მაღალმთიანი კურორტი შამონი (chamonix) საფრანგეთის ტერიტორიაზეა, მონ-ბლანის (4810 მ) მთის ძირას. ზამთრის სპორტის მოყვარულებს ამ კურორტის შესახებ ბევრი რამ სმენიათ – ზამთრის პირველი  ოლიმპიური თამაშები (1924 წ.), 100 თანამედროვე სამთო-სათხილამურო ტრასა, ძვირფასი სასტუმროები. ალპინისტებს ხომ ევროპის უმაღლესი წერტილი არ მიესწავლებათ.

02
საბაგირო გზა ეგუიისაკენ

ცერნის ფიზიკოსები კი, თუ სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან, იმით შეუძლიათ იამაყონ, რომ აქ იმართება პერიოდულად გასვლითი სამეცნიერო თათბირები და გარშემო ლამაზი ადგილების შემოვლას ჩვეული რომანტიზმით უდგებიან, მით უმეტეს, რომ შამონი ზაფხულის პერიოდშიც არანაკლებ ძვირფასი კურორტია.

03
ეგუიის პიკის კლდე

ცერნიდან შამონისაკენ არაა საჭირო ჟენევის ცენტრის გავლა – მეირინთან პირდაპირ ჩქაროსნულ გზაზე გადავდივართ და შემდეგ, თუ ნავიგატორი არა გვაქვს,  გზის მაჩვენებლები გაგვიკვალავს მიმართულებას.

04
ალპები მონ-ბლანიდან

 შვეიცარია-საფრანგეთის საზღვრებზე ტურისტებისათვის არავითარი ბარიერი არ არსებობს, ზოგან ისე გადაგვიკვეთია ეს ზონები, რომ არც შეგვიმჩნევია. შვეიცარიის ეს მხარე – ჟენევის შემოგარენი – ფრანგულენოვანია, და თუ შვეიცარიული დიალექტების დიდი მცნობები არა ვართ, ეს გადასვლა შეუმჩნეველი დარჩება, თუმცა არა ავტომძღოლებისათვის – ავტობანისა და უბრალო გზის აღმნიშვნელი საგზაო ნიშნების ფერები შვეიცარიასა და საფრანგეთში გადანაცვლებულია რატომღაც. ასევე, ჩქაროსნულ გზისათვის  შვეიცარიაში ერთწლიანი მარკის ყიდვაა საჭირო (40 ფრანკი) და შემდეგ შეგვიძლია მშვიდად ვიმოგზაუროთ, საფრანგეთში კი  ასეთ გზებზე ბარიერებია, გავლილი მანძილის მიხედვით პერიოდულად ფულის გადასახდელად.  ჟენევიდან შამონიმდე 80 კილომეტრია, საფრანგეთის გზებზე ორ ადგილასაა ფულის გადასახდელი ბარიერი და ერთი მიმართულებით გზის ხარჯი დაახლოებით 5 ევროა.

05
ალპები მონ-ბლანიდან

გზაზე ალპების მახლობლობაში საინტერესო ხედები იკვეთება. მარჯვენა მხარეს უზარმაზარი მყინვარი – მთებიდან გადმოსული ყინულის მდინარე მიიპყრობს ყურადღებას. ასევე, უქარო ამინდში ცაში დაკიდულ პარაპლანერისტებს შეიძლება მოვკრათ თვალი.

07
ალპები მონ-ბლანიდან

ერთ საათში უკვე შამონიში ვართ. ქალაქში შესვლამდე წრიდან მარჯვნივ გადასახვევია და ის გზა იტალიისკენ მიემართება მონ-ბლანის ქვეშ გაჭრილი 11 კილომეტრიანი გვირაბით.

06
ალპები მონ-ბლანიდან

შამონიში ჩვენი პირველი მიზანია „მონ-ბლანის დაპყრობა“, ან, უფრო რეალურად – მთაზე საბაგირო გზაა აყვანილი, რომელიც იტალიის ალპებშიც კი გადადის და ამ გზით 3842 მეტრ სიმაღლეზე შეგვიძლია ასვლა!

08
ეგუიის პიკი

გასაგებია, რომ სიმაღლეზე მოგზაურობას თავისი სირთულეები აქვს – თუ წნევა გვაწუხებს, ან საბაგიროს ვაგონში და დიდ სიმაღლეზე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, აჯობებს სხვა მარშრუტი დავგეგმოთ თავიდანვე. უამინდობის დროს საბაგირო გზა უსაფრთხოების მიზნით აღარ მუშაობს – წამოსვლის დილას ეს საკითხიც უნდა გადავამოწმოთ. ამინდის მიხედვით – მსუბუქი მოსასხამის წამოღებაც არ იქნება ურიგო. მოვიმარჯვოთ ფოტოაკამერები – გარშემო ისეთი სილამაზე გადაიშლება, რომ  ამას მხოლოდ თვალები ვერ ეყოფა და აჯობებს ფოტო-ობიექტივიც შევაშველოთ, რათა შემდგომ ყველაფერი ნელ-ნელა გავითავისოთ.

09
სამზერი პლატფორმა ეგუიის პიკთან

მანქანების დიდი სადგომი შამონის შესასვლელშივეა, იქვეა საბაგირო გზის ქვედა სადგურიც. ასვლა-ჩამოსვლის ბილეთი ეგუილ დუ მიდი-მდე 41 ევრო ღირს. 20 წუთიანი მგზავრობა ორ ეტაპიანია, ანუ ერთი ხაზი შუამდე ადის, შემდეგ მეორე ხაზზე გადავსხდებით. საბაგირო გზა 1955 წელსაა აგებული. სადგურებს შორის სიმაღლეთა სხვაობა 2742 მეტრია.

10
ეგუიის პიკზე

ეგუიი დუ მიდი (Aiguille du Midi – შუადღის პიკი) – ეს მონ-ბლანის მთისპირა პიკია. როგორც ამბობენ, შამონიდან შუადღის მზე სწორედ ამ პიკს ექცევა თავზე  და აქედან წარმომდგარა ეს სახელწოდება. სიმაღლე ზღვის დონიდან 3842 მეტრია, ანუ მთავარ მწვერვალამდე სულ რაღაც 1020 მეტრიღაა.

11
მყინვარი მონ-ბლანიდან შამონისაკენ

 ასვლის დასაწყისიდანვე, საბაგირო ხაზის მარჯვენა მხარეს ისევ ყინულის მდინარეს ვხედავთ – განუმეორებელი ხედებია.

12
ალპები მონ-ბლანიდან

ტურისტებისათვის საბაგიროს ზედა სადგურთან  სამზერი მოედნებია გაკეთებული. პიკის ყველა მხარეს ულამაზესი ხედებია – ალპების მთებისაკენ იქნება ეს თუ შამონის ხეობაში. თუ გაგვიმართლა და მონ-ბლანის წვერო არ იქნა ღრუბლებით დაფარული – კიდევ უკეთესი.

უფრო ენერგიული ტურისტებისათვის ალპინისტური მარშრუტებიც არსებობს – სპეციალური გამყოლების თანხლებით შეიძლება ფეხით ამოსვლა და კიდევ ზემოთ წასვლაც – ეს უკვე საკუთარი ძალების შეფასების მიხედვით. სამზერი პლატფორმებიდან ასეთ ჯგუფებს დავინახავთ თოვლიან ფერდობებზე. საბაგიროს ზედა სადგურის მოედნიდან პატარა ხიდი გადადის მეორე კლდეზე, ეგუილის პიკზე ასასვლელად. გადავიაროთ ეს უფსკრულის ხიდი და შევიდეთ ხელოვნურ ქვაბულში – აქედან ლიფტი უკვე პიკის გარშემო მოწყობილ ზედა სამზერ  პლატფორმაზე აგვიყვანს. ცენტრში აღმართული მაღალი კოშკი მეხამრიდის ფუნქციასაც  ასრულებს.

13
ალპები მონ-ბლანიდან

ეგუიისთან იწყება უდიდესი, 22 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა, რომელიც შამონიში ჩადის. ეს უკვე ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვისაა.

უფრო ზემოთ კი მხოლოდ მონ-ბლანი, ჩიტები  და ცააა…

ყოველი ტურისტის შინაგანი ლტოლვა – ასვლა სადმე სიმაღლეზე და იქედან გადმოხედვა გარშემო ადგილებისათვის – მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. დაგვრჩა ფოტო-ვიდეო კამერებზე აღვბეჭდოთ ეს ლამაზი დილა. თუ ფოტოტექნიკა პანორამული სურათის გადაღების საშუალებას იძლევა – ნუ დავიზარებთ..

14
შამონის „კუკუშკა“

დავეშვათ „მიწაზე“ იგივე საბაგირო ხაზებით, და მოვემზადოთ მეორე ექსკურსიისათვის, მერ დე გლასისაკენ   (Mer de Glace – ყინულის ზღვა).  7 კმ სიგრძისა და 200 მ სისქის ყინულის მდინარე მონ-ბლანის ჩრდილოეთ მხარეზეა და საფრანგეთის უდიდეს მყინვარს წარმოადგენს. ყინულის მოძრაობის სიჩქარე დაახლოებით 1 სანტიმეტრია საათში. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე  მისი ბოლო უკვე დნება და მდინარე არვეირონს (Arveyron) აძლევს სათავეს.  ყინულში გაკეთებული სადინარები ნადნობ წყალს ჰიდროელექტრო სადგურისაკენაც წარმართავს. ამით   რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებაც ხდება სეზონურად. მყინვარის ზედაპირი ნაშალი ქანებითაა ნაწილობრივ დაფარული, ზაფხულის პერიოდში სურათი ცუდად მოვლილ მთის გზას მოგვაგონებს.

15
საბაგირო გვირაბებისკენ

ფეხით ან მანქანით გადავიდეთ რკინიგზის სადგურში, რომელიც ფერ დე მონტანვერის ქუჩაზე მდებარეობს. აქედან  პატარა მატარებელი ვიწრო ლიანდაგიანი გზით ზღვის დონიდან 1913 მეტრ სიმაღლეზე აგვიყვანს. გასვლა ყოველ 20-30 წუთშია, ბოლო რეისი 16-17 საათისთვის სრულდება. სრული ბილეთის ფასია 25 ევრო – მოიცავს ორმხრივ მგზავრობას მატარებლით, საბაგიროთი და ვიზიტს ყინულის გვირაბში. საინტერესოა, რომ მატარებლის ლიანდაგს მესამე, კბილანებიანი რელსიც გასდევს – მთაზე ასვლისას ვაგონების  წამყვანი ბორბლის კბილანების ჩასაჭიდებლად. ზედა  სადგურ მონტანვერამდე (Le Montenvers)  20 წუთია საჭირო. აქ უკვე საბაგირო ხაზზე გადავჯდებით, ოღონდ  დაბლა, მყინვარისაკენ დავეშვებით. კიდევ მცირე სერპანტინი ფეხით იქნება ჩასავლელი და ყინულის გვირაბი ჩვენს წინაშეა! აქ არ არის ბუნებრივი ქვაბულები, ყველაფერი ადამიანის ხელითაა შექმნილი – ყინულის მდინარის გარდა, რომელიც ნელ-ნელ ადამიანის მიერვე ნადგურდება…

16
გვირაბებში შესასვლელები

გვირაბების სისტემა დიდი მასშტაბებით და სირთულით არ გამოირჩევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენს თავზე 200 მეტრი სისქის ყინულია, დიდ შინაგან ემოციებს იწვევს. მრავალფეროვანი განათების სისტემა ყინულის კედლებს სილამაზეს მატებს. ადგილ-ადგილ ყინულისგან ქანდაკებებიც გამოუჭრიათ ენთუზიასტებს, ოთახებშიც გამოვარჩევთ ყინულის „სამზარეულოს“, „საძინებელსა“ თუ „ბუხრის ოთახს“. ერთ-ერთ შესახვევში ბომბორა სენბერნარი ელოდება მასთან სურათის გადაღების მსურველებს – ამ ჯიშის ძაღლებს ხომ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ მთებში.

17
ყინულის მდინარე

ყინულის მოძრაობის გამო გვირაბი დაბლა ინაცვლებს, და 2 წელიწადში შესასვლელი უკვე გადის გარე ინფრასტრუქტურის ზონიდან, ამიტომ ამ დროს  ახალი გვირაბი კეთდება – ძველი შესასვლელები შეგვიძლია დავინახოთ ზედა პლატოდან.  მოძრაობის სიჩქარე მყინვარის ცენტრში 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ნაპირებისაკენ, და ეს გარემოება პერიოდულად გვირაბების მცირე „რემონტსაც“  მოითხოვს.  ზაფხულშიც კი გვირაბებში ტემპერატურა +8 გრადუსია,  მოსასხამი აქაც საჭიროა.

18
ყინულის გვირაბი

რკინიგზის ზედა სადგურის მოედანთან კლდეში შეჭრილ გვირაბში  მინერალების პატარა მუზეუმია – შეიძლება მისი მონახულებაც, თუ მატარებელზე ლოდინი გვიწევს.  ასევე აქვე ახლოს სასტუმროა.

19
ყინულის გვირაბი

შამონიდან ამ მხარეს სამთო რკინიგზის გაკეთების იდეა ჯერ კიდევ 1877 წელს დაიბადა – მანამდე კი ტურისტების ამოყვანა მყინვარის ხედების დასათვალიერებლად  ცხენებისა და ჯორების ქარავნებით ხდებოდა. პროექტმა დამტკიცებამდე მრავალი წინააღმდეგობა გადალახა – პირველ რიგში ადგილობრივთა მხრიდან, რადგან მათ უკვე აწყობილი ბიზნესის დიდი კონკურენცია დაინახეს. სამუშაოების დაწყება 1906 წელს მოხერხდა და 1909 წლის მაისში ხაზი გადაეცა ექსპლუატაციაში.  სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებასთან ერთად ორთქმავლები ჯერ დიზელის ძრავიანი გამწევებით შეიცვალა, 1952 წლიდან კი ხაზის სრული ელექტროფიკაცია მოხდა. ძველი დროის მოსაგონებლად ქვედა სადგურთან ისტორიული  ორთქლმავალია კვარცხლბეკზე შეგორებული.

20
ყინულის გვირაბი

შამონიში მთის მატარებლით კიდევ ერთი მარშრუტია შესაძლებელი – მოგზაურობა მონ-ბლანის მთის კალთებზე, მაგრამ ეს უკვე ერთდღიან გეგმაში ვეღარ მოესწრება, თანაც შთაბეჭდილებები უკვე საკმარისზე მეტიცაა.

21
ყინულის გვირაბი
22
მონტანვერის სადგური

აჯობებს გავისეირნოთ შამონის ქუჩებში. საინტერესო ქანდაკებაა ცენტრალურ მოედანზე – შვეიცარიელი ფიზიკოსი, გეოლოგი, ბოტანიკოსი და ალპინისტი ორას ბენედიქტ დე სოსიური და 1786 წელს მონ-ბლანის პირველი დამპყრობი ჟაკ ბალმა გასცქერიან ევროპის უმაღლეს მწვერვალს. დე სოსიურიმ ბალმასთან ერთად მონ-ბლანის მწვერვალზე ასვლისას (1787 წელს) სპეციალური აპარატურის დახმარებით პირველმა დაამტკიცა, რომ ეს ევროპის უმაღლესი მწვერვალია. მასვე ეკუთვნის მზის ღუმელის გამოგონება – პრიალა ზედაპირებიდან არეკლილი მზის სხივები კონცენტრირდება ჩადგმულ ჭურჭელზე და ენერგია საკმარისია საჭმლის მოსამზადებლად. ასეთი ღუმელები დღესაც ფართოდ გამოიყენება – მაგალითად, აფრიკაში, ლტოლვილთა ბანაკებში.  დე სოსიურის  ასევე  მრავალი დამსახურება აქვს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, რაც მისი სახელის დარქმევითაა აღნიშნული.  აღსანიშნავია, რომ ტერმინი „გეოლოგია“ მისი შემოტანილია!

23
შამონის ქუჩებში

აღწერილი ორივე ექსკურსია  სრულ დღეს დაიკავებს. თუ მოკლე დროში მოხერხდა ორივეგან ასვლა, საღამო შეიძლება ქალაქ ანსიში გასეირნებას დავუთმოთ – ანსის ტბის პირას გაშენებულ პატარა ქალაქს ზედა სავოიის რეგიონის ვენეციასაც უწოდებენ. ან იქნებ ანსის ცალკე დღეც დაეთმოს – სანახავი საკმაოდაა.

ამჯერად კი დაგვრჩენია წამოსვლის წინ ძველ-თბილისელი კუნტსკამერისტის ცნობილი ფრაზა გავიმეოროთ:  „ეგეცა მონ-ბლანიიი…“

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი