Romi kolizeumi

პირველი შთაბეჭდილება იტალიაში: ლანდშაფტი, გარემო თითქმის იგივე, რაც ჩვენს ქვეყანაში, ხმაურიანი ადგილობრივები და ტიპიურად არც თუ ისე განსხვავებულები……

vatican kompleqsi

პირველი შეგრძნება, ალბათ, რასაც განიცდის ადამიანი რომში შევლისას, არარეალურობაა. აქ თითქოს ყველაფერს თავისი დრო აქვს: კოლიზეუმი, ვატიკანი, კაპიტოლიუმი – ისარი ყველგან სხვადასხვა სისწრაფით მოძრაობს. თითქოს ჯერ არაფერი დასრულებულა და ეპოქა ისევ ცოცხალია, თითქოს ცაზე ჯერ კიდევ ჩანს რაფაელის ფუნჯის კონტურები, კოლიზეუმში კვლავაც ისმის გლადიატორების სასიკვდილო ღრიანცელი, ხოლო დაღონებული ვენეციელი მეგონდოლე იმ დროს მისტირის, როდესაც გრანდ კანალის ტალღები მათი კარიბჭის პირველ საფეხურს ეპოტინებოდა. (აურება ხალხის მასაში ალაგ-ალაგ თითქოს გაიელვებს ძველი მებრძოლის პირქუში და მკაცრი სახე, ხოლო ფართე ქუჩებს რომაული ლეგიონების მარში შეაზანზარებს).

Vatikani kompleqsi - Copy

ეს შეგრძება იმდენად რეალურია, ხუმრობის ხასიათზე გაყენებს ლეგიონერის ბუტაფორიული აბჯარასხმული “მასხარის” დანახვაზე, რომელიც ხალხთან ერთად ფოტოაპარატების წინ პოზიორობს. ერთ-ერთ მათგანს ამაყად მოერგო მეომარის ჩაფხუტი, წითელი მოსასხამიც მოესხა და უდარდელად აფუილებდა სიგარეტს. ერთი კი მივაძახე “კეისარმა თუ იცის, სიგარეტს რომ ეწევი მეთქი? – გაიგო თუ არა, ღმერთმა იცის…

florencia domi

ფლორენცია – ქალაქი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგვეწონა. მზიანი, გულღია და ძალიან თბილი. ჩვენი გიდი, ძველი იტალიელი, დაუფარავად ლანძღავს თანამედროვე იტალიას და ძველ დროს მისტირის, დროს, როდესაც მდინარე არნოზე ერთი ხიდი გადიოდა და ამ ხიდს საკუთარი ვერანდიდან ძმა- ბიჭებთან ერთად გადმოსცქეროდა.

florencia Ponto del vecio

ხიდი ვეკიო – მოაჯირების ნაცვლად აშენებული სახლები, რომელთა პირველ სართულზე ამჟამად მაღაზიებია ჩამწკრივებული – იმდენად ლამაზი და უბრალო, რომ გერმანელ დიქტატორსაც კი დაენანა მისი დანგრევა. აქედან ნათლად ჩანს მდინარეზე ჩამწკრივებული სხვა ხიდებიც, რომელთა თაღებს სანაპიროზე მდგარი შენობების ანარეკლი სამუდამოდ ჰყავთ დატყვევებული.

venecia 1 - Copy

ვენეცია – ძალიან ლამაზი და ძალიან ცივი – სუსხით შემოგვეგება. წვრილი არხებით და უამრავი პატარა ხიდებით დაქსაქსული ქალაქი, თითქოს ლაბირინთს ქმნის აბეზარი ტურისტებისათვის, რომლებიც შეუპოვრად მიიწევდნენ ქალაქის გულის – წმინდა მარკის მოედნისაკენ. ირგვლივ შეუდარებელი, დაუჯერები ოსტატობით აგებული ნაგებობები, ცენტრში დიდი მოედანი, სადაც სხვა წვრილი ქუჩებისაგან განსხვავებით, უხვად აღწევს მზის სხივები. დამთვალიერებლებს შორის უშიშრად მობაჯბაჯე მტრედები სიცოცხლეს უბრუნებენ ქალაქს. თითქოს ეს სითბო ვენეციას ტურისტებისათვის აღარ ემეტება…

Piza

პიზა – ქვისგან გამოკვეთილი მონუმენტი. მის სიმტკიცეს ბზარიც კი არ ეტყობოდა. გვერდით გადახრილი საათის ისარივით, თითქოს დედამიწის დროჟამს ითვლის. ალბათ უკან აღარასოდეს დაბრუნდება.

ხალხი ძალიან გულღია, კეთილი და ტემპერამენტიანი, თხოვნის გარეშე ცდილობენ მიხვდნენ, რა გჭირდება, როგორ დაგეხმარონ, თუნდაც არც ესმოდეთ შენი და ვერც გხედავდნენ…

6-7 დღე ძალია ცოტაა იმისათვის, რომ გაიცნო იტალია, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, როგორ გაიცნოთ ნამდვილი იტალიელი. მე ამ შეხვედრას ბავშვობიდან ველოდი და იგი შედგა ქალაქ მარანელოში, ქუჩა # 20-ში: მომღიმარი იტალიელი ინსტრუქტორი და სიტყვები: “ახალგარდავ, თქვენ გელოდებათ ფერარი”… პირველი რეაქცია – არ მახსოვს

Feraris muzeumi Maranello

შემდეგ “სტარტი” და ძრავის მშვიდი თრთოლვა. თუმცა ეს სიმშვიდე იმდენად ხმაურიანია, რომ ვიცი, აუცილებლად დასრულდება. ალბათ პაემანზე მყოფი ახალგაზრდა ისე მოუთმენლად არ ელის პარტნიორისაგან სასიყვარულო სიტყვებს, როგორც მე ველოდი ინსტრუქტორისაგან ჯადოსნურ ფრაზას “ბოლომდე დაადგი”. ძრავის წარმოუდგეგენლი რეზონანსი და ხმა, რომელიც ნებისმიერ მელოდიაზე უფრო მომაჯადოვებელია. . .

დასრულდა ჩვენი მოგზაურობა, გადავუფრინეთ მზიან აპენინებს – ილუმინატორიდან კავკასიონი გამოჩნდა, ცივი, პირქუში და მიუდგომელი, როგორც გუშაგი რომელსაც უმდიდრესი საგანძური აქვს მიბარებული – ჩვენი სამშობლო – საქართველო, მხარე რომელზე ლამაზიც ამქვეყნად არ არსებობს – ძალიან მომენატრა ….

გიორგი ნიკოლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი