layover park

წინა გაზაფხულს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საზაფხულო მოგზაურობის სამზადისში ნაცნობ ტურ-ოპერატორს დავუკავშირდი და ვთხოვე თურქეთის კურორტების ერთ-ერთ სანაპიროზე სასტუმროს არჩევაში დამხმარებოდა.  მიმართულება ანტალიის რაიონში – ქემერისკენ ავიღე, სადაც ადრე უკვე ნამყოფი ვიყავი და სავარაუდო ბიუჯეტიც, რომელიც მოგზაურობისას დამჭირდებოდა, უკვე განსაზღვრული.  ტურ-ოპერატორი მეორე დღესვე დამიკავშირდა და რეკომენდაცია 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „კილიკია პალასს“ გაუწია. მე და ჩემს მეუღლეს ტური, ფრენა, სასტუმრო და სამჯერადი კვება 2800 დოლარი, მაშინდელი კურსით 4536 ლარი დაგვიჯდებოდა.

ზუსტად ამ დროს დამებადა შეკითხვა:  იყო თუ არა შესაძლებელი იგივე ფასად ევროპის რომელიმე საზღვაო კურორტზე მემოგზაურა! ძებნას მაშინვე ინტერნეტის საშუალებით შევუდექი და მალე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ასეთი მოგზაურობა კომპრომისების გარეშე იყო შესაძლებელი. თანაც გაგვიმართლა – იმ წელს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი შედარებით დაბალფასიანი ავიაკომპანია შემოვიდა და, რაც მთავარია, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 2.10 ნიშნულამდე გამყარდა. შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ არჩევანი ბარსელონაზე შეჩერდა.

DSCN6508

მოსამზადებელი პერიოდი
გეგმა 3 თვეზე ავიღე.  მაშინვე მივმართე ავიაბილეთების გაყიდვების ოფისს და ჯავშანი გავაკეთე ფრენაზე თბილისი – რომი – ბარსელონა – თბილისი.  ფასი ორ ადამიანზე – 540 ევროს ექვივალენტი. პარალელურად ბანკში 3 თვიანი შეგროვებადი დეპოზიტი გავხსენი გარკვეული თანხის აკუმულირებისთვის.  სასტუმროს ძებნამ დიდი დრო წაიღო, მინდოდა საუკეთესო ვარიანტი შემერჩია, ბარსელონას ცენტრში რამბლას ქუჩასთან ახლოს. რამდენიმე ვარიანტიდან ბოლოს სასტუმრო Peninsular ავირჩიე, რომელიც პირდაპირ რამბლას შუაგულში, სახელგანთქმული ლიცეუს თეატრის უკან მდებარეობდა. სასტუმროს ფასმა, რომელშიც დილის კვება შედიოდა ცხრა ღამეზე 630 ევრო შეადგინა. საელჩოში ჩაწერის დღეც მალე დადგა და კიდევ ერთი დამატებითი ხარჯი – 60 ევრო მიეთვალა დავთარს.

მოსამზადებელი პერიოდის ჯამური ხარჯი: 1230 ევრო

4 ივნისი
თვითმფრინავი ფიუმიჩინოს (Fiumicino) აეროპორტში იტალიის დროით დილის 7 საათზე დაეშვა. ეს აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელითაც არის ცნობილი.  საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ სწაფად ვიპოვეთ ტერმინალთან მდგომი შატლი (12 ევრო) და რომის ცენტრალური ავტოსადგურისკენ დავიძარით. ფრენა ბარსელონას მიმართულებით იმავე ღამის 10 საათზე იყო დანიშნული და დღის განმავლობაში ბევრი სანახაობის დათვალიერების შესაძლებლობა გვქონდა.  ვნახეთ კოლიზეუმი, რომან ფორუმი, ფანტან დე ტრევი, ესპანური საფეხურები და სხვა (40 ევრო). რიგების გამო ადგილების შეზღუდული რაოდენობის მონახულება მოვასწარით, თუმცა დღე შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა. მოსაღამოვებისას რომის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ რესტორანში ნამდვილი იტალიური სამზარეულო დავაგემოვნეთ (55 ევრო) და უკან აეროპორტში დავბრუნდით (12 ევრო). იმავე ღამეს აეროპორტის შატლმა, კატალუნიის მოედანზე, ჩვენი სასტუმროდან 300 მეტრის მოშორებით ჩამოგვსვა (12 ევრო).
DSCN6204

DSCN6148

დღის ხარჯი: 141 ევრო

5 ივნისი
ბარსელონაში მზიანი ამინდი დაგვხვდა და პირველივე დილას, სასტუმროში ვახშმის შემდეგ, ბალეარის ზღვის სანაპიროს მივაშურეთ. ქალაქში სამოძრაოდ მეტროს ათჯერადი საშვი შევიძინეთ (20 ევრო), აქვე შემოგვთავაზეს 2 დღიანი აბონემენტი ბარსელონას ბას- ტურზე, რომელიც მთელ ქალაქს არტყამს წრეს და ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან ჩერდება (72 ევრო). ბარსელონას სანაპირო ზოლი შთამბეჭდავი აღმოჩნდა – ქვიშიანი სანაპირო და კამკამა ზღვა, ამინდიც საუცხოო დაემთხვა. DSCN6251შუადღისას იქვე სანაპიროზე ზღვის პროდუქტების რესტორანი მოვიძიეთ და ესპანური პაელა დავაგემოვნეთ (40 ევრო). საღამოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი დავათვალიერეთ და კასა ბატლოს ვესტუმრეთ, რომელიც სახელგანთქმული გაუდის მიერ არის დაპროექტებული (30 ევრო). იმავე საღამოს რამბლაზე ერთ-ერთ კაფეში ვივახშემთ და, რაც მთავარია, ესპანური სასმელი სანგრია მივირთვით (35 ევრო).DSCN6475

დღის ხარჯი:  212 ევრო

6 ივნისი
დილიდან ბას-ტურის საშუალებით ქალაქის მონახულებას შევუდექით. პირველი გაჩერება – საგრადა ფამილია (40 ევრო). „წმინდა ოჯახი“ ანტონიო გაუდის ცხოვრების მთავარი პროექტია, მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და, კატალუნიელების გათვლებით, 2035 წელს დასრულდება.DSCN6346

საუკუნოვანი პროექტი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახობაა, რომელიც ცხოვრებაში ადამიანმა შეიძლება იხილოს. იმავე დღის განმავლობაში ვეწვიეთ მორიგ ესპანურ რესტორანს (40 ევრო) და ქალაქში გასეირნების შემდგომ რამბლაზე ერთ-ერთ ღია კაფეში (25 ევრო) დაგვიღამდა.DSCN6323

დღის ხარჯი:  125 ევრო

7 ივნისი
ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა,  ბას-ტურის მეშვეობით რამდენიმე ღირსშესანიშნაობას ვეწვიეთ:  კატალუნიის ნაციონალური მუზეუმი (24 ევრო), ნოუ კამპის სტადიონი (44 ევრო), კასა მილა (40 ევრო) და, რაც მთავარია, პარკი გუელი. პარკი ანტონიო გაუდის მიერ არის დაპროექტებული და  თავდაპირველად კომერციული საცხოვრებელი ადგილის იდეით იქნა აშენებული ბარსელონას ერთ-ერთ გარეუბანში – სახელად გრაცია. იდეის ავტორი მეწარმე ეუსები გუელი იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კომერციული საცხოვრებლის პროექტი ჩავარდა და სამომავლოდ ადგილი მუნიციპალურ პარკად ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ამავე პარკშია ბარსელონას სიმბოლოდ ქცეული სალამანდრას ქანდაკება el drac.DSCN6358 DSCN6365

დღის განმავლობაში სხვა მცირე ღირსშესანიშნაობების მონახულებისა და იაპონურ სწრაფი კვების რესტორანში (20 ევრო) სტუმრობის შემდგომ კვლავ რამბლას ერთ-ერთ ღია კაფეში დაგვიღამდა (30 ევრო).

დღის ხარჯი:  158 ევრო

8 ივნისი
საინტერესო დღე გველოდა წინ.  გეზი ფიგერასისკენ ავიღეთ – სალვადორ დალის ქალაქში,  სადაც შემოქმედი დაიბადა და სადაც მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული. მანძილი ფიგერასამდე – 137 კილომეტრი მატარებლით თითქმის 2 საათში დავფარეთ (70 ევრო).DSCN6524 ფიგერასი პატარა ქალაქია და სადგურიდან მუზეუმამდე რამდენიმე წუთში ფეხით მივედით. დალის მუზეუმის ცენტრალური ნაწილი ფიგერასის თეატრს წარმოადგენს, სადაც სალვადორ დალის პირველი გამოფენა ჩატარდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს თეატრის ძველი შენობა დაინგრა და მხოლოდ 1974 წლის 28 სექტემბერს მუზეუმის სახით კვლავ გაიხსნა. აქ არის გამოფენილი დალის ძირითადი ნამუშევრები (40 ევრო).

DSCN6560 DSCN6556

ფიგერასიდან დაბრუნებულებს ბარსელონაში უკვე შებინდებული დაგვხვდა და იმავე საღამოს იტალიურ რესტორანს მივაშურეთ (40 ევრო)

დღის ხარჯი: 162 ევრო

9 ივნისი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ბარესლონას აკვარიუმი მოვინახულეთ (55 ევრო), რომელშიც წარმოდგენილია ხმელთაშუა ზღვის ბინადართა სახეობები. აქვეა უზარმაზარი აკვარიუმი, რომლის ქვეშაც სპეციალური ექსკავატორის საშუალებით ტურისტებს შეუძლიათ იხილონ ზვიგენები. ბარსელონას აკვარიუმის ერთ-ერთი დიდი სექცია პინგვინებს ეთმობა.DSCN6644

აკვარიუმის მონახულების შემდეგ გოთიკურ კვარტალს მივაშურეთ (Barri Gòtic), სადაც განთავსებულია შუასაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლები: წმინდა ეულიას ტაძარი, ლა მერსეს ბაზილიკა, წმინდა მარიამის ეკლესია და ა.შ. ამავე უბანშია განთავსებული ბარსელონას მერია და პრეზიდენტის სასახლე.DSCN6682

დატვირთული დღის მერე ირლანდიურ რესტორანს მივაშურეთ, რომელშიც რამდენიმე სახეობის ირლანდიური ლუდი დავაგემოვნეთ (50 ევრო). საღამო კი ტრადიციულად რამბლაზე ერთ ლიტრიანი სანგრიით დასრულდა (20 ევრო).

დღის ხარჯი: 125 ევრო

10 ივნისი
დილას ბარსელონას სანაპირო ზოლში პორტ ოლიმპიკისკენ გავწიეთ, სადაც  ფრანკ გერის სახელგანთქმული თევზის ქანდაკებაა განთავსებული.20130609_133411

DSCN6678

დღის მეორე ნახევარში პიკასოს მუზეუმს ვეწვიეთ, რომელიც რამბლას მახლობლად მდებარეობს (40 ევრო).  დღე სტანდარტულად კაფეში დასრულდა.

დღის ხარჯი: 125 ევრო

11 ივნისი
ერთი დღე, მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, საყიდლებს დავუთმეთ  და ბარსელონას გარეუბანში ერთ-ერთ გიგანტურ შოპინგ მოლს ვესტუმრეთ (Diagonal Mar Shopping Centre), საყიდლების თანხას სპეციალურად არ ვვანგარიშობთ მოგზაურობის დანახარჯებში.  რაც შეეხბა კვების თანხას, მიმდინარე დღე დაახლოებით 50 ევრო დაჯდა.

დღის ხარჯი: 50 ევრო

12 ივნისი
უკვე სახლში დაბრუნების დრო დადგა და 12 ივნისი ბარსელონაში პასიურ გართობას დავუთმეთ.  საბაგიროთი გავისეირნეთ მონჟუის მთაზე (20 ევრო), ვესტუმრეთ სანაპირო ზოლს, ხოლო საღამოს იაპონურ რესტორანში ვივახშმეთ (35 ევრო).DSCN6733

მეორე დღეს უკან მგზავრობა და ვატიკანის მონახულება გველოდა.

დღის ხარჯი: 55 ევრო

13 ივნისი
კატალუნიის მოედნიდან ბარსელონას აეროპორტამდე კვლავ შატლით ვიმგზავრეთ (12 ევრო).  ზუსტად იგივე თანხა დაჯდა ფიუმიჩინოს აეროპორტიდან ვატიკანის შესასვლელამდე მგზავრობა.  აქ, წმინდა პეტრეს ბაზილიკის შესასვლელთან უზარმაზარი რიგი დაგვხვდა, თუმცა სიცხეში რიგში დგომა მიღებულ შთაბეჭდილებად ღირდა (60 ევრო). ტაძარი რენესანსის პერიოდის არქიტექტურულ ძეგლთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მის სიდიადეში წვლილი მიქელანჯელოსაც აქვს შეტანილი.  ტაძრის მშენებლობა 1626 წელს დასრულდა.

სამწუხაროდ, რიგების გამო წმინდა პეტრეს ტაძრიდან პირდაპირ აეროპორტში გამგზავრება მოგვიხდა და სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ვეღარ შევძელით, თუმცა ეს გადარბენა ნამდვილად ღირდა მიღებული შთაბეჭდილებების სანაცვლოდ.

მომდევნო დღის გამთენიისას თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

დღის ხარჯი: 116 ევრო

შეჯამება
დავუბრუნდები დასაწყისში მოყვანილ ციფრს, რომელიც თურქეთის კურორტზე უნდა დახარჯულიყო – 4536 ლარი. თბილისში ჩამოფრენისას აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ევროპული მოგზაურობის ჯამურმა ხარჯმა 2470 ევრო შეადგინა, რომელიც მაშინდელი კურსით 5135 ლარს უდრიდა. ჩემი შეფასებით, მცდელობამ გაამართლა და ევროპული ტური თურქეთის ფასად შედგა! მცირედი განსხვავება კი იმ ემოციის ღირებულებაა, რომელმაც მოგზაურობიდან წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა.

დატოვე კომენტარი

კომენტარი