Cover vatican

იტალიის მთაგორიანმა რელიეფმა დასახლებული ადგილების არქიტექტურაში თავისებური კორექცია შეიტანა –  ჩვეული ქუჩები აქ ბევრგან ე.წ. კიბე-ქუჩებითაა ჩანაცვლებული. ამ დროს აღმართის  დატერასება ხდებოდა კიბის მაგვარად, რითაც ძველი დროის ტრანსპორტს – ცხენებსა თუ ეტლებს გადაადგილების საშუალება ეძლეოდათ.  „კორდონატა“ ამ ტიპის ქუჩების ზოგადი სახელია.

ამგვარმა ტრადიციებმა, ასევე მრავალსართულიანი სასახლეების მშენებლობებმა  კიბე-სადარბაზოების არქიტექტურის განვითარებაც მოიტანა და  ძვირფასი სასახლეების შიდა თუ გარე კიბეები ასევე არანაკლები ხელოვნების  ნიმუშებია, დაპროექტებული ცნობილ ხელოვანთა მიერ.

წიგნში „რომი, ტურისტული მეგზური“ მოყვანილი მარშრუტებით სეირნობისას მრავალი ასეთი საინტერესო კიბე შეგვხვდება. გამოვყოთ რამოდენიმე მათგანი…

1. „ვიტორიანოს“ კიბე ვენეციის მოედანზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ – შეიძლება ითქვას, რომ ეს რომის საპარადო კიბეა. აქ არის ერთიანი იტალიის პირველი მეფის, ვიტორიო ემანუილე II-ის ძეგლი, კვარცხლბეკის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია მუდმივი ცეცხლითა და საპატიო ყარაულით. სასახლე 1911 წელს გაიხსნა. პროექტის ავტორია ჯუზეპე საკონი.

„ვიტორიანო“

2. სანტა მარია არაკოელის 122 საფეხურიანი კიბე – ვენეციის მოედნიდან ეკლესიამდე. თავად ბაზილიკას დიდი ისტორია აქვს,  კიბის შენება კი 1348 წელს დაიწყო  შავი ჭირის ეპიდემიის გადავლასთან დაკავშირებით. ამ დროს რომი დიდი პოლიტიკური აქტიურობის ფაზაში იყო. რომის რესპუბლიკა, რომელიც სახალხო ტრიბუნმა კოლა დი რიენცომ დააარსა, ხელიდან ხელში გადადიოდა. კიბის გახსნა სწორედ ამ პოლიტიკოს-ავანტურისტის მიერ მომხდარა და მისი ძეგლიც კიბის გვერდითაა იმ ადგილას, სადაც იგი მოკლეს აჯანყებულმა რომაელებმა 1354 წელს.

სანტა მარია არაკოელი

3. მიქელანჯელოს კორდონატას ვენეციის მოედნიდან პიაცა კამპიდოლიოზე ავყავართ. პროექტი დიდმა ხელოვანმა შეასრულა კაპიტოლიუმის ბორცვის გაფორმების სრული პროექტის ფარგლებში. ქუჩა იმპერატორ კარლ V-ის რომში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმოდ გაიხსნა 1536 წელს. კიბის დასაწყისში სიმეტრიულად არის განთავსებული ორი ეგვიპტური ლომი, რომლებიც კაპიტოლიუმის ბორცვს პაპი პიუს IV მედიჩიმ გადასცა 1562 წელს. მანამდე ლომები სანტო სტეფანოს ეკლესიის შესასვლელს ამშვენებდნენ, თავიდანვე კი ბაზალტის ფიგურები იმპერატორ დომიციანეს დროს დაუმზადებიათ და ისიდას ტაძრის გაფორმების ელემენტებს წარმოადგენდნენ.

მიქელანჯელოს კორდონატა

4. ესპანური კიბეები ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე მეტად ცნობილი კიბეებია. იგი აგებულია 1723-1726 წლებში, ფრანჩესკო დი სანკტისის პროექტით, გრაფების ინოჩენცო XIII და ბენედიქტ XIII ორსინის შეკვეთით. კიბის აგებაზე 20 წლის წინაც გამოყოფილა საჭირო ფული, იდეა კი იყო ქვემოთ მდებარე ესპანეთის მოედნისა და ზემოთ, საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ეკლესიის სიმბოლური შეერთება. საქმე კარდინალ მაზარინის ჩარევამ გააფუჭა – მისი სურვილი იყო კიბის ზემოთ საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ის ძეგლის აღმართვა. ამან განარისხა რომის პაპი და კიბის აშენების გეგმა ლუდოვიკოს გარდაცვალებამდე დავიწყებას მიეცა. საბოლოოდ, კიბის გაფორმება პოლიტკორექტულად გადაწყდა – ბურბონთა დინასტიისა და რომის პაპთა ჰერალდიკური სიმბოლოები შეთანხმებულადაა განაწილებული.

ესპანური კიბეები

5. ოტავიანო მასკარინოს ხვეული კიბე პრეზიდენტის კვირინალის სასახლის ყველაზე ძველ ნაწილში, გრეგორიო XIII-ს სასახლეშია. კიბე სასახლის პირველი სართულის ფრთების შესაერთებლად გაკეთდა 1583-84 წლებში. სასახლის საპარადო კიბე სხვაა, დაპროექტებული ფლამინიო პონციოს მიერ. ეს კიბე კი იმდენად ორიგინალური და ლამაზი გამოდგა, რომ მისი ასლები გადაიღეს ფრანჩესკო ბორომინიმ ბარბერინის სასახლეში (1630 წ.) და ალესანდრო სპეკიომ ვია კორსოზე, პალაცო დე კაროლისის მშენებლობისას (1725 წ.). ელიფსური კვეთა, წყვილად განლაგებული სვეტები და ხვეული ფორმა კიბეების არქიტექტურაში ახალი და ულამაზესი მიგნება აღმოჩნდა. კიბის ნახვა  სასახლის დათვალიერების დროს არის შესაძლებელი. ექსკურსიები მხოლოდ კვირაობით, დღის პირველ ნახევარშია ნებადართული.

მასკარინოს ხვეული კიბე

6. ბერნინისა და ბორომინის კიბეები ბარბერინის სასახლეში
. პაპად არჩეულმა მატეო ბარბერინიმ (ურბან VIII) სასახლის მშენებლობა 70 წლის კარლო მადერნოს მიანდო, მაგრამ არქიტექტორი სამუშაოების დაწყებიდან ერთ თვეში  გარდაიცვალა და საქმის გაძღოლა  პაპის ფავორიტს –  ჯანლორენცო ბერნინის დაევალა. მის თანაშემწედ კი ინიშნება ფრანჩესკო ბორომინი. ეს მათი თანამშრომლობის იშვიათი პერიოდია. ცნობილია, რომ  მათ შორის დაძაბული ურთიერთობა ხელოვანთა კონკურენციის ზღვარს დიდად გაცდენილი იყო.

ბერნინის კიბეები ბარბერინის სასახლეში

ბერნინი ამ დროს ცნობილი იყო როგორც მოქანდაკე, მაგრამ არქიტექტურაში დიდი გამოცდილება არ ჰქონია, ამიტომაც მას მადერნოს მიერ შემუშავებულ პროექტებში დიდი ცვლილებები არ შეუტანია. მიუხედავად ამისა, სასახლის სხვა მრავალ ღირშესანიშნაობებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ ორი დიდი შედევრი – ბერნინის კვადრატული კიბე და ბორომინის კიბე-ლოკოკინა. ბერნინის კიბე ფასადის მარცხენა მხარესაა, საიდანაც მუზეუმის დარბაზებისკენ ავდივართ. ბორომინის ხვეული კიბე, რომელიც კვირინალის სასახლის მასკარინოს კიბეების ასლია, ფასადის მარჯვენა სადარბაზოშია.

ბორომინის კიბეები ბარბერინის სასახლეში

7. ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძრის კიბეები – ტაძარი იმპერატორ ანტონინუსის გარდაცვლილი მეუღლის, ფაუსტინას სადიდებლად იქნა აგებული  141 წელს, ხოლო 161 წელს, როცა იმპერატორიც გარდაიცვალა, პორტალზე ფაუსტინას სახელს   ანტონინუსის სახელიც მიეწერა და ტაძარი ორივეს სახელზე მოიხსენიებოდა. დროთა განმავლობაში შენობა სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ მისმა წმ. ლორენცოს სახელზე ქრისტიანულ ეკლესიად კურთხევამ იგი გარკვეულწილად გადაარჩინა განადგურებას. კიბის მარმარილო დაკარგულია. რესტავრაციებით აგურით წყობილი საფეხურებია აღდგენილი. კიბის თავზე კორინთოული 8 სვეტიანი პორტალი რომის ფორუმების ერთ-ერთი სიმბოლოა.

ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძარი

8. სკალა რეჯია  – სამეფო კიბე ვატიკანში.  მარჯვენა კოლონადიდან საპარადო ასასვლელია პაპების დარბაზებისკენ. ტაძარში, წმ. პეტრეს კათედრაზე მუშაობის დროს პაპი ალექსანდრე VII-მ ბერნინის ამ კიბის საფუძვლიანი შეცვლა-შეკეთება დაავალა. ძველი ვერსია დონატო ბრამანტეს დაპროექტებული და ანტონიო სანგალო-უმცროსის მიერ იყო აგებული. პაპს არ მოსწონდა ჩაბნელებული დერეფანი და  მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად უფრო ორიგინალური და საზეიმო ელფერის კიბე სურდა. ბერნინიმ წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს, თუმცა უამრავი პრობლემის გადაჭრა მოუხდა, რამაც  ხელოვანის იდეა ერთგვარად კიდეც განავრცო.

მაგალითად, ძველი კიბე არაერთგვაროვანი იყო  უფრო განიერი ქვემო ნაწილით, ასევე გასასვლელების გაკეთება იყო საჭირო, აუცილებელი იყო სიქსტის კაპელის მხარის გამაგრება. იდეის ორიგინალურობა კი იმაშია, რომ კიბის ყოველი ელემენტი (საფეხური, სვეტი, თაღები) ქვემოდან ზემო მიმართულებით, წინამდებარესთან შედარებით თანდათან მცირდება, დიდ მანძილზე პერსპექტივის შემცირების ანალოგიურად. ამგვარად, ზემო ნაწილი გვეჩვენება უფრო შორს, ვიდრე ეს სინამდვილეშია (ასეთი დერეფანი ბორომინისაც აქვს შექმნილი სპადას სასახლის ეზოში). კიბე თაღურად იქნა გადახურული და დღის სინათლით უზრუნველსაყოფად 7 სანათური სარკმელი ჩაიდგა სახურავში. სამწუხაროდ, კოლონადიდან კიბის მხოლოდ მცირე ნაწილი მოჩანს, დანარჩენი კი შვეიცარიული გვარდიელებით დაცული კარიბჭის მიღმაა…

სკალა რეჯია

9. მომოს კიბე-ლოკოკინა  ვატიკანის მუზეუმებიდან გამოსასვლელში რომისათვის ძალიან ახლად ითვლება – იგი 1932 წელსაა აგებული არქიტექტორ ჯუზეპე მომოს პროექტით. ალბათ ძალიან რთული დავალების წინაშე იდგა არქიტექტორი – ვატიკანის მუზეუმიდან გამომავალი დამთვალიერებლის კიდევ რაიმეთი გაკვირვება ურთულესი ამოცანა უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ეს საკითხი წარმატებით გადაუწყვეტია და კიბე-ლოკოკინა ვატიკანის მუზეუმების კიდევ ერთ სამახსოვრო ელემენტად მოგვევლინა.

მომოს კიბე ვატიკანში

10. იულიუს  კეისრის  მკვლელობის ქურიის კიბეამ კიბის მხოლოდ ისტორიული მოგონებაღა არის შემორჩენილი, თუმცა აქ რომის ისტორიის მნიშვნელოვანი სცენა გათამაშდა. მრავალი ტურისტი სპეციალურად მოდის არჯენტინოს თეატრის წინ ავტობუსის გაჩერებასთან, რათა მიუახლოვდეს ადგილს, სადაც 21 საუკუნის წინ სენატორთაგან განწირული იულიუს კეისრის მიერ ნათქვამი იქნა სინანულის ფრაზა – „შენაცა, ბრუტუს“.

არჯენტინოს ფორუმი

11. სანტა სკალა დედოფალ ელენეს მიერ არის ჩამოტანილი იერუსალიმიდან. ამ კიბეზე ადიოდა პონტი პილატის სასახლეში ქრისტე, სასამართლოზე წარსადგენად. ასე რომ მას ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობა აქვს და ეს არაა არქიტექტურული  ხელოვნების ნიმუში. მლოცველებს შეუძლიათ ამ კიბეზე ასვლა, ოღონდ გარკვეული რიტუალის დაცვით –  მხოლოდ ჩოქვით, და ყოველ საფეხურზე უნდა წაკითხული იქნას შესაბამისი ლოცვა (ლოცვანი იქვე კიოსკში იყიდება). საფეხურები, სადაც მაცხოვრის სისხლია დაწვეთებული, შუშითაა დაფარული, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ხის დაფებია დაფარებული დასაცავად – მომლოცველთა უწყვეტი ნაკადი მარმარილოს საფეხურებს აზიანებს. სიწმინდის შესანახად კიბის დაგება ზემოდან ქვემოთ მოუხდენიათ, რათა  მომუშავეებს შემთხვევით არ შეედგათ ფეხი დაუცველ საფეხურებზე.

სანტა სკალა

12. ვია მარგუტა-51.  სადარბაზო კიბე ჯო ბრედლის ბინისაკენ, ფილმიდან „რომაული არდადეგები“ – აქ დიდ არქიტექტურულ გადაწყვეტებს ნუ ველოდებით – ძველი სახლის სადარბაზოს უბრალო კიბეა, მაგრამ ყველასათვის საყვარელი ფილმის კადრებში გამოჩენამ ამ კიბეს უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

ვია მარგუტა-51

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი