სან პიეტრო ინ ვინკოლი.  წმ. პეტრეს ჯაჭვი

რომი კათოლიკური სამყაროს ცენტრია, ვატიკანი კი მისი გული.  მართლმადიდებლური ეკლესია რომში სუსტააა წარმოდგენილი. აქ მრავალია ისეთი ადგილები, სადაც ქრისტიანული წმინდა რელიქვიები ინახება და შესაბამისად, წმინდა ადგილებია    მართლმადიდებელთათვისაც.

მრავალი სკეპტიკოსი ეჭვს ქვეშ აყენებს უძველესი რელიქვიების ჭეშმარიტ აუთენტურობას. ამ დროს კამათი უშედეგოა. მთავარი ისაა, რომ ქრისტიანული რელიგიის საფუძველი რწმენის არსებობაა, რაც მეცნიერული, ისტორიული თუ სხვა გამოკვლევების აუცილებლობას დიდად არ საჭიროებს.  ასე რომ, თუ აღნიშნული რელიქვიების მიმართ კრიტიკულად, ან უფრო უარესი – ცინიკურად ვართ განწყობილი, აჯობებს დროს ნუ დავკარგავთ – რომში ბევრი სხვა რამ არის კიდევ სანახავი.

რა თქმა უნდა, წმინდა ადგილთა რაოდენობა აქ ჩამოთვლილით არ შემოისაზღვრება.

1. წმ. პეტრეს ტაძარი

vatikani

 

ტაძრის ქვედა სართულის, ტომბოს ცენტრალური კრიპტა წმ. პეტრეს სამარხია.  სამარხის ზონა მინა-კედლითაა დახშული და ტომბოს მხრიდან მხოლოდ  ხატს ვხედავთ. უფრო ახლოს მისასვლელად  ვიზიტორთა ჯგუფში წინასწარი ჩაწერაა საჭირო. ჯგუფი  გიდის თანხლებით ჯერ ტაძრის კიდევ უფრო ქვედა დონეზე არსებულ სამარხებს მოივლის და ბოლოს წმ. პეტრეს სამარხს, ე.წ. ზონა “P”-ს მიუახლოვდება. შესაძლებელია თვალი შევავლოთ წითელ კედელს, რომელიც სამარხის კედლის გასამაგრებლად აგებულა, და ბოლოს დავინახავთ ნიშაში, გამჭვირვალე პლასტიკურ ყუთში მოთავსებულ წმინდა მოციქულის წმინდა ნაწილებს…

2. ბაზილიკა სანტა მარია მაჯორე

 

 

ტაძარი V საუკუნეშია აგებული. საკურთხევლის ქვეშ მოთავსებულია  ურნა  ქრისტეს ბაგას ნატეხებით. ხის ფიცრები (4 მათგანი 70 სმ სიგრძისა და 1 კი 80 სმ)  ლითონის ზოლებითაა გადაკრული და ერთ ზოლზე თითქმის გადაშლილი ბერძბული წარწერაა წმინდანთა სახელებით. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ჭადრის ხის ფიცრები 2000 წლის წინანდელია. რელიქვია 642 წელს პაპი თეოდორესათვის არის ჩამოტანილი რომში ბეთლემიდან, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონიასაგან ძღვნად და მუსლიმთა მიერ განადგურებისაგან გადასარჩენად.
3. ეკლესია სანტა პრასედე

sveti

 

ეკლესია სანტა მარია მაჯორეს წინამდებარე მოედანთანაა, მცირე შესახვევ  ქუჩაზე. შესასვლელიდან მარცხნივ, მოთავსებულია მარმარილოს სვეტი, ჩამოტანილი იერუსალიმიდან დედოფალ ელენეს მიერ IV საუკუნეში. ამ სვეტზე ყოფილა მიჯაჭვული მაცხოვარი მისი გაშოლტვის დროს. ამავე სვეტის კიდევ  რამდენიმე ნატეხი სანტა კროჩე ინ იერუსალიმეს ეკლესიაში ინახება.


4. ეკლესია სან პიეტრო ინ ვინკოლი

სან პიეტრო ინ ვინკოლი. წმ. პეტრეს ჯაჭვი

საკურთხევლის ქვეშ წარმოდგენილია  ჯაჭვი, რომლითაც შეუბოჭავთ  პეტრე მოციქული მეფე ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, დაახლოებით 42 წელს. ანგელოზთა დახმარებით წმინდა მოციქული განთავისუფლდა ჯაჭვისაგან და საკანიც დასტოვა. ეს ჯაჭვი V საუკუნეში  იერუსალიმის პატრიარქთან, იუვენალიუსთან ინახებოდა, 439 წელს გადაეცა საბერძნეთის იმპერატორის, ფეოდოსი უმცროსის მეუღლეს, დედოფალ ევდოკიას. მან ჯაჭვის ნაწილი კონსტანტინოპოლში დატოვა, ნაწილი კი თავის ქალიშვილს, ასევე ევდოკიას (იმპერატორ ვალენტინიან III-ის მეუღლეს) გამოუგზავნა რომში.  29 (16) იანვარი ამ ჯაჭვის ხსენების დღეა. იერუსალიმის ჯაჭვთან ერთად ურნაში მოციქულის მამერტინოს დილეგში ტყვეობის დროინდელი ბორკილების ნაწყვეტიცაა მოთავსებული.

5. ბაზილიკა სან ჯოვანი ინ ლატერანო

dddffdf

 

ტაძრის მთავარი რელიქვიებია წმ. პეტრესა და პავლეს მოკვეთილი თავები, რომლებიც საკურთხევლის ბალდახინის ზედა დონეზეა მოთავსებული. რელიქვიები ბროლის ჭურჭლებშია, რომელნიც თავის მხრივ ადამიანის სხეულის ფორმის რელიქვარიუმებში ინახება.  საკურთხეველში  ინახება დაფა, რომელსაც წმინდა პეტრე იყენებდა რელიგიური რიტუალების დროს რომის კატაკომბებში – ბალდახინის ცენტრში მდგარი ტრაპეზის ქვეშ, გვერდითა პატარა ორმაგ კარს მიღმა განყოფილებაშია ეს რელიქვია. ცენტრალური საკურთხელიდან მარცხნივაა კაპელა, რომლის   საკურთხეველში საიდუმლო სერობის დროინდელი სატრაპეზო მაგიდის ზედაფიცარი ინახება. ტაძარში ინახება ასევე ღრუბელი, რითაც ჯვარცმულ ქრისტეს წყლის მაგიერ ძმარი მიაწოდეს.

6. ეკლესია სან ლორენცო ინ პალატიო ად სანტა სანკტორიუმ

santalorenco

 

წმინდა კიბეები (სანტა სკალა) პილატეს სასახლიდან, რომელზეც ასულა ქრისტე პილატესთან სასამართლოზე – რომში ჩამოტანილია დედოფალ ელენეს მიერ IV საუკუნეში. კიბის საფეხურები ფიცრებითაა დაცული, ხოლო ადგილებზე, სადაც მაცხოვრის სისხლია დაწვეთებული, გამჭვირვალე მინაა დაფარებული. წმინდა კიბეზე მომლოცველთა ასვლა ხდება მუხლზე ჩოქვით, ყოველ საფეხურზე შესაბამისი ლოცვის წაკითხვით.

7. წმინდა კაპელა

santaklara

 

წმინდა კიბის თავზეა წმინდა კაპელა (სანტა სანკტორუმ). ცხაურიანი ფანჯრებიდან შეგვიძლია დავინახოთ VI საუკუნის დროინდელი ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი და კიდობანი წმინდანთა ნაწილებით, ეს რელიქვიები სასწაულებრივად გადაურჩა დიდ ხანძარს.

8. სან კლემენტეს ბაზილიკა

kirile

 

აქ ინახება წმ. კლემენტე I-ის წმინდა ნაწილები, რომლებიც იტალიაში ყირიმიდან ჩაუტანიათ სლავ განმანათლებლებს კირილეს და მეთოდეს.  წმ. კლემენტე პეტრე მოციქულის შემდგომ ქრისტიანული ეკლესიის მესამე პაპია, მოწამეობრივად მოკვდინებული იქნა აზოვის ზღვაში და IX საუკუნემდე ხერსონში იყო დაკრძალული.

 

ამავე ეკლესიაში დაკრძალულია სლავი განმანათლებელი  წმ. კირილე (სახელი კირილე მან მიიღო გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ბერად აღიკვეცა. მანამდე კი კონსტანტინედ იწოდებოდა). სარკოფაგი ეკლესიის ქვედა, IV საუკუნის დროინდელი ეკლესიის დონეზეა. განმანათლებლები წმ. კირილე და მეთოდე სლავური ანბანის, გლაგოლიცას (ანბანი-კირილიცას საფუძვლის) შემქმნელნი არიან.

9. თორმეტი  წმ. მოციქულის   ეკლესია

filipeda

 

ეკლესია რომის ვენეციის მოედანთან ახლოსაა. საკურთხევლის ქვეშ, სარკოფაგში ინახება წმინდა მოციქულების,  ფილიპესა და იაკობის  წმინდა ნაწილები.

10. წმ. პავლეს ტაძარი გალავნის გარეთ

sarkofagi

 

დადგენილია, რომ საკურთხევლის ქვეშ  მოთავსებულ მარმარილოს სარკოფაგში განისვენებს წმ. პავლე. იქვე წარმოდგენილია ჯაჭვის ნაწილი, რომლითაც შეუბოჭავთ შეპყრობილი პავლე სიკვდილის წინ.

11. ეკლესია სან პიეტრო ინ მონტორიო იანიკულზე

pertes

 

ეკლესია აგებულია ტიბროსის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბორცვზე,  წმ. პეტრეს ჯვარცმის ადგილიას.  მის ეზოში ბრამანტეს პროექტით აგებული მრგვალი ტაძარია – სამლოცველო „ტემპიეტო იანიკულზე“.

12. წმ. ბართლომეს ეკლესია

sakurtxeveli

 

კუნძულ ტიბერინაზე მდებარე ეკლესია 997 წელსაა აგებული. საკურთხეველში პორფირისაგან დამზადებული სარკოფაგია – აქ ინახება წმ. ბართლომე მოციქულის  წმინდა ნაწილები, რომელთაც რომამდე რთული და ფათერაკებით აღსავსე გზა გამოუვლიათ.  სარკოფაგის ზემოთ მოციქულის  ბიზანტიური წარმოშობის ხატია.

13. აპია ანტიკას გზის კატაკომბები

katagombebi

 

რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანთა დევნის გამო ქრისტიანული სასაფლაოების ცალკე ორგანიზება გამორიცხული იყო. გარდაცვლილები საერთო წარმართულ სასაფლაოებზე იკრძალებოდნენ, მოგვიანებით კი მიწისქვეშა კატაკომბებში სრულდებოდა ეს ცერემონია. იქვე, მიწისქვეშა დარბაზებში  ტარდებოდა  ქრისტიანული  სხვა მსახურობებიც, ასე რომ რომის ძველი კატაკომბები დიდი ქრისტიანული ტრადიციების ადგილია. შესაძლებელია მოვინახულოთ  150-400 წლების ადრეულ ქრისტიანთა მიწისქვეშა სამარხები, სალოცავი დარბაზები.

14. ეკლესია სან სებასტიანე აპიას გზაზე

sebastiane

 

ეკლესიის ქვეშ, კატაკომბებში წმ. სებასტიანეს საფლავია. ამავე კატაკომბებში, ამ ადგილას ყოფილა დასვენებული წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ნაწამები სხეულები, სანამ ისინი სასაფლაოებზე გადაასვენეს.

15. ეკლესია „ქვო ვადის“

nafexurebi

 

აპია ანტიკას გზაზე, გალავნიდან არც თუ ისე შორს პატარა ეკლესიაა, რომელიც აგებულია იმ ადგილას, სადაც ქრისტე გამოეცხადა რომიდან გაქცეულ პეტრე მოციქულს. ეკლესიის იატაკში არის ფილა, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის ტერფებია აღბეჭდილი.

16. ეკლესია სან სილვესტრე ინ კაპიტე

natlismcemlis

 

აგებულია VIII საუკუნეში. აქ ინახება  წმ. იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი. წმინდანის თავის ადგილსამყოფელის შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს – დამასკოში, ანტიოქიაში, სომხეთში… ქრისტიანული სამყარო ძირითადად რომის ვერსიას აღიარებს. წმინდა რელიქვია შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე კაპელაშია.  წარმოდგენილი, რკინის ცხაურს მიღმა, კედლის ნიშაში ჩადგმულ სპეციალურ საცავში.

17. ეკლესია სანტა კროჩე ინ იერუსალიმე

kkkkkk

 

იმპერატორ კონსტანტინეს დედამ, წმ. ელენემ IV საუკუნეში იერუსალიმში იმოგზაურა, მრავალი რელიქვია მოიძია და ჩამოიტანა რომში, რათა რომაელ ქრისტიანებს ჰქონოდათ საშუალება აქვე ეცათ პატივი სიწმინდეებისათვის. ეკლესიის ერთ-ერთი რესტავრაციის დროს (1492 წ.) კედლის აგურის უკან აღმოჩენილი იქნა ხის დაფის ნატეხი წარწერით „TITULUS CRUCIS“, და ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე შესრულებული წარწერით „ნაზარეველი“.დადგინდა, რომ ეს იყო ქრისტეს ჯვარცმისას წმინდა ჯვარზე მიკრული დაფა (ბიბლიაში მოიხსენიება სრული წარწერა – „იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე“). ამის შემდგომ ეკლესიისადმი ყურადღება განახლდა, მოგვიანებით, 1930 წელს, წმ. ელენეს სამლოცველოდან რელიქვიები სპეციალურ ოთახში იქნა გადმოტანილი. კედლის ნიშაში მოთავსებულ საცავში რამდენიმე რელიქვარიუმია განთავსებული და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ: ზედა რიგში მარცხნივ – წმ. თომას საჩვენებელი თითის ძვალი, შუაში – ბეთლემის ბაგის, ქრისტეს გაჯოხვის სვეტისა და მაცხოვრის საფლავის ნატეხები. მარჯვნივ – ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის ორი ეკალი. შუა დონეზე – ჯვრის ფორმის საცავ რელიქვარიუმში მოთავსებულია ჭეშმარიტი ჯვრის სამი ფრაგმენტი. ქვედა თაროზე მარცხნივ – ჯვარცმის სამსჭვალი, მარჯვნივ კი დაფა წარწერით „ნაზარეველი“.

18. მამერტინოს სატუსაღო

dilegi

 

ვიტორიანოს სასახლის უკანაა  ეკლესია სან ჯუზეპე დეი ფალენამი. იგი აგებულია ძვ.წ. VII საუკუნის დროინდელ სატუსაღო სარდაფზე და ლეგენდის თანახმად, ამ სატუსაღოში ყოფილან დამწყვდეული წმინდა მოციქულები, პეტრე და პავლე. თავიდანვე სატუსაღო აგებული იქნა ხელისუფლებასთან მებრძოლი მეამბოხეების სამაგალითოდ დასასჯელად, ქალაქის ცენტრში. იოლად დავრწმუნდებით, თუ რა გაუსაძლისი პირობები უნდა ჰქონოდათ იქ ჩავარდნილ ტუსაღებს.  ძველი დროის ისტორიკოსები საპატიმროს ტულიუსის ციხედ მოიხსენიებენ და იქაურ საშინელ გარემოს დიდი ემოციებით აღწერენ. საპატიმრომ IV საუკუნემდე იარსება.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი