12.	რომაული სახლის  შესასვლელი

ბორცვი ცელიუსი რომის 7 ძირითად ბორცვთა რიცხვშია. რაიონი ქალაქის შემადგენლობაში ძველი რომის VI მეფის, სერვიუს ტულიუსის დროს მოექცა, ძვ.წ. VI საუკუნეში. იმპერიულ პერიოდამდე აქ უფრო ღარიბთა საცხოვრებელი ყოფილა. შეძლებულნი I საუკუნიდან სახლდებიან, იგება ტაძრები. დიდი გზაც არც თუ ისე მოშორებითაა…  ცელიუსის ბორცვზე ბანაკდებოდა დიდი მხედართმთავარი, პუნიკურ ომებში ჰანიბალის დამმარცხებელი შიპიონ აფრიკელი. ამ მოვლენის გამოძახილია რაიონის ემბლემა, რომელზეც აფრიკული სახეა გამოხატული. ასევე, ბორცვზე არის ქუჩა სახელწოდებით „ვია კაპო დი აფრიკა“ – რაც ასევე შიპიონის სახელს უკავშირდება.

რაიონში რამდენიმე უძველესი და საინტერესო ტაძარია, დაკავშირებული კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ მოღვაწეებთან.

1. სან კლემენტეს ეკლესია

სან კლემენტეს ეკლესია კოლიზეუმსა და სან ჯოვანი ინ ლატერანოს მოედანს შორის გზაზე, სან კლემენტეს მოედანზეა.  ზედა ეკლესიაში შესვლა თავისუფალია, ქვედა დონეებზე ვიზიტისათვის ბილეთის ფასია 5€.

რომის მეოთხე პაპი, კლემენტე I იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დროს რომიდან გაძევებული იქნა ყირიმში,  სადაც შახტებში ამუშავებდნენ. მან იქაც განაგრძო მისიონერობა, რის გამოც ყელზე ღუზაშებმული აზოვის ზღვაში გადააგდეს. ზღვამ შეინახა მისი სხეული, და იგი შემდგომ ხერსონესეს მოსახლეობამ დაკრძალა. IX საუკუნის მეორე ნახევარში სალონიკში მოღვაწე  სლავმა განმანათლებლებმა, კირილემ და მეთოდემ წმინდანის ნაწილები იმდროინდელ პაპს მიართვეს. რელიქვიები სან კლემენტეს ეკლესიაში მოთავსდა. ეს უძველესი ეკლესია სამ იარუსად შეიძლება დაიყოს – I, IV და XII საუკუნეების ნაშენთა მიხედვით. I საუკუნეში ტაძარი წარმართულ კერპს, მიტრას განეკუთვნებოდა.

2. სან კლემენტე. ინტერიერი

არის თეორია, რომ ქვედა ტაძარი თავიდან ქრისტიანული იყო, და მხოლოდ დევნის პერიოდში დაიდგა მიტრას საკურთხეველი. IV საუკუნის ბოლოს რომში წარმართული საკულტო რიტუალები აიკრძალა.  ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა და ეკურთხა. აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიაშია დაკრძალული განმანათლებელი კირილე – იგი წმინდა ნაწილების ჩამოტანის წლისთავზე რომში გარდაიცვალა.  შუა დონის ტაძარში IX-X  საუკუნის კიდევ მრავალი ფრესკაა შემორჩენილი, შექმნილი წმ. კლემენტეს სასწაულქმედებებისა და ლეგენდების თემატიკაზე.

3. სან კლემენტე. მიტრას საკურთხეველი

XII საუკუნეში პასხალის II-ის მიერ ზედა ეკლესია ფაქტიურად თავიდან იქნა აგებული, რადგან წინანდელი შენობა ნორმანდიელ მეომართა მიერ საფუძვლიანად განადგურდა 1084 წელს. დღეს სან კლემენტეს ეკლესია ირლანდიულ საძმოს ეკუთვნის და რომის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასად გაწყობილ ეკლესიად ითვლება. ფასადი კარლო ფონტანას აგებულია 1719 წელს, ბაროკოს სტილში.

4. ოთხი გვირგვინოსანი წმინდანის ეკლესია

ვია სანტი კვატროთი (წმინდა ოთხეულის ქუჩით) გავდივართ ოთხი გვირგვინოსანი წმინდანის  ეკლესიასთან.  ეს საინტერესო სახელწოდება აქ დაკრძალული ოთხი ქრისტიანი წმინდანის მოწამეობრივი სიკვდილის მიხედვითაა დარქმეული. ისინი მოქანდაკეები იყვნენ. იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდი იყო. მოქანდაკეებისთვის უბრძანებიათ ქვის კერპის შექმნა, რაზეც მათ უარი განუცხადებიათ. ისინი სიკვდილით დასაჯეს. მათი თავდადების შემყურე 5 ჯარისკაცი ასევე ქრისტიანებად მოინათლა, რაზეც მათაც საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი. ასე რომ ეკლესიაში 9 მოწამეა დაკრძალული.

5. ოთხი გვირგვინოსანი წმინდანის ეკლესია. ინტერიერი

პირველი ეკლესია VI საუკუნეშია აგებული, 1084 წელს ეკლესია ნორმანდიელ მეომართა მიერ გაძარცვული იქნა და ხანძარმა იმდენად გაანადგურა, რომ აღდგენას აზრი აღარ ჰქონდა და პაპი პასხალის II იძულებული გახდა ფაქტიურად ახალი ეკლესია აეგო.  გარშემო სამონასტრო კორპუსები აშენდა. შუა საუკუნეებში შენობებს მრავალჯერადი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მონასტრის შენობები გოგონათა თავშესაფარს გადაეცა და შესაბამისი რეკონსტრუქციებიც ჩატარდა XVI-XVII საუკუნეებში. XIX საუკუნიდან ბავშვთა თავშესაფარი გაუქმდა და ახლა აქ ორი დედათა მონასტერია განთავსებული.

6. სანტა მარია ალა ნავიჩელა

ეკლესიიდან გავდივართ ფორთოხლის ხეებით გალამაზებულ ვია ჩელიმონტანაზე, ავუვლით გვერდს სამხედრო ჰოსპიტალს და ოდნავი აღმართის მერე გავალთ ვია დი ნავიჩელაზე. აქ პატარა ეკლესიაა – სანტა მარია ინ დომინიკა ალა ნავიჩელა. ფასადის წინ მარმარილოში გამოკვეთილი რომაული გემის მოდელიანი შადრევანი აქაური ადრეული ანტიკური ტაძრის ნაშთებიდანაა. ეკლესია 820 წელს აიგო პაპი პასხალის I-ის განკარგულებით.

7. სანტა მარია ალა ნავიჩელა. აფსიდის მოზაიკა

აღორძინების ხანა ეკლესიისათვის შესაბამისი  რესტავრირებით აღინიშნა – 1513 წელს კარდინალ მედიჩის (შემდგომ პაპი ლეო X) ბრძანებით ინტერიერი საგრძნობლად გალამაზდა.  აღსანიშნავია ღვთისმშობლის გამოსახულებიანი აფსიდის მოზაიკა.

8. ვილა ჩელიმონტანა

ეკლესიის გვერდით დიდი პარკია – ეს არის ვილა ჩელიმონტანას ტერიტორია. პარკიდან რომის ხედებს შეგვიძლია შევავლოთ თვალი (აქედან დიდი ვერაფერი სილამაზეა) და ლამაზად მოვლილ ეზოშიც დავისვენოთ. XVI საუკუნის ვილა დღეს იტალიის გეოგრაფიულ საზოგადოებას ეკუთვნის.

9. წმინდა სტეფანეს როტონდა

ნავიჩელას შადრევანთან, ქუჩის მეორე მხარეს, გალავნის შიგნით წრიული ფორმის ეკლესია ჩანს – ესაა წმინდა სტეფანეს როტონდა. შესასვლელი ამავე სახელწოდების ქუჩიდანაა – გავუყვეთ გალავანს და  კარიბჭესაც მივადგებით.  ეკლესიის გუმბათი ინტერიერიდან იონიური სტილის სვეტებს უჭირავს წრიულად, ცენტრში კი ორი უზარმაზარი კორინთოული სვეტი აღმართულა. ცენტრის საკურთხეველი ბერნარდო როსელინოს შემოქმედებაა, გარშემო, XVI საუკუნის ფრესკებზე წმინდანთა წამების სცენებია გამოსახული, რომლებიც ერთმანეთისაგან კედელში ჩადგმული იონიური სვეტებითაა გამოყოფილი.

10. წმინდა სტეფანეს როტონდა. ინტერიერი

ნავიჩელასა და კლაუდიოს ქუჩების შესაყართან ძველი თაღის (არკო დი დოლაბელა) ნანგრევია, თუმცა მის ქვეშ სამანქანო გზაც კი გადის.  თაღის შიგნით,  მარცხნივ კიდევ ერთი პატარა ეკლესიაა – სან ტომაზო ინ ფორმის.  იგი ტრინიტარიების, ანუ წმინდა სამების ორდენის მიმდევართა აგებულია.

11. წმ. იოანესა და პავლეს ეკლესია

გავუყვეთ გზას თაღის შიგნით. სულ მალე მივადგებით დიდ ეკლესიას, გვერდზე მაღალი სამრეკლოთი  და წინ დიდი მოედნით.  ეს არის წმ. იოანესა და პავლეს ეკლესია   – პასიონისტთა ორდენის კუთვნილება. იოანე და პავლე იმპერატორის არმიის მეომრები იყვნენ და ქრისტიანობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ეს 362 წელს მოხდა, უკვე ქრისტიანობის ოფიციალური დამკვიდრების შემდეგ, რადგან ამ დროს იმპერიას მართავდა უკანასკნელი წარმართი იმპერატორი იულიან II განდგომილი. ტაძარი 398 წელსაა აგებული. წინა პორტალი XII საუკუნეშია მიშენებული, ინტერიერის საფუძვლიანი რესტავრაცია კი XVIII საუკუნეში მოხდა. აღსანიშნავია ინტერიერში ბროლის ჭაღების სიმრავლე, რომლებსაც ალბათ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში თუ ჩართავენ – ეკლესია უცნაურად ჩაბნელებულია.

12. რომაული სახლის შესასვლელი

XIX საუკუნეში ტაძრის ინტერიერში გათხრები მიმდინარეობდა და შენობის ქვედა დონეზე I-IV საუკუნეების დროინდელი ძველი, რომაული სახლის ნაშთები იქნა აღმოჩენილი. კედლები წარმართული და ქრისტიანული ფრესკებითაა მოხატული. ამ ფრესკების დათვალიერება ტაძრის გვერდით შესასვლელიდან შეიძლება – ტაძრის კედელს ქუჩის მხარეს რამდენიმე გამმაგრებელი თაღი აქვს მიშენებული და ამ თაღებთანაა მუზეუმად ქცეული რომაული სახლის კარი.

13. წმ. ანდრიასა და გრიგოლის ეკლესია. ფასადი

დავუყვეთ დაღმართს რომაული სახლიდან და მარცხნივ პარკი გამოჩნდება, რომელსაც ამაყად გადმოჰყურებს წმ. ანდრიასა და გრიგოლის ეკლესია (სან გრეგორიო მანიო). პირველი შენობა  რომის პაპის გრიგოლ I-ის ნასახლარზე აგებულა VI საუკუნეში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელზე. შემდგომ, XII საუკუნეში, ახალი ტაძარი აიგო და დამატებით  წმ. გრიგოლ I დიდის სახელზეც ეკურთხა. შენობის ფასადი XVI საუკუნის დროინდელია.  ფასადს შიგნით შიდა ეზოა, შემდეგღაა საკუთრივ ტაძარი. ფასადიდან მარცხნივ კიდევ ერთი ეზოა და იქ უკვე წმ. ანდრეას ეკლესიაში შესასვლელია.  ეკლესიაში  ერთმანეთისაგან გამოყოფილი სამი კაპელაა – წმ. ანდრიას, წმ. ბარბარასა და წმ. სილვიას (წმ. გრიგოლის დედის) ე.წ. ორატორიები.  წმ. ბარბარას კაპელაში დგას ანტიკური ელემენტებისაგან აწყობილი მაგიდა, რომელზეც  წმ. გრიგოლი 12 უპოვარს ასადილებდა. კაპელებში გვიდო რენისა და სხვა ხელოვანთა ფრესკები და ქანდაკებებია წარმოდგენილი.

14-Celio

ეკლესია მაღლობზეა აგებული, საპარადო კიბე და მდიდრული ფასადი ძალიან მიმზიდველ სურათს ქმნის. თავად ფასადის მხრიდანაც პალატინოს ბორცვის ლამაზი ხედი იშლება.  პარკში XX საუკუნის ჰუმანიზმის სიმბოლოს, დედა ტერეზას ბიუსტია. მუდამ თეთრი ფერის სამოსით შემოსილი მონაზონი რატომღაც შავი ფერის ქვაშია გამოკვეთილი …

15-Celio

ცელიუსის ბორცვი და შემოგარენი: 1-კოლიზეუმი; 2-სან კლემენტე; 3-ოთხი გვირგვინოსანი წმინდანის ეკლესია; 4-წმ. სტეფანეს როტონდა; 5- სანტა მარია  ალა ნავიჩელა, არკო დი დოლაბერა; 6-ვილა ჩელიმონტანა; 7-წმ. იოანესა და პავლეს ეკლესია; რომაული სახლი; 8-წმ. ანდრიასა და გრიგოლის ეკლესია; 9-ბაპტისტერია; 10-სან ჯოვანი ინ ლატერანო; 11-კარაკალას თერმები

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი