ბოსფორის მერე ხიდი

სტამბული მოგზაურობის თვალსაზრისით ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც გინდა, რომ ყოველდღიურობას გაერიდო და უბრალოდ რამდენიმე დღით თვალი მოატყუო. ფრენა თბილისი-სტამბული ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენსაც მატარებელი თბილისიდან ხაშურამდე ჩაასვალას მოანდომებდა. ამ მარტივი შედარებით ვიხელმძღვანელე და შევუკვეთე თვითმფრინავის ბილეთები (2 გზა) 3 დღის შუალედით.

სტამბული გიგანტური ქალაქია, მოსახლეობით 14 მილიონი, მსოფლიო რეიტინგში მესამეა. გიგანტურობის განცდა თვითმფრინავშივე გიჩდება, როდესაც საათში 500 კილომეტრი სიჩქარით მიმავალი 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ ქალაქის თავზე ხარ გამოკიდებული და ილუმინატორიდან გაოცებული გაჰყურებ დასახლებულ სივრცეს. აეროპორტში დაშვებიდან 2 საათი დამჭირდა, რომ გარეთ გამოვსულიყავი. ათათურქის აეროპორტი ძალიან გადატვირთულია. აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ კი ყველაფერი უკვე ადვილია.

ტრანსპორტი
სტამბულის მეტროს რუკასტამბულში გადაადგილება ძალიან მარტივია. დიდმა კონკურენციამ და თურქულმა სერვისმა თავისი გაიტანა და ტრანსპორტის სფერო უმაღლეს დონეზე აიყვანა. აეროპორტის გამოსასვლელშივეა განთავსებული აეროპორტის ავტობუსები – ე.წ „Havash“, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში გადის. ტაქსიმამდე მგზავრობა 6 ლირა (დაახლოებით 5 ლარი) ღირს და მგზავრობისთვის სულ 40 წუთი დაგჭირდებათ. თუ ტაქსიმამდე მიაღწიეთ, აქ უკვე მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც მეტროს რამდენიმე ხაზს, ტრამვაისა და ფუნიკულიორს აერთიანებს, ნებისმიერი მიმართულებით შეგიძილათ გადაადგილება. ამიტომაც ავირჩიე საცხოვრებლად ტაქსიმის მოედანი და მახლობელ ქუაჩაზე არსებულ პატარა სასტუმროში გავჩერდი.

ტაქსიმი და ისტიკლარი
ტაქსიმის მოედანი ქალაქის ცენტრალური ჰაბია არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. იგი ევროპულ ნაწილში მდებარეობს და აქედან ადვილია მიწვდე როგორც ქალაქის ბიზნესცენტრს, ისე ძველ ნაწილს. ტაქსიმზევე მდებარეობს ცნობილი პარკი „გეზი“. ამ ადგილთან არის დაკავშირებული 2013 წლის მოვლენები, როდესაც პარკის დაცვას 4 ადამიანი შეეწირა ძალადობაში გადაზრდილი საპროტესტო გამოსვლების დროს.ტაქსიმისკენ მიმავალ გზაზე
აქვეა სახელგანთქმული ისტიკლარის (თავისუფლების) გამზირი, რომელიც ხალხმრავლობით გაგაოცებთ. კილომეტრ-ნახევრიანი გამზირი ავტომობილებისთვის დაკეტილია და აქ მხოლოდ ტრამვაით გადაადგილებაა შესაძლებელი. როგორც ამბობენ, უქმეებზე ისტიკლარზე 3 მილიონამდე ადამიანი სეირნობს. გამზირზე განთავსებულია მაღაზიები, რესტორნები, ფაბები და სხვა მრავალი გასართობი დაწესებულება, რომლებიც მოსაღამოვებისას უფრო და უფრო აქტიურდებიან. აქ შესანიშნავია ღამით გასეირნება. ისტიკლარის ბოლოს კი შუა საუკუნეების გალათას კოშკია.

გალათას კოშკი
გალათას კოშკიქრისტეს კოშკამდე მოსაღამოვებისას მივაღწიეთ. იქ უკვე უამრავი ტურისტი ტრიალებდა. კოშკთან მინი სცენა იყო მოწყობილი და რამდენიმე უცნობი როკ-ჯგუფი წარმოდგენას მართავდა. Galata Kulesi ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. მისი სიმაღლე 66.90 მეტრია და აშენების პერიოდში ქალაქის უმაღლეს ნაგებობას წარმოადგენდა. ნაგებობის გარე დიამეტრი 16.45 მეტრია, შიდა დიამეტრი 8.95 მეტრი, კედლის სისქე კი 3.75 მეტრი. კოშკი აგებულია 1348 წელს, გენუელების მიერ კონსტანტინოპოლის ექსპანსიის პერიოდში. ამჟამად მასში დამონტაჟებულია ორი ლიფტი, რომლებიც უზრუნველყოფენ მნახველთა გადაადგილებას ზედა სართულებზე, სადაც განლაგებულია ღამის კლუბი და რესტორანი და საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ბოსფორსა და ძველ სტამბულზე. როგორც მითხრეს, რესტორანი უაღრესად ძვირია. გალათას ისტორიული კოშკი ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილია, საიდანაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტები იშლება. გალათას კოშკი სტამბულის ტურისტულ ღირსშესანიშნაობათაგან ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი და მნიშვნელოვანი ძეგლია.ხედი გალათას კოშკიდან

სულტანაჰმედი
მეორე დილითვე ძველ ქალაქს მივაშურე, სადაც სტამბულის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობაა განთავსებული. სულტანაჰმედი ზუსტად ის ტერიტორიაა, რომელსაც ისტორიულად კონსტანტინოპოლი ეწოდებოდა. ბოსფორით, ოქროს რქის ყურითა და დასავლეთიდან ძველი ქალაქის დამცავი კედლით შემოსაზღვრული ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო.
ტურისტების სიმრავლისა და გრძელი რიგების გამო სულტანაჰმედში მხოლოდ აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკა ცისტერნა და ტოპკაპის სასახლის დათვალიერება მოვასწარი. გავიმეორებ, რომ სტამბულში ტურის დაგეგმვისას დიდი დრო რიგში დგომას უნდა მიაკუთვნოთ.

აია სოფია
ბიზანტიისა და ოტომანების იმპერია ყველაზე ცნობილი ცივილიზაციებია, რომელთა კულტურაც კარგად არის გამოხატული აია სოფიას ტაძრის არქიტექტურაში. იგი თავდაპირველად ქრისტიანული ეკლესია იყო, შემდეგ კი – მეჩეთი. 1935 წელს, ათათურქის ბრძანებით, აია სოფია მუზეუმად გამოცხადდა, ხოლო 1985 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი პოპულარული ეკლესიის ცენტრში არსებული ძირითადი გუმბათის გამო გახდა.აია სოფიას ხედიშესვლისთანავე გიჩნდებათ გრანდიოზულობის განცდა. ტაძარი გიგანტური ზომისაა და ადამიანში ათასგვარ ემოციას აღძრავს. შთამბეჭდავია მეორე სართულზე განთავსებული ვედრების ხატი, რომელიც ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სიდიადე შენარჩუნებული აქვს.
აია სოფიას დარბაზივედრება

ლურჯი მეჩეთი
აია სოფიას გადასწვრივ, სტამბულის მეორე დიდი ღირსშესანიშნაობაა განთავსებული. ლურჯი მეჩეთი იმიტომ ეწოდა, რომ მის გარშემო შემოვლებული კედლები ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული.
ლურჯი მეჩეთის ეზოლურჯი მეჩეთი
მეჩეთის მშენებლობა 1609-1616 წლებში მიმდინარეობდა, ახმედ პირველის მმართველობის პერიოდში. ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეჩეთების ტერიტორიაზე, აქაც განთავსებულია დამაარსებლის სამარხი, სკოლა და ჰოსპისი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეჩეთი დღესაც მოქმედია, მაინც წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ ობიექტს, მაგრამ არამორწმუნეთათვის ლოცვის დროს მეჩეთი დახურულია. მეჩეთის ნახვის მსურველებს ტერიტორიაზე შესვლა იპოდრომის (მეჩეთის დასავლეთ ნაწილი) მხრიდან შეუძლიათ.

ბაზილიკა ცისტერნა
სულტანაჰმედის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა აია სოფიას წინ მდებარე მოედნის ქვეშ არის გნთავსებული. ბაზილიკა ცისტერნა (532 წელი) რომის იმპერიის იმ დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავი იყო. წყალსაცავი კოლონებისგან შედგება. ცისტერნა ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვა მეტრიან სვეტზე დგას, აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული, მესამე ასეთ თავს კი არქეოლოგიის მუზეუმის ეზოში ნახავთ.
ბაზილიკა ცისტერნამედუზა
თურქებმა ეს ცისტერნა კონსტანტინოპოლის აღებიდან ერთი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს. აქ ფონად დაბალ ხმაზე ჩართულია ნელი აღმოსავლური მოტივის მელოდია, წყლიდან თევზები იყურებიან და საჭმელს ითხოვენ. ეს ადგილი მუდამ ხალხის სიმრავლით გამოირჩევა.

თოფქაფის სასახლე
თოფქაფის სასახლე დღის ბოლოსთვის უნდა მოიტოვოთ, რადაგან მის დათვალიერებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. სასახლის მშენებლობა სულთან მეჰმედ მეორის ბრძანებით 1459 წელს დაიწყეს და 1465 წელს დაასრულეს. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი მოედნისგან შედგება. ტოპკაპის სასახლე
პირველ მოედანს „იმპერიული კარიბჭე“ ჰქვია. აქ მდებარეობს საიმპერიო ზარაფხანა. მეორე მოედანი პარკია, რომელიც შემორტყმულია სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, საჯინიბოთი და ა.შ. მესამე მოედანი სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ მოთავსებულია მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ მესამის ბიბლიოთეკა. რაც შეეხება მეოთხე მოედანს, იქ სულთნის პირადი ბაღი იყო და შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან, რომელიც ბოსფორს გადმოჰყურებს.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავისი დროის მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ, ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით. დღესდღეობით ის სტამბულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული სანახაობაა. 1929 წელს სასახლეში აღმოაჩინეს რუკა, რომლის ავტორი ცნობილი თურქი მეზღვაური და კარტოგრაფი პირი-რეისი იყო. აღმოჩენა დოქტორ ეტჰემს ეკუთვნის. შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ეს რუკა შედგენილი იყო 1513 წელს და პრაქტიკულად ეს იყო მსოფლიო რუკა, რომელზეც კონტინენტთა განლაგება რეალობასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. ყოველივე ეს კი კარტოგრაფიის ისტორიაში ახალ ფურცელს წარმოადგენდა. სასახლე ნებისმიერ მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

მეორე დამღლელი დღეც მიილია და მეგობრებთან ერთად ორთაქოის მივაშურე. ეს არის ადგილი ბოსფორის პირველი ხიდის ქვეშ, სადაც განთავსებულია უამრავი კაფე-ბარი და სხვადასხვა ქვეყნის რესტორანი. არ დაგავიწყდეთ დააგემოვნეოთ უგემრიელესი „პოტატუნები“ 🙂

დოლმაბაჰჩე
მესამე დილით უთენია მივაშურე დოლმაბაჰჩეს სასახლეს. ტაქსიმის მოედნიდან ფუნიკულიორი (კაბატაში) პირპდაპირ ბოსფორის სანაპიროზე ეშვება. აქედან სასახლე უკვე 300 მეტრშია. ვიზიტისთვის დილა სპეციალურად შევარჩიე, რადგანაც გაგონილი მქონდა აქაური რიგების შესახებ.დოლმაბაჰჩეს შესასვლელიდოლმაბაჰჩეს სასხლე 1856 წლიდან მუსტაფა ათათურქის გარდაცვლებამდე ოტომანების ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენდა. მისი მშენებლობა 31 სულთნის, აბდულმეჩიდ პირველის მართვის დროს განხორციელდა. ამავე პერიოდში სამეფო ოჯახმა დატოვა ტოპკაპის სასახლე და უფრო დასავლური დიზაინს მქონე დოლმაბაჰჩეში გადასახლდა.

დოლმაბაჰჩე თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. იგი პირდაპირ ბოსფორის სანაპიროზეა განთავსებული. შენობა 285 ოთახის, 46 დარბაზის, 6 აბაზანისა და 68 ტუალეტისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. იგი 1938 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სასახლე ხალხის საკუთრებად გამოცხადდა და მუზეუმად იქნა გადაკეთებული.
დოლმაბაჰჩესასახლის ტური ზუსტად 40 წუთი გრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებალდ წაიღოთ მზისგან დამცავი კეპი, რადგან ხშირად რიგი მზიან ადგილზე გადის და შეიძლება დამწვრობა მიიღოთ. როგორც ყველა საინტერესო ადგილზე, აქაც ფოტოგადაღება აკრძალულია.

ლევენტი
ტურის დასრულებისა და შუადღის ლანჩის შემდეგ ტაქსიმის მოედანზე დავბრუნდი და მეტროს საშუალებით ლევენტისკენ გავემგზავრე. ლევენტი თანამედროვე სტამბულის ბიზნესცენტრია – ცათამბჯენებითა და გრანდიოზული შოპინგ-მოლებით. აქ ერთმანეთის პირდაპირ არის განთავსებული ორი გიგანტური მოლი: მოტორსითი და კანიონი. აღნიშნული დაწესებულებების მონახულებისას აუცილებლად უნდა გამოყოთ 4-5 საათი.სავაჭრო ცენტრი კანიონი

მოსაღამოვებისას ჩვენთვის უკვე ცნობილი „ჰავაშის“ ავტობუსით აეროპორტისკენ მივემართებოდი. აქვე გამიჩდა აზრი, თუ რამდენი რამის ნახვა ვერ მოვასწარი: თურქული და ისლამის ხელოვნების მუზეუმი, სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი, სულეიმანის მეჩეთი, სტამბულის აზიური ნაწილი, აკვარიუმი და ა.შ. თუმცა გული არ დამწყვეტია… სტამბული ხომ ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც გინდა, რომ ყოველდღიურობას გაერიდო…

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი