რომი დიდი ტურისტული ქალაქია, კაფე-რესტორნების ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული.  ჩვენი მიზანია მიმოვიხილოთ ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული კაფეები, გამორჩეულნი დანარჩენებისაგან არა მარტო თანამედროვე სახით, არამედ თავიანთი ისტორიითაც, ანუ ისინი, რომელნიც რომის კულტურული ცხოვრების ნაწილნი არიან.

ანტიკო კაფე გრეკო (Antico Caffe Greco) რომის ყველაზე ხალხმრავალ ადგილასაა – ვია დეი კონდოტი 86. ესპანეთის მოედნის სიახლოვის გარდა ამ კაფეს პოპულარობა მისი ისტორიითაც არის განპირობებული.  იგი 1760 წელს არის დაფუძნებული. პირველი მეპატრონე ბერძენი ყოფილა და სახელიც აქედანაა წარმომდგარი. ფრაკიანი ოფიციანტები, ინტერიერი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა საყვარელი ადგილები, ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული ფოტოები კედლებზე – ეს ყველაფერი საერთო სურათს ქმნის და ახალ მოსულ სტუმარსაც კაფეს მუდმივ კლიენტად გადააქცევს, მიუხედავად მომსახურეობის სიძვირისა.

01-Caffe Greco 02-Caffe Greco   03-Caffe Greco

შესასვლელიდან მარჯვნივ ბარია, სადაც ოფიციანტის  გარეშეც შეიძლება ყავის აღება და ეს უკვე ძალიან იაფია. ალბათ არ არსებობს დიდი მწერალი თუ მხატვარი, ვინც რომში სტუმრად ყოფილა და ამ კაფეში არ შემოუხედავს. ბევრი მათგანის აქ ყოფნის ადგილი აღნიშნულიც კი არის კედლებსა და მაგიდებზე.

ესპანური მოედნიდან პიაცა პოპოლოსაკენ მაღაზიებით დატვირთული ქუჩა – ვია დე ბაბუინო მიუყვება. სწორედ „მოლაპარაკე ქანდაკების“, ბაბუინოს გვერდით არის კაფე-მუზეუმი ატელიე კანოვა ტადოლინი (Caffe-Museo Atelier Canova Tadolini).  აქ ადრე მოქანდაკის, ანტონიო კანოვას სახელოსნო ყოფილა, რომელმაც იგი თავის საყვარელ მოწაფეს, ადამო ტადოლინის უანდერძა. ადამოს შთამომავლებიც მოქანდაკეები იყვნენ, ამიტომაც ატელიეს 1967 წლამდე არ დაუკარგავს პირვანდელი ფუნქცია.

04-Canova   05-Canova   06-Canova

ახლა კი აქ პოპულარული კაფეა, რომელშიც წარმოდგენილია უამრავი ქანდაკება, სამუშაო დეტალები და ინსტრუმენტები. სარესტორნო მაგიდები მათ შორის შეუმჩნეველიც კი არის ზოგ ადგილას. ჩვენი სურვილისამებრ, შეიძლება შევუკვეთოთ სუფრის გაშლა შიპიონის ან ჯულიას დარბაზებში, ანატომიის ოთახში, კანოვას ან ადამოს დარბაზებში, და ყველაზე უფრო ცნობილ, პაოლინას დარბაზში – იქ, სადაც შექმნილა კანოვას „ვენერა“ –  ბორგეზეთა კოლექციის მშვენება. „კანოვას სახელოსნოში კარგად ათბობენ“ – ასე უპასუხა თურმე პაოლინა ბორგეზე-ბონაპარტიმ, ნაპოლეონის დამ, შეკითხვა-შენიშვნაზე, თუ როგორ გაბედა მან კანოვასთან შიშველმა პოზირება.

ბაბინგტონის ჩაის სახლი (Babington’s Tea Room) უკვე პირდაპირ ესპანური კიბეების ძირშია, XVIII  საუკუნის დროინდელ შენობაში. იგი 1893 წელს დაუარსებიათ ინგლისელ ქალბატონებს იზაბელ კარჯილსა და ანა მარია ბაბინგტონს. კაფე-რესტორანი თავდაპირველად ოდნავ მოშორებით ყოფილა, მაგრამ იმდენად სწრაფად გახდა პოპულარული, განსაკუთრებით რომის ინგლისურენოვან სტუმრებს შორის, რომ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზეც  მოიძებნა მალე მისი ადგილი.

07-Tea Rooms   08-Tea Rooms

კაფეს ორი დარბაზი აქვს, XIX საუკუნის სტილში გაფორმებული. შესასვლელთან კი შეგვიძლია ვიყიდოთ 100-ზე მეტი ნაირსახეობის ჩაი, ასევე ჩაის სერვიზები და ტკბილეული.

რესტორან „როზატის“ (Rosati) პიაცა დელ პოპოლოზე მალე 100 წელი შეუსრულდება.

09-Rosati

იგი რომის სტუმრებს 1922 წლიდან ემსახურება. საუკეთესო ადგილი, ღია მაგიდები ისტორიულ მოედანზე და, რაც ყველაზე უფრო მოსწონთ ყოველთვის მოჩქარე ტურისტებს, ეს როზატის ტკბილეულობაა.

ანტიკო კაფე დელა პაჩე  (Antico caffe della Pace, Via della Pace, 3/7) ისტორიას  1891 წლიდან ითვლის.  რომის ისტორიულ ცენტრში პიაცა ნავონას მახლობლობამ, საუკეთესო ყავამ და ასევე სუროს ფოთლებით დაფარულმა კედლებმა ბევრი სტუმარი მიიზიდა. ეს კაფე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი ადგილი გამხდარა, და არა მარტო – ერთხელ პაპი იოანე პავლე II-ც შესულა აქ სასაუზმოდ.

16-Caffe di Pace    17-Caffe di Pace

ბოლო წლებში კაფეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, შენობის მფლობელებმა სასტუმროდ გადაკეთება მოინდომეს, მაგრამ ისტორიულ კაფეს მოსახლეობაში ბევრი დამცველი გამოუჩნდა, პრეზიდენტის ყურამდეც მიიტანეს ამბავი ამ პრობლემის შესახებ და ჯერჯერობით XIX საუკუნის კაფე ისევ მოქმედებაშია.

პანთეონიდან 2-3 წუთში მივალთ რომის ყველაზე პოპულარული ყავის სახლთან – სანტ’ ეუსტაკო (Sant’ Eustachio) – ამავე სახელწოდების მოედანზე.  განსაკუთრებული კი ისაა, რომ არაბიკა-ჯიშის ყავის მარცვლების მოხალვა აქვე ხდება, თანაც აუცილებლად შეშის ცეცხლზე, და არა ელექტროქურებში ან გაზის ცეცხლზე.

10-Sant Eustachio   12-Sant Eustachio11-Sant Eustachio

ეს თავისებურ არომატს აძლევს პროდუქტს. მოხალული მარცვლები უფრო ღია ფერისაა, მაღალი ქაფიანი ესპრესო კი გემოთი შეუდარებელია. ამიტომაცაა, რომ კლიენტი აქ  შუაღამითაც კი მოდის. კაფეში შეგვიძლია შევიძინოთ ვაკუუმურ პაკეტებში დაფასოებული ყავა – მარცვლებად ან დაფქვილი. რა თქმა უნდა, მაღაზიას თავისი ემბლემა აქვს, რომელიც ყავის პროდუქციის პაკეტებს ამშვენებს.

ოქროს ფინჯანი (Tazza D’Oro) პანთეონის მახლობლადაა. იგი 1944 წელს გახსნილა.  ეს უფრო ყავის  სახლი-მაღაზიაა, თუმცა კლიენტები უფრო აქაური ესპრესოს, გრანიტასა და კაპუჩინოსთვის მოდიან. განსაკუთრებით კაპუჩინოა პოპულარული,

13-Tazza d'Oro   14-Tazza d'Oro     15-Tazza d'Oro

რადგან პროფესიონალი ბარისტები ყავის ზედაპირს რძით ლამაზი ნახატით დაგვიმშვენებენ.  აქ ნაყიდ ნივთებს კაფეს ემბლემა ახლავს, შეგვიძლია ყავასთან ერთად შევიძინოთ მადუღარები, ყავის სერვიზები და ა.შ.

ბაბუინოს ქუჩაზე (№159) კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული კაფეა – „ნოტეჟენ-კაფე“ (Notegen). 1875 წელს შვეიცარიელი პროდუქტებით მოვაჭრე ჯონ ნოტეჟენი იტალიაში გადმოსახლებულა. 1880 წელს მან ამ ადგილას გახსნა პროდუქტების მაღაზია, ამასთან ქვედა ოთახებში მცირე რესტორანიც გაკეთდა, რომელიც თანდათან ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ეს კაფე ინტელექტუალური და კულტურული მოღვაწეების თავშეყრის ტრადიციული ადგილი გახდა.  ომის შემდგომ, 60-იან წლებში კაფე უკვე ძველი რომის სიმბოლო ხდება და სწორედ სიძველის ნოსტალგიაშეყრილი კლიენტებით ივსება აქაურობა.    1985 წელს კაფეს კრიზისის პერიოდიც ჰქონდა, თუმცა იტალიისა და რომის საზოგადო მოღვაწეების ჩარევით კაფე შენარჩუნებული იქნა, იგი   100-ზე მეტ ადგილიანი ფრანგული სტილის თანამედროვე კაფე-რესტორანად გარდაიქმნა, ძველი ტრადიციების აღდგენისა და შენარჩუნების ფუნქციით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კაფე ხანგრძლივმა რემონტმა მოიცვა და მისი შემდგომი ბედი გაურკვეველია.

და ბოლოს, ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის – ნაყინის ფაბრიკასთან მდებარე სიცივის სასახლე  (Palazzo del Freddo, Via Principe Eugenio, 65-67) ტერმინის ვაგზლიდან არც თუ ისე შორსაა (ტრამვაით 3-4 გაჩერებაა).

18   20

ეს უბანი ემიგრანტებით, ძირითადად ჩინელებით არის დასახლებული და მთელი ქუჩა შესაბამისი მაღაზიებითაა გაჯერებული. ნაყინის კაფეში კი კულინარიის ამ მიმართულების დიდი შესაძლებლობებია წარმოდგენილი. ჩვეულებრივი იტალიური ხილის ნაყინები, ტორტები, ცალკეული ფორმირებული ნაყინები, მათ შორის კი ცნობილი ნაყინის გუნდა – „ტარტუფო დი პიცო“ და კიდევ მრავალი სხვა.

21    19   

დარბაზში ნაყინის დასამზადებელი ძველებური აგრეგატებიცაა წარმოდგენილი, ხოლო თუ ვინმეს უფრო დეტალურად აინტერესებს ამ პროცესის გაცნობა, მათთვის ნაყინის ფაბრიკაში ექსკურსია არის შესაძლებელი, გიდის თანხლებით.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი