romis vitoriosanco

რომი.  ვიტორიო ემანუილ II-ის ქუჩა

ერთიანი იტალიის პირველი მეფის, ვიტორიო ემანუილ II-ის  ქუჩა ჯეზუს მოედნიდან იწყება და ტიბროსზე ამავე სახელწოდების ხიდით მთავრდება. ეს რომის ერთ-ერთი ცენტრალური, ხალხმრავალი და საინტერესო  ქუჩაა.

01დასაწყისშივე   ჯეზუს  ეკლესია გვეგებება.  იგი პირველია რომში, აშენებული ბაროკოს სტილში, 1584 წელს. ფასადი ჯაკომო დელა პორტას ნამუშევარია და ეს სტილი ათასობით სხვა ეკლესიის ფასადების პროექტებში განმეორდა. ეკლესია ცნობილია არა მარტო თავისი სილამაზით – აქ იყო იეზუიტთა ორდენის პირველი შტაბ-ბინა რომში და აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ორდენის დამაარსებელმა და პირველმა გენერალმა  წმ. იგნასიო დე ლაიოლამ, წარმოშობით ბასკმა.02 ინტერიერში  აღსანიშნავია ჭერის ცენტრალური პლაფონი – ფრესკულ ნახატზე სივრცული სურათის სრული ილუზია იქმნება (ავტორი – ჯოვანი ბატისტა გაული-ბაჩიჩო), არა და იგი  ერთ სიბრტყეზეა შესრულებული. ტაძარში   დგას დახრილი სარკე ისე, რომ მისი საშუალებით ფრესკის  დათვალიერება მარტივად  შეიძლება.

ვიტორიო ემანუილის ქუჩაზე  ყურადღება მივაქციოთ  №21 სადარბაზოს – ზემოთ ფანჯარაზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს – აქ   საქართველოს საელჩოა იტალიაში.03

გავდივართ არჯენტინას მოედანზე.  ქვეყანა არგენტინა ამ ადგილთან არაა კავშირში – ძველ დროს აქ იყო კოშკი, რომელიც სტრასბურგელ (ლათინურად – არჯენტორატუმ) პიროვნებას, პაპის ცერემონიების წარმმართველს ეკუთვნოდა და სახელიც აქედანაა. 04ამჟამად კუთხეში მდებარე კოშკი კი (ტორე დელ პაპიტო) ერთ-ერთი ანტიპაპის სახელზეა, რომელიც ტანად პატარა ყოფილა და კნინობითი მეტსახელიც მის გამო შერქმევია. მუსოლინის დროს ქალაქის მშენებლობის სამუშაოებისას აქ ძველი რომის ნანგრევები აღმოაჩინეს. სერიოზული არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შემდგომ წარმოჩნდა რომის რესპუბლიკის დროინდელი  ოთხი ტაძარი, აშენებული გარკვეული გამარჯვებების აღსანიშნავად ძვ.წ. IV-II საუკუნეებში. საინტერესოა, რომ ეს ტაძრები დაკავშირებულია პომპეუსის თეატრთან, რომელიც დიდმა მხედართმთავარმა ააშენებინა მიუხედავად აკრძალვისა – სტაციონალური თეატრის აშენება იმ დროს რატომღაც არ შეიძლებოდა, თუმცა ტაძრებს გარეთ წარმოდგენების გამართვა დაშვებული იყო. ამიტომ ტაძართა კიბეები მაყურებელთა ტრიბუნები იყო, მათ შორის მოედანი კი სცენა. თეატრის სიმდიდრე განთქმული იყო. მითრიდატ პონტოელის სტუმრობისას ნერონმა იგი მოაოქროვებინა კიდეც.

სცენის მიღმა მცირე პორტალი იყო მიშენებული – ახალი კურია. აქ, ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს  შეთქმულთა მიერ მოკლული იქნა იულიუს კეისარი. „შენაცა, ბრუტუს“ – კეისრის ბოლო სიტყვები იყო, როცა შეთქმულთა შორის უახლოესი თანამებრძოლი დაინახა. ზუსტად ეს ადგილი ამჟამად ტროტუარის ქვეშაა მოქცეული,  არჯენტინას თეატრის წინ.

არჯენტინას თეატრში შედგა 1816 წელს როსინის „სევილიელი დალაქის“ სკანდალური პრემიერა, როცა უკმაყოფილო მაყურებელმა სტვენით მიიღო ოპერა და შემდეგ დიდხანს მისდევდნენ  რომის ქუჩებში ავტორს  საცემრად. უკმაყოფილება გამოიწვია ერთიდაიგივე სიუჟეტზე პაიზიელოს შემდეგ ახალი ოპერის დადგმამ. მეორე წარმოდგენაზე, როცა როსინი აღარ დირიჟორობდა, ოპერას უკვე დიდი წარმატება ხვდა და მაყურებელმა ჩირაღდნებიანი მსვლელობაც კი მოაწყო პატივისცემის ნიშნად.

ვაგრძელებთ სვლას  ისევ ვიტორიო ემანუილზე. მარცხნივაა  კამპო დე ფიორი  – ყვავილების მოედანი.   ამ ადგილას კოცონზე დაწვეს „ერეტიკობაში მხილებული“ ჯორდანო ბრუნო. 05მოედნის ცენტრში მისი ძეგლია აღმართული (ავტორი – ეტორე ფერარი).   კამპო დე ფიორი რომის მოედნებს შორის ეგზოტიკურია იმითაც, რომ აქ დილის 6 საათიდან იმართება პროდუქტების, ღვინოებისა და ზეთების ბაზარი, რომელიც შუადღისას უკვე იხურება, ფარდულები ქრება მოედნიდან და გარშემო განლაგებული რესტორნები და ლუდის ბარები ერთვება საქმეში.

გადავჭრათ მოედანი და გავუყვეთ  ვიწრო ქუჩას ტიბროსისაკენ – ერთი კვარტლის შემდეგ გავდივართ  ფარნეზეს  მოედანზე, რომელზეც ორი ლამაზი შადრევანია და რენესანსის სტილში აშენებული ფარნეზეს სასახლის ფასადი გამოდის.06 შადრევნების ავზები კარაკალას თერმებიდან პაპი პავლე II-ის ბრძანებით 1466 წელს გადმოუტანიათ ვენეციის მოედანზე, სან მარკოს ეკლესიის წინ, ხოლო როცა პაპმა  პავლე III-მ ააგებინა თავისთვის ეს სასახლე არქიტექტორ სანგალო უმცროსს, ერთი ავზი უკვე ამ მოედანზე გადმოიტანეს, 1500 წელს. ამ დროს შადრევნისთვის წყალი არ იყო საკმარისი და ავზი მარტივ დეკორაციას წარმოადგენდა, თუმცა მას გამოყენება მაინც მოუნახეს – მოედანზე გამართული სხვადასხვა წარმოდგენებისა და განსაკუთრებით, ხარებთან სისხლიანი ბრძოლების  დროს ეს საუკეთესო ადგილი იყო უსაფრთხოების მხრივ, და დიდგვაროვნები აქედან ადევნებდნენ თვალს სანახაობას.   მოგვიანებით, ბრაჩანოს ტბიდან გამოყვანილი  არხით წყლის პრობლემა მოწესრიგდა, მეორე ავზიც დაიდგა და შადრევნები სრული სილამაზით ამოქმედდა, 1626 წლიდან.

სასახლის მდინარის მხარის ფასადი ვინიოლოს ეკუთვნის, სახურავის გადმოწეული კარნიზით კი მიქელანჯელომ დაასრულა მშენებლობა. დროშა ფასადზე მიგვანიშნებს, რომ სასახლეში ამჟამად საფრანგეთის საელჩოა განთავსებული. სასახლეს ძმები კარაჩების ფრესკული კომპოზიცია „ღმერთების სიყვარულები“ ამშვენებს. თავისი სიდიადით იგი ვატიკანში შესრულებულ მიქელანჯელოსა და რაფაელის ფრესკებს არ ჩამოუვარდება.

იქვე, სასახლის უკან ჯულიასა და ფარნეზის ქუჩების გადაკვეთაზე  საინტერესო ეკლესიაა – სანტა მარია დელ ორაციონე ე მორტე – ან უფრო ცნობილია როგორც „სიკვდილის ეკლესია“. ფასადს ფერდინანდო ფუგას შექმნილი თავის ქალების, ჩონჩხების და ცელის გამოსახულებები „ამშვენებს“. ეს სახელი ეკლესიას შეერქვა მისი მფლობელი სასულიერო საძმოს გამო, რომელთაც ევალებოდათ მდინარის გარშემო ნაპოვნი უპატრონო მიცვალებულების ქრისტიანულად დაკრძალვა. საკურთხევლის გვერდით კიბე ჩაგვიყვანს დარბაზში, რომლის  გაფორმებაშიც მრავლადაა ადამიანის ძვლებისგან შექმნილი „შედევრები“ – ჭაღები, ჯვარი, კედლის კარადა თავის ქალებით… აქედან, ეკლესიის ფასადის მარცხენა სვეტში ჩადგმული მარმარილოს ფილიდან   აფრთხილებს კაცობრიობას ფრთებიანი ჩონჩხი – „დღეს მე, ხვალ შენ“, ლათინურად HODIE MIHI, CRAS TIBI. (ეს პერეფრაზირებაა ბიბლიური ციტატისა „…გუშინ მე, დღეს შენ…“).

კვარტალთა სიღრმეში გავდივართ მოედანზე კაპო დი ფერო. აქ, XVI საუკუნის შუა წლებში კარდინალ კაპოდიფეროსთვის აგებულ სასახლეში  ასი წლის მერე კარდინალმა სპადამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარებინა ბორომინის, რომელმაც ორიგინალური, პანორამული  გალერეა ააგო.08  9 მეტრი სიღრმის გალერეა 35 მეტრი სიღრმის ილუზიას იძლევა – ელემეტები პერსპექტივის შესაბამისად პატარავდება. ამ გალერეის დანახვა სასახლის ეზოდანაც შეიძლება (მარცხნივ, შუშის კარ-კედლებს მიღმა) – თუ მუზეუმში შესვლას არ დავაპირებთ. თავად მუზეუმი შენობის პირველ სართულზეა.

დავბრუნდეთ ვიტორიო ემანუილ II-ზე, გადავჭრათ ქუჩა და სან პანტალეოს მოედნიდან, რომის მუზეუმის გვერდის ავლით, პატარა ქუჩით გავალთ დიდ მოედანზე, რომელსაც სამი უნიკალური შადრევანი ამშვენებს. ეს არის პიაცა ნავონა – არა მარტო რომის, არამედ მსოფლიოს ულამაზესი მოედანი და ისტორიული ადგილი.09 I საუკუნეში ეს იყო სტადიონი, სადაც იმართებიდა სპორტული შეჯიბრებები. V-XIV საუკუნეებში აქ უკვე ნანგრევებია, 1477 წელს კი ამ ადგილას გადმოაქვთ ბაზარი კაპიტოლიუმის ბორცვიდან (შემდგომ, 1869 წელს  ეს ბაზარი გადავიდა კამპო დი ფიორიზე).  XVI საუკუნიდან  რაიონის დასახლება იწყება მდიდარი რომაელების მიერ, განახლდა შეჯიბრებების ტრადიცია, დაიწყო შადრევნების მშენებლობა. ვიტორიო ემანუილ II-ის ქუჩის მხრიდან პირველი – მავრის შადრევანია.IM001063.JPGდელფინთან მებრძოლი მავრის ფიგურა ბერნინის ესკიზებით მისმა მოწაფეებმა დადგეს, დანარჩენი ფიგურები უფრო გვიანდელია.

მოედნის ცენტრში ბერნინის შექმნილი შადრევანია 4-მდინარის (განგი, ნილოსი, დუნაი და ლა-პლატა) ალეგორიებით და ეგვიპტურ სტილში გადაწყვეტილი რომაული ობელისკით.10მესამეა  ნეპტუნის შადრევანი, სადაც რვაფეხასთან მებრძოლი ნეპტუნის ცენტრალური ფიგურა ასევე XVI საუკუნეშია დადგმული, დანარჩენი მცირე ქანდაკებები  XIX-ში.

ნეპტუნის შადრევანი

ცენტრალური შადრევნის წინ ეკლესიაა – სანტ აგნეზე ინ აგონე, აგებული ბორომინისა და რაინალდის მიერ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, წმ. აგნესას წამების ადგილას. ლეგენდის თანახმად, თავის მოკვეთის წინ ქალწული აგნესა გაუშიშვლებიათ, მაგრამ ეს სიშიშვლე უეცრად გაზრდილ თმებს დაუფარავს…  მოედნის მხარეს ეკლესიის ფასადი და ორი სამრეკლო გამოდის.

ეკლესია სანტა აგნეზე ინ აგონე

ინტერიერი – მდიდრული ბაროკოა.  ბორომინისა და ბერნინის მეტოქეობა უდევს საფუძვლად ლეგენდას – თითქოს ბერნინის შადრევნის ნილოსის ფიგურა სახედაფარული იმიტომ არის, რათა არ შეხედოს ბორომინის მიერ აგებულ ეკლესიის ფასადსო. სინამდვილეში ბერნინის შადრევანი ერთი წლით ადრეა აგებული, სახის დაფარვა კი ალეგორიულად იმას გამოხატავს, რომ ნილოსის სათავე იმ დროისათვის არ ყოფილა გეოგრაფიულად აღმოჩენილი.

ეკლესიის გვერდით პამფილის სასახლეა, პაპი ინოჩენცო X-ის ოჯახის საკუთრება ერთ დროს, ახლა კი იქ ბრაზილიის საელჩოა.

დღევანდელი მოედანი გადატვირთულია  ტურისტებით, კაფე-რესტორნების მაგიდებით, ქუჩის არტისტებით.  „ცოცხალი ქანდაკებები“ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. თავის ნახელავს გვთავაზობენ მოლბერტიანი მხატვრები რომის პეიზაჟების ნახატებით, და თუ სურვილი გვექნება, ჩვენს პორტრეტსაც იქვე შეასრულებენ.

ნავონას მოედნის გვერდით, პანთეონის მხარეს მდებარეობს ეკლესია სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი, რომლის ხანგრძლივი მშენებლობა  1589 წელს დასრულებულა, საფრანგეთის მეფე ლუდივიკო IX-ის სახელზე. ეკლესია ფრანგულ სათვისტომოს ეკუთვნოდა. ფასადის გაფორმება ჯაკომო დელა პორტას მიეწერება. ინტერიერში კი, კონტარელის კაპელაში კარავაჯოს სამი ნამუშევარია შესრულებული მათე მოციქულთან დაკავშირებულ თემებზე.

კარავაჯოს შედევრები კონტარელის კაპელაში

ეკლესიის მარცხნივ, მადამას სასახლეში იტალიის სენატის შენობაა. აქედან  მოკლე ქუჩით პანთეონთან შეიძლება გასვლა, თუმცა მანამდე, აქვე ახლოს, სან ეუსტახიოს მოედანზე ასწლიანი ისტორიის მქონე კაფეში „სან ეუსტახიო“ – რომის საუკეთესო ყავა ესპრესო უნდა დავლიოთ …

1-„ვიტორიანო“; 2-ვენეციის მოედანი; 3-ეკლესია „ჯეზუ“ და საქართველოს საელჩო; 4-ლოგო არჯენტინა; 5-კამპო დი ფიორი; 6-ფარნეზეს სასახლე; 7-„სიკვდილის ეკლესია“; 8-გალერეა სპადა; 9-ეკლესია „ნუოვო“; 10-პიაცა ნავონა; 11-ეკლესია „სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი“; 12-პანთეონი; 13-მინერვა

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი