პიაცა ნავონა

ძვ.წ. 31 წელს აციოსთან ეგვიპტელებზე გამარჯვების შემდეგ, იმპერატორ ოქტავიან ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში ეგვიპტიდან რომში სამხედრო ნადავლის სახით გრანიტის ობელისკების გამოზიდვა დაუწყიათ – სასახლეებისა თუ საკულტო შენობების დასამშვენებლად. დროთა განმავლობაში მრავალი დაიმსხვრა და დაიკარგა. მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი შემთხვევით, ზოგი კი არქეოლოგიური გათხრების დროს თავიდან იქნა მოძიებული და ამჟამად ისინი რომის საპატიო ადგილების მშვენებაა. დღეისათვის რომს ანტიკური პერიოდის 13 ობელისკი ამშვენებს.

ვატიკანი, წმ. პეტრეს მოედანი. ეს ეგვიპტური, ჰელიოპოლისის ობელისკი ალექსანდრიაში მდგარა და კალიგულას ბრძანებით გადმოუტანიათ რომში, ა.წ. 37 წელს. იგი თავიდანვე ნერონის ცირკის მოედანზე აღუმართავთ და ასე, დაუცემლად მდგარა მის ცენტრში, სანამ პაპი სიქსტუს V-ის ბრძანებით არ გადმოიტანეს და აღმართეს წმ. პეტრეს განახლებული ტაძრის წინა მოედანზე. ეს მოხდა 1586 წლის 10 სექტემბერს. სამუშაოებს არქიტექტორი დომენიკო ფონტანა ხელმძღვანელობდა. 900 მუშა და 140 ცხენი, 44 ჯალამბარისა და თოკების დახმარებით ასრულებდნენ ამ სახიფათო ოპერაციას. დამსწრეთა და მომუშავეთაგან სრული სიჩუმე იყო მოთხოვნილი ბრძანებების შეუფერხებლად მისაღებად.

რაღაც მომენტში თოკები მოშვებულა და ობელისკის დავარდნის სერიოზული საფრთხე გაჩენილა. ამ დროს, აკრძალვის მიუხედავად, ტრაგედიის მოლოდინში გარინდულ ხალხში გაისმა ბრძანება – „წყალი  თოკებზე!“   ეს იყო გემის კაპიტანი დომენიკო ბრასკა. გამოცდილმა მეზღვაურმა იცოდა, რომ ამით თოკები დაიჭიმებოდა. ობელისკი გადარჩა, და პაპის მიერ კაპიტანი ბრასკა რელიგიური პრივილეგიებით დაჯილდოვდა.

ვატიკანი, წმ. პეტრეს მოედანი

პიაცა  დელ პოპოლო. რომის კარიბჭე ფლამინიოს გზაზე რომის მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი იყო, ამიტომ სიქსტუს V-მ სწორედ აქ გადმოატანინა 1589 წელს ჰელიოპოლისის ობელისკი ჩირკო მასიმოდან – რომის სტუმრებს თავიდანვე უნდა ეგრძნოთ ქალაქის სიძლიერე. სტუმარი კი აქ ბევრი მოდიოდა – ეკლესია სანტა მარია დელ პოპოლო პილიგრიმთა თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილი ყოფილა.  ობელისკის სიმაღლე  პიედესტალითა და წვეროზე ჯვრით 36.5 მეტრია. გრანიტის წახნაგები იეროგლიფებითაა დაფარული და მონოლითის დაზიანების ადგილებიც ნათლად მოჩანს. ეგვიპტეში ობელისკი ძვ.წ. VIII საუკუნეში შექმნილა, ჰელიოპოლისში მზის ღმერთის ტაძარს ამშვენებდა და ძვ.წ. 10 წელს იმპერატორმა ავგუსტუსმა გადმოიტანა რომში. ფლამინიას გზასთან სიახლოვის გამო მონუმენტი ფლამინიას ობელისკადაც იწოდება.

პიაცა დელ პოპოლო

ესქვილინის ბორცვის ობელისკი ეკლესია სანტა მარია მაჯორეს უკანა მოედანზეა, ვია კავურის მხარეს. ობელისკის ნამტვრევები XVI საუკუნეში არის ნაპოვნი მარსის მინდვრებზე გათხრების დროს. იგი იმპერატორ დომიციანეს დროსაა შექმნილი, ეგვიპტურ სტილში, წახნაგებზე იეროგლიფებით. თავის დროზე იმპერატორ ავგუსტუსის მავზოლეუმის შესასვლელთან მდგარა. რესტავრაციის შემდგომ ეს ობელისკიც დომენიკო ფონტანას მიერ აღიმართა 1587 წელს რომის უძველეს უბანში, ესქვილინზე, პაპი სიქსტუს V-ის განკარგულებით.

ესქვილინის ბორცვის ობელისკი

ლატერანოს ობელისკიც სიქსტუს V-ისა და დომენიკო ფონტანას ძალისხმევებითაა, სან ჯოვანის მოედანს რომ ამშვენებს  მონუმენტის სრული სიმაღლე 45.7 მეტრია. გრანიტი ძვ.წ. XV საუკუნეშია გამოთლილი, ეგვიპტეში იგი თებეში, ამონისა და რას ტაძართან მდგარა. 357 წელს იმპერატორ კონსტანციუს II-ის ბრძანებით რომში იქნა გადმოტანილი და ჩირკო მასიმოს ცენტრში, იქ უკვე მდგარი ობელისკის (შემდგომში – ფლამინიას ობელისკი)  გვერდით აღიმართა. XVI საუკუნეში კი, როცა ის მიწაში იქნა ნაპოვნი, სამად ყოფილა გადატეხილი.

ლატერანოს ობელისკი

კვირინალის ბორცვის ობელისკი პრეზიდენტის სასახლის წინა მოედანს ამშვენებს ამჟამად, შადრევნის კომპოზიციაში. იგი ესქვილინის ობელისკთან ერთად იქნა ნაპოვნი 1527 წელს. პაპი პიუს VI-ის განკარგულებით არქიტექტორმა ჯოვანი ანტინორიმ 1786 წელს ორიგინალური შადრევანი შექმნა, ასევე გათხრებში ნაპოვნი დიოსკურებისა და ცხენების ფიგურებთან ერთად.

კვირინალის ბორცვის ობელისკი

პიაცა ნავონას ცენტრალური შადრევნის გრანიტის ობელისკი აპიას გზაზე მდებარე მაქსენციუსის ვილიდანაა გადმოტანილი. იგი ეგვიპტური არაა, იმპერატორ დომიციანეს დროს დაუმზადებიათ, ეგვიპტურების ანალოგიით და თავიდან ალბანოში აღუმართიათ. მაქსენციუსის ვილასთან 311 წელს დაიდგა, 1651 წელს კი პაპი ინოკენტი X-მ, უკვე ოთხად დამტვრეული გრანიტი ლორენცო ბერნინის გადააბარა და საბოლოოდ იგი რომის ერთ-ერთი უმშვენიერესი შადრევნის კომპოზიციაში მოხვდა.   ობელისკის წვეროზე მტრედი ზეთისხილის ტოტით პაპის საგვარეულოს (პამფილი)  სიმბოლოს გამოხატვაა.

პიაცა ნავონა

მონტე ჩიტორიოს  მოედანზე, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სასახლის წინ ჰელიოპოლისიდან ჩამოტანილი ეგვიპტური ობელისკი იმპერატორ ავგუსტუსის დროს მდგარი უზარმაზარი მზის საათის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. გრანიტი ძვ.წ. VI საუკუნეში, ფარაონ ფსამეტიხ II-ის დროსაა დამზადებული. რომში ძვ.წ. 10 წელს მოხვდა, XIV საუკუნეში კი მიწაში ჩამარხული და ხუთ ნაწილად დამსხვრეული უკვე პაპების საკუთრებაში გადავიდა. არქიტექტორ ჯოვანი ანტინორის მიერ წარმოებული რესტავრაციის შემდეგ 1789 წელს სასახლის წინ დაიდგა ასევე მზის საათის სიმბოლური ფუნქციით – წვეროზე დამაგრებული გლობუსის ნახვრეტებში გამავალი შუადღის მზის სხივი მოედანზე სპეციალურ ნიშნულებს ადგება. ობელისკის სიმაღლე გლობუსთან ერთად 33.3 მეტრია.

მონტეჩიტორიო

როტონდას მოედანზე, პანთეონის წინა შადრევანში აღმართულ ობელისკს დიდი ისტორია აქვს. დამზადებულია ძვ.წ. XIII საუკუნეში, ფარაონ რამზეს II-ის დროს. რომში იმპერატორმა დომიციანემ ჩამოიტანა I საუკუნეში და მარსის მინდვრებზე ისიდას ტაძრის მშვენება ყოფილა. შემდგომი დრო კი, იმპერიის დაქცევიდან 1373 წლამდე ობელისკს მიწაში გაუტარებია, პანთეონთან ახლოს. როტონდას მოედანზე ჯაკომო დელა პორტას მიერ უკვე აგებული იყო ლამაზი შადრევანი და 1711 წელს არქიტექტორ ფილიპო ბარიჯიონის მიერ ობელისკი შადრევნის ცენტრში ორიგინალურად ჩაიდგა.

როტონდას მოედანი

პიაცა მინერვაზე მდებარე დომინიკანური ეკლესიის ეზოში იქნა ნაპოვნი რომის ყველაზე პატარა ეგვიპტური ობელისკი. იგი ძვ.წ. VI საუკუნის დროინდელია და სხვა ობელისკების მაგვარად, I საუკუნეში მოხვდა რომში, ისიდას ტაძრის შესამკობად. შემდეგ მისი კვალი ქრება და მზის სინათლეს იგი დომინიკანელი ბერების ბოსტანში უბრუნდება. ლორენცო ბერნინის ესკიზითა და ერკოლე ფერატას ძალისხმევით ობელისკი სპილოს ქანდაკებაზეა შემოდგმული და როგორც ფორმით, ასევე ალეგორიული შინაარსით ულამაზეს კომპოზიციას ქმნის.

პიაცა მინერვა

ეკლესია ტრინიტა დეი მონტის წინ, ესპანური კიბეების თავზე აღმართული ობელისკი იმპერიის დროინდელია, მაგრამ არა ეგვიპტური. მის წახნაგებზე მიხატული იეროგლიფები გვიანდელია, გადმოღებულია ფლამინიას ობელისკიდან და როგორც ამბობენ, შეცდომებით. ობელისკი აქ 1789 წელს  დადგმულა ჯოვანი ანტინორის მიერ, პაპი პიუს VI-ის ბრძანებით. სიმაღლე 30.5 მეტრია, თუმცა ამ  ზომის დიდი წილი პიედესტალს უჭირავს და ოდნავ შეუსაბამობაშიც მოდის.

ეკლესია ტრინიტა დეი მონტი

მატეის ობელისკად წოდებული სვეტი ახლა ცელიუსის ბორცვზე, ვილა ჩელიმონტანას ეზოშია, იტალიის გეოგრაფიული საზოგადოების სასახლის წინ.   იგი ძველეგვიპტურია, ფარაონ რამზეს II-ის დროინდელი. 1528 წელს რომის სენატს ობელისკი მატეითა ოჯახისთვის უჩუქებია, დამსახურების ხაზგასასმელად და საბოლოო სახელი აქედან წამოსულა. თავად გრანიტის ზომა 2.7 მეტრია, მაგრამ პიედესტალსა და დამატებით ქვედა გრანიტთან ერთად ობელისკის საერთო სიმაღლე 12 მეტრს ცდება.

მატეის ობელისკი

დოგალის ობელისკი კიდევ ერთი,  ფარაონ რამზეს II-ის დროინდელი და რომში ისიდას ტაძრის ეზოში ნამყოფი მონუმენტია. 1883 წელს იგი მინერვას მოედნის მიდამოებში იქნა მიკვლეული და რომში, ტერმინის ვაგზლის წინა მოედანზე დაიდგა, 1885 წელს ეთიოპიაში, ქალაქ დოგალთან დაღუპულ იტალიელ მეომართა მემორიალად. 1925 წელს მონუმენტი ოდნავ მოშორებით, მასიმოს სასახლის წინ მდებარე პარკში იქნა გადატანილი.

დოგალის ობელისკი

პინჩოს (ანტინოეს) ობელისკი ასევე ეგვიპტურია. წვეროზე მოთავსებულ ვარსკვლავიანად სიმაღლე 17.3 მეტრს აღწევს. ობელისკი იმპერატორ ადრიანეს მიერ  მისი საყვარელი ბიჭის, ანტინოეს ქანდაკებასთან დადგმულა პირველად, მას შემდეგ, რაც ის ნილოსის ტალღებში დამხრჩვალა საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში. შემდგომ,  იგი იმპერატორ ჰელიობალს წაუღია თავის რეზიდენციასთან, ჩირკო მასიმოზე.  მოგვიანებით, XVI საუკუნეში ობელისკი პორტა მაჯიორესთან გამოჩნდა, მერე ბარბერინთა ოჯახისა და პაპი კლემენტე XIV-ის პატრონობაც განვლო და საბოლოოდ, 1822 წლიდან პაპი პიუს VII-ის მიერ პინჩოს ბაღების ტერიტორიაზე მიეჩინა ადგილი.

პინჩოს ობელისკი

როგორც ვხედავთ, ობელისკები ქალაქში საკმაოდ გაფანტულია, მაგრამ არის ერთადერთი ადგილი, საიდანაც სამი ობელისკი იმზირება. ეს ოთხი შადრევნის გზაჯვარედინია. გადამკვეთი ქუჩების სიღრმეებში კვირინალის, ესქვილინისა და ტრინიტა დეი მონტის ობელისკები შეგვიძლია დავინახოთ.
რუკაზე:   1-ვატიკანი; 2-პიაცა დელ პოპოლო; 3-ლატერანო;  4-ესქვილინი; 5-კვირინალი; 6-ნავონა; 7-მონტეჩიტორიო;  8-როტონდას მოედანი;  9-მინერვა; 10-ტრინიტა დეი მონტი; 11-მატეი; 12-დოგალი; 13-პინჩო

ობელისკები რუკაზე

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი