“სწრაფი ტური” პოლონეთში

Wizz Air-ის დაბალმა ტარიფებმა მე და ჩემს მეუღლეს პოლონეთში წასვლისკენ გვიბიძგა.  ამას დაერთო ისიც, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე ამ ქვეყანაში ნამყოფები არ ვიყავით.  ბევრი აღარ გვიფიქრია და გეზი ქუთაისისკენ ავიღეთ.  სწორედ ამ ქალაქში (უფრო სწორად კი კოპიტნარში) მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს Wizz Air-ი ვარშავის მიმართულებით, სადაც 1 დღე დავყავით, შემდგომი 2 დღე კი გდანსკსა და სოპოტში გავატარეთ.

თვითმფრინავი

ქუთაისიდან ვარშავისკენ ავიაბილეთში მხოლოდ 70 ევრო გადავიხადეთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ბარგის გადატანა ფასიანია და მხოლოდ ზურგჩანთის წაღება შეიძლება უფასოდ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ეს ზურგჩანთა კომპანიის მიერ დადგენილ პარამეტრებში ჯდება. ვინაიდან ჩვენ მხოლოდ 4 დღით მივდიოდით და გეგმაში არც შოპინგი გვქონდა, ბარგი პრაქტიუკლად არ გვქონია და დამატებით ხარჯებსაც ავერიდეთ.

ქუთაისიდან მშვიდობიანად გავფრინდით, მაგრამ ბორტზე ინციდენტის მოწმენი გავხდით.  ქართველმა მგზავრმა გენში გამჯდარი მოუთმენლობის თვისება გამოამჟღავნა და ტუალეტში სიგარეტი გააბოლა, რისთვისაც ვარშავაში ჩასვლისას ნიღბიანმა ადამიანებმა (!) აიყვანეს.  როგორც გავიგეთ, ასეთ შემთხვევაში მას ჯარიმას შეუფარდებდნენ, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხას – 2000 ევროს შეადგენს.

უშუალოდ თვითმფრინავში კი ადგილებზე დაჯდომა თავისუფალია.  ბილეთზე არ არის მითითებული ადგილის ნომერი და სადაც გნებავთ, იქ მოთავსდებით.  თუმცა არის შეზღუდვაც – დაჯდომა არ შეიძლება პირველ ორ რიგსა და საავარიო გასასვლელებთან (ე.წ. Emergency Exit) მდებარე სავარძლებზე.

ავტობუსი

სატრანსპორტო თემა რომ გავაგრძელოთ გეტყვით, რომ ვარშავიდან გდანსკში საკმაოდ კომფორტული ორსართულიანი ავტობუსით გავემგზავრეთ, რომელშიც იყო ინტერნეტი და მსუბუქი ილანჩითაც გაგვიმასპინძლდნენ (ყავა, ჩაი, ფუნთუშა, ჩხირები, ასევე ნაყინი და წვენები).  ავტობუსით მგზავრობა 5 საათს გაგრძელდა, თუმცა გზის შუაწელს ნახევარი საათით შევისვენეთ.

საცხოვრებელი

ვარშავაში სასტუმროები საკმაოდ იაფია თუმცა ჩვენ 2 ღამით აპარტამენტში გავჩერდით, რომელიც ყველაფრით იყო მოწყობილი… წარმოიდგინეთ სარეცხის მანქანაც კი დაგვხვდა.  ასევე იყო სრულად გაწყობილი სამზარეულო (მხოლოდ ვიზუალურად შევაფასე).  ამ აპარტამენტში დღიურად 50 დოლარი გადავიხადეთ.

ღირსშესანიშნაობები

ვარშავას ერთი დღე დავუთმეთ, რადგან ამ ქალაქში სამომავლოდაც ვგეგმავთ ჩასვლას.  დავათვალიერეთ ცენტრი, გამოვიყენეთ პროგრამა „City Walk“.  ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი პროგრამაა თავისი „offline“ რუკებით.  ვნახეთ ძველ ქალაქში მდებარე ბაზარი, შოპენის ძეგლი, ვარშავის ამბოხების მემორიალი,  სამეფო ციხესიმაგრე, მეფე სიგიზმუნდის სვეტი და სხვა.  ეს ადგილები სულ ფეხით მოვიარეთ, რადგან ვარშავის ცენტრში მდებარე ქუჩები 2 და 5 სართულიანი აღდგენილი სახლებით საკმაოდ წყნარია და სასეირნოდაც სასმიამოვნო.

IMG_4228IMG_4227 IMG_4233 IMG_4235 IMG_4271 IMG_4285 IMG_4294

დათალიერებისას ძირითადად არქიტექტურაზე გავამახვილეთ ყურადღება.  მუზეუმებში არ შევსულვართ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ქალაქში სამომავლოდაც ვაპირებთ ჩასვლას.  დღე დავასრულეთ ირლანდიურ პაბში.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გირჩევთ აიღოთ ავტობუსის/ტრამვაის დღიური აბონიმენტი, რაც ძალიან მოსახერებელი და ეკონომიურია.

IMG_4313 IMG_4319 IMG_4340 IMG_4350 IMG_4385

მატარებელი

გდანსკიდან სოპოტისკენ კი უკვე მატარებლით ვისარგებლეთ.  ეს მგზავრობა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა, ხოლო გდანსკიდან ვარშავისკენ უკანა გზაზე ამჯერად მატარებლით გამოვემგზავრეთ, რაც ავტობუსთან შედარებით უფრო სასიამოვნი აღმოჩნდა.  შეიძლება ასეთი განწყობა იმანაც შეგვიქმნა, რომ აღდგომის დღეს, ადრიან დილით გამოვემგზავრეთ და მატარებელი თითქმის ცარიელი იყო.  მგზავრობისას ფანჯრებიდან შველებიც კი ვნახეთ, რაც პოლონეთში ბუნების დაცვის მაღალ დონეზეც მიუთითებს.  სამწუხარო ის იყო მხოლოდ, რომ მატარებელში არ იყო ინტერნეტი.

გდანსკი

აქ პატარა სასტუმროში გავჩერდით, რომელიც ცენტრიდან ფეხით ოცი, ავტობუსით კი შვიდი წუთის სავალზე მდებარეობდა.  გვიმასპინძლეს დილის საუზმითაც.  ფასი:  2 ღამე – 100 დოლარი.

ქალაქს ძალიან ლამაზი, თუმცა თანამედროვე ეპოქაში აღდგენილი ე.წ. „დაუნთაუნი“ აქვს.  გამოვარჩევდი მაიაშკას ქუჩას, რომელიც ძალიან ლამაზია და სადაც იყიდება ძალიან ბევრი ქარვა. აქვე შესაძლებელია სამახსოვროდ რაიმე სუვენირის ან ნივთის შეძენაც. ასევე საინტერესოა ოქროს კარიბჭე და წმინდა მარიამის ეკლესია გრნადიოზული და ულამაზესი საათით.  აუცილებლად სანახავია ნეპტუნის ფანტანი, „Zuraw“-ის უძველესი ხის ამწე, რომლითაც გემების დატვირთვა/გადმოტვირთვა ხორციელდებოდა ჯერ კიდევ მე-14 სააუკუნიდან (რა თქმა უნდა, ეს ამწეც, როგორც სხვა ყველაფერი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის აღდგენილი).

IMG_4495 IMG_4499 IMG_4506 IMG_4553 IMG_4564 IMG_4630

გდანსკში ვისადილეთ საინტერესო რესტორანში, რომელიც “Trip Advisor”-ის რეკომენდაციით შევარჩიეთ.  რესტორანს „მეტამორფოზა“ ერქვა.

სოპოტი

ამ ქალაქს ძალიან ლამაზი და ევროპაში ყველაზე გრძელი პირსი აქვს, ყველა მოგზაურმა უნდა მოინახულოს სოპოტის ცენტრი.

IMG_4699 IMG_4704 IMG_4714 IMG_4717 IMG_4738

სამზარეულო

პოლონური სამზარეულო გემრიელია, თუნცა განიცდის სლავური სამზარეულოს გავლენას.  აქვთ უგემრიელესი ბორშჩი.  ჩვენ მაინც საერთაშორისო სამზარეულოს ვანიჭებდით უპირატესობას – სტეიკი და ა.შ.

IMG_4597 IMG_4608

კიდევ ერთხელ გამოვყოფდი რესტორან „მეტამორფოზას“ გდანსკში, რომლშიც ძალიან გემრიელი კერძებით და სუპერ მომსახურებით გვიმასპინძლეს. თუმცა ფასები, შეიძლება ითქვას, რომ ძვირია, მაგრამ მისაღები.

უსაფრთოხება

პოლონეთი ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა.  საკმაოდ გვიან – ღამის 1-2 საათზე ვსეირნობდით ქუჩებში და არანაირი საფრთხე არ გვიგვრძნია.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი