35ecf1d

 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე საქართველოდან საჰაერო გზით გამავალი (ასევე შემომსვლელი) მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი მაჩენებელი მოდის.  ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული აეროპორტი ადგილობრივი და უცხოელი მგზავრებისთვის საქართველოში მოხვედრის ან საქართველოდან თითქმის ყველა კონტინენტზე გამგზავრების ყველაზე პოპულარული საშუალებაა.

მხოლოდ თბილისიდან ათათურქის აეროპორტში ყოველდღიურად სამი (TK386; TK382; TK385), ხოლო ბათუმიდან კი ერთი რეისი ხორციელდება (TK393).

turqeti

საქართველოში ათათურქის აეროპორტის პოპულარობას განაპირობებს ხშირი რეგულარული რეისები, რაც სატრანზიტო მგზავრობისას ამცირებს მოლოდინის დროს, თბილისთან სიახლოვე (სტამბულამდე ფრენა მხოლოდ 2 საათს გრძელდება) და ავიაკომპანია “Turkish Airlines”-ის მომსახურების მაღალი დონე.

აღსანიშნავია, რომ სტამბულის მიმართულება იყო ერთ-ერთი პირველი რეგულარული საერთაშორსო რეისი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილისიდან ხორციელდება.

სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქის ევროპულ ნაწილში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე.  მანძილი ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე 24 კილომეტრია.  აეროპორტის „IATA“ კოდია „IST“.  აეროპორტი 1924 წელს გაიხსნა, ხოლო 1980 წელს კი მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელი ეწოდა.  2000 წლიდან აეროპორტს მართავს TAV (Tepe-Akfen-Ventures) ჰოლდინგი (ამავე ჰოლდინგში შემავალი კომპანია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს).

ტერმინალი-II

2013 წლის მონაცემებით აეროპორტი 51 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რითაც მგზავრების გადაყვანის მხრივ მსოფლიოს უდიდეს აეროპორტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა.  რაც შეეხება ევროპას, აქ ათათურქი მე-5 ადგილზე იმყოფება (მგზავრთა ნაკადების სიდიდის მიხედვით) და მცირედით ჩამორჩება ამსტერდამის აეროპორტს.

ამჟამად აღნიშნულ აეროპორტს 3 ასაფრენი ბილიკი ემსახურება, რომელთა სიგრძეც 3000 (2 ბილიკი) და 2580 მეტრია.  გაზრდილი ადგილობრივი და საერთაშორისო, ასევე სატვირთო ფრენების ფონზე დაგეგმილია მე-4 ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც.  აშკარაა, რომ არსებული რესურსი ვეღარ უმკლავდება აეროპორტის მოთხოვნებს.

ათათურქის აეროპორტში 3 ძირითადი ტერმინალია:  ტერმინალი I განკუთვნილია ადგილობრივი რეისებისთვის, ტერმინალი II ემსახურება საერთაშორისო რეისებს, ხოლო ტერმინალი III სატვირთო გადაზიდვებს იღებს.

საერთაშორისო-ტერმინალი

საერთაშორისო ტერმინალი (ტერმინალი II) 2000 წელს გაიხსნა და საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით აღიჭურვა.  შესაბამისად ტერმინალი I, რომელიც მანამდე საერთაშორისო და ადგილობრივ რეისებს ემსახურებოდა, მხოლოდ ადგილობრივი ტერმინალის სტატუსით შემოიფარგლა.

საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც ასევე მოიცავს სატრანზიტო ზონას, მგზავრებს ყველა იმ მომსახურებას სთავაზობს, რომლის მიღებაც აუცილებელია დღევანდელ პირობებში.  ინტერიერი არ არის გადატვირთული და არ იწვევს გაღიზიანებას.  თუ თქვენ რეისებს შორის გაქვთ თავისუფალი დრო და არ გინდათ ქალაქში გასვლა, ტერმინალშივე შეგიძლიათ დრო  სასიამოვნოდ გაატაროთ.  აქ მოქმედებს არაერთი ბარი, კაფე და რესტორანი.  არის უბაჟო ვაჭრობის (Duty Free) უამრავი მაღაზია.

ტერმინალის მასშტაბით გადაადგილებაც ძალიან მოსახერხებელია.  შენობა არ არის რთული კონსტრუქციის, შესაბამისად სასურველი რეისის გასავლელს მარტივად მიაკვლევთ.

ათათურქის აეროპორტიდან ყოველდღიურად ასობით რეისი სრულდება.  ყველაზე დიდი გადამყვანი, რა თქმა უნდა, “Turkish Airlines”-ია, რომელიც 106 ქვეყანაში 215 საერთაშორისო მიმართულებას უწევს ოპერირებას.

ზურა ბასილაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი