როგორ გავხადოთ მოგზაურობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო

როგორც წესი მოგზაურობა ასოცირდება ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობასთან, შოპინგთან, გართობასთან და ა.შ. თუმცა მე მოგზაურობასთან მიმართებაში მიჩნდება კიდევ ერთი ასოციაცია, რომელიც მეეჭვება ბევრს უყვარდეს. ეს არის რამდენიმე საათიანი ფრენა! ჩემთვის პირადად ხანგრძლივი ფრენა არის სტრესი, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ფრენის შიში, დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა, თვითმფრინავის საკვები და ა.შ.

გადავწყვიტე დავძლიო სტრესი და გავეცანი სხვადასხვა რჩევებსა თუ დაკვირვებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ:

1. ცარიელი ადგილი თქვენს გვერდით
(მანამდე მინდა გითხრათ რომ შეგიძლიათ ეს პუნქტი გამოტოვოთ თუ თქვენ ბიზნეს კლასით მგზავრობთ, ამ შემთხვევაში ეკონომ კლასით მგზავრობის სირთულესა და მასთან გამკლავების გზას განვიხილავ.)

ყველაზე მძიმე ხანგრძლივი მგზავრობისას არის დიდხანს ჯდომის პერსპექტივა და ოცნება ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე. 1თვითმფრინავში, როგორც წესი თითოეულ მწკრივში სამი ადგილია. ჩემი დაკვირვებით არავის უყვარს შუაში ჯდომა. საპირფარეშოში გამოსვლისას ვიღაც უნდა შეაწუხო, ასევე გვერდით მჯდომიც უნდა გაატარო, ილუმინატორშიც ვერ იხედები…მოკლედ დადებითი მხარე შუაში ჯდომას ფაქტიურად არ აქვს. თუ თქვენ მოგზაურობისას ერთი თანამგზავრი გყავთ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილები ილუმინატორთან და გასასვლელთან. ის შუა ადგილი კი ბოლო იქნება რომელსაც დაჯავშნიან, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე არავის უყვარს შუა ადგილას ჯდომა. შესაბამისად თქვენი შანსი იმისა, რომ თვითმფრინავში ერთი ცარიელი ადგილი გქონდეთ გვერდით, იზრდება. ეს უპირატესობა კი როგორც ხვდებით წამოწოლის საშუალებას მოგცემთ.

2. მოძრაობა
ხანგრძლივი მოგზაურობისას ერთ ადგილზე ჯდომისას ორგანიზმში სისხლის მოძრაობა ნელდება, არსებობს ფეხების შეშუპების საშიშროებაც. 2კარგი იქნება პერიოდულად ვარჯიშებს თუ გააკეთებთ. ალბათ გაიფიქრეთ რომ თვითმფრინავში არ არის საკმარისი ადგილი ვარჯიშის გასაკეთებლად. მე გირჩევთ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე, სადაც სწორედ ისეთი ტიპის ვარჯიშებია მოყვანილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეზღუდულ სივრცეში ორგანიზმისთვის საჭირო მოძრაობები შეასრულოთ: http://travel.cnn.com/sydney/visit/plane-yoga-18-exercises-healthy-flying-910157

3. კვება
3აბა როგორ გირჩიოთ რომ ხანგრძლივი მგზავრობისას არ იკვებოთ, მაგრამ შეეცადეთ არ მიირთვათ ძირითადი კერძი, რომელიც მსუყეა და ამ ისედაც ჩაკეტილ, უმოძრაო მდგომარეობაში, თქვენს ყოფას უფრო მძიმეს გახდის. სთხოვეთ ბორტ გამცილებელს ძირითადი კერძის ნაცვლად ე.წ. “სნექები” მოგცეთ – ორცხობილა, ჯემი, კრეკერი და ა.შ. ასეთი საკვები უფრო ადვილი მოსანელებელია და თქვენც სხვა მგზავრებზე უკეთ იგრძნობთ თავს.

4. ძილი
ყველაზე პოპულარული საძილე საშუალება თვითმფრინავით მგზავრობისას არის ალკოჰოლი, მაგრამ მე ამას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ. ალკოჰოლი, გარდა იმისა რომ გადუნებთ, იწვევს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, ამან კი შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიღოს.4

მე გირჩევდით არ დაიშუროთ არც ფული და არც ადგილი ბარგში და თან იქონიოთ ძილის ნიღაბი და გასაბერი ბალიში. ეს ორი ნივთი ნამდვილად დაგეხმარებათ ძილისთვის მინიმალური კომფორტის შექმნაში. ხანგრძლივი მგზავრობისას, ხშირ შემთხვევაში, იყენებენ დასაძინებელ წამლებსაც, თუმცა ეს უკანასკნელი ექიმის გარეშე უმჯობესია არ მიიღოთ.

5. დროის ცვლილება
თუ ისეთ ქვეყანაში მიემგზავრებით სადაც განსხვავება დროში სულ რაღაც 2-3 საათია, მაშინ ეს პრობლემა ნაკლებად შეგეხებათ, მაგრამ თუ განსხვავება უფრო მეტია, მაშინ თქვენს ორგანიზმს დიდი ალბათობით გაუჭირდება ახალ დროზე გადართვა. დროში მნიშვნელოვანმა სხვაობამ შესაძლოა ძილიანობა, უძილობა ან სულაც თავის ტკივილი გამოიწვიოს. 5

პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, არის თვითმფრინავში ასვლისთანავე გადავიყვანო ჩემი საათი იმ დროით სარტყელზე, რომელშიც არის ქვეყანა სადაც მივემგზავრები. ეს მეხმარება იმაში რომ მგზავრობის დასაწყისშივე შევემზადო დღე-ღამის ახალ რეჟიმზე გადასვლას. კარგი მეთოდია აგრეთვე ბორტ გამცილებლების კაბინაზე დაკვირვება, როდესაც ისინი სინათლეს აქრობენ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა დაძინებისთვის. თუმცა არც ის იქნება პრობლემა სინქრონულად დაძინება თუ ვერ მოახერხეთ. როგორც ამბობენ, მთავარი აქ პროპორციებია. აი მაგალითად, ითვლება რომ 6 საათიანი განსხვავება დროით სარტყელში უკვე პრობლემაა, მაგრამ თუ თქვენ მგზავრობის ნახევარს ძილში გაატარებთ და ამასთან რამდენჯერმე ერთმანეთს შეუნაცვლებთ ძილის და სიფხიზლის პერიოდებს, უფრო ადვილად მოახერხებთ ახალ დროსთან ადაპტირებას.

მოკლედ…
ყველა ის რჩევა რაც ჩამოვწერე, რა თქმა უნდა, ზოგს გამოადგება, ზოგს არა. როგორც წესი მაინც საკუთარი მრავალჯერადი გამოცდილება გვეხმარება ინდივიდუალური სტრატეგიების გამომუშავებაში. Amount of direction signs with europeans countries names.თუმცა აღნიშნული რჩევებიც შესაძლოა დაგეხმაროთ ფრენით გამოწვეული სტრესის შემცირებაში.
ყველაზე კარგი ამბავი მაინც ის არის, რომ ნებისმიერი ფრენა ბოლოსდაბოლოს დასრულდება და დაიწყება სასიამოვნო თავგადასავლები.

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი