cover romauli

რომი, მარადიული ქალაქი, ყოველთვის იყო ტურისტული სამყაროს ინტერესების ცენტრში, 1953 წ. კინოეკრანებზე გამოსული ფილმი „რომაული არდადეგები“ ქალაქს დაემატა, როგორც კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა. რომში მიმავალი ტურისტისათვის ამ კინოფირის ნახვა ერთგვარად, აუცილებელიც კი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ამ ფილმის პოპულარობამ რომში ახალი ტიპის გართობა დაამკვიდრა – მრავალი ტურისტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილები, სპეციალური მარშრუტის მიხედვით სეირნობენ რომში, ფილმის გმირების კვალდაკვალ, და რა თქმა უნდა – ფოტოკამერით ხელში!

ჩვენც შევეცადოთ ამ მიმართულებით ერთგვარი მოკვლევა ჩავატაროთ, ჩამოვუაროთ ფილმიდან ცნობად ადგილებს და 60 წლის წინანდელ რომს დღევანდელი თვალით შევხედოთ.

ფილმის დასაწყისში  ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედნის პანორამა იშლება. ამ ხედის გასამეორებლად წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე მოგვიწევს ასვლა. ფილმში ჩანს, რომ მოედანზე მანქანები მოძრაობენ, ამჟამად კი აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ტერიტორიაა.

წმინდა პეტრეს მოედანი

დავაკვირდეთ დიდ ჭიშკარს, რომელშიც პრინცესას ესკორტის მანქანა შედის – ეს ბარბერინის სასახლეა, ოთხი შადრევნის ქუჩის 13 ნომერში. ამჟამად ამ სასახლეში ბარბერინის გალერეა არის  განთავსებული. მოგვიანებით ამავე ჭიშკრიდან გამოდის სამბორბლიანი მანქანა, რომლითაც პრინცესა სასახლიდან იპარება.

ბარბერინის სასახლის კარიბჭე

მანქანიდან გადმოსვლა რესპუბლიკის მოედანზე, ნაიადების შადრევანთან არის გადაღებული. დიდი ხე, რომელსაც პრინცესა შეეფარა, იმპერატორ დიოკლეტიანეს ანტიკური აბანოების ნანგრევების ღობესთან იდგა. აქედან უკვე ნახევრად მძინარე პრინცესას საკმაოდ უვლია და ანტიკური რომის ნანგრევებთან – ფორუმებთან მოხვედრილა.

ნაიადების შადრევანი

პრინცესა ანას რომაული არდადეგების საინტერესო ადგილი ჟურნალისტ ჯო ბრედლის ოთახია, სადაც მას ღამის გატარება მოუწია. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ბრედლი ტაქსის მძღოლს თავისი სახლის მისამართს ეუბნება – ვია მარგუტა 51. ეს რეალური მისამართია და სწორედ იქ არის ფილმის სცენები გადაღებული. ქუჩა ესპანეთის მოედნის მახლობლადაა. 51 ნომერ ეზოს დიდი ალაყაფის კარი იცავს, მაგრამ ეზოში შემსვლელ-გამომსვლელი ხშირია და შესვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

 

ეზოს შუაში, მარცხნივ, ბრედლის ბინისკენ ამავალი კიბე-დერეფანია. იქვე კედელზე ამ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული მემორიალური დაფაა და ასევე გაფრთხილებები, რომ კერძო ტერიტორიაა. თუ დიდი ხალხმრავლობა არაა გარშემო,  ავიდეთ კიბეზე და ზედა მცირე ეზოსაც შეგვიძლია მოვავლოთ თვალი. შეიძლება ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკმაყოფილო ბუზღუნის მოსმენა მოგვიწიოს. იგრძნობა, რომ აქაური მაცხოვრებლები დიდი შეძლებით არ გამოირჩევიან – შიდა შენობები ალბათ ფილმის დროიდანაც კი არ შეკეთებულა.

კიბეები ჯო ბრედლის სახლისკენ

როგორც ფილმში, ისევე ჩვენს დროში მარგუტას ქუჩა ხალხმრავალია – ახლა აქ იმართება ფერწერულ ნამუშევართა ღია ბაზრობა და ამ პროფილის სალონებიც ბევრია ქუჩაზე. „გავყვეთ“ ფილმის გმირებს. ეზოდან გამოსული პრინცესა ჯერ ვია მარგუტაზე სეირნობს, შემდეგ კი ტრევის შადრევანთან ხვდება.

ვია მარგუტა

ტრევის შადრევანი  რომის სტუმრების უსაყვარლესი ადგილია. საპარიკმახერო, სადაც ანა თავის გრძელ თმებს გამოეთხოვა, მხოლოდ ფილმშია – იგი სპეციალურად იქნა მოწყობილი ფილმისათვის. ეს ადგილი შადრევნის გვერდით, „შეყვარებულთა წყაროების“ მხარესაა, ვია დელა სტამპერია 85. ამჟამად კი იქ ხელთათმანების მაღაზიაა.

საპარიკმახერო შადრევნის მეორე მხარეს

პრინცესას შადრევანთან მოსვლის სცენა მოედნის კუთხეში მდებარე ეკლესიის კიბეებიდანაა გადაღებული. ადგილი, სადაც ბრედლი ბავშვებს საზამთროს აჩუქებს, შადრევნის მარცხენა კუთხესთანაა. ახლა მოედანზე სულ ხალხმრავლობაა, შადრევნის სილამაზის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან სტუმრები. დავათვალიეროთ ეს დიდებული ადგილი. რა თქმა უნდა შადრევანში ფულის გადაგდება და სურვილის ჩათქმა არ დაგვავიწყდება.

ტრევის შადრევანი

ესპანეთის მოედანი და ესპანური კიბეები – ფილმში პრინცესა ანა აქ სეირნობს და ნაყინს მიირთმევს – სიუჟეტიდან ამ სცენის განმეორება და სურათის გადაღება გოგონების საყვარელი თემაა.

ესპანური კიბეები

პანთეონის უზარმაზარი სვეტებიანი პორტალის გვერდით იყო კაფე-ბარი  G.Rocca – აქ ჯო ბრედლი და პრინცესა ანა სკამზე არა-მყარად მჯდარ ფოტოგრაფ ირვინთან ერთად  უსხედან მაგიდას. ეს სცენა ვია დელა როტონდას 25 ნომერთანაა გადაღებული, ოღონდ მხოლოდ პანთეონის მხარეს მიმართული კადრები. ფოტოგრაფთან შეხლა-შემოხლის სცენები კი სადღაც სხვაგანაა გადაღებული – ამ კადრების ფონზე გამოჩენილი ბარის კედელი და კარი აშკარად სხვა ადგილიდანაა.

პანთეონის ხედი კაფედან

მოტოროლერი „ვესპა“ რომში ახლაც პოპულარულია, მისი ძველი მოდელის ქირაობაც არაა რთული. ფილმის გმირები მოტოროლერით ვენეციის მოედანს გადაჭრიან, მარჩელოს თეატრის ქუჩაზე  გაიელვებენ, შემდეგ კოლიზეუმთან მოხვდებიან, მერე უეცრად ესპანურ კიბეებს უკვე  ზემოდან, სისტინას ქუჩის მხრიდან ჩაუქროლებენ,  კორსოს ქუჩით ვენეციის მოედანზე შემოდიან და მარჯვნივ, პლებიშიტოს ქუჩაზე არასწორი მოხვევის გამო მათ პოლიციელი აჩერებს – ეს სცენა ლეტიციას აივნის ქვეშ ხდება  ამ დროს ეუფლება მოტოროლერის საჭეს უყურადღებოდ დარჩენილი პრინცესა და ახალი, სახიფათო თავგადასავალი  უკვე პლებიშიტოს ქუჩიდან ვიტორიო-ემანუილ II-ის ქუჩისკენ გრძელდება. კადრში ჯეზუს ეკლესიის ფასადიც ხვდება,  შემდეგ „მრბოლელები“ არჯენტინასთან გადიან, საიდანაც მათ უკვე პოლიციის მანქანები აედევნებათ (ეს ის ადგილია, სადაც 21 საუკუნის წინ შეთქმულმა სენატორებმა სიცოცხლეს გამოასალმეს იულიუს კეისარი და აქ იყო ნათქვამი ცნობილი ფრაზა – „შენაცა, ბრუტუს?!“). ფილმის გმირები ისევ ვენეციის მოედანზე შემოიჭრებიან, ჩაუქროლებენ კაპიტოლიუმის ბორცვზე ამავალ, მიქელანჯელოს მიერ დაპროექტებულ კიბეს, და ისევ მარჩელოს თეატრის დაღმართს დაუყვებიან, უკვე პოლიციის „ესკორტით“.

ლეტიციას აივნის ქვეშ

ასე რომ, თუ მოტოროლერის ტარება გვეხერხება, ამ გზის გავლაც შესაძლებელია, სასურველია ნაკლები თავგადასავლებით. ქუჩებში გარე მოვაჭრეები ამ დროში უკვე აღარ არიან, თუმცა ეს ადგილები ქალაქის ტურისტულ ცენტრშია და გზები მანქანებითა და ტურისტებით საკმაოდ გადატვირთულია.

პოლიციის განყოფილება, სადაც ჩვენი გმირები დასაქორწინებელ წყვილად წარსდგნენ, სანტა მარია ინ კოსმედინის ეკლესიასთან მდებარე ავტობუსების გაჩერების უკან, შემაღლებულ ღია ტერასაზეა. დაზარალებულებთან მხურვალე დამშვიდობების შემდეგ ისინი ტერასიდან მარცხნივ კიბით ჩადიან და „ჭეშმარიტების ბაგეს“ სანახავად მიემართებიან ბერძნული-კათოლიკური სანტა მარია ინ კოსმედინის ეკლესიაში. ტერასიდან და ეკლესიის შესასვლელიდან ბოარიოს ფორუმის პარკში მდებარე  ჰერაკლესა და პორტუნას ანტიკური  ტაძრები  მოჩანს.

„ჭეშმარიტების ბაგესთან“  ფილმის სცენის გასამეორებლად შეიძლება მცირე რიგში დგომაც კი მოგვიწიოს. საკუთარი სიმართლის შემმოწმებელნი მორიგეობით გადიან ბარელიეფთან და სურათს იღებენ. ეს რომის სტუმრების აუცილებელი გასართობი რიტუალია.

“ჭეშმარიტების ბაგე“

ფილმში დიდი ბატალია გაიმართა მდინარე ტიბროსის ნაპირას, სანტ ანჯელოს ციხის ძირას. საცეკვაო მოედნის სცენები ლორენცო ბერნინის მონუმენტებით დამშვენებული სანტ ანჯელოს ხიდის ძირასაა გადაღებული. ეს რა თქმა უნდა დროებითი საცეკვაო სცენა იყო. ამჟამად იქვე ტიბროსის საექსკურსიო კატერების მისადგომია.

სანტ ანჯელოს ხიდი და ციხე

ფილმის დასასრულს, სასახლეში დაბრუნებული პრინცესა ჟურნალისტებთან აწყობს პრეს-კონფერენციას. დავაკვირდეთ შეხვედრის დარბაზებს – ეს ცნობილი კოლონას სასახლეა. ჟურნალისტები საბალო დარბაზში დგანან. ამ დარბაზს თავისი დიდებულებით ვერსალის სასახლის დარბაზსაც ადარებენ. პრინცესა კი, ოდნავ შემაღლებულზე, საბრძოლო სვეტის დარბაზშია. საინტერესოა, რომ 1849  წლიდან შუა  კიბეზე შემორჩენილი ჭურვი, რომელიც საფრანგეთის ჯარების გენერლის ბრძანებით გამოისროლეს სასახლის მიმართულებით, ფილმის სიუჟეტს არ მოერგო და ის დროებით აღებულია.

კოლონას სასახლე. საბალო დარბაზი

ფილმი არ ყოფილა დაგეგმილი რომის ღირშესანიშნაობათა წარმოსაჩენად – ეს ყველაფერი უფრო სიუჟეტური ფონის შესაქმნელად იქნა მოფიქრებული, მაგრამ პრინცესასა და ჟურნალისტის სევდიან-რომანტიკული ისტორია იმდენად მიმზიდველი  გამოვიდა, რომ „რომაული არდადეგები“ დღემდე რომის სავიზიტო ბარათად რჩება.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი