Cover

ტურისტული რიტუალები ადგილობრივ მაცხოვრებელთა ღიმილს იწვევს, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ისინი, დიდი რუდუნებით სრულდება. ამ წესებს უკვე გამოცდილი მოგზაურები ახალბედებს პირველ რიგში გადასცემენ და ამ უბრალო ქმედებებით ერთგვარი მხიარულება შემოდის, განსაკუთრებით თუ ეს ჯგუფური ექსკურსიის დროს ხდება. რომში ამ მხრივ დიდი მრავალფეროვნებაა და აბა, ასეთი გასართობების გამოტოვება როგორ შეიძლება! მით უმეტეს, რომ რომიდან დაბრუნებულებს პირველ რიგში სწორედ ამ რიტუალების შესრულებას მოგვკითხავენ უკვე გამოცდილი ტურისტები…

1. „ჭეშმარიტების ბაგეში“ ხელი შეყოფა – ეს რიტუალი ფილმის – „რომაული არდადეგები“ – გამოსვლამდეც არსებობდა, მაგრამ ფილმის მერე უკვე საქვეყნოდ ცნობილი გახდა. როგორც ამბობენ, ცრუ კაცი უხელოდ დარჩებაო, თუმცა ჯერ არავინ დასჯილა ასე. „ჭეშმარიტების ბაგე“ –  ეს 1.75 მეტრი დიამეტრის ბარელიეფია.  ერკოლ ძლევამოსილის (ბერძნული მითოლოგიის გმირის, ჰერაკლეს რომაული ანალოგი) სახე, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეშია დამზადებული ერთიანი მარმარილოს ფილისაგან,  აქ XVIII საუკუნეში დაიდგა. ამბობენ, რომ თავიდანვე ფილა საკანალიზაციო ჭის სახურავი ყოფილა!

IM000694.JPG

2. ტრევის შადრევანი – აუზში ფულის გადაგდება გასული საუკუნის 50-იან წლებში დამკვიდრდა, როცა გამოვიდა ამერიკული ფილმი „სამი მონეტა შადრევანში“. აუზისკენ ზურგით ვდგებით და ვაგდებთ მონეტას, თან სურვილი უნდა ჩავუთქვათ. პირველი მონეტა ამ ადგილთან ისევ დაბრუნების საწინდარია, მეორე მონეტა კი სიყვარულში წარმატების, მესამე კი ქორწილისკენაა! კვირაში ერთჯერ მუნიციპალიტეტის სამსახური აგროვებს ამ ფულს, რაც რამდენიმე ათას ევროს აღწევს, და იგი უსახლკაროთა დახმარების ფონდს ეძლევა საქველმოქმედო საქმიანობისათვის.

ფულის გადაგდება ტრევის შადრევანში

3. ორმაგი წყარო ტრევის შადრევანთან. აუზის მარჯვნივ,` მას შეყვარებულთა წყაროსაც ეძახიან. აქედან წყალი უნდა დაილიოს, ერთდროულად, ან თუ ცალკე ვართ ჩამოსული, სათანადო სურვილის ჩათქმით.

ორმაგი წყარო ტრევის შადრევანთან

4. ვატიკანში, წმ. პეტრეს ტაძარში მოციქულის ბრინჯაოს ქანდაკებაა, შექმნილი არნოლფო დი კამბიოს მიერ. ქანდაკების ფეხზე მოფერება არის საჭირო, სურვილის ჩათქმით. რიტუალის პოპულარობს ისიც მიუთითებს, რომ ქანდაკებაზე ტერფის წვერი გაპრიალებულია და ოდნავ გაცვეთილიც კი.

წმინდა პეტრეს ქანდაკებასთან ვატიკანში

5. მინერვას მოედანზე სპილოს ქანდაკების კუდზე ხელის შევლება – ამბობენ, ეს ბიზნესში წარმატების საწინდარიაო. ძვ.წ. VI საუკუნის წითელი გრანიტის ობელისკი, რომელიც იმპერატორმა დომიციანემ ჩამოატანინა ეგვიპტიდან, თავიდან ისიდას ტაძარს ამშვენებდა. 1665 წელს ბერი დომინიკანების მიერ ეს ობელისკი აღმოჩენილი იქნა ეკლესიის ეზოში. პაპმა ალექსანდრ VII-მ მაშინვე გადაწყვიტა მისი აღმართვა ამავე ეკლესიის წინა მოედანზე და ეს სამუშაო ბერნინის შეუკვეთა. ხელოვანმა სვეტის დადგმა სპილოს ფიგურაზე გადაწყვიტა, რათა სიმბოლურად სიბრძნის გამომსახველ სვეტს შესაბამისი სიძლიერის გამომსახველი საყრდენი ჰქონოდა სპილოს სახით (ეს იდეა პოსტამენტზე გაკეთებულ ტექსტშია მოყვანილი). არქიტექტორმა ერკოლე ფერატამ ბერნინის გათვლებს არ დაუჯერა და კონსტრუქციის გასამაგრებლად სპილოს მუცლის ქვეშ ყუთი შეადგმევინა, რაც მერე პოპონათი დაიფარა. განრისხებულ ბერნინის ავტორობაზე უარის თქმაც კი უნდოდა.

სპილო მინერვას მოედანზე

6. პიაცა დი სპანიაზე (ესპანეთის მოედანზე) ბარკაჩადან გადმომდინარე წყლის მოსმა, სურვილების ჩათქმით. შადრევნის ავტორი ლორენცო ბერნინის მამა – პიეტრო ბერნინია. პაპი ურბან VIII ბარბერინის შეკვეთით, პროექტში უნდა ასახულიყო 1598 წლის ტიბროსის წყალდიდობის თემა, როცა მდინარეს ნახევრად ჩაძირული ნავი გამოურიყავს. პიეტრო ბერნინის კიდევ სხვა პრობლემაც ჰქონდა – წყლის წნევა ამ ადგილას ძალიან დაბალი იყო და კლასიკური, მაღალი შადრევნის ამოქმედება შეუძლებელი ხდებოდა. როგორც ვხედავთ, ორიგინალური გადაწყვეტილება სავსებით შეესაბამება თემას – შადრევნის ფსკერი ქუჩის დონეზე დაბლაა, წყალიც საკმარისად გადმოედინება ნავიდან და ბარბერინთა სიმბოლოები – ფუტკრებიც ადგილზეა!

ბარკაჩა ესპანეთის მოედანზე

7. ვენეციის მოედანზე, არაკოელის ეკლესიისკენ 122 საფეხურიანი კიბე ადის. ამ კიბეზე შუაღამით, მუხლზე ჩოქვით ასვლა ლატარიების გათამაშებაში მოგების შანსს იძლევაო. იმედია, ასვლამდე ბილეთის ყიდვა არ დაგვავიწყდება.

დიდი კიბე არაკოელის ეკლესიისკენ

8. კატის კულტი რომში. ეს ალბათ ეტრუსკული დროიდანაა შემორჩენილი, როცა ოჯახის მფარველი ღვთაება – ჯუჯა ბესა კატის სახით გამოიხატებოდა. რომში კატების ყველაზე დიდი „დასახლებები“ პირამიდის ეზოში და არჯენტინოს ფორუმის ტერიტორიებზეა. ამ მხრივ პირიქით, რომაელები აოცებენ ტურისტებს – კატებისათვის მოაქვთ საჭმელი, ახლომახლო ფულის შესაწირი ყუთებია და მომვლელიც კი არის მათ მისახედად გამოყოფილი.  ჩვენც შეგვიძლია კატებს საჭმელი მივუტანოთ.

ამ ადგილს უფრო მნიშვნელოვანი ისტორიაც აქვს. აქ, ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს  შეთქმულთა მიერ მოკლული იქნა იულიუს კეისარი. რამდენიმე დღით ადრე წინასწარმეტყველმა იგი გააფრთხილა, რომ მარტის იდების დროს სასიკვდილო საფრთხე ელოდა. სენატის კიბეზე შეხვედრია კეისარი ამ  წინასწარმეტყველს და დაცინვით შეახსენა – „მარტის იდები დადგა!“  – „დადგა, მაგრამ ჯერ არ გასრულებულა“ – უპასუხა წინასწარმეტყველმა და რამდენიმე წუთში კეისარი სიცოცხლეს გამოასალმეს. „შენაცა, ბრუტუს“ – კეისრის ბოლო სიტყვები იყო, როცა შეთქმულთა შორის უახლოესი თანამებრძოლი დაინახა. ზუსტად ეს ადგილი ამჟამად ტროტუარის ქვეშაა მოქცეული,  არჯენტინას თეატრის წინ.

ეტრუსკული ჯუჯა ბესა და არჯენტინოს ფორუმი

9. მალტის ორდენის პრიორატის სასახლის ეზოს კარიბჭეში, ავენტინის ბორცვზე, უნდა გავიჭყიტოთ გასაღების ჭუჭრუტანაში – ამ დროს, გასაღების ჭუჭრუტანიდან ერთდროულად ვუყურებთ სამ ქვეყანას – მალტის ორდენს (ჭიშკარი და ეზო მათი საკუთრებაა), საკუთრივ იტალიას ბორცვის მიღმა, შორს კი – ვატიკანის გუმბათს. სახალისო  ტრადიცია ორდენის მხრიდანაც მხარდაჭერილია. კარიბჭის მიღმა, ბილიკის გასწვრივ ბაღის ბუჩქები სათანადოდ არის გასხლული, რათა ვატიკანის გუმბათი კარგად გამოჩნდეს.  ეზოს გარეთ კი, პიაცა დი კავალიერიზე, კარიბჭესთან რიგია და შორიახლო ცხენოსანი პოლიციაც კი მორიგეობს.

მალტის ორდენის პრიორატის კარიბჭესთან - სამი ქვეყანა გასაღების ჭუჭრუტანაში

რომი კათოლიკური რელიგიის ცენტრია. შესაბამისად, აქ მრავალი რელიგიური რიტუალის ჩატარებას შეიძლება გადავაწყდეთ და ყურადღებით ვიყოთ, რომ ეს  არ აგვერიოს ტურისტულ-გასართობ  ქმედებებში.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი