Santorini (2)

სანტორინი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული კუნძულია. ალბათ მრავალჯერ გინახავთ ფოტოები ქათქათა თეთრი ბექობზე შეფენილი შენობებით, ძველებური წისქვილებითა და ლურჯსახურავიანი ეკლესიებით. ეს სანტორინია. ადგილი, სადაც იჯერებ, რომ ბერძნული მითები რეალობაა და რომ ვარდისფერ თითებიანი ეოსი მართლაც არსებობს. იმიტომ, რომ არსად დედამიწაზე არ არის ასე ლამაზი მზის ამოსვლა და ჩასვლა.
Santorini (4)

სად და როდის?
თბილისიდან თვითმფრინავი პირდაპირ სანტორინიზე დაეშვა. ერთი ციდა აეროპორტი გარემონტებამდე ბათუმის აეროპორტს ჰგავს და გარეთაც არც თუ ისე სახარბიელო ხედია, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. ემიროვილის, ფირას, ოიას, პერისას დათვალიერება ამ აზრს სრულიად შეგიცვლით.  სანტორინი პაწაწინა კუნძულია. ერთი ბოლოდან მეორეში მანქანით გასვლას სულ ნახევარი საათი სჭირდება, თუმცა ყოველ ერთ გოჯ მიწაზე იმდენი შთაბეჭდილება მოდის, რომ ეს კუნძული სულაც არ გეპატარავება. აგვისტოში აქ ძალიან ცხელა, ამიტომ თუ გსურთ გარეთ უპრობლემოდ გამოხვიდეთ შუადღისას, მოგზაურობისათვის საუკეთესო დრო სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა.

ჩვენი ბიუჯეტი 2 ადამიანზე:
8 დღე ოიაში ტრადიციულ გესტჰაუზში – 450 ევრო (საუზმით) Hotel Residence Suites
ბილეთი თბილისი-სანტორინი-თბილისი – 400 ევრო
კვება – დახლოვებით 500 ევრო
ღირშესანიშნაობების მონახულება – 200 ევრომდე
მანქანის ქირაობა – 100 ევრო
ჯამი: 1650 ევრო

ჩვენ კუნძულს ოქტომბრის მესამე დეკადაში ვეწვიეთ, როდესაც სასტუმროს ფასები თითქმის განახევრებულია, თუმცა ჯერაც შეიძლება ცურვა და სამშობლოში ეგეოსის ზღვის სანაპიროს რუჯით დაბრუნება. რაც შეეხება სანაპიროს – სანტორინის პლაჟებით, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებისათვის აქტიურად უწევენ სხვადასხვა ფერის – წითელი, შავი და თეთრი პლაჟების პოპულარიზაციას – დიდად აღფრთოვანებული არ დაგირჩით. სანაპირო ზოლი კუნძულის არაეგზოტიკურ ნაწილში მდებარეობს და შესაბამისი სანატორიუმებიც იქვეა. ეს ყველაფერი დიდად არ განსხვავდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული სანაპიროებისა და სასტუმროებისგან. ჩემი მოკრძალებული აზრით, ცოტა უარესიც კია იმისგან, რაც სხვაგან მინახავს. ამიტომ, თუ გსურთ სანტორინის მარილი შეიგრძნოთ, ამ ნაწილში გაჩერებას არ გირჩევთ. უმჯობესია სანტორინის დედაქალაქში – ფირაში, ან უფრო უკეთესი – ოიაში (ზოგიერთი რედაქციით „ია“) გაჩერდეთ.
Santorini (1)
ოია ზუსტი ასლია იმ ღია ბარათებისა თუ ფოტოებისა, რომელიც დასაწყისში ვახსენე – ქათქათა შენობები, ძველებური წისქვილები და ლურჯი სახურავები სწორედ ამ ნაწილშია კონცენტრირებული. სანტორინი ვულკანური წარმოშობის კუნძულია. მთელი მისი ლანდშაფტი ვულკანური გამოქვაბულების იარუსებისგან შედგება, რომელსაც დროთა განმავლობაში ბათქაშის შენობები მიადგეს საცხოვრებლად. ამიტომაც ოიას სასტუმროების უმეტესი ნაწილი გამოქვაბულის ტიპისაა. ზოგი მათგანი ბათქაშით არის შელესილი, ზოგს კი პირველადი სახე აქვს შენარჩუნებული.Santorini (5)ოთახების წყობაც შესაბამისია, ანუ ერთმანეთში გამავალი: გამოქვაბულზე მიშენებული შენობა როგორც წესი მისაღები ოთახით იწყება და უფანჯრო გამოქვაბულის ტიპის საძინებელში შედის. თუ ეგზოტიკის მოყვარულები არ ხართ, შეიძლება გაგიჭირდეთ ასეთ საძინებელში დარჩენა, რომელიც ძნელად ნიავდება და საკმაოდ ბნელია, მაგრამ ეს ის ტურისტული გამოცდილებაა, რომელიც იშვიათად თუ შეიძლება სადმე მიიღოთ. თანაც ასეთი გამოცდილება ორი რამით კომპენსირდება: დაუვიწყარი ხედით ეგეოსის ზღვასა და მეზობელ კუნძულებზე (ოიაც, ფირაც და სხვა დანარჩენი პატარა დასახლებების უმეტესობა იარუსის ტიპისაა, სადაც ტრადიციული, გამოქვაბულის ტიპის სასტუმროების 90% ზღვაზე იყურება. ნომრების უმეტესობას ვერანდა აქვს), და განუმეორებელი ატმოსფეროთი, სადაც შენობებს შორის ვიწრო გასასვლელები, ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს რომ ვერ აუქცევს, ფერადი ჭიშკრები და ყველა კუთხეში ყვავილები დროის მიღმა გადაგიყვანთ და გარემოსთან საოცარ ჰარმონიას შეგიქმნით.Santorini (7) ამ პატარა ქალაქებში მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. წინასწარ განეწყვეთ ფეხით სიარულისთვის – სანტორინის დასახლებები ბექობზეა შეფენილი და სიტყვა „ქუჩა“ საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია. ძირითადად კიბეებზე და აღმართ-დაღმართებზე მოგიწევთ ასვლა-ჩასვლა. კუნძულის სხვადასხვა ქალაქებში ავტობუსით ან ტაქსით მოგიწევთ გადაადგილება, თუმცა ჩვენ მანქანა ვიქირავეთ და ძალიან კმაყოფილები ვიყავით: აეროპორტში მშვენიერი ფასდაკლება გაგვიკეთეს და თუ მეგობრები ერთად მიდიხართ, მაშინ მანქანა სხვა ტრანსპორტზე იაფი დაგიჯდებათ.

ღირშესანიშნაობები
სანტორინის თითქმის ყველა კედელზე ვარდისფერი და იასამნისფერი ყვავილებიანი სუროა გასული. კუნძულზე უამრავი კატა ბინადრობს, მაგრამ კუნძულის სიმბოლო ვირია. ყოველი პაწაწინა ქუჩის კუთხეში შეხვდებით ვირუკელებიან სუვენირებს. ფირაში შესაძლებელია პატარა ყურეში, საიდანაც კატარღები მეზობელ კუნძულებზე მიემართებიან, სწორედ ვირით ჩახვიდეთ. ფერადსაპალნიანი ვირები აქ მრავლად არიან, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მათ კარგად უვლიან. ვირების „ამბრის“ სურნელს მოზრდილი დისტანციიდან იგრძნობთ. მეორე უხერხულობა ის ტერასებად გაკეთებული დამრეცი ბექობია, რომელზეც ვირებმა უნდა ჩაგიყვანონ.

საერთო ჯამში, ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა სანტორინის პატარა ქალაქების თვალიერება და ხელნაკეთი ნივთების უამრავ დახლებსა და პაწაწინა მაღაზიებში ბოდიალია. არსად არ არის ამდენი ხელით ნაკეთი ნივთი, როგორც სანტორინიზე. ვერცხლის სამკაულები, ადგილობრივი მინის აქსესუარები, თიხისა და თაბაშირის ჭურჭელი, ხელით მოქარგული სუფრები – ნებისმიერი ჯიბისათვის აღმოაჩენთ რაიმეს. ფასები 10 ევროდან იწყება. ასე რომ, შეგიძლიათ სანტორინიზე გატარებული დროის მოსაგონარად რაიმე ადგილობრივი ნაკეთობაც შეიძინოთ.

მაგრამ, თუ ასეთი ეგზოტიკა გიზიდავთ, შეგიძლიათ ალტერნატიულ გზაზე – ფუნიკულორზე – უარი თქვათ და ვირების მომსახურებით ისარგებლოთ. ფირას პაწაწინა პორტის ყველაზე პოპულარული მარშრუტი ვულკანია – მეზობელი ვულკანური წარმოშობის პატარა კუნძული, რომელზე მოხვედრილებსაც თავი მარსზე გეგონებათ. ამ ვულკანურ კუნძულზე არც ერთი ხე არ ხარობს, ხოლო მთელი კუნძული უცნაური ქვებითაა მოფენილი. ეს ვულკანური ქანებია. თავად ვულკანს კარგა ხანია სძინავს. ის 2 კილომეტრ ნახევარი, რომელიც აღმართში უნდა იაროთ, საბოლოოდ მოზრდილი მტვრიანი ორმოთი დაგაჯილდოვებთ. ესაა ვულკანის კრატერი. სამაგიეროდ გზად შეგიძლიათ სანტორინიზე ულამაზესი ხედით დატკბეთ. სანტორინის სხვა ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია აკროტირის არქეოლოგიური გათხრების მუზეუმი, სადაც უძველესი ქალაქის ნანგრევებში იმოგზაურებთ, პრეისტორიული ტერას მუზეუმი და არქეოლოგიური გათხრები, და ღვინის ტურიზმის წერტილები – სადაც შეგიძლიათ ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ, ვენახებს ესტუმროთ და ღვინის წარმოებას გაეცნოთ. სხვათა შორის, აქ ვაზი სხვანაირად იზრდება: გოგრისა და კიტრის კულტურების მსგავსად გართხმულია და კვლებად არის დარგული. ზოგადად, უნდა გითხრათ, რომ სანტორინი არაჩვეულებრივი თეთრი ღვინოებით გამოირჩევა. ოჯახური ღვინოები აქ ძალზე პოპულარულია და თითქმის ყველა, რაც დავლიეთ მშვენიერი გახლდათ.
Santorini (6)

სამზარეულო
ზოგადად, სანტორინის სამზარეულოში 3 რამაა აღსანიშნავი: თეთრი ღვინო, თევზი და პამიდვრის ჩირი, რომელიც არსად არ არის ასეთი გემრიელი. პამიდვრის ჩირი ხმელთაშუაზღვის ქვეყნების სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება. სანტორინიზეც თითქმის ყველა სალათშია და უნდა გითხრათ, რომ ძალიან ძალიან გემრიელია. თევზის დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილი ამუდის ყურეა ოიასთან ახლოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ულამაზესი ადგილია, მერე იმიტომ, რომ იქვე დაჭერილი სხვადასხვა თევზი შეგიძლიათ იქვე შეაწვევინოთ და მიირთვათ და კიდევ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მზის ჩასვლით შეგიძლიათ დატკბეთ.

დამატებითი რჩევა:
აუცილებლად ეწვიეთ ტავერნა „ლურჯ ცას“ (Blue Sky) ოიაში. ის თავიდან გიდმა გვირჩია და თურქეთის გამოცდილებით, მაინდამაინც აღფრთოვანებით არ წავედით, მაგრამ მოშიებულებს მეტი გზა არ გვქონდა – ახლომახლო სხვა არაფერი იყო. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – იქ უგემრიელესი საჭმელი, შეღავათიანი ფასები და გულღია მეპატრონე დაგვიხვდა, რომელიც ყოველ მისვლაზე საჩუქრად ღვინოსა და დესერტს გვიგზავნიდა ხოლმე 🙂

მზის ჩასვლას რაც შეეხება – თუ უცხოურ სამოგზაურო პორტალებს ეწვევით,  ყველგან მზის ჩასვლა სანტორინიზე ერთ-ერთ ტურისტულ ღირშესანიშნაობად არის აღნიშნული. ჩვენ როგორც ტურისტებმა, დიდხანს ვეძებეთ ის ადგილი, რომელიც ამ პორტალებზეა მითითებული და როდესაც საბოლოოდ იქ აღნიშნულ ციხესიმაგრის ნანგრევებს მივადექით, მივხვდით, რომ ჩვენი სასტუმროს ვერანდიდან თუ უკეთესი არა, ანალოგიური ხედი იშლებოდა. ასე რომ, შეგიძლიათ იმ სამი თუ ოთხი რესტორნიდან, რომელიც ამუდის ყურეშია, რომელიმე შეარჩიოთ (ყველა ერთმანეთს გავს და ფასებითაც არ განსხვავდება), შეუკვეთოთ თეთრი ღვინო და ადგილობრივი თევზი და განუმეორებელი დაისით ისიამოვნოთ. ფასები ამუდის ყურეში შედარებით მაღალია, მაგრამ თევზი იმდენად კარგია, რომ ერთხელ შესაძლებელია საკუთარი თავისათვის გაიმეტოთ. აუცილებელ დასაგემოვნებლებში შედის თევზები scorpion და parrot (პირდაპირი თარგმანით „მორიელი“ და „თუთიყუში“). სანტორინიზე თითქმის არ არის სწრაფი კვების ობიექტები. ტავერნებში კვება 15 ევროდან ზემოთ ჯდება. თუ მცირე ბიუჯეტით მგზავრობთ, უმჯობესია სურსათის მაღაზიებს ეწვიოთ და საჭმელი სასტუმროში მოამზადოთ. თითქმის ყველა გესტჰაუზის ტიპის სასტუმროს აქვს პატარა სამზარეულო, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ ვახშამი იქვე მოამზადოთ და ვერანდაზე მიირთვათ.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ სანტორინი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება სურს. კუნძული შემოქმედებითად გმუხტავს და რომანტიულ განწყობაზე გაყენებს. სეზონის პიკში აქ კლუბებიცაა, თუმცა ჩვენ არ გვინახავს. ერთადერთი რაც სანტორინის ძალიან მოუხდებოდა, ტრადიციული ბერძნული რესტორნებია, ცოცხალი მუსიკითა და სირტაკის ცეკვით. თუმცა, ასეთი რამ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვიპოვეთ. სანტორინიზე დასვენება საკმაოდ ხელმისაწვდომია, გადახდილი ფული კი არასდროს იქნება ჰაერში გადაყრილი, რადგან ეს მოგზაურობა სიცოცხლის ბოლომდე წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაგაჯილდოვებთ.

Santorini (3)

მოამაზადა: თამარ რაზმაძემ

დატოვე კომენტარი

კომენტარი