დავიწყოთ ისევ შეკითხვით – რა საერთო შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიის მწვერვალს – ცერნის (ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრი) ადრონულ კოლაიდერს და დედამიწის ზედაპირის ფორმირების ერთ-ერთ გეოლოგიურ ეტაპს – იურულ პერიოდს? ძალიან მარტივი – კოლაიდერის გვირაბი  ჟურას (Jura) მთების რეგიონის მახლობლობაშია (აქედანაა წარმომდგარი სახელი „იურული“).

01
ცერნის მოდამოები

გეოლოგიური ქანების სიმკვრივემ განაპირობა, რომ  ჟურას მახლობლად ამაჩქარებლის გვირაბის გაყვანის დროს საჭირო სიღრმეზე მიწისქვეშ ჩასვლამ ძალიან დიდი ხარჯები მოითხოვა. ამიტომაც 27 კილომეტრი სიგრძის წრიული გვირაბი არა ჰორიზონტალურად, არამედ ოდნავ დახრილადაა გაყვანილი, რაც მიწისქვეშა საექსპერიმენტო დარბაზებშიც შეიმჩნევა და ფიზიკური დანადგარების მონტაჟის დროს გაითვალისწინება კიდეც.

ხედი ჟურადან
ჟენევის ტბის ხედი ჟურადან

ზამთარში აქაურობა სათხილამურო ტრასებითაა დასერილი, ზაფხული კი მთის ჰაერზე დასვენების მოყვარულთათვის ფასდაუდებელია. ტურისტებისათვის რეგიონის გეოლოგიური წარსული საინტერესო კარსტული მღვიმეების არსებობაში გამოიხატა. ცერნიდან 80 კილომეტრზეა შვეიცარიის პატარა ქალაქი ვალორბი (Vallorbe). აქაა ცნობილი  მღვიმეები, ულამაზესი სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით, თავისი ფორმებითა და ზომებით განუმეორებელნი.

ნაპოლეონის წყარო
ნაპოლეონის წყარო ჟექსთან

ცერნის ქართველი ფიზიკოსების ერთდღიანი საექსკურსიო მარშრუტის ძირითადი მიზანი ამ მღვიმეების მონახულება გახლდათ, თუმცა გზადაგზა კიდევ მრავალი სხვა საინტერესო ადგილი დაემატა. საბოლოოდ ასეთი მარშრუტი შედგა: ცერნი, ჟექსი, ფოსილის უღელტეხილი, ლა კიურ, ტბა ჟუ, ვალორბი, ლოზანა, ვევე, მონტრო, შილონი,  ჟენევა.

ცერნიდან ვალორბისკენ საფრანგეთის მხრიდან მივდივართ. პირველია მთისპირა პატარა ქალაქი   ჟექსი (Gex), რომლიდანაც იწყება ასვლა საუღელტეხილო სერპანტინით ჟურას ქედზე.  ქალაქიდან   გასასვლელთან ე.წ. ნაპოლეონის წყაროა – წარწერიანი დაფა გვამცნობს, რომ იგი 1805 წელს არის აგებული.  უღელტეხილამდე შეიძლება სამზერ მოედანზე შევჩერდეთ და მაღლიდან გადმოვხედოთ ჟენევის ტბის შემოგარენს.

ფოსილის  უღელტეხილზე (Col de la Faucille), გზათა გასაყართან სათხილამურო ბაზა და სასტუმროებია. ჩვენი გზა მარჯვნივ, ჟურას ქედს გაუყვება – მიმართულებაა ქალაქისკენ ლა კიურ (La Cure). თვალს  არ მოუწევს დასვენება – ირგვლივ მთის სილამაზეს საკურორტო ზონების მიმზიდველობაც ემატება. სოფლები ერთმანეთისგან დიდი ველებითაა გამოყოფილი, რომლებზეც უზარმაზარი თივის „ბორბლებია“ მიმოფანტული. თავად სოფლებში კი მრავლადაა ოჯახური სასტუმროები – შვეიცარიული „შალეს“ ტიპის ჩაბურული კოტეჯები. ვალორბამდე ისევ საზღვრის გადაკვეთა გვიწევს ქალაქთან ბუა დ’ამონ  (Bois d’Amont), შვეიცარიის მხარეს დასაბრუნებლად.

04
მდინარე ორბი

მალე გზამ დაშვება დაიწყო, ჩავუარეთ ლამაზ ტბას ჟუ  (Lac de Joux), გადავჭერით ქალაქი ლე პონ (Le Pont)  და უკვე ვალორბში ვართ. მღვიმეებისაკენ გზა ქალაქის ცენტრამდეა – მარჯვნივ დაბლა მივუყვებით საგზაო ნიშნულას მიერ ნაჩვენებ ორღობეს და გავდივართ პატარა მდინარის, ორბის (Orbe)  პირას. ხიდის მეორე მხარეს ავტოსადგომია, აქ ვტოვებთ მანქანას – მღვიმემდე ორასიოდე მეტრია გასავლელი და ეს უკვე დაცული ტერიტორიაა.

შვეიცარიის „დაუცველი“ ადგილები ხომ გამორჩეულია სილამაზით, აქაურობა კი რაღაც განსაკუთრებულ შინაგან სიამოვნებას იწვევს თავისი ბუნებრივობით. ხავსით დაფარულ გზის პირებზე დიდი დაღარული ლოდებია მოფანტული, როგორც ირკვევა, ეს ღარები წყლის ნაკადულების მრავალსაუკუნოვანი „ნამუშევარია“. მდინარეზე საცალფეხო ხიდია, საიდანაც ლამაზი ხედები იშლება მაღალი ხეებით დაბურული ხეობის გასწვრივ. კლდიდან გადმომჩქეფარე მდინარე ორბის ფონზე ლამაზი ფოტოსურათები გამოდის. ეს ის მდინარეა, რომელიც ტბა ჟუდან გამოედინება, გზას ჭრის მთის გულში და აქ გამოდის მიწისქვეშეთიდან. გარეთ მისი ხმაური კი რა მოსატანია იმასთან, რაც გამოქვაბულის სიღრმეებში ხდება!

მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები
მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები

ქვაბულში შესასვლელთან კაფე-ბარია, ბილეთებიც იქვე იყიდება (15 ფრანკი). არ დაგვავიწყდეს, რომ კარსტული მღვიმის გარდა აქვე, კლდის დარბაზებში მინერალების მუზეუმია. ბილეთი ორივე ადგილისთვის საერთოა.

მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები
მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები

ვიწყებთ მღვიმით. გვირაბში შესასვლელთან  სტენდებია, რომელიც მღვიმის შექმნაზე და მის ისტორიაზე მოგვითხრობს. აქვეა მთის ჭრილის სქემები და მაკეტები, რაც ადგილზე საორიენტაციოდაა კარგი. დამთვალიერებლებისათვის სავალი გზა ცალსახადაა განსაზღვრული და შემოკავებული – სახიფათო არაფერია.  სტალაქტიდ-სტალაგმიტები განათებულია, ან მიახლოებისას ირთვება ნათურები ავტომატურად. ზოგიერთ ადგილებში ლურჯად მოციმციმე ღილაკებია – ეს დამატებითი განათების ჩასართავებია – დავაჭიროთ და მიმალული მღვიმეები მხატვრულად, სხვადასხვა ფერებით განათდება (გამოირთვება ავტომატურად).

მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები
მღვიმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები

მივაქციოთ ყურადღება მიმართულების ნიშნულებს  – ზოგან გვერდულა მღვიმეშია გასასვლელი და არ გამოგვრჩეს – ნუ მოვიკლებთ სილამაზეს…  დარბაზებსა და ქვაბულებს სახელები აქვს შერქმეული და ბილეთებთან ერთად აღებულ სქემას მივადევნოთ თვალყური. კედელზე შეიძლება შევნიშნოთ წყლის დონის ნიშნულები – ყოფილა შემთხვევა (1977 და 2004 წლებში), როცა ადიდებულ მდინარეს აქამდეც ამოუღწევია.

08
დიდი ამეთისტი

გამოსვლამდე გადავუხვიოთ მინერალების კოლექციისაკენ. ამ ადგილს ფერიას საგანძურს უწოდებენ. ლეგენდა გვეუბნება, რომ ადრე ვერავინ ბედავდა ფერიას შიშით ქვაბულში შესვლას. თავად ფერიას შეუყვანია ერთხელ მჭედელი ბიჭუნა მიწისქვეშეთში, ნანახის  საიდუმლოდ შენახვის პირობით. ვერ მოითმინა ბიჭმა, უამბო მჭედლებს რაც თავს გადახდა. ნათქვამის დასამტკიცებლად ჯიბეები გადმოიტრიალა, მაგრამ  წამოღებული ძვირფასი ქვების ნაცვლად ჯიბეში ფოთლები აღმოაჩნდა, და დაცინვები რომ ვეღარ აიტანა, სხვაგან გადაიხვეწა.

ექსპონატები კედლების გასწვრივ ნიშებშია მოთავსებული, ოთახების ცენტრებში კი განსაკუთრებული მინერალებია გამოფენილი. ყოველ ექსპონატს ახლავს წარწერა მინერალის სახელითა და წარმოშობის ადგილის მითითებით. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდანაა მოტანილი. მუზეუმის სიამაყეა უზარმაზარი ამეთისტი, მოთავსებული დარბაზის ცენტრალურ პოდიუმზე.  ერთი დარბაზის ცენტრში ლეგენდის ფერიას პატარა ქანდაკებაცაა.

მღვიმის გარეთ მცირე დასვენება მდინარის მეორე მხარეს, ფოთლებით მოფენილ ჭალაში აჯობებს, საითაც საცალფეხო ხიდით შეგვიძლია გადავიდეთ.

09
თევზაობა ვალორბის მღვიმესთან

ვბრუნდებით მანქანის სადგომისაკენ, მაგრამ ამით ვალორბის ღირშესანიშნაობები არ მთავრდება. ავუყვეთ ხიდიდან მდინარის მარცხენა ნაპირს  –  აქ სათევზო მეურნეობებია და არც ტურისტები დავიწყებიათ – მეპატრონეს მომზადებული აქვს ანკესები, სხვა სათევზაო ინვენტარი და იქვე, გუბურებში შეიძლება კალმახების დაჭერა. თევზი დიდხანს არ გვალოდინებს – 5 წუთში ანკესი უკვე დაჭიმულია. მეპატრონესთან ანგარიშსწორება წამოსვლისას ხდება.  დაჭერილი თევზის გასუფთავება იქვე, სპეციალურად მოწყობილ ონკანებთან შეიძლება. რა თქმა უნდა, ასეთი თევზაობა ნატურალურს ვერ შეედრება, მაგრამ აზარტი ყველგანაა და ძნელიც კი არის გზის გასაგრძელებლად ანკესების ახვევა.

მარშრუტის შემდეგი ნაწილია ჟენევის ტბის (Lac Leman) ჩრდილოეთით გასეირნება. ვალორბიდან ავიღოთ მიმართულება ლოზანისაკენ – ნიშნულები ყოველ მოსახვევთანაა და ადვილად გამოვაგნებთ. 1 საათში ლოზანას მივადგებით.

ლოზანაში (Losana) პირდაპირ ავტობანი შეგვიყვანს. ქალაქი საკმაოდ დამრეც ფერდობზეა, ხედები კი კარგია – ჟენევის ტბას გადაჰყურებს, მაგრამ სასეირნოდ აჯობებს ტბის სანაპირო ზოლი ავირჩიოთ – ულამაზესი ადგილებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით. ტბაზე ნავებით გასეირნებაც კი შეიძლება პროგრამაში ჩაისვას.  ქალაქი სილამაზის გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების ცენტრებითაა ცნობილი, ასევე აქაური ტექნიკური უნივერსიტეტი საყოველთაოდ აღიარებულია.

ვევე. ჩარლი ჩაპლინის ძეგლთან
ვევე. ჩარლი ჩაპლინის ძეგლთან

ჟენევის ტბას ლოზანადან ასევე ლამაზი მცირე ზომის საკურორტო ქალაქები მიუყვება. ვევეში (Vevey) თუ გავჩერდებით, ტბის სანაპირო პარკში  ჩარლი ჩაპლინის ძეგლთან უნდა გადავიღოთ სურათი აუცილებლად. დიდი კომიკოსი აქ ცხოვრობდა, და თავის სახლშივე გარდაიცვალა 88 წლის ასაკში, 1977 წელს. დაკრძალულია აქვე, ვევეს სასაფლაოზე.

მონტრო. ფრედი მერკურის ძეგლი
მონტრო. ფრედი მერკურის ძეგლი

მონტრო (Montreux) ცნობილია ყოველი წლის ივლისში გამართული ჯაზ-ფესტივალებით და ძვირფასი სასტუმროებით. ფრედი მერკურის ძეგლი ამშვენებს ტბის პირას ქალაქის ცენტრალური მოედანს.  როგორც ცნობილია, ანსამბლმა „ქუინმა“ მონტროში მრავალი კონცერტი გამართა, ალბომებიც ჩაუწერიათ აქაურ სტუდიაში.  სიცოცხლის ბოლო თვე მომღერალმა მონტროში გაატარა. ჩეხი მოქანდაკის მიერ 1996 წელს დადგმული ძეგლი, მომღერლისთვის დამახასიათებელ სასიმღერო პოზაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტულ სამყაროში.  ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირა დღეს მერკურის მემორიალური კონცერტებიც კი იმართება ამ მოედანზე.

შილონის ციხე
შილონის ციხე

გავაგრძელოთ გზა ტბის სანაპიროს გასწვრივ და მონტროს შემდეგ მალე გამოჩნდება ჟენევის ტბის მშვენება – შილონის ციხე-სიმაგრე (Chateaux de Chillon). მანქანის გასაჩერებლად გზის გასწვრივ დიდი ტერიტორიაა გამოყოფილი.  ციხეში შესასვლელი ბილეთის ფასია 12 ფრანკი. ღიაა ყოველდღე, 18 საათამდე.

შილონის ციხე
შილონის ციხე

 

ციხე-სიმაგრე ისტორიულ დოკუმენტებში პირველად 1150 წელს მოიხსენიება. შემაერთებელ გზაზე სოლიდურ ფორპოსტს წარმოადგენდა. XIII საუკუნეში პიერ II სავოიელმა სიმაგრე გააფართოვა და თავის საზაფხულო რეზიდენციად გადააქცია. 1536 წლიდან ბერნის პერიოდი იწყება – შილონის ციხე შვეიცარიის კუთვნილება გახდა. თანდათან ციხე-სიმაგრე კარგავს ფუნქციას – შეიცვალა ომებისა და შეიარაღების სახეები და ციხეც შესაბამისად ცდილობს არ ჩამორჩეს დროის სვლას, თუმცა უკვე მარცვლეულის საწყობადაც კი იყენებენ! 1798 წლიდან, ვოს რევოლუციის შემდგომ ბერნმა დაკარგა პირდაპირი მმართველობა. კანტონ ვოს შექმნიდან (1803 წ.) ციხე უკვე მას  დაექვემდებარა. აღდგენითი სამუშაოები XIX საუკუნის შუადან დაიწყო და დღემდე გრძელდება. შილონის ციხეს ევროპელი განათლებული საზოგადოების ყურადღება არ აკლდა. XVIII საუკუნეში ჟან-ჟაკ რუსომ გამოიყენა იგი თავის ნაწარმოებში, 1816 წელს კი ბაირონმა იმოგზაურა რუსოს ნაწარმოების ნაკვალევზე და თავის პოემაში „შილონის ტყვე“ ისტორიული პიროვნება ფრანსუა ბონივარი, XVI საუკუნის ჟენევის ეკლესიის წინამძღვარი თავისუფლებისათვის მებრძოლ ლეგენდად გადააქცია. ციხის სარდაფის სართულის კედელზე ამ მოვლენის აღმნიშვნელი წარწერიანი დაფა არის მიმაგრებული.

14
შილონის ციხე

დამთვალიერებელი ციხის თითქმის ყველა დარბაზში მოხვდება. სარდაფის სართულზე სხვადასხვა ეპოქის დროინდელი მაკეტებია წარმოდგენილი. ზედა სართულების დარბაზებში ძველებური ავეჯი, სკივრები, იარაღები, რაინდული ჯავშან-მუზარადები, ჭურჭელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარია წარმოდგენილი. უზარმაზარი ბუხრები მიიქცევს ყურადღებას პირველ რიგში, და ასევე საოცრად პატარა ზომის საწოლები…

შილონიდან გზა შეიძლება ჟენევის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროთი გავაგრძელოთ ჟენევამდე, და ამგვარად ტბას სრულად შემოვუვლით გარშემო. ამ გზაზე ისევ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა გვიწევს, თუმცა საზღვარი შეიძლება ვერც შევამჩნიოთ. ამ მხარეს მდებარე აქვაპარკი ალბათ უფრო ცალკე ვიზიტს საჭიროებს, მთელდღიანს,

ივუარი
ივუარი

მაგრამ დავიტოვოთ დრო და    შევიაროთ ულამაზეს ქალაქ ივუარში – ტბისპირა ქალაქი გაგვაოცებს ძველი ციხე-სასახლითა და სახლებით, ლამაზი სანაპიროთი და უამრავი ყვავილებით.

ივუარი
ივუარი

18

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი