ჰოლმსის ბარელიეფი

         წარმოვიდგინოთ საღამოს ოჯახური იდილია – ქმარი დეტექტიური ჟანრის კლასიკით – არტურ კონან-დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის“ კითხვითაა გართული, ცოლი კი სამზარეულოში  ტორტის მოსართავად ჰაეროვან ბეზეებს აცხობს. შეიძლება ამ ორ საქმიანობას ჰქონდეს რაიმე საერთო, დამაკავშირებელი ერთმანეთთან? ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არსებობს! და ესაა შვეიცარიის პატარა ქალაქი მეირინგენი!

Meiringen-01
ცერნის გლობუსი

           „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“ – ასე ეწოდება კონან-დოილის მოთხრობას, სადაც დეტექტივი „იღუპება“ შვეიცარიაში, რეიხენბახის ჩანჩქერის კასკადებში (თუმცა შემდგომში ისევ გამოჩნდება მკითხველთა დაჟინებული მოთხოვნის გამო…).  ეს ჩანჩქერი სწორედ პატარა ქალაქ მეირინგენთანაა. ჩვენი ექსკურსიაც ამ ლიტერატურული გმირის ნაკვალევის გაცნობის საბაბით დაიგეგმა. შვეიცარიაში მანქანით გამგზავრებას დიდი მომზადება არ სჭირდება – უფრო თავისუფალი დროს გამონახვაა ძნელი. საბედნიეროდ, გამოინახა ეს დღე და ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრიდან (CERN) ქართველ ფიზიკოსთა პატარა ჯუფის ერთდღიანი მოგზაურობაც დაიწყო. მარშრუტი ჟენევიდან მეირინგენამდე სატელიტურმა ნავიგატორმა დაგვიდგინა,  ჩვენც არ  დაგვიწყია ამ მხრივ იმპროვიზაციები და მივყევით უახლესი ტექნოლოგიით მითითებულ გზას.  შვეიცარიის ჩქაროსნულ გზებზე ძალიან მარტივია ორიენტაცია ნავიგატორის გარეშეც – მიმანიშნებელი დაფები დაბნევის საშუალებას არ იძლევა.

Meiringen-02
გრუიერის ციხის ხედი

          გზა გადიოდა შემდეგ ქალაქებზე: ჟენევა, ნიონი, ლოზანა, ვევე, ბული, გრუიერი,  სპიეზი, ინტერლაკენი და მეირინგენი. რადგან ჩვენი დრო ჩვენსავე განკარგულებაში იყო, ლამაზ ადგილებთან გაჩერება შესვენებისა და „მუხლის გამართვის“ საბაბით ხშირად გვქონდა. ასე გავჩერდით სოფელ გრუიერში. ეს ის ადგილია, სადაც მზადდება საუკეთესო  შვეიცარიული  ყველი – გრუიერი. ძველი სოფელი ბორცვის თხემზეა განლაგებული შუასაუკუნოვანი ციხის წინ. მანქანების სადგომი ბორცვის ძირასაა, შემდეგ სერპანტინული ბილიკით ფეხით ასვლა არის საჭირო. მალე აღმოვჩნდით სოფლის ტურისტულ ნაწილში, და ისეთი ხედებით გარშემო, თითქოს 2-3 ასეული წლის წინ დრო გაჩერებულა და იმდროინდელი სილამაზე ამგვარად შემონახულა. მთავარი ქუჩა ციხე-კოშკში შესასვლელ კარიბჭეს ადგება. იქვეა ბილეთების სალაროც (9.5 ფრანკი) და 1 საათი მაინც XIII საუკუნის შვეიცარიელ ფეოდალთა ყოფის გაცნობას  უნდა დავუთმოთ. ამ სოფელშია  ასევე მხატვარ გიგერის გამოფენა-მუზეუმი, თუმცა წინ ბევრი სილამაზე გველოდება და აღარ  გავიფუჭოთ „თვალი“ ამ უჩვეულო ხელოვნებით…

        ამის შემდეგ  ნავიგატორმა ბევრი აღმართ-დაღმართი გადაგვატარა, ლამაზი ხედები გარშემო კიდევ უფრო მშვენდებოდა. ყველის მწარმოებელ ქვეყანაში რა გასაკვირია, რომ ბალახი დიდ პატივშია. ასე საგულდაგულოდ მოთიბული მინდვრები ჩვენთან ალბათ მარტო ფეხბურთის სტადიონებზეა. ან ხომ არ გგონიათ იპოვნოთ მინდორში ველურად ამოსული ბუჩქი თუ ეკლიანი ბარდი…

Meiringen-03
უნტერბახის ჩანჩქერი, მეირინგენის აეროპორტთან

        გზამ მალე გაივაკა და ალპურ ხეობას მივუყვებით. გარშემო უკვე მაღალი მთებიდან მომჩქეფარე ჩანჩქერები მოჩანს. ერთ ადგილას ლამაზი ჩანჩქერი საკმაოდ ახლოს იყო გზასთან და გადავწყვიტეთ მისკენ გადაგვეხვია. მთავარი გზის მარჯვნივ პატარა შესახვევიც გამოჩნდა, მარტივი შლაგბაუმით, რომელიც გახსნილი იყო – გადავჭერით ეს ადგილი და დიდ გაშლილ მინდორზე გავედით, რომელსაც შუაში ფართო მოასფალტებული სწორი გზა გასდევდა. აქ გადავწყვიტეთ მანქანის დატოვება და  გზის პირას კოხტად მივაყენეთ. სანამ მინდვრის მეორე მხარეს გადავედით, მაინც მიმოვავლე თვალი ირგვლივ – რაღაც არაა სწორი – შვეიცარიაში ამხელა მინდორი ასე თავისუფალი! თანაც ეს უცნაური გზა, მიმავალი არსაით, მანქანების გარეშე და საუკეთესო საფარით! და რატომაა გზის შუა ხაზის გასწვრივ ასფალტში ნათურები? და უცებ განათდა გონება!

– ბიჭებო, ჩქარა, მანქანაში და დავახვიეთ აქედან – დავუძახე მეგობრებს.

– რა მოხდა? – ვერ მიხვდნენ ჩემს შეშფოთებას უცებ.

– რა და აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ვართ!

ეს უკვე ყველამ გაიგო და ერთი წუთიც  აღარ დაგვჭირვებია, რომ იქედან წავსულიყავით.

          მიუხედავად ამისა, ჩანჩქერი მაინც არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. როგორც მერე გავარკვიეთ, აქ ყოფილა მეირინგენის აეროპორტის ასაფრენი ზოლი.  ჩანჩქერი კი  სოფელ უნტერბახთანაა.

ბრინჯაოს დეტექტივთან ჰოლმსის მუზეუმის ეზოში
ბრინჯაოს დეტექტივთან ჰოლმსის მუზეუმის ეზოში

       მეირინგენში მანქანის დაყენება უკვე უპრობლემოდ მოვახერხეთ და შევუდექით ისტორიულ-ლიტერატურულ-ტურისტული პროგრამის განხორციელებას.

ბეიკერ-სტრიტის მისაღები ოთახი მუზეუმში
ბეიკერ-სტრიტის მისაღები ოთახი მუზეუმში

          ქალაქი გერმანულენოვანი შვეიცარიის მხარესაა, ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა ფრანგულენოვან CERN-ელებს. მაგრამ მალე, როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, ციურიხიდან მატარებლით ჩვენი „მოგერმანულე“ მეგობარი შემოგვიერთდა და საქმე გამარტივდა.

ჰოლმსის ცვილის ფიგურა
ჰოლმსის ცვილის ფიგურა

       შერლოკ ჰოლმსის „სულის ტრიალი“ ქალაქში ყველგან იგრძნობა. ტურისტული ბიზნესი ამ მიმართულებითაა ორიენტირებული, რაც პირველ რიგში სუვენირებში აისახება. აბა, თამბაქოს მოყვარულები აქედან დაგრეხილი ჩიბუხის გარეშე ხომ ვერ წავლენ (ისე, არ შემიმჩნევია მაღაზიებში, მაგრამ ალბათ ვიოლინოები რომ გაეყიდათ, ეყოლებოდათ მყიდველი).  სასტუმროების სახელებიც მიიქცევს ყურადღებას – „შერლოკ ჰოლმსი“, „ბეიკერ-სტრიტი“…   პატარა  ეკლესიის ქვედა სართული   ჰოლმსის მუზეუმს აქვს დათმობილი. წიგნის მიხედვით გაწყობილ ოთახში მინის კედელს მიღმა დაკვირვებული მკითხველ-მოგზაური უეჭველად ამოიცნობს ბეიკერ-სტრიტის მისაღებ ოთახს. ბუხარი იქვე სავარძლებით, ვიოლინო, გაპრიალებული ყავადანი, ცილინდრი და ხელთათმანები, პენსნე, ბინოკლი, აბაჟურიანი მაგიდის ლამპა, გაშლილი გაზეთები – ეს ყველაფერი ლიტერატურული გმირების ეპოქაში გადაგვიყვანს. მუზეუმის შემქმნელებს კონან-დოილის მიერ ნაწარმოებში მოხსენიებული მრავალი დეტალი „გაუცოცხლებიათ“. აქვე, ფოიეს სტენდებში შესაბამისი პერიოდის ტანსაცმელი, ქუდები და სხვა ნივთებია წარმოდგენილი. შერლოკ ჰოლმსის ცვილის ბიუსტი – უხმაურო თოფიდან ნასროლი ტყვიით განგმირული, დეტექტივის ლინზა და ორიგინალური ფორმის ჩიბუხი – ეს ყველაფერი ხომ ნაწარმოებიდან გადმოტანილი ექსპონატებია. მუზეუმის წინ უკვე თავად  ჰოლმსი ზის, ბრინჯაოში გამოსახული, ცნობილი ჩიბუხით ხელში, და მის გვერდით სპეციალურად ადგილია თაყვანისმცემელთა  ჩამოსაჯდომად და სურათების გადასაღებად.

მუზეუმის სტენდი
მუზეუმის სტენდი

       მუზეუმიდან რეიხენბახის ჩანჩქერის ძირამდე 20 წუთის სავალია ფეხით. სადგურის მოედნიდან ავტობუსითაც შეიძლება მისვლა (გაჩერება „ვილიგენი“). ჩანჩქერის შუაწელამდე ფუნიკულორის  წითელი ვაგონი აგვიყვანს (ორმხრივი ბილეთის ფასი 10 ფრანკია).

ვაგონით ჩანჩქერისაკენ
ვაგონით ჩანჩქერისაკენ

         ფუნიკულორი 1899 წელს გახსნილა, რესტავრაციების  მიუხედავად ვაგონებს ძველი სახე აქვს შენარჩუნებული. ასვლას სულ 7 წუთი სჭირდება და გავდივართ სამზერ პლატოზე, რომლის ნაწილი ჩანჩქერიდან წამოსული თეთრი ბურუსითაა დაფარული.

რეიხენბახის ჩანჩქერი
რეიხენბახის ჩანჩქერი

         მდინარე არე ამ ადგილას 200 მეტრიან სიმაღლიდან გადმოჩქეფს. ყველაზე ვიწრო ნაწილი 1 მეტრი სიგანისაა. წყლის ვარდნა 5 კასკადიანია. კალციუმის მარილებით მდიდარ წყალს თეთრი ფერი დაჰკრავს.

ჰოლმსისა და მორიარტის შერკინების ადგილი
ჰოლმსისა და მორიარტის შერკინების ადგილი

          ჩანჩქერის მეორე ნაპირის კლდეზე ჰოლმსისა და მორიარტის შერკინების ადგილი დიდი ვარსკვლავითაა მონიშნული და სამზერი პლატოდან კარგად ჩანს. ასევე, ოდნავ ქვემოთ   შეგვიძლია დავინახოთ მცირე ზომის შეღრმავებული ქვაბული, სადაც შეიმალა დიდი დეტექტივი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შემდეგ.

საფეხოსნო ბილიკი ჩანჩქერის თავისაკენ
საფეხოსნო ბილიკი ჩანჩქერის თავისაკენ

       ფეხით სავალი ბილიკი ჩანჩქერის გასწვრივ 1888 წელს გაუჭრიათ. შეიძლება უკვე ფეხით ავუყვეთ ბილიკს და ზედა პლატოზე გავიდეთ – ნელი სვლით 20 წუთი გვჭირდება. ზემოდან კი შეიძლება დაშვება ლიტერატურული გმირების შებრძოლების ადგილისაკენ. კონან-დოილი მეირინგენში რამდენჯერმე ყოფილა დასასვენებლად ჩამოსული, ასე რომ ჩანჩქერის მიდამოებს კარგად იცნობდა და მოთხრობაში მოყვანილი გარემოს აღწერაც სრულად შეესაბამება  ადგილობრივ ბუნებას.

ჩანჩქერის კასკადები
ჩანჩქერის კასკადები

        ჩანჩქერის გარშემო დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურაა შექმნილი – კაფე- რესტორნები, სასტუმრო, დასასვენებელი და სამზერი პლატფორმები. ცოტა უცნაურიც კი არის, რომ ადგილი, ასე პოპულარული ტურისტულ სამყაროში, არავითარ ისტორიულ მოვლენას რომ არ ემყარება და მთელი ეს სისტემა კონან-დოილის ფანტაზიით შექმნილ მოვლენებზეა დაფუძნებული.

მეირინგენის ხედი ჩანჩქერის მთიდან
მეირინგენის ხედი ჩანჩქერის მთიდან

       და შემდეგ კი, რაც კონან-დოილის წიგნებში არაა მოცემული – ესაა ფანტსტიკური სილამაზის როზენლაუის ხეობა. ვისაც ლამაზი პეიზაჟების ცქერით სიამოვნების მიღება შეუძლია, მარშრუტს  კიდევ ერთი ადგილი უნდა დაამატოს. მანქანით  ძალიან მარტივია მეირინგენიდან როზენლაუის კანიონამდე მისვლა – ნორმალური სამანქანო გზაა. სატელიტური ნავიგატორზე  „Gletscherschlucht Rosenlaui“ აკრიფოთ, თუმცა მის გარეშეც არაა რთული მიგნება. გზა მყინვართა გასწვრივაა გაჭრილი, რაც უკვე თავისთავად ეგზოტიკაა.

გზა როზენლაუისკენ
გზა როზენლაუისკენ

        დასასრულ, დავუბრუნდეთ შესავალში დასმულ შეკითხვას. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი სარწმუნო ვერსიით, გურმანთა და კულინართა საყვარელი ჰაეროვანი „ბეზე“   სწორედ მეირინგენშია გამოგონებული, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში!  ავტორად იტალიელი შეფ-მზარეული გასპარინი ითვლება (baiser – ფრ.: კოცნა).   სხვა ვერსიები ეყრდნობიან  XVI-XVII საუკუნეების დროინდელ კულინარულ წიგნებს, სადაც მსგავსი ნამცხვრების გაკეთებაა აღწერილი, თუმცა სხვა სახელებით. 1985 წელს მეირინგენელებმა გინესის რეკორდიც კი დაამყარეს – 2500 კვერცხისა და 120 კგ შაქრისაგან გამომცხვარი იქნა უზარმაზარი ბეზე, რომელიც მათვე 3 საათში შესანსლეს.

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი