Cover

(14 წლის წინ გაკეთებული ჩანაწერები)

Securityროგორც კი კბილებამდე შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაცდებით და ფეხს „გრაუნდ ზეროდ“ (Ground Zero) წოდებულ ტერიტორიაზე შედგამთ, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის ნიუ-იორკის უკვე აღარარსებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს აფრიალებული უზარმაზარი ტილო წარწერით – “ჩვენ ეს არ უნდა მოგვსვლოდა”.  უყურებ ამ წარწერას, დაფიქრდები ცოტას და რწმუნდები, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას კონკრეტულად, და საერთოდ კი, ამ ქვეყანაში 2001 წლის 11 სექტემბრის დილამდე ის, “რაც არ უნდა მოგვსვლოდა”, არავის არასდროს უნახავს.  დავუყევი „ჩარჩ სტრიტს“ (Church Street) და საკუთარი თავი უნებურად ნაომარ, ძალზედ ნაომარ ადგილას წარმოვიდგინე.

WTC5მიუხედავად იმისა, რომ ღამე არ არის და ტრაგედიიდან 4 დღეა გასული, ქუჩებს თავზე მოღუშული, მტვრით გაჯერებული ბუღი ადგას და მზის სხივებს უვნებლად გადარჩენილ თუ ნაწილობრივ დაზიანებულ ცათამბჯენებს შორის ჩამოღწევის საშუალებას არ აძლევს.   ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოძრაობენ ნანგრევებით დატვირთული მანქანები.  ზოგნი გადიან ტრაგედიის ადგილიდან, ზოგნიც კი – შემოდიან და შემოჰყავთ ძარაზე მსხდომი ადამიანები, რომლებსაც სულ რამდენიმე ქუჩის ზემოთ – ანუ იქ, სადაც რიგით ადამიანებს ბოლო წერტილი აქვთ მიჩენილი ცრემლიანი, გაკვირვებული თუ სულაც ბინოკლით შეიარაღებული თვალებით უყურონ უბედურების ზონად გამოცხადებულ ტერიტორიას, იგივე ხალხი ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით აცილებს თითოეულ მათგანს, თითოეულ მანქანას, რადგან სწამთ, რომ ეს ადამიანები მათ წილ საქმესაც აკეთებენ, მათ წილ მოვალეობასაც ასრულებენ.

Rescue_bodyალბათ, მხოლოდ ასეთ დიდ გაჭირვებას შეუძლია თავი მოუყაროს ასობით ადამიანს და 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად აკეთებინოს საკეთებელი და აკეთებინოს ხელით!  მაშველების შემხედვარეს მახსენდება „სი-ბი-ესის“ (CBS) კომენტატორისა და წამყვანის, დენ რაზერის ნათქვამი, რომელმაც აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიებისა და მანქანების ეპოქაში მოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომუშავე ადამიანები სამაშველო ოპერაციების ნახევარზე მეტს შიშველი ხელით ასრულებენ.  დიახ, შიშველი ხელით, ისევე, როგორც ძველად, საუკუნეების წინ… დგას მაშველთა უზარმაზარი მწკრივი და ამ მწკრივის ერთი თავიდან მეორე ბოლომდე ხელიდან ხელში გადადის ნანგრევებიდან ამოღებული მიწით სავსე საზიდარი.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია გავს უზარმაზარ სკას – სკას, რომელსაც ნოდარ დუმბაძე უნივერსიტეტს ადარებდა და მასში შედიოდნენ და გამოდიოდნენ ბეჯითნი და ზარმაცნი, აქ კი განსხვავებაა – უნივერსიტეტის ნაცვლად ნანგრევებით სავსე ტერიტორიაა და არიან მხოლოდ ბეჯითნი.

“როდესაც ვიცი, რომ ამ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ცოცხალი ადამიანები იყვნენ ჩამარხულნი და მათი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული, მე არ მაქვს უფლება საკუთარ თავს დასვენების საშუალება მივცე.  ვიმუშავებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან ეს ჩემი ვალია, მე ეს უნდა გავაკეთო.” – მეუბნება 33 წლის როი რებმენი, რომელიც ტრაგედიის ადგილას ტერორისტული აქტების მოხდენის პირველი წუთებიდანვე მუშაობს.  მას, ისევე როგორც თითქმის ყველა მაშველს, დამცავ ჩაფხუტზე შეერთებული შტატების დროშა აქვს დამაგრებული.  იგი თვლის, რომ ეს მუშაობისას სულიერად ეხმარება და ძალას მატებს.  როი ნიუ-იორკის ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის ბრუკლინის მონაკვეთის თანამშრომელია.  11 სექტემბერს მან ათეულობით მეგობარი და ასობით თანამშრომელი დაკარგა.  მოგვიანებით ვარკვევ, რომ იგიც ბედის წყალობით გადაურჩა სიკვდილს.  როი ერთ-ერთი იმ მეხანძრეთაგანია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენზე მაშინ იწყებდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, როდესაც იქიდან ხალხი გამორბოდა.

უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ ადამიანებს და ძნელად იჯერებ, რომ ყოველივე ეს მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოში, “სუპერ ძალად” აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება.  რთულია შეადარო მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მისი მიდამოების მდგომარეობა იმ სიტუაციას, რაც აქ 11 სექტემბრამდე იყო.

WTC55აი, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 5” – ეს ერთ-ერთი ნაგებობა, რომელიც კოშკების ძირთან იდგა, დღეს ნახევრად არის დანგრეული და როგორც ყველაფერს გარშემო, მასაც დაკარგული აქვს პირვანდელი სახე.  მე პირადად არაერთხელ გამიტარებია დრო ამ შენობაში ასევე უკვე წარსულში არსებულ წიგნების მაღაზიაში, ახლა კი მეხსიერებაში ჩარჩენილი სურათები რეალური მდგომარეობიდან ძალიან შორს დგას.  თავად სახელგანთქმული კოშკებისგან კი, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენდენ, დღეს მხოლოდ რამდენიმე ნაწილია დარჩენილი მათი პირვანდელი სახით არსებობის დასადასტურებლად და ეს ნაწილებიც სახეცვლილი და განადგურებულია.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი – სიმბოლო შეერთებული შტატების სიმდიდრისა და ფინანსური სიძლიერისა აღარ არსებობს.  ვარაუდობენ, რომ 11 სექტემბერს მისმა განადგურებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  კოშკების დანგრევამდე დაახლოებით ერთი საათის მანძილზე კი მანჰეტენის ქუჩებში მყოფი ხალხი ასევე საზარელი სანახაობის მომსწრე გახდა – რამდენიმე ათეული ადამიანი, მოსალოდნელი საფრთხისგნ ფსიქიკურად წუთებში განადგურებული, სავაჭრო ცენტრის ცეცხლმოდებული კოშკების 80-იანი სართულების სიმაღლიდან ხტებოდა.

ამერიკული პრესა სავსეა ტერორისტული აქტების დროს შენობაში მყოფ ადამიანთა ისტორიებით.  ამ ისტორიების თანახმად, მათ გარკვეულ ნაწილს თვითმფრინავების შეჯახებიდან რამდენიმე წამის შემდეგ უკვე დარეკილი ჰქონდათ საკუთარ ოჯახებში თუ მეგობრებთან.  მათი უმრავლესობის უკანასკნელი სიტყვები დაახლოებით ასეთია:

“მე შენ მიყვარხარ!  დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვებისთვის იზრუნებ, ყველანი ძალიან მიყვარხართ.”

სევდიან ფიქრებში წასული „ლიბერთი სტრიტის“ (Liberty Street) ფაქტობრივად მიწასთან გასწორებულ მონაკვეთზე ვიდექი, როდესაც პოლიციელი მომიახლოვდა და ადგილის დატოვება მთხოვა.  ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და ქართველი მკითხველისთვის ვაგროვებდი მასალას, მან კი ასეთი რამ თქვა: “ამ ტრაგედიამ დამანახა, რომ გაჭირვების დროს თვით ამერიკა და რუსეთიც კი ერთად დგანან. იმედია, ცუდს არაფერს დაწერთ.” აღარ მოვყოლილვარ ახსნა-განმარტებას.  ცუდს არაფერს დავწერ-თქო, დავპირდი პოლიციელს, შემოვბრუნდი და წამოვედი.

11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიოს შეგნებული საზოგადოების აღშფოთება და წუხილი გამოიწვია.  ამერიკის ტრაგედია ყველა მათგანისთვის საკუთარ ტრაგედიად იქცა.  ამერიკა ომისათვის ემზადება, ამერიკამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შესწევს ძალა საკადრისი პასუხი გასცეს მის შეურაცხმყოფელთ.  აღარ არის საიდუმლო, რომ ასეთ “შეურაცხმყოფლად” ნომერ პირველი ტერორისტი, საუდელი მილიონერი ოსამა ბინ ლადენია მიჩნეული, რომელსაც ავღანეთის თალიბანის მმართველობა მფარველობს.

Watchersისევ ახალი ომი… ამ ფიქრით დავშორდი ტრაგედიის ზონას და ჩრდილოეთისკენ წამოვედი, რათა მენახა ის ხალხი, რომლებიც „გრაუნდ ზეროდ“ წოდებულ ტერიტორიაზე არ არიან და,  რომლებიც ცრემლიანი თვალებით გაჰყურებენ ბუღავარდნილ სამხრეთ მანჰეტენს, სადაც მათ მეუღლეები, მშობლები, შვილები, დები, ძმები და მეგობრები ჯერ კიდევ ცოცხალნი ეგულებიან.  ვიდრემდე აკრძალული ტერიტორიიდან გამოვაღწევდი, მინებჩამსხვრეული აწ უკვე ყოფილი მაღაზია შევნიშნე, რომლის შესასვლელ კართან მავანს შეერთებული შტატების მცირე ზომის დროშა დაერჭო წარწერით – “No war, give peace a chance” (“არა ომს, მიეცით შანსი მშვიდობას”).

მაგრამ, ამერიკა მაინც ომისთვის ემზადება და ეს გასაგებიც არის.  შეერთებული შტატების მოსახლეობის სხვადასხვა სახის სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ მათი უმრავლესობა ტერორისტული აქტების მომწყობებისა და მხარდამჭერების სასტიკ დასჯას ითხოვს.  სხვა რომ არაფერი, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც საბოლოო ჯამში ხალხი განსაზღვრავს თუ რა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მთავრობამ.

11 სექტემბრის ტრაგედიამ თვალნათლივ აჩვენა, რომ ამერიკელ ხალხს გასაკეთებელ საქმეთა პრიორიტეტების მართებულად განსაზღვრა და, რაც მთავარია, საზოგადოებასა და მთავრობას ერთმანეთის გაგება და ერთად მუშაობა შეუძლიათ.  ამერიკას ასეთი მასშტაბის ტრაგედია არ უნახავს, მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ მას შესწევს უნარი “არნახულსაც” კი ორგანიზებულად გაუმკლავდეს და არ გადააყოლოს მთელი ქვეყანა ერთ, თუნდაც ასეთ საზარელ მოვლენას.

უკვე რამდენიმე დღე გავიდა 11 სექტემბრიდან და მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მისამართით არ გამოთქმულა არც ერთი სერიოზული ბრალდება, მით უმეტეს, რომ ამის რეალური საფუძვლები არსებობდა:  თუნდაც ის, რომ არ არის სათანადოდ დაცული აეროპორტების უსაფრთხოება, რომ ტერორისტთაგან რამდენიმე მფრინავის წვრთნას შეერთებულ შტატებში გადიოდა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს საეჭვო და დასაკვირვებელ პირთა ნუსხაში ჰყავდა შეყვანილი იმ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებმაც გასული კვირის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები მოიყვანეს სისრულეში, რომ შეერთებული შტატების საჰაერო სივრცის დაცვის სამსახურმა არ მოახდინა სათანადო და დროული რეაგირება კურსს მკვეთრად აცდენილ თვითმფრინავებზე… ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

ამ საკითხზე კონცენტრირებისას უნებურად საქართველო მახსენდება.  ნათლად მაქვს წარმოდგენილი ასეთ სიტუაციაში (ღმერთმა დაგვიფაროს) როგორ შეაწმენდდა მეთელი საზოგადოება ხელს ქვეყნის ხელისუფლებას და თავად ხელისუფლება კი როგორ გადააწმენდდა ახლა უკვე საკუთარ ხელს თავის სხვა განშტოებებსა თუ წევრებს და ერთმანეთის დადანაშაულებასა და ლანძღვაში გაილეოდა ის დრო, რომელიც ჭირის რეალურად სამკურნალოდ და ერთად დგომისთვის იქნებოდა საჭირო.  შეიძლება ქართული სინამდვილისთვის ეს გაუგებარი იყოს, მაგრამ ამერიკაში ამ დღეებში მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ თუნდაც იმავე ჭირის გამკლავება ურთიერთბრალდებებითა და ქიშპობით არ გამოვა.

Missing“ბოროტი სული ჩვენს ქვეყანას ებრძვის და იცოდეს მან, რომ ამ ბრძოლაში ის დამარცხდება, რადგან თითოეული ჩვენგანი – მე, თქვენ, ჩვენი პრეზიდენტი და კონგრესი ვაშინგტონში, მთლიანად ჩვენი ამერიკა ერთად აღუდგება წინ მას.  ჩვენ დიდი ძალა გვაქვს, ძალა თავისუფლებისა.” – ემოციურად მიმართავს გარს შემოხვეულ ხალხს შეერთებული შტატების დროშებში გახვეული შუახნის ქალბატონი, რომელიც, როგორც შემდგომ გავარკვიე, „უნიონ სქვერზე“ (Union Square) 11 სექტემბრის შემდეგ დგას და მსგავს სათქმელს ღაღადებს.  მას ბევრი მსმენელი ჰყავს.  ამავე სკევრში თითქმის 24 საათი ხალხია შეკრებილი, რომელიც აურაცხელი სანთლით, ყვავილების თაიგულებითა და ერთობლივი სიმღერებით მიაგებს პატივს დაღუპულებს.  სკვერში მოსული თითოეული ადამიანი ცდილობს შეუერთდეს რიგს და საკმაო ლოდინის შემდეგ თუნდაც ერთი სანთელი დაანთოს.  აქვე – ქვაფენილზე, ქანდაკებებზე, ელექრტო განათების ბოძებზე, უბრალოდ ხეებზე უამრავი წარწერაა გაკეთებული, რომელშიც ხალხი თავის ემოციას გამოხატავს.

“გიყვარდეს სხვა”, “გიყვარდეთ ერთმანეთი” – აუცილებლად წაიკითხავთ ამას და წაიკითხავთ არამხოლოდ ინგლისურად…

ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკები გაქრა და გამოჩნდა უამრავი სურათი, წარწერა, უბრალოდ ტელეფონის ნომერი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ახლობლები და მეგობრები ეძებენ.  სურათებს შეხვდებით ყველგან – ხეებზე, შენობების კედლებზე, სარეკლამო დაფებზე, ტელეფონის ჯიხურებზე, მანქანებზე, სულაც ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ხელში უჭირავთ მეუღლის, შვილისა თუ მეგობრის სურათი და გამვლელებს ცრემლიანი თვალით თხოვენ დახმარებას იმ იმედით, რომ გამოჩნდება ვინმე, ვისაც მათ მიერ ძებნილის ასავალ-დასავალი ეცოდინება.

“მარკ სტენლი, დაბადებული 1967 წლის 16 თებერვალს.  თმის ფერი –  შავი; თვალის ფერი – ყავისფერი”, შემდეგ სიმაღლე, წონა, მისამართი… და ბოლოს: “ეძებს მეუღლე, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი.”

“მე ყოველთვის მექნება იმედი, რომ იგი ოდესმე აუცილებლად გამოჩნდება.  უკვე ოთხი დღეა ველოდები და დაველოდები, ვიდრე ცოცხალი ვარ.  მე ვიცი, რომ ის არ მიღალატებს და უეჭველად მოვა.” – ამბობს 26 წლის ემა ვენდელი, რომელიც თავის მეუღლეს, 30 წლის კარლო ემბრიოტის ელოდება.

კალამი მოვიმარჯვე, რომ ნათქვამი წინადადებები მოკლედ მომენიშნა ქაღალდზე, როდესაც ქალბატონი მომიახლოვდა და გაფაციცებით მკითხა, მე ხომ არ ვაგროვებდი მოხალისე მოსამსახურეების სიებს.  უარი ვუთხარი.  შეწუხებული ჩანდა, ემჩნეოდა დახმარება ეწადა სხვისი.

დახმარებით კი ბევრი ეხმარება ერთმანეთს.  ეხმარება ისე, როგორც შეუძლია:  ფულით, თუნდაც ერთი დოლარით, ტანისამოსით, საკვებით, წყლით, უბრალოდ ნუგეშის სიტყვით, რომ დაკარგული აუცილებლად გამოჩნდება.  ვნახე ასეთი სურათიც:  პატარა ბიჭუნა დიდი გულმოდგინებით ურიგებდა ხალხს წითელ ვაშლებს (ნიუ-იორკის სიმბოლო) და ამისთვის მასზე ორჯერ დიდ ტომარას დაარბენინებდა.  დახმარების თავისებური ფორმაა, თითქოს არაფერი, მაგრამ მრავლისმთქმელი.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამერიკა 11 სექტემბრის შემდეგ შეიცვლება და შეიცვლება უკეთესობისკენ.  აუნაზღაურებელი დანაკარგის გაღებით გამოჩნდა, რომ ხალხს ერთმანეთზე ზრუნვის უნარი არ დაუკარგავს.  ფსიქოლოგებისავე ვარაუდით, ამ ტრაგედიის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო დაახლოვდება ერთმანეთთან, გაუმახვილდება სიფრთხილის გრძნობა და გაჭირვების ერთობით დაძლევის ინსტინქტები.  ამასთანავე, დაწინაურდება სხვა ქვეყნებისადმი დამოკიდებულების ფაქტორი.  იგი უფრო ლოიალური და შემწყნარებლური გახდება.  იქნება თუ არა ეს ასე, დრო გვიჩვენებს.

photo_woman2_bodyამ მომენტისთვის კი 11 სექტემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკის სახე შეცვალა.  გარდა იმისა, რომ ვეღარ ნახავთ ქალაქის ყველაზე მაღალ შენობებს, რომლებიც “ემპაერ სთეით ბილდინგთან” და თავისუფლების ქანდაკებასთან ერთად მის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს ხალხის სახეებზე აღბეჭდილ უდიდეს მწუხარებას, თუმცა კი ქალაქი მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს – ისევ ჩახჩახებს “თაიმს სქვერი”, ისევ დგას “ემპაერ სთეით ბილდინგი”, ისევ უკრავს ქუჩაში საქსაფონი და ისევ იყიდება სურათები, რომლებზეც აწ უკვე აღარარსებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრი კვლავ ამაყად გადმოჰყურებს ქვეყნიერებას.

ნიკა ჩადუნელი

დატოვე კომენტარი

კომენტარი