Cover

ქართველებს ყოველთვის გვსურს ვიყოთ პირველები ყველა საქმეში, და მათ შორის, მოგზაურობაშიც.

მეც მსურდა, მაგრამ მხოლოდ საპატიო „მეორე ადგილს გამოვრჩი“ და ჩემი ნაცნობებიდან მეორე ვიყავი ვინც ცეილონის კუნძულზე დადგა ფეხი. სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მანაღვლებდა, როცა კოლომბოს აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს გავდიოდი. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ ყველაფერი ისევე კარგად დასრულებულიყო, როგორც ჩემი წინამორბედი მეგობრის შემთხვევაში და მე და ჩემ ახალშერთულ მეუღლესაც ლამაზი და მშვიდი თაფლობის თვე გაგვეტარებინა, ზედმეტი პრობლემების გარეშე. პრობლემების საშიშროება კი ნამდვილად იყო, რადგანაც ვიცოდით ჩავდიოდით არა ევროპაში, არამედ აზიაში და ნამდვილად არ გველოდა ჩვენ ქვეყანაზე მეტად დალაგებული გარემო, მაგრამ შუა ზამთრიდან ჩასულებს გველოდა ზღვა და სითბო, გველოდა უგერმიელესი ჩაი და ახალდაკრეფილი ბანანი, ყველანაირი ქიმიური დამუშავების გარეშე, ამიტომაც რისკად გვიღირდა და ვიდექით კიდეც ქვეყნის საზღარზე და ველოდით დაუვიწყარი მოგზაურობის დაწყებას.

მცირე ინფორმაციია შრი-ლანკაზე
* შრი-ლანკის სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა
* მოსახლეობა: 20 მილიონი
* დომინანტი რელიგია: ბუდიზმი
* ენა: სინგალა, ტამილი
* მდებარეობა: ინდოეთის ოკეანე
* ტერიტორია: 65,610 km2
* დედაქალაქი: კოლომბო
* GDP ნომინალური: სულ – $65 მილიარდი
ერთ სულ მოსახლეზე – $3139
* ეკონომიკის ძირითადი დარგები: ჩაის, კაუჩუკის, სინამონის, ქოქოსისა და ბანანის ექსპორტი | ტურიზმი

პირველი, რაც საბაჟო კონტროლის გავლისას შევნიშნე იყო ჩვენი მეზობლების სიმრავლე. გარშემო უფრო მეტი რუსული მესმოდა, ვიდრე ინგლისური ან ადგილობრივი ენა. მოკლედ რუსებმა აქაც დაგვასწრეს, რას ვიზამთ ბევრნი არიან.

რუსები ჩემთვის პრობლემებთან ასოცირდება, განსხვავებით მამების თაობისგან. იქ, სადაც არიან რუსები, გვხვდება პრობლემებიც, მაგრამ ამ შეთხვევაში ის პრობლემები, რომლებიც პირველ დღეს შეგვექმნა, მათი ბრალი ნამდვილად არ იყო.

10 საათიანი მგზავრობის შემდეგ, დილის 5 საათზე აეროპორტში არავინ დაგვხვდა და მხოლოდ ერთ საათიანი ლოდნის შემდეგ შევძელით ჩვენი მძღოლის მოძიება, რომელმაც წაგვიყვანა სასტუმროში, სადაც თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ დაჯავშნილი გვქონდა.

საბედნიეროდ, პრობლემებით დაწყებული მოგზაურობა შესანიშნავად გაგრძელდა. ტურისტულმა კომპანიამ (Jetwwing Travel) საკუთარი შეცდომები აღიარა და გამოასწორა კიდეც და შემოგვთავაზა სხვადასხვა უფასო სერვისები, მათ შორის ულამაზესი ტური ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. რა თქმა უნდა, ქართულ სერვისს მიჩვეულ მომხარებლებისთვის ეს სასიამოვნო მოულედნლობა იყო, რამაც ძალიან გაგვახარა.

ცეილონის მიწაზე ფეხი დილის 5 საათზე დავდგით. 10 საათიანმა მგზავრობამ თავისი შედეგი გამოიღო და პირველ დღეს იმდენად დაღლილები ვიყავით, ბოლომდე გააზრებაც ვერ შევძელით სად მოვხდვით, მაგრამ აი, მეორე დილას კი უკვე ყველაფერი დალაგდა თავში და თვალწინ ნამდვილი ტროპიკული სამოთხე გადაგვეშალა, რომელიც თითქოს ჯოჯოხეთში ჩაედგათ. გარშემო ხედავ უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც ლუკმა პურს უმძიმესი სამუშაოთი მოიპოვებს და ზოგს ესეც კი ენატრება, მაგრამ შენ ხარ სამოთხეში, ულამაზეს სანაპიროზე მდებარე უმაღლესი ხარისხის სასტუმროში და ირგვლივ ყველა ცდილობს შენი კომფორტისთვის იზრუნოს. ამ ყველაფრის შემხედვარე გონება თავის დასამშვიდებლად ათასნაირ არგუმენტს იგონებს და თავს აჯერებ, რომ შენ ამ ხალხს ყველას ირიბად მაინც ეხმარები იმით, რომ მათ ქვეყანაში ფულს ხარჯავ და ეს მათ უნდა დაუბრუნდეთ. დიახ, უნდა დაუბრუნდეთ, მითუმეტეს სოციალისტური ღირებულებები სახელმწიფო წყობაში აშკარად ჩანს, მაგრამ… მაგრამ მათ შენი წასვლის შემდეგაც 0.01%-თაც არ გაუუმჯობესდებათ ყოფა.

ბუნებით მემარჯვენე ვარ და სხვებზე დარდი, ზრუნვა და სოციალურ აჯანყებებზე ფიქრი მალე მიქრება გონებიდან, მითუმეტეს უკვე მშვენიერ ავტომობილში ვზივარ და გარშემო უამრავი ლამაზი ხედი მეშლება ქვეყნის ძველი დედაქალაქისკენ მიმავალს. ბუდას ქანდაკებებს კაუჩუკის ხის პლანტაციები ცვლის. ანანასის ბაღებიც ქონიათ, აი ისეთი, მე რომ ვოცნებობდი ბავშვობაში სოფელში მქონოდა. გზაზე ხილიც იყიდება, ოღონდ ტურისტებისთვის უფრო ძვირი ღირს და ცოტა შევაჭრების ნიჭი თუ არ გაქვს, უგემრიელეს წითელ ბანანებს ორმაგ ფასად მოგყიდიან. აქვე უნდა ვთქვა, რომ გიდში გაგვიმართლა – პატიოსანი და მეგობრული ადამიანი იყო და ყველაფერში უცბად გვარკვევდა.

ქენდის 2 დღიანი ტური დაუვიწყარი გამოდგა. ამ ტურის გარეშე ამ ქვეყნის შესახებ ვერაფერს გავიგებდი, ისე გავირუჯებოდი მზეზე და წამოვიდოდი უკან. არადა სხვაგან სად ნახავთ 3 რელიგიის ტაძარს ერთ ეზოში, ყველანაირი შიდა საზღვრის გარეშე. თურმე ძალიან მარტივია ერთ ეზოში მშვიდობიანად ილოცონ ბუდისტურ, ჰინდუისტურ და კათოლოკურ ტაძარში მომლოცველებმა. ისე კი ქენდის ბუდისტური სავანე ერთ-ერთი წმინდა ადგილია ბუდისტებისთვის, სწორედ აქ ინახავენ ბუდას კბილს, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია შრი-ლანკის რელიგიურ და საზოგადოებრივ კულტურაში. სწორედ ბუდას კბილს ეძღვნება უდიდესი პერაჰატრას ფესტივალი, რომელსაც ზაფხულობით საუკუნეების განმავლობაში მართავენ ცეილონის კუნძულზე.

Budha

ბუდიზმზე საუბარს თუ არ დავასრულებ, შეიძლება იფიქროთ, რომ აღმსარებლობა შევიცვალე, არადა ყველაზე მეტად, რამაც ამ ტურში მომხიბლა არა რელიგია, არამედ ცხოველები იყო. რამდენჯერ მიოცნებია ბავშვობაში სპილოზე შევმჯდარიყავი და მესეირნა მაიმუნებით სავსე ტყეში და ეს მივიწყებული ოცნება 24 წლისას ამიხდა. იმ ცოცხალი ემოციის გადმოცემა მართლაც შეუძლებელია, რომელმაც მეც და ჩემი მეუღლეც ბოლომდე სხვა სამყაროში გადაგვისროლა და გონს მაშინ მოვედით, როდესაც გაუსაძლის სიცხეში ჩაის ქარხანაში ამოვყავით თავი. აქ კი ნამდვილად გამოვფიხიზლდი და კიდევ ერთხელ დავდარდიანდი ამ ხალხის მძიმე შრომით, მაგრამ ისევ მალევე გამიარა, როდესაც უგემრიელესი ახალდამუშავებული ჩაის ფოთლებით შეფერილმა უგემრიელესმა სითხემ და სურნელმა სხეული და გონება მთლიანად დაიპყრო.

კიდევ ერთი იმედგაცრუება სინგალების შრომის პირობებით (შრი-ლანკაზე ცხოვრობენ ტამილები და სინგალები) უკვე მეორე სამხრეთის ტურზე, ძვირფასი ქვების დამამუშავებელ ქარხანაში გველოდა, სადაც უმძიმესი შრომით მოიპოვებენ მთვარის ქვებს და შემდეგ ლამაზ სამკაულებად ამუშავებენ. ამ დარდმაც მალე გაიარა. ამჯერად დადებითი ემოცია კუებმა შემოიტანეს, რომლებიც სპეციალურ ფერმაში ყავდათ მოშენებული და ზრუნავდნენ მათ გამრავლებაზე და ბუნებაში დაბრუნებაზე.

როგორც გითხარით, შრი-ლანკაში უამრავი რუსი ტურისტი შეგვხვდა და ეს არცაა გასაკვრი. საკმაოდ კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და მსგავს ეგზოტიკურ კუნძულებთან შედარებით დაბალი ფასები იზიდავს ჩვენს მეზობლებს და, იმედია, ერთ დღეს იქაც არ დაიწყებენ ადგილობრივ რუსულად მოსაუბრე სინგალებზე და ტამილებზე რუსული პასპორტების დარიგებას და შემდეგ ჩვეული პროცესების წარმართვას. ისე კი ამ კუნძულისთვის დამპყრობლები უცხო ხილი არაა. მათ მხოლოდ 1948 წელს მოიპოვეს დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. ვეხუმრებოდი კიდეც მათ, რომ ქართველებისგან განსხვავებით დამპყრობელში ძალიან გაუმართლათ და ინგლისელებმა მათ უამრავი სიკეთე დაუტოვეს აშენებული ქალაქებიდან დაწყებული, ბუდისტურ ტაძრებში ბუდისტური ფრესკების მოხატვით დამთავრებული, რუსებმა კი ჩვენთან ფრესკები თეთრად გადაღებეს.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ პატარა კუნძულთან – დაახლოებით ჩვენხელა ტერიტორიითა და ჩვენზე 5-ჯერ მეტი მოსახლეთი – გამუდმებით, ქვეცნობიერად ვცდილობდი პარალელების გვალებას და საერთოს პოვნას ჩვენ ქვეყნასთან. ასე მაგალითად, ბუნება აჭარას მაგონებდა, ხალხი კახელ გარუჯულ ბიჭებს (ნუ მიწყენთ ამ ხუმრობას), საჭმელი მეგრულ სამზარეულოს სიცხარითა და სიმწარით და ბოლოს ისეთი რამ აღმოვაჩინე, სულაც სამშობლოში მეგონა თავი. საღამოს თიხის ქოთნით ნამდვილი მაწონი რომ შემომიტანეს და სიამაყით მითხრეს, რომ ეს ქირიმი იყო (ადგილობრივი დესერტი), რომელიც კამეჩის რძისგან მზადდებოდა და ისიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში, ჯერ გავბრაზდი – როგორ მიუთვისებიათ ჩვენი სიამაყე-თქო, შემდეგ კი გამიხარდა და ყველაფერთან ერთად მაწვნის ირიბი დანიშნულებაც ავუხსენი და მაწვნის ქოთნით სასწრაფოდ ჩემი ოთახისკენ გავეშურე, სადაც ჩემმა დამწვარმა ზურგმა მხოლოდ იმ ღამეს ამოისუნთქა შვებით. კი გამიკვირდა, მაგრამ მასპინძლებს ეს სასარგებლო თვისებაც აღმოჩენილი ჰქონდათ.

მოკლედ, კინაღამ სხვა საქართველო აღმოვაჩინე, მაგრამ მზემ არ მაცადა და 15 წუთში ისე შემბრაწა, დამცავი კრემის წასმაც ვერ მოვასწარი და მხოლოდ წამოსვლის დღეს ვიგრძენი თავი უკეთდ, მაგრამ იმდენი დადებითი ემოცია მომყვებოდა „ინდოეთის ოკეანის ცრემლიდან“, რომ სულ არ მადარდებდა ეს. თბილისისკენ დაძრულ თვითმფრინავშიც გონებით ისევ ცხელ სანაპიროზე ვიყავი, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული,  აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ჩაით დატვირთული ჩანთებით ხელში დავეშვი მიწაზე, რადგან გარეთ ისე ციოდა, უმალ დამავიწყა მზეც, ზღვაც და ჩაიც.

 

ვახო დავლაშერიძე

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი