Ainstainis Museumi

ალპებს ვუახლოვდებით. მთებს ქარბუქმა გადაურა და თვითმფრინავი თოვლის კორიანტელში გაახვია, თითქოს ყინულის დედოფალმა მოსასხამი შეისწორა და სახე ფერ-უმარილით შეიმკო – მაცდურად.

მიწაზე დავეშვით, ქუჩაში ზამთრის სუსხი იგრძნობოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ გაზაფხულთან ბრძოლა წაგებული ჰქონდა.Switzerland (4)

პირველად ჟენევის ავტოსალონს ვეწვიეთ, უზარმაზარი დარბაზები და ცნობილი ბრენდის უახლესი მოდელები… იმდენად შთამბეჭდავი, ეფექტური და შორი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან – ვერ ვათვითცნობირებდი, რომ ყოველივე ამის მონაწილე ვიყავი – რამდენიმე მანქანაში ჩავჯექი კიდეც, თუმცა რაიმე განსაკუთრებული სიამოვნება ვერ მივიღე. ალბათ, ეს ქვეყანა უფრო მეტს მიმზადებს – გავიფიქრე ჩემთვის.

Jeneva Autoshow

ქუჩაში გამოსვლისთანავე ჩვეულებრივ შვეიცარიას შევეჩეხეთ: მოწესრიგებული ქუჩები, მკაცრად ხაზზე მოძრავი ავტომანქანები და პეწით ჩაცმული სანდომიანი შვეიცარიელები.

ჟენევის ტბაში ზანტად მოძრავი ბარჟები, ფართე ქუჩები, ლამაზად შეკრეჭილი ხეები და მდიდრული ავტომობილები – საიმედოობის, სიმშვიდისა და სილამაზის შეგრძენას ქმნიდა, თუმცა კი ყველაფერ ამაში სიცივე და სუსხი იგრძნობოდა. თითქოს დედოფალმა ყინულის მარგალიტები უხვად მიმოაბნია ქვეყნის ქუჩებში და სილამაზის სანაცვლოდ ადამიანებს სუსხი ჩაჰბერა. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ამ გამოსასყიდზე უარი თქვეს, რისი დასტურიც მათი გულთბილი მზერა, კეთილი იერი და მომღიმარი თვალები იყო…

Switzerland (3)

საღამოს ნიუ შატელში გავემგზავრეთ. მატარებლიდან ჩამოსვლის დროს მძიმე ბარგი უცნობმა შავკანიანმა თბილი ღიმილით გამომართვა. გავიფიქრე, სრულიად უცხო რჯულის ადამიანებიც კი იძენენ აქაურთა თვისებებს.

სადგურში ჩვენი მასპინძლები შეგვეგებენ, გულთბილად გადავეხვიეთ ერთამენთს და სახლისკენ გავეშურეთ. ჩვენი ფანჯრები ტბის ნაპირს გადაჰყურებდნენ, ხოლო ხელოვნურ ყურეში იალქნიანი ნავები იდგა – გალიაში მოქცეული ჩიტებივით, რომლებიც მზის ამოსვლას ელოდებიან, ფრთებს გაშლიან და გაფრინდებიან.

Berni

ბერნი – ღია, გაშლილი ქუჩებითა და გზებზე მოფენილი ფილაქნებით, გზის პირზე აგებული 3-4 სართულიანი ნაგებობებით – კერამიკული ფილით დახურული. მაღლიდან თუ გადმოიხედავთ, გზები საქსოვ დაზგას წააგავს, სახურავები – ნაქარგ ხალიჩას, სახლები კი იდეალური საბრძოლო წყობით მდგარ რაინდთა ლაშქარს, რომელიც ღირსეული სიმშივიდით ახდენს თავისი ძლევამოსილების დემონტრირებას.

Bern, Switzerland

შილონი – ტბაში შეჭრილ კლდეზე ღია ქვით ნაგები ციხესიმაგრე. ზურმუხტისფერი ტალღები, -ისე როგორც დიაცი ბრძოლისაგან დაღლილ ჯარისკაცს, – კრძალვით ეალერსება წყლიდან ამომართულ გალავანს მრგვალი ქონგურებითა და საომრად შემართული კოშკებით. მათი პაემანი ხომ საუკუნეები გრძელდება.

Shiioni

ლუცერნი, ლოზანა, ბაზელი – ძალიან ლამაზი პატარა ქალაქები, რომლებიც ალპების ფერდობზე გაბნეულ მინდვრის ყვავილებს წააგავს: სუფთა, კოხტა და მიმზიდველი, ან სულაც ტბებზე მოსრიალე იალქნიან ნავებს, ლაღს, მშვიდობიანსა და თავისუფალს.

Geryer , Shveizaria

თითქოს ეს ყველა ქალაქი ლამაზი თავსატეხის, თუ რებუსის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ყოველი პასუხი უფრო ღრმად გიზიდავს და შეუგნებლად მიიწევ წინ – იქ სადაც, “ახალგაზრდა ქალწული”* ამაყად გადმოჰყურებს თოვლიან ტრამალებს და მაცდურად გეპატიჟება თავის სამფლობელოში.

Alpebi

რამდენიმე სადგური შევიცვალეთ და მთის მატარებელში ჩავსხედით, რომელიც მშვიდად და შეუპოვრად მიიწევს თოვლით დაფარულ მთა-კლდეებზე. სიმაღლის მატებასთან ერთად სუნთაქვაც გაძნელდა გაიშვიათებული ჰაერის გამო. მწვერვალზე ასვლისას თვალწინ საოცარი პანორამა გადაიშალა. უკიდეგანო თოვლის ტრამალები და მედგრად ამოზიდული კლდოვანი მწერვალები. მუდმივი ყინულის ქვეყანაში თითქოს დროც გაიყინა, აქ დროის ჩვეული სვლა აღარ არსებობს, გაზაფხულს ზაფხული არ ცვლის და შემოდგომას ზამთარი. ხე არ მწვანდება და ფოთოლიც არ ხმება. ალბათ, აქ სიბერეს ვერ გრძობს ამაყი ქალბატონი.

უკან დაბრუნების დროც დადგა. ძალინ ძნელია ერთი ხელის მოსმით დაემშვიდობო ამ სილამაზეს, თუმცა მაინც ცდილობ დროულად დატოვო ავის მომასწავებელი სიმშვიდე და სიმყუდროვე. შემოვბრუნდი და მინდოდა ბოლო ფოტო გადამეღო “იუნგ ფრაუ”-ს უსაზღვრო და ადამიანებისთვის მიუწვდომელი სამფლობელოებისთვის. რაღაც ძალამ ადგილზე მიმაჯაჭვა – თითქოს “ახალგაზრდა ქალწული” მისი სილამიზით მოხიბლულ მგზავრს გზას არ აძლევდა, არ ეთმობოდა.

Youngfrau Observatory

გულში შევპირდი, რომ დავბრუნდებოდი და აუცილებლად კიდევ ერთხელ ვნახავდი – გავთავისუფლდი..

Bazeli

დამშვიდობების დღეც დადგა. ჩვენმა მასპინძლებმა სადგურში მიგვაცილეს, კარები დაიხურა და ერთბაშად 3,000 კილომეტრით მოგვწყვიტა ჩვენს კეთილ მასპინძლებს. ჩემს თავს ვეკითხები: რა აკავშირებს ამ ადამიანებს საქართველოსთან?! იმ ქვეყნის შვილს, სადაც მატარებელი წამის სიზუსტით მოძრაობს, ქუჩაში ადამიანები ბედნიერი ღიმილით გესალმებიან, ხოლო ფეხით მოსიარულე მუდმივად გადასასველზე კვეთს ქუჩას!

Switzerland (2)

ალბათ, მათ კავკასიონს მისცეს პირობა…

ფოტო და ტექსტური მასალა: გიორგი ნიკოლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი