Cover

ვენეციის მოედანი რომის ტურისტული ცენტრია.  ქალაქის დათვალიერება აქედან იწყება, და აქვე შეიძლება ვიზიტის დასრულებაც. თუ აქ მდებარე მუზეუმებსაც ვესტუმრებით, უკვე ერთი დღე საკმარისი აღარ იქნება. წიგნში „რომი, ტურისტული მეგზური“ ამ ადგილების აღწერას ერთი მარშრუტი ეძღვნება, მუზეუმების დეტალურ აღწერებს კი მეორე წიგნში გავეცნობით – „რომის მუზეუმები, ტურისტული მეგზური“

ვენეციის მოედანი

„ვიტორიანო“ – უზარმაზარი თეთრი შენობის ფასადის ცენტრში ერთიანი იტალიის პირველი მეფის,  ვიტორიო ემანუილ II-ის  ქანდაკებაა. მოედნის მხრიდან შეიძლება ასვლა მონუმენტის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, რომელსაც საპატიო ყარაული იცავს. ამ ადგილს „მამულის საკურთხეველს“ უწოდებენ. ღია ტერასადან მოჩანს ვატიკანიც და ცენტრალური პროსპექტები კორსო, კავური, მდინარე ტიბროსი, ტრაიანეს ფორუმი და ბაზარი, სხვა საიმპერიო ფორუმები… შესაძლებელია შენობის სამუზეუმო ნაწილში შესვლა.  ვნახავთ იტალიის გამოჩენილ შვილთა ბიუსტებს, საბრძოლო ტანსაცმელს, იარაღებს. შენობაში კიდევ ერთი მუზეუმია, სადაც დროებითი ექსპოზიციები იმართება. დამატებითი ლიფტით სასახლის ზედა სახურავის ტერასაზეც შეიძლება გასვლა.

თეთრი სასახლის შენება 1885 წელს დაიწყო. საჭირო გახდა მშენებლობის ადგილის საცხოვრებელი სახლებისაგან გაწმენდა იმისდა მიუხედავად, რომ ეს სახლები შუა საუკუნეების რელიქვიებს წარმოადგნდა. 1911 წელს ახალი შენობა ნაწილობრივ გაიხსნა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო სასახლეს საზეიმო ელფერი ვეღარ მიეცა. 1927 წელს, მუსოლინის მმართველობის პერიოდში, სასახლე მეორედ გაიხსნა უცნობი ჯარისკაცის საფლავის დამატების საბაბით.

„ვიტორიანო“

ვენეციის სასახლე  XV საუკუნის შუა წლებში აშენდა პაპი პავლე II-ის ხელშეწყობით – იგი თავად ვენეციელი იყო წარმოშობით.    გახსნის დღიდან  სასახლემ მრავალი ფუნქცია და პატრონი გამოიცვალა – იყო პონტიფიკთა საზაფხულო რეზიდენციაც, ვენეციის საკონსულოც და ავსტრიის კუთვნილებაც. დუჩეს კი ძალიან მოსწონდა მისი ფასადიდან მგზნებარე მოწოდებების გაჟღერება – მოედანზე გამომავალ აივანს დღესაც მუსოლინის აივანს ეძახიან.

ვენეციის სასახლე მუსოლინის აივნით

სასახლის ფორმატშია მოქცეული წმინდა მარკოზის ეკლესია, რომელიც IV საუკუნეშია აშენებული.  მისი ფასადი ამავე სახელწოდების პატარა მოედანზე გამოდის.

წმინდა მარკოზის ეკლესია

ვენეციის სასახლეში ახლა მუზეუმია – გამოფენილია XIII-XVIII საუკუნეების მარმარილოს ქანდაკებები, ბრინჯაოსა და ხის ნაკეთობები, გობელენები, ფერწერული ტილოები და მინიატურები. შესასვლელი პლებიშიტოს ქუჩის მხარის სადარბაზოდანაა.

ამ მუზეუმის სადარბაზოს პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს სამთავრობო დაცვის თანამშრომელთა დიდი თავმოყრაა. აქ არის პალაცო გრაციოლი – თუ ტაქსით მოგიწევთ აქ ჩავლა, მძღოლი აუცილებლად მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მიგანიშნებთ, რომ აქ იყო პრემიერ სილვიო ბერლუსკონის რეზიდენცია, ყველასათვის  ცნობილი ისტორიებით…

ვენეციის მოედანზე შემოდის რომის ულამაზესი პროსპექტი კორსო. მოედნისა და პროსპექტის კუთხეში ბონაპარტის სასახლეა – აქ ცხოვრობდა ნაპოლეონის ოჯახი, მათი მმართველობის პერიოდში. სასახლის ფასადზე საკმაოდ უცნაური, ძველი დარაბებით შებურული აივანია. ამბობენ, რომ ნაპოლეონის დედას, ლეტიციას უყვარდა ღია აივნიდან მოედნის თვალიერება. უცხო თვალისაგან მოსარიდებლად შვილები იძულებული გახდნენ აივნის გადახურვა ებრძანებინათ.

ლეტიციას აივანი

აპოლოდორ დამასკელის მიერ I-II საუკუნეებში აგებულ ტრაიანეს ფორუმის ტერიტორიაზე აღმართულია იმპერატორ ტრაიანეს  42 მეტრიანი სვეტი (113 წ.).

ტრაიანეს სვეტი

ესპანეთში დაბადებული იმპერატორის უდიდესი დამსახურება დაკიის დაპყრობაა. დომიციანეს მიერ დაკების მხედართმთავარ დეცებალუსთან დადებული ზავის პირობას ტრაიანე ვერ შეეგუა. პირველი საბრძოლო შეტაკება 101 წელს დუნაის პირას მოხდა. 105 წელს მომდევნო ომის შემდეგ დაკიელთა არმია საბოლოოდ განადგურდა. მოპოვებული უზარმაზარი სიმდიდრე გახდა ფორუმის აგების საფუძველი. სვეტის გარე ზედაპირი  200 მეტრიანი რელიეფური  ლენტითაა დაფარული, რომელზეც საბრძოლო სცენების გარდა გამოსახულია რომაელთა და დაკიელთა იარაღები, ხელოვნება, წეს-ჩვეულებები.  იმპერატორი 90-ჯერ არის გამოსახული ამ ლენტზე, სულ კი აქ 2500-მდე  ფიგურაა. სვეტის ძირთან თავად ტრაიანესა და მისი მეუღლის ფერფლიანი ურნებია. XVI საუკუნეში სვეტის თავზე შემომდგარი იმპერატორის ძეგლი პეტრე მოციქულის ძეგლით შეუცვლიათ. სვეტის ახლოს ფორუმის ტერიტორიაზე აღმართული სვეტები ულპიუსის ბაზილიკის ნაშთია.  ისიც დაკიელებთან მოპოვებული სიმდიდრის ხარჯზეა აგებული. სახელი  იმპერატორის მიხედვით დაერქვა (მარკუს ულპიუს ტრაიანე).  შენობას საკულტო-რელიგიური ფუნქცია არ ჰქონია – იგი სავაჭრო და სასამართლო საქმეებისთვის გამოიყენებოდა. ტრაიანეს მუზეუმის შესასვლელთან სვეტის ახლოს მდებარე კიბეებით შეიძლება გავიდეთ. მუზეუმი ტრაიანეს ბაზრის ტერიტორიას მოიცავს. აქვეა მაღალი კოშკი, რომელიც იმითაა საინტერესო, რომ ვერტიკალიდან ოდნავ გადახრილია.

ტრაიანეს ფორუმი და ბაზარი

აქვე, ვია ნაციონალეზე კოლონას სასახლეა – მუზეუმი  ფერწერული ტილოების უმდიდრეს კოლექციის ნახვას გვთავაზობს. კოლონას სასახლის ერთი კუთხე ცვილის ფიგურების მუზეუმს უჭირავს, ისტორიული პიროვნებების ფიგურების გვერდით მხიარული ფოტოები შეგვიძლია გადავიღოთ. სასახლის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს კი ანტიკური რომის ნანგრევებზე აგებული პალაცო ვალენტინის მუზეუმი ღებულობს დამთვალიერებლებს.

კაპიტოლიუმის ბორცვზე ბაზილიკა სანტა მარია ინ არაკოელის სანახავად 122 საფეხურიანი მაღალი  კიბით მოგვიწევს ასვლა.

სანტა მარია ინ არაკოელის ასასვლელი

ბაზილიკა 1348 წელს გაიხსნა შავი ჭირის გადავლასთან დაკავშირებით (ეს ეპიდემია ჯ.ბოკაჩოს „დეკამერონშია“ აღწერილი).  ინტერიერში აღსანიშნავია იმპერატორ კონსტანტინეს დედის, წმ. ელენეს სარკოფაგი.  საინტერესოა საკურთხევლიდან მარცხნივ მდებარე კაპელაში მოთავსებული ბავშვის ფიგურა.

„წმინდა ბავშვის“ ფიგურა ეკლესიაში

გადმოცემის მიხედვით, იგი გეფსიმანიის ბაღის ზეთისხილის ხის მერქნისაგანაა დამზადებული. ბერს ვერ აურჩევია, რა ფერად შეეღება ფიგურა, მაგრამ ღამით ანგელოზებს დაუმთავრებიათ ეს სამუშაო.  ბავშვის ფიგურა შემდგომ რომში მოხვდა – ჩაძირული გემიდან გადმოვარდნილი, აპენინის ნახევარკუნძულზე გამოირიყა. ამის შემდეგ ფიგურას მრავალი სასწაული მოუხდენია. ძირითადად მას ავადმყოფების განსაკურნებლად  დააბრძანებდნენ.  ერთ ქალს მისი მიტაცება განუზრახავს – დაუმზადებია ზუსტი ასლი და მასთან მიტანილი ფიგურა მალულად ასლით შეუცვლია. მაგრამ, როგორც ამბობენ, „ოქროს ბავშვი“ ღამით თავისით მობრუნებულა ტაძარში! ბაზილიკის კაპელები ასევე საინტერესო ფრესკებითაა მოხატული (ავტორები პინტურიკიო, გოცოლი…).   ინტერიერში მრავალი დიდგვაროვნის სამარხია, რომელთა გაფორმებაზე არნოლფო დი კამბიოს, დონატელოსა და მიქელანჯელოსაც უმუშავიათ.

ვენეციის მოედნიდან მიქელანჯელოს მიერ დაპროექტებული კიბე-ქუჩით (კორდონატა) კაპიტოლიუმის ბორცვზე, კამპიდოლიოს მოედანზე ვხვდებით.

მიქელანჯელოს კორდონატა

ეს კიბე 1536 წელს გაიხსნა იმპერატორ კარლ V-ის ტრიუმფალურ შემოსვლასთან დაკავშირებით.  კიბის დასაწყისში სიმეტრიულად არის განთავსებული ორი ეგვიპტური ლომი, რომლებიც კაპიტოლიუმის ბორცვს პაპი პიუს IV მედიჩიმ გადასცა 1562 წელს.

ლომები კორდონატას ასასვლელთან

მანამდე ლომები სანტო სტეფანოს ეკლესიის შესასვლელს ამშვენებდნენ, თავიდანვე კი ბაზალტის ფიგურები იმპერატორ დომიციანეს დროს დაუმზადებიათ და ისიდას ტაძრის გაფორმების ელემენტებს წარმოადგენდნენ. 1587 წელს კაპიტოლიუმის ბორცვს რესტავრირებული აქვა-ფელიჩეს აქვედუკიდან წყლის მიწოდება აღუდგა. ლომები მარტივ შადრევნებად გადაკეთდა და ხახიდან წამოსული წყლის ჭავლისთვის დიდი ქოთნებიც მიედგა კვარცხლბეკებს.

კაპიტოლიუმის ბორცვი უფრო დეტალურ აღწერას საჭიროებს და მას ცალკე შემოგთავაზებთ.

„ვიტორიანოს“ მარჯვნივ, კაპიტოლიუმის  ბორცვის ძირში II საუკუნის დროინდელი რომაული სახლი დგას – ინსულა. ქალაქის ზონაში ადგილის სიმცირის გამო მრავალსართულიანი სახლების შენება შემოუღიათ. ეს სახლი 5 სართულიანი ყოფილა და სასტუმროს ფუნქციებს ასრულებდა, ანუ ოთახები ქირავდებოდა.

ინსულა

მიქელანჯელოს კიბეების გვერდით პატარა ქანდაკებაა უცნაურად შეკოწიწებული კვარცხლბეკით – ეს სახალხო ტრიბუნის, კოლა დი რიენცოს ძეგლია. XIV  საუკუნეში მის მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად შეიქმნა რომის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც 7 წელი იარსება და იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვა,  ქანდაკება კი მისი სიკვდილით დასჯის ადგილასაა აღმართული.

კოლა დი რიენცოს ძეგლი

და ბოლოს, ქართველთათვის საინტერესო ადგილი.  ტრაიანეს ბაზარის უკან, მუზეუმის შესასვლელიდან ოდნავ ზემოთ (ვია სალიტა დელ გრილო 17) ძველებურ სახლზე, ფანჯრების თავზე მემორიალური დაფაა იტალიური და ქართული წარწერებით, რომელნიც გვამცნობენ, რომ ამ შენობაში მოთავსებულ სტამბაში 1629 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი. დაფაზე მითითებული ნიკიფორე ირბახი კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის მიერ ევროპაში წარგზავნილი ელჩი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილია.

მემორიალური დაფა

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი