Cover

ავენტინი რომის 7 ბორცვიდან ყველაზე სამხრეთითაა. პალატინიდან მას მაქსიმუსის ცირკი (ჩირკო მასიმო) ჰყოფს, შემდეგ კი ტიბროსამდე ვრცელდება. ბორცვის სახელის წარმოშობის რამდენიმე ლეგენდაა – ერთი, რომ აქ დაუკრძალავთ მეხის დაცემით დაღუპული მეფე ავენტინუსი; ან მეორეს თანახმად, რემუსი და რომულუსი აქ გაჯიბრებიან ერთმანეთს – ვინ ადრე მიაგნებდა წყაროს, და რემუსს ამ შეჯიბრის დროს ჩიტები (ლათ. – aves) დახმარებიან.

ჯუზეპე მაძინის ქანდაკება

ბორცვზე, ჩირკო მასიმოს მხარეს ერთიანი იტალიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჯუზეპე მაძინის უზარმაზარი ქანდაკებაა. ქანდაკების უკან   ვარდებით გადაფარული ორ დიდი ბაღია. ეს არის  როზეტო კომუნალე  –  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოტანილი 1100 სახეობის ვარდებით გადავსებული 1 ჰექტარი ტერიტორია. ბაღი 1931 წელს არის დაარსებული, გრაფინია მარია გეილი სენის ინიციატივით. იმედია, ექსკურსია ვარდების ყვავილობის სეზონს ემთხვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აკურატულად გასხლული ბუჩქებიღა შეგვრჩება.

ვარდების გალერეა

ბაღის ბოლოს მიმმართველი ისრები გაგვაგრძელებინებენ გზას.

ბაზილიკა სანტა საბინა  ავენტინის ბორცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარია. იგი  აგებულია პეტრო დ’ილირიას მიერ 432 წელს, პაპი ცელესტინ I-ის ბრძანებით და ნაკურთხია  ადრექრისტიანული ეპოქის წამებულის, წმ. საბინას სახელზე.  ამ ადგილას ისიდას ტაძარი ყოფილა – შიდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძვ.წ. IV საუკუნის დროინდელი საკულტო ნაგებობებია მიკვლეული. პორტალის ქვეშ თერმული აბანოც ყოფილა, რომელიც ა.წ. IV საუკუნეში აღუდგენიათ.

ეკლესია სანტა საბინა

ეკლესიას ახლაც V საუკუნის იერი აქვს. პირველ რიგში 430 წელს დამზადებული კარი მიიქცევს ყურადღებას, რომელიც ბიბლიურ თემაზე შექმნილი ხის პანელებით არის გაწყობილი. ინტერიერი სადაა, აფსიდის მოზაიკა XVI საუკუნეში განუახლებია ტადეო ძუკარის. კორინთოული სტილის სვეტები აშკარად ანტიკური ტაძრიდანაა შემორჩენილი.

სანტა საბინა_საკურთხეველი

შესასვლელთან, მარცხნივ, ლამაზი თაღებით გადაფარული გალერეა დომინიკანური მონასტრის ფასადია. ეკლესიიდან მონასტრის მხარეს წმ. დომენიკეს კელიაა შემონახული, თუმცა გადაკეთებული სამლოცველოდ. აქაურ სატრაპეზოში თომას აქვინელი სადილობდა თურმე. ამ კელიის მხრიდან არის ძველი კარის ინკუსტირებული პანელები საინტერესო.

სანტა საბინა_V საუკუნის კარი

ინტერიერში, სვეტზე შემოდებულ შავ ქვას საინტერესო ლეგენდა ახლავს – წმ. დომინიკე მოწამეთა საფლავთან ლოცულობდა, როცა ეშმაკს მისთვის ეს ქვა უსვრია. ქვას ეშმაკის ნათითარი ნახვრეტები და ნაკაწრებიც შერჩენია. ნასროლი ქვა კი საფლავის ფილას დასცემია და დაუმტვრევია. სხვა, უფრო პროზაული ვერსიით კი ქვა წისქვილის დოლაბი ყოფილა, საფლავის ფილა კი რესტავრაციის დროს დომენიკო ფონტანას გაუფუჭებია 1527 წელს…

სანტა საბინა_ეშმაკის ქვა

კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას ინახავს ეკლესიის კედლები. 1287 წელს, პაპი ჰონორიუს IV-ის გარდაცვალების შემდეგ, ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი წმ. საბინას ეკლესიაში გამართულა. უეცრად მოვლენილ მალარიის ეპიდემიას კონკლავზე ჩამოსული 6 კარდინალის სიცოცხლე შეუწირავს. დაავადების შიშით  კარდინალებს მიუტოვებიათ ტაძარი და მხოლოდ შემდეგი წლის თებერვალში მობრუნებულან უკან. ერთადერთს, ჯიროლამო მაშის არ მიუტოვებია ეკლესია, და რა თქმა უნდა, კონკლავის განახლებისთანავე, იგი იქნა არჩეული პაპად (ნიკოლოზ IV).
რომის ხედი საველიების ბაღიდან

საველიების ბაღი  ფორთოხლის ხეებითაა ცნობილი. გარეული ფორთოხალი გემოთი ვერ დაიტრაბახებს, დეკორატიულად კი შეუდარებელია. შესასვლელი პირდაპირ სანტა საბინას ეკლესიის წინა მოედნიდანაა. ტერიტორიაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით კი ტიბროსის მხარე მოწყობილ პანორამულ პლატფორმასთან – შეიძლება რომისა და ვატიკანის  ფონზე ლამაზი სურათების გადაღება.

სან ალესიოს ხედი ფორთოხლების ბაღიდან

ოდნავ როგორც გავცდებით სანტა საბინას, ისევ ფორთოხლისა და სხვა ეგზოტიკური ნარგავებიანი ბაღია, რომელიც  წმ. ალესიოსა და ბონიფაჩის ეკლესიას ესაზღვრება. ბაღის შესასვლელთან სქემატური დაფა ნარგავთა განლაგებასა და სახელებსაც გაგვაცნობს.   ეკლესიის კედელთან, ბაღის ცენტრში ცეცხლის ალში გახვეული ჟანა დ’არკის ქანდაკება დგას…

ჟანა დარკის ქანდაკება

ეკლესია აგებულია V საუკუნეში, მაგრამ უამრავი რესტავრაცია-გადაკეთების შემდეგ პირველადი სახე სრულად შეცვლილია.  ამ ადგილის მახლობლად წმ. ალესიოს მშობლების სახლი ყოფილა. თავად ალესიო დაოჯახების შემდეგ სალოცავად სირიაში გაეშურა. 17 წლის შემდეგ დაბრუნებული ვეღარ  უცვნიათ და სახლში აღარ შეუშვიათ. დაუძლურებულს მშობლიური სახლის კიბის ქვეშ უპოვნია თავშესაფარი და რამდენიმე ხნის მერე იქ დაულევია სული. დაკრძალეს იგი  წმ. ბონიფაჩის ეკლესიაში, რომელიც 986 წელს უკვე ორივე წმინდანის სახელზე ეკურთხა, 1216 წელს  წმ. ალესიოს წმინდა ნაწილები საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს. XIII საუკუნეში ეკლესიას საველიების ოჯახის წარმომადგენელი პაპები, ჰონორიუს III და ჰონორიუს IV მფარველობდნენ. ჰონორიუს IV-ის საფლავი-კენოტაფი წმ. ალესიოს კაპელაშია, რომელიც შესასვლელიდან მარცხენა მხარესაა. მოოქროვილ, შუშებიან საცავში მოთავსებულია კიბე, რომლის ქვეშაც გარდაცვლილა წმინდანი.   აქვე  ალესიოს  მშობლების ოჯახის 5 მეტრი სიღრმის ჭა არის წარმოდგენილი.

სან ალესიო_ოჯახის ჭა

პიაცა დეი კავალიერი დი მალტა (მალტის ორდენის რაინდთა მოედანი) ორდენის ტერიტორიის შესასვლელთანაა.

მალტის ორდენის კარიბჭესთან

სწორედ ამ მოედანზეა პრიორატის კარიბჭე, რომელშიც არის ცნობილი გასაღების ჭუჭრუტანა – სამი სახელმწიფოს ერთდროულად  დასანახად ტურისტების მხიარული ჯგუფები იკრიბება.
სან ანსელმო

მოედანზე გამოდის წმ. ანსელმოს  ეკლესიის შესასვლელი. ტაძარი შედარებით ახალია – XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული ნეორომანულ სტილში, მალტის ორდენის ტერიტორიაზე. იგი ბენედიქტიანელთა სააბატოს კუთვნილებაა. აფსიდის მოზაიკები გასული საუკუნის 50-იან წლებშია აწყობილი, წინა ეზოში შვეიცარიელი მოქანდაკის მიერ შესრულებული წმ. ანსელმოს ბრინჯაოს ქანდაკებაა.
სანტა პრისკა_ფასადი

ოდნავ მოშორებით, სახლებს შორის მჭიდროდ ჩასმულა წმ. პრისკას ეკლესია. ამ ადგილას მიტრას ტაძარი იყო ადრე, ქვედა დონეებზე მიტრას საკურთხეველი და სხვა საკულტო დარბზებია. აქვე ცხოვრობდნენ პრისკას მშობლები, აკილა და პრისცილა. ცნობილია, რომ მათ შეუფარებიათ პეტრე და პავლე მოციქულები. 13 წლის პრისკა სწორედ პეტრე მოციქულს მოუნათლავს.  წყაროებიდან ცნობილია, რომ იმპერატორ კლავდიუსის დროს პრისკა ციხეში დაუმწყვდევიათ, რადგან აპოლონის კერპის თაყვანისცემაზე უარი განუცხადებია. სასტიკად ნაცემი ცირკის ლომებთან შეუგდიათ დასაგლეჯად, მაგრამ ლომები არ მიეკარნენ გოგონას. შემდეგ, სვეტზე მიბმულმა  პატარა ქრისტიანმა ცეცხლით წამებაც გაიარა და საბოლოოდ, ოსტიას გზაზე თავი მოკვეთეს. პრისკას ცხედარი ჯერ პრისცილას კატაკომბებში დაუკრძალიათ, შემდეგ კი წმ. აკვილას სახელობის ეკლესიაში გადმოასვენეს და ეკლესია  წმ. აკვილასა და პრისკას სახელზე ეკურთხა.  ეკლესია წმ. საბინას ეკლესიის თანატოლი უნდა იყოს, თუმცა პირვანდელი სახე შეცვლილია რესტავრაციების შედეგად – ბოლო დიდი შეკეთება  XVIII საუკუნეში ჩატარებულა. ფრესკები XVII  საუკუნეს განეკუთვნება. ინტერიერის ცენტრალური ნავი ორივე მხრიდან შვიდ-შვიდ სვეტს ეყრდნობა. რაოდენობა მიტრას ტაძრის  გავლენა უნდა იყოს – მიტრას კულტის შვიდჯერადი განდობის ტრადიციის შესაბამისად. სამწუხაროდ, მიტრას ტაძრის დონეზე დასათვალიერებლად ჩასვლა ყოველდღე არ არის შესაძლებელი. ხანგრძლივი ვიზიტით ჩამოსულებს შეუძლიათ წინასწარი ჩაწერის საშუალებით შეუერთდნენ ექსკურსიას (ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათს, 10 საათზე). რომში არსებული მიტრას სამლოცველოებიდან აქაური  ტაძარი ყველაზე უფრო სრულყოფილად ითვლება.

Coverრუკაზე: 1-ბორცვი ცელიუსი; 2-ბორცვი პალატინი; 3-ჩირკო მასიმო: 4-ჯუზეპე მაძინის მონუმენტი; 5-ვარდების ბაღი; 6-საველიების ბაღი; 7-სანტა საბინა; 8-სანტ ალესიო, ჟანა დ’არკის ძეგლი; 9-მალტის ორდენის კარიბჭე; 10-სან ანსელმო; 11-სანტა პრისკა

Ruka

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი