Sculpture (1)

ანტვერპენი ჩემი წლევანდელი დიდი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე საათი დავყავი და ისიც ორი პატარა ბავშვით, რომელთაგანაც ერთი აჟიტირებული დარბოდა და ხელით უნდა დაგეჭირა, რომ ან ტრამვაის ან ველოსიპედს არ შევარდნოდა, მაინც ძალიან ვისიამოვნე ამ რამდენიმე საათიანი სეირნობით.

მანქანა ძველი ცენტრის პარკინგზე დავაყენეთ და მაშინვე ღვთისმშობლის გოთიკური ტაძრის წინ ამოვედით და ჰოი, საოცრებავ! მე-14 საუკუნის ტაძრის სამრეკლოს ზარები Beatles-ის Yellow Submarrine-ს უკრავდა. პირველი სასიამოვნო გაკვირვება ეს იყო და ფაქტიურად დღის ბოლომდე გამყვა, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვნახულობდი ისეთ რამეს, რაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

Cathedralძველი ცენტრი მართლა ძალიან ლამაზია თავისი პატარა ქვაფენილი ქუჩებითა და ტიპიური სახლებით. ყველაფერი საოცრად ჰარმონიულია დროსთან და მიუხედავად ბევრი თანამედროვე კაფე-რესტორანისა და ბუტიკისა, ეს ჰარმონია არასოდეს ირღვევა. ასევე არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეს სახლების კუთხეებში მოქცეული მადონას ქანდაკებები (ამბობენ სულ სამასამდეაო), რომელთაგან ზოგიერთი ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოსწყვტ.

ანტვერპენი საოცრად კოსმოპოლიტური, დინამიური, თანამედროვე ევროპული ქალაქია, აი, ისეთი როგორადაც წარმოგიდგენიათ ევროპული ქალაქი (თუ ანტიდასავლურ-პრორუსულ-ნაციონალურ-“პრავასლავნი” სექტის მიმდევარი არ ხარ და ევროპა შენთვის გარყვნილებასთან არ ასოცირდება).

აქ ნაგავს ნაგვის ვედროში ყრიან; ხალხი თავაზიანი და დაწყნარებულსახიანია; ახალგაზრები და “ძველგაზრდებიც” ველოსიპედებით დადიან; ბევრი ბაღი, სკვერი და სასეირნო ადგილია; არქიტექტურა გემოვნებიანია, ძველს თავისი ადგილი აქვს, ახალს – ახალი; ძაღლებს პატრონი ყავთ და ქვეყანას დედა; თანამედროვე ხელოვნება თანაარსებობს ძველთან, ამდიდრებს და აცოცხლებს მას. მოდა, დიზაინი – ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია; ბავშვებს ბავშობა უხარიათ და დიდებმა დიდობა იციან.

ანტვერპენში პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის ბევრი ველოსიპედი და ტრამვაი, რაც საოცრად უხდება ანტვერპენისნაირ პატარა ქალაქებს (ამ დროს გაიფიქრებ – აი, თბილისიც ხომ ასეთი ქალაქია, ბევრი ტრამვაი და ველოსიპედი რომ უნდა დადიოდეს, მაგრამ აქვე აღმოგხდება მძიმე და გრძელი – “ეჰ”).

Baby Carriageანტვერპენი საოცრად ახალგაზრდული ქალაქია – ეს იგრძნობა ყველაფერში, მოხუცებულობაშიც კი. რაღაცნაირად ახალგაზრდულად მოხუცებულები ჰყავს ამ ქალაქს. ის კი არა, ასაკი რომ არ უნდათ დაეტყოთ და თავს ძალით იახალგაზრდავებენ. არა, უბრალოდ ახალგაზრდულად ბერდებიან, დროს არ ჩამორჩებიან, ცხოვრობენ აქტიურად, საკუთარი ცხოვრებით. ქალაქში თავისუფელების მსუბუქი ჰაერი ტრიალებს, რითაც ანტვერპენელები დიდად ამაყობენ. მის ოფიციალურ ტურისტულ გვერდზე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ანტვერპენი ევროპაში ერთერთი ყველაზე gay friendly ქალაქია, რაც იგრძნობა კიდეც. მაგალითად, ერთერთ ძველ უბანში სეირნობისას ასე 70 წლის ქალი ვნახე, ხელმკლავით სერინობდა სავარაუდოდ თავის შვილიშვილ (რაღაცით ერთმანეთსაც გავდნენ), 20 წლამდე ბიჭთან და ხელში ამაყად ცისარტყელას ფერების ქოლგა ეჭირა. ამ ქალს სახეზე, სიარულის კეკლუც მანერაზე და თამამ ღიმილზე ეტყობოდა, რომ მის ქოლგას ცისარტყელას ფერები შემთხვევით არ ჰქონია.

Sculpture on the Wallგანახლების და დროსთან ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულის სურვილმა აქცია ანტვერპენი თანამედროვე ხელოვნების ერთერთი ევროპული ცენტრად. თუ ერთი დღით მოხვდით ანტვერპენში, ალბათ, ყველაზე მეტად, რასაც გირჩევდით მის სამხრეთში გასეირნებაა. ზუიდი, იგივე სამხრეთი ნიდერლანდულად, 80-იანი წლების შემდეგ ნელ-ნელა ანტვერპენის თანამედროვე ხოლევნების ცენტრი გახდა. ეს უბანი სავსეა სამხატრვო გალერეებით, ArtNouveau შენობებით და ხელოვნების ცენტრებით. ზუიდშია ფოტოგრაფიის და თანამედროვე ხელოვნების მუზეომები. აქვე აქვს ატელიე მოწყობილი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, ანტვერპენელ იან ფაბრს, რომელიც დღესაც ანტვერპენში ცხოვრეობს. იან ფაბრის არ იყოს, ზუიდი მართლა ისეთი ადგილია, სადაც დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა და იმუშავებდა ბევრი ხელოვანი.

Rubensკიდევ ერთი ცნობილი ანტვერპენელია – პეტერ პაულ რუბენსი, რომლის სახლი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნავობათა სიის სათავეშია. მე-16 საუკუნელი რუბენსის სახლი და ბაღი არქიტექტურული საოცრებაა.

იქ ყოფნა ერთი სიამოვნებაა, რასაც ასევე გირჩევდით, რომ არ მოიკლოთ. რუბენსის სახლიც კი, რომელიც წესით წარსულს უნდა გახსენებდეს, თანამედროვედ გამოიყურება და მასში ყოფნისას იგრძნობა, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდა კაცი, რომელიც საოცრად უსწრებდა დროს. ალბათ ეს ანტვერპენელების თვისებაა – დროის გასწრება.

თანამედროვე ხელოვნება, Street Art, მოდა, დიზაინი, გასტრონომია, თავისუფალი სული, დინამიკა და კოსმოპოლიტიზმი – ეს ისაა, რითაც ამაყობს დღევანდელი ანტვერპენი და ძნელია არ დაეთანხმო და არ ინატრო ასეთ ქალაქში ცხოვრება.

მოამზადა ქეთი მესხმა

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი