდეგ. ზოკალოს მოედანზე ფრიალებს მექსიკის ყველაზე დიდი ზომის ეროვნული დროშა, რომლის აღმართვისა და დაშვების ცერემონიალი ყოველ დილა-საღამოს იმართება. რა გითხრათ, რა გირჩიოთ? თუ მოხვდებით იქ, დატკბით ამ ისტორიული ადგილებით, გადაიღეთ ბევრი ფოტო, შეიძინეთ სუვენირები და… იყავით ფრთხილად!

ტურისტებს ზოკალოზე არაერთი ჩასაფრებული ადამიანი უთვალთვალებს, რომლებიც სხვადასხვა სატყუარით გხიბლავენ – რაღაც ელემენტარულ ნივთში სოლიდურ თანხას გადაგახდევინებენ, ან კი მოშორებით გაგიტყუებენ (ვთქვათ, რაიმე მნიშვნელოვანის სანახავად) და უბრალოდ გაგძარცვავენ. საერთოდ გირჩევთ, რომ მეხიკოში ყოფნისას მოერიდოთ ძვირფასეულობისა და ღირებული ნივთების გამოსაჩენად ტარებას. ყველაზე უპრიანია გამოიყურებოდეთ, როგორც უბრალო ტურისტი – ზურგჩანთით, ტურისტულივე ჩაცმულობით. ასეთ შემთხვევაში ნაკლებად გაეჩხირებით ავ თვალს.

ზოკალოს მიმდებარედ…

ზოკალოს მოედნიდან არაერთი ქუჩა იშლება. ამ ქუჩებზე სიარულისას თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავი ტრადიციულ ევროპულ ქალაქში, მაგალითად, პარიზში ან რომში, ვინაიდან ამ ქუჩებზე გაშენებულია ევროპული სტილის არქიტექტურა. ჭარბად არის წარმოდგენილი ბაროკოს სტილი.

Torre_Latinoჩემთვის განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენდა Torre Latinoamericana, იგივე ლათინური ამერიკის კოშკი. ეს არის პირველი ცათამბჯენი, რომელიც მექსიკაში აშენდა. მისი მშენებლობა 1948 წელს დაიწყო და 1956-ში დასრულდა. ეს არის 44 სართულიანი შენობა, რომლის სიმაღლეც მასზე დაშენებული ანტენის ჩათვლით 204 მეტრს აღწევს. ეს შეიძლება არ იყოს განსაკუთრებით დიდი სიმაღლე, მაგრამ იმ დროისთვის მექსიკისთვის ნამდვილი საოცრება გახლდათ. Torre Latinoamericana მეხიკოს ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმბოლოა. შენობამ 2 ძლიერ მიწისძვრას გაუძლო – 1957 და 1985 წლებში, როდესაც მეხიკოში მრავალი შენობა დაინგრა, მათ შორის Torre Latinoamericana-ს ირგვლივ. ეს შენობის სწორი დაგეგმარებისა და შესაბამისი კონსტრუქციის წყალობით მოხდა. ამ ამბების შემდეგ ლათინური ამერიკის კოშკი ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო შენობად იქცა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სეისმურად აქტიურ მეხიკოში შესაძლებელია მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. კოშკზე განთავსებულია ადგილი, სადაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია ასვლა და ქალაქის შესანიშნავი ხედებით ტკბობა. Torre Latinoamericana ზოკალოდან ფეხით 10 წუთის სავალზე, ფრანცისკო მადეროს ავენიუზე მდებარეობს. აქვეა არქიტექტურის ნაციონალური მუზეუმის შესანიშნავი შენობა.

Paseo de la Reforma

Paseoეს ავენიუ მეხიკოს არტერიად შეიძლება ჩაითვალოს. იგი წარმოადგენს ქალაქის პოლიტიკურ და ბიზნეს ცენტრს. აქ განთავსებულია არაერთი სახელმწიფო უწყება, მულტინაციონალური კომპანიების ოფისები, საელჩოები. Torre Latinoamericana-დან პასეო დე ლა რეფორმაზე იოლად მოხვდებით. ეს ავენიუ ერთგვარად ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და გარკვეულ მონაკვეთებზე შესანიშნავი მოედნებით არის გაწყობილი. აქ შეხვდებით თანამედროვე არქიტექტურის არაერთ ნიმუშს, მათ შორის – ცათამბჯენებსაც. მართალია, ავენიუ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული, მაგრამ ფეხით გავლისასაც დიდ სიამოვნებას მიიღებთ. აქვეა უამრავი მაღაზია და სავაჭრო ცენტრი. Paseo de la Reforma კიდევ უფრო მეტ ხიბლს იძენს, რაც სამხრეთისკენ მიმავალნი ვუახლოვდებით ჩაპულტეპეკის ციხესიმაგრეს და მის ირგვლივ გაშენებულ სარეკრეაციო ზონას, რომელიც უდიდესია მსოფლიოში არსებულ ურბანულ პარკებს შორის. აქ ასევე მდებარეობს ზოოლოგიური პარკი და ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი.

HSBCმანამდე კი აუცილებლად უნდა გამოვყო პასეოს ერთ-ერთი ბოლო წრიული მოედანი, რომლის შუაგულშიც აღმართულია დამოუკიდებლობის სვეტი (Columna de la Independencia). აქვეა HSBC Mexico-ს ცათამბჯენი. მოშორებით ამავე ავენიუზე მდებარეობს მეხიკოს მერიის ცათამბჯენი.

და, აი ჩვენ უკვე ვართ მეხიკოს იმ რაიონში, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. ეს არის მიგელ იდალგოს რაიონი, რომელიც ასევე მოიცავს პოლანკოს.

Polanco

Polancoეს არის მეხიკოს ყველაზე ელიტარული რაიონი. აქ ცხოვრობენ მექსიკის უმდიდრესი ადამიანები, აქ თავმოყრილია საუკეთესო სასტუმროები და რესტორნები, ღამის კლუბები, სხვადასხვა ექსკლუზიური ბუტიკები. რუბენ დარიოსა და ანდრეს ბელოს ქუჩებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ისინი არ არიან ისტორიული რაიონის ქუჩები. ისინი თანამედროვე მეხიკოს ქუჩებია, სადაც მდებარეობს პოლანკოს ცნობილი კოშკები, კოკა-კოლას მექსიკის ოფისი, მეხიკოს JW Marriott-ისა და Hyatt-ის ცნობილი სასტუმროები. ეს ადგილები საოცარ სიმწყვანეშია ჩაფლული, რასაც ხელს უწყობს ჩაპულტეპეკის პარკის უშუალო სიახლოვე. თუ მეხიკოში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ პოლანკო.

დანტე, შექსპირი, გოეთე, დეკარტე, ჰიუგო, ნიუტონი…

პოლანკოში ნახავთ ყველა ამ ბუმბერაზისა და ბევრ სხვათა სახელობის პატარა ქუჩებს, რომელთა თვალიერებაში მთელ მსოფლიოს მოივლით. აქ ასევე შეხვდებით შანზელიზესა და ლაფაიეტის ქუჩებს. ეს მართლაც შესანიშნავი ადგილებია, სადაც დღე შეუმჩნევლად გაივლის.

Santa Fe – მეხიკოს მანჰეტენი

Santa Feმეხიკოსაც აქვს თავისი მანჰეტენი. მიუხედავად იმისა, რომ ცათამბჯენები სხვა ადგილებშიც მრავლად გვხვდება, სანტა ფე ამ მხრივ გამორჩეულია. ეს არის თანამედროვე ბიზნეს-რაიონი, სადაც საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, სხვადასხვა კომპანიის ოფისები და სავაჭრო ცენტრებია განთავსებული. თანამედროვე არქიტექტურის მოყვარულთათვის აქ შესანიშნავი სანახაობაა.

დანარჩენი მეხიკო…

მეხიკო იმედნად დიდი ქალაქია, რომ მის სრულად ნახვას თვეები არ ეყოფა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალაქში მრავლად იქნება ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლის შესახებაც აუცილებლად დავწერდი, რომ მენახა. თუმცა, სამწუხაროდ, ამის საშუალება, ბუნებრივია, არ მომეცა.

Eastერთზე კი უნდა გავამახვილო ყურადღება. მეხიკოს მოსახლეობის უმრავლესობა უსახურ, ბინძურ, საშიშ რაიონებში ცხოვრობს. თუნდაც ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე რაიონები ავიღოთ. აქ ტურისტებს არაფერი ესაქმებათ. აქ სხვა სამყაროა, რის გამოც ვუწოდე კიდეც ამ ჩანახატს კონტრასტების მრავალფეროვნება. ძნელია იყო პოლანკოში და ფიქრობდე, რომ რამდენიმე (თუნდაც 10-15) კილომეტრში, იმავე ქალაქში სულ სხვა სამყაროა… თუმცა, ამაზე ფიქრი, ალბათ, არც ღირს. ეს იგივეა, რომ იყო შვეიცარიაში და ფიქრობდე, რომ დედამიწაზე არსებობს სომალი. ასეთია ცხოვრება…

დასასრულის მაგიერ

ქალაქის სამხრეთით, ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით, მდებარეობს ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ეს სტადიონი აცტეკაა. უზარმაზარი ნაგებობა და მსოფლიოში ცნობილი სტადიონი. ეს ის სტადიონია, სადაც 1986 წელს მარადონამ ინგლისის ნაკრებს ბურთის თამაშის გაკვეთილები ჩაუტარა და „ღმერთის ხელით“ გოლიც გაუტანა.

მეხიკო ნამდვილად ღმერთების ქალაქია…

ნიკა ჩადუნელი

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი