France Flag Wallpapers

საფრანგეთი – სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. ესაზღვრება შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, მონაკო, იტალია და ესპანეთი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემოჭრილია ატლანტის ოკეანე (ინგლისური არხისა და ბისკაის ყურის სახით), ხოლო სამხრთეთით ხმელთაშუა ზღვა (ლიონის ყურისა და ლიგურიის ზღვით). ქვეყნის საზღვაო საზღვრის სიგრძე 5500 კილომეტრს შეადგენს. საფრანგეთის მთლიანი ტერიტორია (547 030 კვ.კმ) იკავებს თითქმის ევროკავშირის ერთ მეხუთედ ნაწილს. გააჩნია ფართო საზღვაო სივცრე განსაკუთრებული ეკონომიკური ზოლით, რომელიც გადაჭიმულია 11 მილ. კვ. კმ-ზე. ასევე სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ხმელთაშუა ზღვის კუნძული კორსიკა და ოცამდე ”ზღვის გადაღმა” დეპარტამენტი და დამოკიდებული ტერიტორიები.

paris

დედაქალაქი: პარიზი
ფულის ერთეული: ევრო
სახელმწიფო წყობა: ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა
რელიგია: ქრისტიანობა 45%, ათეიზმი 35%, ისლამი 3%, ბუდიზმი 1%, დანარჩენი რელიგიები 16%
მოსახლეობა: 65 950 000 (2013 წლის მონაცემით)
ქვეყნის სატელეფონო კოდი: 33
ოფიციალური ენა: ფრანგული

20 წელზე მეტია საფრანგეთი ინარჩუნებს მსოფლიო პოპულარობას ტურისტულ მიმართულებათა შორის (2012 წელს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 83 მილიონს შეადგენდა). გეოგრაფიული მდებარეობით იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. საფრანგეთი ამაყობს აყვავებული და საოცრად მოწესრიგებული სოფლებით, ფრანგული რივიერით, ატლანტის ზღვისპირა პლაჟებით, საფრანგეთის ალპებში ზამთრის სპორტული თამაშებით, ლუარის ხეობის ციხე-სიმაგრეებით, ფრანგული ღვინის, ხელოვნებისა და მოდის კულტურით და, რა თქმა უნდა, პარიზით,. ”მხოლოდ გულს შეუძლია შეიგრძნოს იგი სწორად, რაც თვალისთვის უხილავია” – ანტუონ დე სეინტ ეგზიუპერი.

კლიმატი
გვხვდება ზომიერი ზამთარი და რბილი ზაფხული უმეტეს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი პარიზში. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე წვიმიანი ზამთარი და ცხელი ზაფხულია, ხოლო მთიან რეგიონს ახასიათებს ცივი ზამთარი თოვლის დიდი ნალექით.

ისტორია
საფრანგეთი ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, რასაც 40-იან წლებში აღმოჩენილი ლასკოს გამოქვაბულის უძველესი ნახატებიც მოწმობს.
ქვეყნის მდიდარი ისტორია ძვ.წ. 125 წელს, რომის იმპერიის დაპყრობითი შემოსევებიდან იწყება, ხოლო მანამდე ტერიტორია გალური ტომებით იყო დასახლებული. გალურ-რომაული თანაცხოვრებით სრულიად ახალ კულტურას ჩაეყარა საფუძველი. ამ პერიოდისთვის რომაული სტილის მრავალი ქალაქი დაარსდა – მათ შორის ახლანდელი ლიონი. რომის იმპერიის გავლენა დღემდე იგრძნობა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც ახლაც არის შემორჩენილი რომაული ცირკი და კათოლიკური ტაძარი, რომელიც მაშინედელი ეპოქის მთავარ დანატოვარს წარმოადგენს. იმპერიის დასუსტების შემდეგ, ამ ადგილზე ფრანკები დასახლდნენ, სრულიად აითვისეს გალურ-რომაული კულტურა და დაარსეს ფრანკთა სახელმწიფო.

საფრანგეთის პირველ მეფედ გერმანელი დამპყრობელი კლოდვიგი ითვლება, თუმცა მისი სამეფო მხოლოდ ილ დე ფრანცით (პარიზი და მისი შემოგარენი) შემოიფარგლებოდა. სწორედ მან აქცია პარიზი დედაქალაქად. ხოლო მთავარ და პირველ, ძლიერ გამაერთიანებელ იმპერატორად კარლოს დიდია მიჩნეული, რომლის დროსაც საფრანგეთმა არნახული სიძლიერე მოიპოვა და თანამედროვე გერმანიის, ბელგიისა და იტალიის ტერიტორიებზე გადაიჭმა.

საფრანგეთი 22 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა:

ილ დე ფრანსი – რეგოინი პარიზის ირგვლივ. ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი რეგიონი, რომლის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემით 12 მილიონს აღწევს.

ჩრდილოეთ საფრანგეთი – (ნორდ-პა-დე-კალე, პიკარდია, ნორმანდია) რეგიონი, რომელსაც მსოფლიო ომებმა ყველაზე დიდი იარები დაუტოვეს.

ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთი – (ლუთარინგია, შამპან-არდენი, ელზასი, ფრანშ-კონტე) რეგიონი, სადაც ევროპული, განსაკუთრებით კი, ფრანგულ-გერმანული კულტურის ნაზავს წარმოადგენს.

დიდი დასავლეთი – (ბრეტანი, ლოარა) ოკეანის რეგიონზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობა, სადაც შემორჩენილია უძველეს ხალხთა კულტურა.

ცენტრალური საფრანგეთი – (ბურგუნდია, ლოარა, ლიმუზენი) მევენახეობისა და სოფლის მეურნეობის რეგიონი, მდინარის ხეობებითა და ისტორიული ციხე-ქალაქებით.

სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი – (აკვიტანია, პირინეი) ზღვისა და ღვინის რეგიონი, ატლანტის ოკეანის ლამაზი პლაჟებითა და მაღალი მთებით ესპანეთის მახლობლად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთი – პარიზის საზღვრებს გარეთ ქვეყნის მთავარი ტურისტული რეგიონი. თბილი კლიმატი და ლაჟვარდოვანი სანაპირო კონტრასტულად ერწყმის ალპებს.

ზღვისგადაღმა დეპარტამენტები:

  • არქიპელაგი გვადელუპა სამხრეთ კარიბის ზღვაში;
  • კუნძული მარტინიკა კარიბის ზღვაში;
  • საფრანგეთის გვიანა კარიბის ზღვასთან;
  • კუნძული რეიუნიონი ინდოეთის ოკეანეში.

ზღვისგადაღმა ტერიტორიები:

  • საფრანგეთის პოლინეზია (ტაიტი) – წყნარი ოკეანის ცენტრში, ტროპიკული კუნძულები;
  • ახალი კალედონია – წყნარი ოკეანის გრძელი ფორმის კუნძული;
  • სანტ-პიერი და მიქელონი – მცირე კუნძულები კანადის სანაპიროებზე;
  • უოლისი და ფუტუნა – აღნიშნული კუნძულები დაცულია, როგორც ბუნებრივი ტერიტორიების რეზერვი;
  • საფრანგეთის სამხრეთ და ანტრაქტიკული ტერიტორიები;
  • მიმოფანტული კუნძულები ინდოეთის ოკეანეში;
  • კუნძული კლიპერტონი – მარჯნის დაუსახლებელი კუნძული წყნარ ოკეანეში.

riviera

ქალაქები:
ძნელად მისადგომი ჩამოთვლილი ტურისტული კუნძულებისგან განსხვავებით, წარმოგიდგენთ ადვილად მისადგომ საფრანგეთის ტურისტულ ქალაქთა ჩამონათვალს:

  • პარიზი – სიყვარულისა და სინათლის ქალაქი;
  • ბორდო – ღვინის ქალაქი, ტრადიციული ქვის სახლებითა და მოსახერხებელი ტერასებით;
  • ბურჟი – ბაღები, არხები და იუნესკოს სიაში შეტანილი ტაძრები;
  • ლილი – სამხრეთის ენერგიული ქალაქი, ცნობილი ულამაზესი ცენტრითა და აქტიური კულტურული ცხოვრებით;
  • ლიონი – სიდიდით მეორე ქალაქი, რომაელების დროიდან შემონახული ისტორიით;
  • მარსელი – სიდიდით მესამე ქალაქი, უმსხვილესი პორტით. 2013 წლის ევროპული კულტურის დედაქალაქი;
  • ნანტი – ”მწვანე ქალაქი”, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად;
  • სტრასბურგი – ცნობილი თავისი ისტორიული ცენტრითა და უამრავი ევროპული ინსტიტუტით.
  • ტულუზა – ”ვარდისფერი ქალაქი” დამახასიათებელი არქიტექტურით.

სხვა მიმართულებები:

  • პარიზის დისნეილენდი – ყველაზე მონახულებადი ადგილი მთელ ევროპაში;
  • კორსიკა – ნაპოლეონის სამშობლო, უნიკალური კუნძული საკუთარი ენითა და კულტურით;
  • ფრანგული ალპები – ევროკავშირში ყველაზე დიდი მთის – მონბლანის ადგილი;
  • ფრანგული რივიერა – ხმელთაშუა ზღვის სანაპირო უამრავი მაღალი კლასის ზღვისპირა კურორტით;
  • ლუარის ველი – მსოფლიოში ცნობილი ველი განთქმული ღვინითა და ციხე-სიმაგრეებით;
  • მონ სენ მიშელი – საფრანგეთის ერთ-ერთი სანახაობრივად მიმზიდველი ადგილი, ქალაქი და მონასტერი აგებული პატარა კლდოვან კუნძულზე. შესულია იუნესკოს სიაში;
  • ვერდონის ხეობა – ფირუზისფერი მდინარე ულამაზეს კანიონებში. ადგილი ექსტრემალური მოგზაურობისთვის.

* * *

საფრანგეთის გაფიქრებისას, ალბათ, მაინც წარმოგესახებათ ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი ან მონალიზას ღიმილი… წარმოიდგენთ, როგორ მიირთმევთ ყავას კრუასანთან ერთად პარიზის ცნობილ კაფეში, სადაც თავს იყრიდნენ წარსული დროის გამოჩენილი ინტელექტუალები. ალბათ, თვალწინ უძველესი ციხესიმაგრეები და ყურძნის ვენახებიც გადაგეშლებათ… და მაინც, ეს ყველაფერი მცირედია უამრავ ღირსშესანიშნაობათა შორის.

mulen Rouge
ქვიშიანი პლაჟები, კლდოვანი კლდეები და ლაჟვარდოვანი სანაპიროს ულამაზესი ქალაქები – ფრანგული რივიერა, რომელიც მხოლოდ მდიდარი და გლამურული საზოგადოებისთვის მოიაზრებოდა, ახლა ის ყველა ფენისთვის თანაბრად პოპულარულია. მშვენიერი ნიცა, რომელსაც წლის განმავლობაში 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ქალაქი ავინიონი, რომლის ბრწყინვალე პაპის სასხლე ერთ დროს პაპის რეზიდენციას წარმოადგენდა. მშვენიერი სენ-ტროპე და კანი, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს კინოინდუსტრიის ამავე სახელწოდების ფესტივალს.
ფრანგებს ხელოვნების განსაკუთრებული ნიჭიაქვთ. აქ უამრავი სახვითი ხელოვნების გალერეა და მუზეუმია, მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები როგორებიცაა:

  • ლუვრი პარიზში – საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო, სადაც მონა ლიზასთან ერთად წარმოდგენილია ანტიკური ხანიდან მე-19 საუკუნემდე შექმნილი ცნობილი ნამუშევრები.
  • ორსეის მუზეუმი, სადაც მოთავსებულია მე-18-19 საუკუნეების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები, დეგას ბალერინებთან ერთად.
  • პომპიდუს ცენტრი – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ერთად აქ საზოგადოებრივი ბიბლიოთეკაც ფუნქციონირებს.
  • ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც ეგვიპტური სიძველეებიდან თანამედროვე ფერწერასა და სკულპტურებზე გადადიხართ.
  • სახვითი ხელოვნების სასახლე ლილში – ქვეყნის უმსხვილესი მუზეუმი, მისი მრავალფეროვანი კოლექციის სიმრავლით მეორე ადგილზეა ლუვრის შემდეგ.
  • პიკასოს მუზეუმი პარიზში – აქ პიკასოს ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ასევე ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი მონახაზები, ფოტოები და კონკრეტული ინფორმაციის შემცველი საგაზეთო ამონარიდები.
  • ასევე აუცილებლად მოინახულეთ ვერსალის სასახლე, რომელიც პარიზიდან 20 კმ-ში მდებარეობს.

Versailles

სასაუბრო ენა:
იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა 60 წლამდე ფრანგს შესწავლილი აქვს ინგლისური ენა, მაინც არ საუბრობენ ინგლისურად. ეს მათი სნობიზმით არაა გამოწვეული, უფრო ნაკლები პრაქტიკის ბრალია და, მათი აზრით, ამ მიზეზით ცუდად ჟღერს მათი ინგლისური. ასე, რომ აუცილებლად დაიწყეთ საუბარი ფრანგულ ენაზე და შემდეგ იკითხეთ თუ შეუძლია ვინმეს ინგლისურად საუბარი. ფრანგები ძალზედ აფასებენ ტურისტის მცდელობას ისაუბროს ფრანგულად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადგილობრივი დიალექტის გათვალისწინებით, აქ თავისებურად საუბრობენ ინგლისურ ენაზე, ისაუბრეთ ნელა და გარკვევით, აერიდეთ სლენგის გამოყენებას. ნუ ისაუბრებთ ხმამაღალა, რომ გაგებული დარჩეს თქვენი სიტყვა – ეს აქ ძალიან ცუდ ტონად ითვლება.

რამდენიმე საჭირო წინადადება ფრანგულ ენაზე:

  • “Excusez -moi Monsieur/Madame” უკაცრავად… ქალბატონო/ბატონო…
  • “S’il vous plaît Monsieur/Madame” გთხოვთ…
  • “Merci Monsieur/Madame” გმადლობთ…
  • “Au revoir Monsieur/Madame” ნახვამდის…
  • Où est l’hôtel? სად არის აქ სასტუმრო?
  • Où est la gare? სად არის რკინიგზის სადგური?
  • Parlez-Vous français? საუბრობთ ფრანგულად?
  • Parlez-vous anglais? საუბრობთ ინგლისურად?

სამზარეულო
სამზარეულო ფრანგული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ამასთან, ცოტა არ იყოს ძნელია, სრულად დააგემოვნო ფრანგული კერძები საფრანგეთის უმეტეს რესტორნებში ტურისტებზე გათვლილი მაღალი ფასების გამო. რეალურად მოიძებნება კარგი რესტორნები შესაბამისად დაბალი ფასებით, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ ადგილობრივებისგან, სასტუმროს პერსონალის ან რესტორნის გიდებისგან მოიძიოთ. პატარა ქალაქებში და სოფლებში სპეციფიკური, ადგილობრივი რესტორნებია, მაგალითად, “bouchons lyonnais” – ლიონში, “crêperies” – ბრეტანში ან პარიზში მონპარნასის ტერიტორიაზე. როგორც ყველა ქვეყანაში, სასმელი რესტორნებში გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში, განსაკუთრებით ძვირია ფრანგული ღვინო.

სტანდარტული რესტორნის მენიუ ფიქსირებული ფასებით ასეთია:
ერთგვარი წასახემსებელი, მადის მომგვრელი, რომელსაც entrées ს უწოდებენ, მთავარი კერძი – plat და მესამე დესერტი ან ყველი. ყავას აქ აუცილებლად ბოლოს მიირთმევენ ლიქიორთან ერთად. რესტორნები მკაცრად განსაზღვრულ დროს – საუზმის, სადილის და ვახშამისას არის ღია, ამიტომ უნდა გადაამოწმოთ მათი გახსნის ზუსტი საათი. ამასთან, ბოლო სტუმრის მიღება აქ 21.30 სთ-ია.

საფრანგეთის ყველა რეგიონს საკუთარი ადგილობრივი კერძები აქვს:

სამხრეთ დასავლეთ ნაწილში:
Cassoulet – ლობიო იხვისა და ღორის ხორცით;
Choucroute – კომბოსტო ღორის ხორცით.

ცენტრალური ალპები:
Fondue Savoyarde – მდნარი/ცხელი ყველი ალკოჰოლით;
Fondue Bourguignonne – ძროხის ხორცი მოხარშული ზეთში, მიირთმევენ საწებელთან ერთად;
Raclette – მდნარი ყველი კარტოფილთან და ხორცთან ერთად;
Gratin dauphinois – ღუმელში შემწვარი კარტოფილი.

მარსელსა და საფრანგეთის რივიერაზე:
Bouillabaisse – თევზი ზაფრანასთან ერთად. ძვირადღირებული კერძია.

ფრანგებს დიდად არ ხიბლავთ ეგზოტიკური სამზარეულო და ზოგიერთი მათგანი არც კი აგემოვნებს მათ, მაგრამ ტურისტებისთვის და რესტორნის განვითარებისთვის აუცილებლად იქნება წარმოდგენილი განსხვავებული და უჩვეულო კერძები.

დავასახელებთ რამდენიმე მათგანს:
ბაყაყის ფეხები – ძალიან წააგავს ქათმის ხორცს და მოაქვთ ნივრიან სოუსთან ერთად;
ბურგუნდიული ლოკოკინები – კარაქში, ნიორსა და ოხრახუშში. გააჩნია დამახასიათებელი ტექსტურა. გასხვავებით კატალონიური ლოკოკინებისა, რომელიც სრულიად სხვაგვაგად კეთდება და გემოც უცნაური აქვს;
საქონლის ძვლის ტვინი – ძალიან მცირე რაოდენობით მიირთმევენ გარნირთან ერთად.

საფრანგეთს 400-მდე სახეობის ყველი გააჩნია და თეთრი პურიც განსაკუთრებული აქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ახალი და უმაღლესი ხარისხის მარცვლეულით დამზადებული.

მწეველებისთვის
მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, კაფეებში, მატარებლებში… აღნიშნული წესის დარღვევისთვის შეიძლება 68 ევროს ოდენობით დაჯარიმდეთ.

უსაფრთხოება
საფრანგეთი ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და დანაშაულის დონე აქ ძალიან დაბალია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებში, მაგრამ, ამის მიუხედავად, დიდ ქალაქებში, მაგალითად, პარიზში ზოგიერთი რაიონი სახიფათოა. ასეთი რაიონები ხასიათდება ახალგაზრდული დაჯგუფებებით, ძალადობითა და ნარკოტიკებით, თუმცა ასეთი რაიონები საკმარისად მოშორებულია ტურისტული ადგილებიდან და სანერვიულოც არაფერია. უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებში ყურადღება ჯიბის ქურდების გამო გმართებთ, რომლებიც ”ნიადაგს” ხურდა ფულის თხოვნით სინჯავენ. ასეთ შემთხვევებში გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.
საფრანგეთის კანონი მკაცრად კრძალავს ნარკოტიკის ტარებასა თუ მოხმარებას (მარიხუანას ჩათვლით). ზედმიწევნით მოწმდება შემოსული ტრანსპორტი ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ნარკოტიკისადმი ლიბერალური დამოკიდებულება აქვთ (მაგალითად ნიდერლანდები). სამაგიეროდ თავისუფალი დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლის მიმართ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში – ლოთობა პოლიციის განყოფილებაში შეიძლება დასრულდეს.

ვიზა
საფრანგეთი შენგენის წევრი ქვეყანაა და ვიზაც შესაბამისი დაგჭირდებათ. საკონსულოს მისამართი გაიგეთ აქ. ხოლო ვიზის მიღებაში დაგეხმარებათ ეს სტატია.

Au revoir! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ:)

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი