Trevi Fountain Rome Italy

რომის წყალმომარაგება ყოველთვის იყო ქალაქის მმართველთა საზრუნავი. სასმელი წყალი სხვადასხვა რაიონებიდან აქვედუკებით მოეწოდებოდა მჭიდროდ დასახლებულ ცენტრს. გამანაწილებელი აუზების მოწყობის ტრადიციამ კი, შემკვეთთა და  არქიტექტორთა  ძალისხმევით, ხელოვნების ულამაზესი ქმნილებები დაგვიტოვა. წიგნში „რომი, ტურისტული მეგზური“ ეს შადრევნები სხვადასხვა მარშრუტებზეა, ამჯერად კი მათ ერთად მოვუყარეთ თავი…

1. შადრევანი ტრევი

შადრევანი ტრევირომის სიმბოლოა, რომის ტურისტული არტერიების კვანძი. ეს რომის ყველაზე დიდი შადრევანი თითქმის მთელ მოედანს იკავებს. ლამაზი ტრადიციით, მონეტის აუზში გადაგდება აქ კიდევ მოსვლის საწინდარია. ყოველდღიურად მუნიციპალიტეტს ათასამდე ევრო შესდის ბიუჯეტში აქედან, რაც შემდგომ მიზნობრივად ქველმოქმედებაზე იხარჯება. 1991 წლის რესტავრაციის შემდეგ ხელისუფლებამ რატომღაც მონეტების ჩაგდების აკრძალვა სცადა და რა თქმა უნდა, კარგად დათვლის მერე ამ იდეაზე უარი ითქვა. პირველი აუზი ამ ადგილას პაპი ნიკოლო V-ის ბრძანებით ააგო არქიტექტორმა ალბერტიმ. კლემენტ XII-ის დავალებით, ახალი შადრევნის მშენებლობა იტალიელი არქიტექტორის, ნიკოლო სალვის პროექტით 1732 წელს დაიწყო და თითქმის 30 წელი გაგრძელდა. შადრევნისკენ წყალი ძვ.წ. I საუკუნეში აგებული აკვა-ვერჯინეს აკვედუკიდან მოედინება. არქიტექტორის ჩანაფიქრით, მითოლოგიური ღმერთი ოკეანე (ნეპტუნი) წყლის სამყაროს მართავს ნიჟარის ფორმის ეტლზე შემდგარი, რომელსაც ზღვის ცხენები და ტრიტონები მოაქროლებენ, თითქოს პირდაპირ პოლის სასახლის მაღალი თაღის ნიშიდან. ძირითად ნიშას კორინთოს ორდენის სვეტები, ბალუსტრადა და ქანდაკებები ამშვენებს, მომცრო, მარცხენა ნიშაში  „სიუხვის“ ქანდაკებაა, მის ზემოთ კი ბარელიეფზე მხედართმთავარი აგრიპაა, აკვედუკის პროექტის გაცნობის მომენტში. მარჯვნივ  „ჯანმრთელობის“ ქანდაკებაა, მის ზემოთ ბრელიეფი შადრევნის ლეგენდის მომენტს ასახავს – ქალიშვილი, რომელიც წყლისკენ გზას აჩვენებს დამაშვრალ მეომრებს.

2. პიაცა ნავონა

პიაცა ნავონა, მავრის შადრევანიარა მარტო რომის, არამედ მსოფლიოს ულამაზესი მოედანი და ისტორიული ადგილია. I საუკუნეში, დომიციანეს დროს აქ იყო სტადიონი, სადაც იმართებიდა შეჯიბრებები რბოლებში, დისკოს ტყორცნაში, სირბილში. V-XIV საუკუნეებში აქ უკვე ნანგრევებია, 1477 წელს კი ამ ადგილას გადმოაქვთ ბაზარი კაპიტოლიუმის ბორცვიდან (შემდგომ, 1869 წელს ეს ბაზარი გადავიდა კამპო დი ფიორიზე). XVI საუკუნიდან ამ რაიონის დასახლება იწყება მდიდარი რომაელების მიერ, განახლდა შეჯიბრებების ტრადიცია, დაიწყო შადრევნების მშენებლობა. ვიტორიო ემანუილ II-ის ქუჩის მხრიდან პირველი – მავრის შადრევანია.პიაცა ნავონა, ოთხი მდინარის შადრევანი დელფინთან მებრძოლი მავრის ფიგურა ბერნინის ესკიზებით მისმა მოწაფეებმა დადგეს, დანარჩენი ფიგურები უფრო გვიანდელია. მოედნის ცენტრში ბერნინის შექმნილი შადრევანია, 4 მდინარის (განგი, ნილოსი, დუნაი და ლა-პლატა) ალეგორიებით და ეგვიპტური სტილის ობელისკით. მესამეა  ნეპტუნის შადრევანი, სადაც რვაფეხასთან მებრძოლი ნეპტუნის ცენტრალური ფიგურა ასევე XVI საუკუნეშია დადგმული, დანარჩენი მცირე ქანდაკებები კი  XIX საუკუნეში დაუმატებიათ.
ბორომინისა და ბერნინის მეტოქეობა უდევს საფუძვლად ლეგენდას – თითქოს ბერნინის შადრევნის ნილოსის ფიგურა სახედაფარული იმიტომ არის, რომ არ შეხედოს ბორომინის მიერ აგებული ეკლესიის ფასადს.პიაცა ნავონა, ნეპტუნის შადრევანი სინამდვილეში, ბერნინის შადრევანი ერთი წლით ადრეა აგებული, სახის დაფარვა კი ალეგორიულად იმას გამოხატავს, რომ ნილოსის სათავე იმ დროისათვის არ ყოფილა გეოგრაფიულად აღმოჩენილი.

3. ბერნინის „ტრიტონი“.

ბერნინის „ტრიტონი“არ არის აუცილებელი ვიყოთ ხელოვნების დიდი მცნობარი – ბარბერინის მოედნის ცენტრში მოთავსებული ქანდაკება-შადრევანი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. ეს არის ბერნინის კიდევ ერთი შედევრი – „ტრიტონი“. დავაკვირდეთ ქანდაკებაზე ფუტკრების გამოსახულებებს – ეს ბარბერინების ოჯახის სიმბოლოა. მათი წარმომადგენელი, პაპი ურბან VIII ხომ ბერნინის მფარველი იყო.

4. ”ფუტკრების შადრევანი”

”ფუტკრების შადრევანი” ბარბერინის მოედნის ზედა კუთხეში, ბერნინის კიდევ ერთი ულამაზესი ქმნილებაა – გადახსნილი ნიჟარის ფორმის, და აქაც ფუტკარია!

5. „ბარკაჩა“ ესპანეთის მოედანზე.

„ბარკაჩა“ ესპანეთის მოედანზე.ესპანურ კიბეებთან ორიგინალური შადრევანია – ნავის ფორმის. ავტორი – ისევ ბერნინი – ამჯერად ლორენცოს მამა – პიეტრო ბერნინი.  პაპი ურბან VIII ბარბერინის შეკვეთით, პროექტში უნდა ასახულიყო 1598 წლის ტიბროსის წყალდიდობის თემა, როცა მოედანთან მდინარეს ნახევრად ჩაძირული ნავი გამოურიყავს. პიეტრო ბერნინის დაპროექტებისას კიდევ სხვა პრობლემაც ჰქონდა – წყლის წნევა ამ ადგილას ძალიან დაბალი იყო და კლასიკური, მაღალი მჩქეფარე შადრევნის ამოქმედება შეუძლებელი ხდებოდა. როგორც ვხედავთ, ორიგინალური გადაწყვეტილება სავსებით შეესაბამება თემას – შადრევნის ფსკერი ქუჩის დონეზე დაბლაა, წყალიც საკმარისად გადმოედინება ნავიდან და ბარბერინთა სიმბოლოები – ფუტკრებიც ადგილზეა!

6. ნაიადების (წყალთა ნიმფების) შადრევანი.

 ნაიადების (წყალთა ნიმფების) შადრევანი.1901 წლიდან რესპუბლიკის მოედნის ცენტრს ამშვენებს მარიო რუტელის მიერ მოდერნიზირებული შადრევანი სკულპტურული კომპოზიციებით, რომლებიც კათოლიკურმა ეკლესიამ თავის დროზე დიდი პრობლემებით მიიღო. შადრევნის მრგვალი აუზის პირზე მდინარის, ტბის, ოკეანისა და მიწისქვეშა წყლების ნიმფებია წარმოდგენილი. ჩანაფიქრი იმ დროისათვის საკმაოდ თავისუფალი მიდგომით იყო გამოხატული – შიშველ სხეულთა ასე ღია დემონსტრირებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჟამთა სვლამ გამოასწორა სიტუაცია – დღეისათვის ქანდაკებები ხავსით საფუძვლიანადაა დაფარული.

7. „აქვა ფელიჩე“, ანუ მოსეს შადრევანი.

„აქვა ფელიჩე“, ანუ მოსეს შადრევანიიგი 1586 წელს, პაპი სიქსტუს V-ის (ფელიჩე პერეტი) ძალისხმევით შეიქმნა – აქედანაა წარმომდგარი მისი სახელი.  აქვედუკიდან მომდინარე წყალი სამი ქანდაკებიდან გადმოდის –  ცენტრში მოსეა (ავტორები სომვანო და ბრეშიანი), გვერდებზე ერთგან  იესო ნავონია – ებრაელი ხალხის მდინარე იორდანზე გადაყვანისას, მეორე კი აარონია, წყაროსკენ ხალხის გამძღოლი. ამ შადრევანმაც XVII საუკუნეში დიდი კრიტიკა გამოიწვია – მიქელანჯელოს გარდაცვალებიდან ორი ათეული წლის შემდეგ პროპორციების  ასეთი აღრევა ვერ აპატიეს მოქანდაკეს.

8. ოთხი შადრევნის გზაჯვარედინი

ოთხი შადრევნის გზაჯვარედინიქუჩების გადაკვეთასთან, გზაჯვარედინის ოთხივე კუთხეში სკულპტურული კომპოზიციებია ტიბროსის, არნოს, იუნონასა და დიანას ალეგორიებით.

9. შადრევანი კვირინალის მოედანზე

შადრევანი კვირინალის მოედანზემოედნის ცენტრში ეგვიპტური ობელისკია ანტიკური დიოსკურების მონუმენტებით. არის ვერსია, რომ დიოსკურებად ალექსანდრე მაკედონელი და მისი მამა, ფილიპი არიან გამოსახულნი.

10. პიაცა დელ პოპოლოს შადრევნები

 პიაცა დელ პოპოლოს შადრევნებიმოედნის ცენტრში, ეგვიპტური ობელისკის ძირას და გარე წრეწირზე შადრევნების სისტემაა. ეს ობელისკი მოედანზე XVI საუკუნეში დაიდგა, ძირთან ლომებიანი შადრევანი კი 1818 წელს მიაშენეს.

11. „ოთხი კუს შადრევანი“

„ოთხი კუს შადრევანი“შადრევანი ლამაზი ისტორიით გამოირჩევა. იგი ჯაკომო დელა პორტას მიერ არის დაპროექტებული XVI საუკუნეში, ბრინჯაოს ფიგურები ლანდინიმ დაამატა, აქვედუკის წყლის ნაკლებობის გამო მალე ზედა 4 დელფინის ფიგურა მოხსნეს და სხვაგან გადაიტანეს. მოგვიანებით, რესტავრაციის დროს ბერნინიმ (თუ ანდრეა საკიმ)  კუს ფიგურებით  დაასრულა კომპოზიცია.

1979 წელს ერთი კუ მოუპარიათ და ამიტომ ფიგურები ახლა ასლებითაა შეცვლილი. ლამაზი ლეგენდის თანახმად,  ამ მოედანთან  ცხოვრობდა ჰერცოგი მუციო მატტეი, რომელიც ასევე აქვე მცხოვრები საცოლის ოჯახის მხრიდან უარით გამოისტუმრეს, რადგან ფუქსავატურ ცხოვრებას ეწეოდა. თავის წარმოსაჩენად  მატტეიმ დააფინანსა მშენებლობა და შადრევანი ერთი ღამის განმავლობაში წამოჭიმეს საცოლის სახლის წინ. ამით სასიმამროს გული  მოგებული იქნა და სასიყვარულო ისტორიაც ბედნიერად დასრულდა.

12. დელფინების შადრევანი როტონდის მოედანზე

დელფინების შადრევანი როტონდის მოედანზეპანთეონის წინ ჯაკომო დელა პორტას მიერ 1575 წელსაა აგებული. მას გერბი, დელფინების ფიგურები და ნიღბები ამშვენებს. შადრევნის ობელისკი რომში იმპერატორმა დომიციანემ გადმოატანინა ისიდას ტაძრის შესამკობად, პანთეონის წინ კი პაპი კლემენტ IX-ის მიერ იქნა დადგმული 1711 წელს.

13. ფარნეზეს მოედანზე ორი ლამაზი შადრევანია.

13. ფარნეზეს მოედანზე ორი ლამაზი შადრევანია.ავზები კარაკალას თერმებიდან პაპი პავლე II-ის ბრძანებით 1466 წელს გადაუტანიათ ვენეციის მოედანზე, სან მარკოს ეკლესიის წინ. როცა პაპმა  პავლე III-მ ააგებინა თავისთვის ეს სასახლე არქიტექტორ სანგალო უმცროსს, ერთი ავზი უკვე ამ მოედანზე გადმოიტანეს, 1500 წელს. ამ დროს შადრევნისთვის წყალი არ იყო საკმარისი და ავზი მარტივ დეკორაციას წარმოადგენდა, თუმცა მას გამოყენება მაინც მოუნახეს – მოედანზე გამართული სხვადასხვა წარმოდგენებისა და განსაკუთრებით, ხარებთან სისხლიანი ბრძოლების  დროს ეს საუკეთესო ადგილი იყო უსაფრთხოების მხრივ, და დიდგვაროვნები აქედან ადევნებდნენ თვალს სანახაობას.   მოგვიანებით, ბრაჩანოს ტბიდან გამოყვანილი  არხის საშუალებით წყლის პრობლემა მოწესრიგდა, მეორე ავზიც დაიდგა და შადრევნები სრული სილამაზით ამოქმედდა, 1626 წლიდან.

14. აქვა პაოლო

აქვა პაოლო.1605 წელს, როცა კამილიო ბორგეზემ პაპის (პავლე V) ტიტული მიიღო, ტრაიანეს დროინდელი, 109 წელს აგებული აკვედუკის აღდგენა გადაწყვიტა – ტიბროსის მარჯვენა სანაპიროს მაცხოვრებლები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიდნენ. სამუშაოები 5 წელი გაგრძელდა. ფაქტიურად ახალი აკვედუკი იქნა გამოყვანილი ბრაჩანოს ტბიდან. წყლის რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ შუალედური აუზის ჩადგმა გახდა საჭირო და იანიკულის ფერდობზე ბაროკოს სტილის შადრევანი დაიდგა – აქვა პაოლო – პაპის საპატივცემულოდ. შადრევნის მარმარილო რომის ფორუმებიდანაა წამოღებული. დრაკონები და არწივები ბორგეზეთა საგვარეულო გერბის სიმბოლიკაა. დღეს კი აქაური ლამაზი ხედები ახალდაქორწინებულთა ფოტო-გადაღებების პოპულარული ფონია.

15. მედიჩების სასახლის წინ მდებარე შადრევანი

მედიჩების სასახლის წინ მდებარე შადრევანიუფრო თავისი ისტორიით გამოირჩევა, ვიდრე სილამაზით. როგორც ამბობენ, შვედეთის დედოფალ კრისტინას სასახლეში სასიყვარულო შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, რომელზეც კავალერი არ გამოცხადებულა. განრისხებული დედოფალი სანტ’ ანჯელოს ციხეში წასულა, იქ კი ზედა პლატფორმაზე ზარბაზანი ყოფილა გამზადებული, შუადღის გასროლით აღსანიშნავად. ემოციურ დედოფალს ყუმბარა მედიჩების სასახლისკენ გამოუსვრია. სასახლის შესასვლელ კარზე დღესაც შეგვიძლია ვნახოთ ყუმბარის კვალი, თავად ყუმბარა კი შადრევნის ცენტრალურ სფეროდ გამოუყენებიათ.
ამჟამად რომის წყალმომარაგების პრობლემა გადაჭრილია,   დეკორატიული და სასმელი წყლის შადრევნები კიდევ მრავალგანაა, უკვე სხვა ისტორიებით…

შადრევნები რომის რუკაზე

შადრევნები რომის რუკაზე.1-შადრევანი ტრევი; 2a-პიაცა ნავონა, მავრის შადრევანი;    2b-პიაცა ნავონა, ოთხი მდინარის შადრევანი;     2c-პიაცა ნავონა, ნეპტუნის შადრევანი;    3-ბერნინის „ტრიტონი“;   4-”ფუტკრების შადრევანი”;   5-„ბარკაჩა“ ესპანეთის მოედანზე;     6-ნაიადების შადრევანი;   7-„აქვა ფელიჩე“;    8-ოთხი შადრევნის გზაჯვარედინი;    9-შადრევანი კვირინალის მოედანზე;    10-პიაცა დელ პოპოლო;   11-„ოთხი კუს შადრევანი“;   12- დელფინების შადრევანი პანთეონთან;   13-ფარნეზეს  მოედანი;    14-აქვა პაოლო;  15-შადრევანი მედიჩების სასახლესთან.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი