ანსი. ძველი საპყრობილე

საფრანგეთის პროვინცია – ზემო სავოია და მისი ცენტრი, ქალაქი ანსი (Annecy) დანარჩენი პროვინციებისაგან ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. ჯერ მარტო მონ-ბლანის მთა რად ღირს, ასევე ჟენევის ტბის აღმოსავლეთი მხარე… მაღალმთიან ადგილებში ტბას ყოველთვის განსაკუთრებული სილამაზე აქვს. ამ მხრივ არც ანსის ტბა წარმოადგენს გამონაკლისს. ხოლო როცა ბუნებრივ სილამაზეს ძველი ქალაქი და ისტორიული ადგილები ახლავს, ტურისტების მიზიდვას დიდი ძალისხმევა აღარ უნდა.

05
ანსის ტბის ხედი მთებიდან

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრს (ცერნს) ქალაქ ანსისთან სიახლოვის გარდა (45 კმ) საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებს – აქ 1975 წელს გაიხსნა ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, ხოლო ნაწილაკთა ფიზიკის ლაბორატორია და გამოთვლითი ცენტრი ცერნის სისტემაში უშუალოდაა ჩართული. ასე რომ ცერნის ფიზიკოსები  აქაურობის ხშირი სტუმრები არიან.

ჩვენი ექსკურსია ანსისა და მისი შემოგარენის სანახავად შედგა. ჟენევიდან ანსიმდე    ჩქაროსნული გზა მიემართება, მაგრამ მის პარალელურ ჩვეულებრივ გზად დავადექით,  რადგან  ამგვარად ქალაქ ლე ნუარესთან (le Noiret) კაის ხიდის ნახვა დავგეგმეთ.

საფრანგეთის გზები შვეიცარიასთან შედარებით მიმანიშნებელი დაფების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ  თავიდანვე სატელიტური ნავიგატორით  გავკვალეთ მარშრუტი.

კაის ხიდი (Pont de la Caille) 1839 წელს არის აგებული გერმანელი არქიტექტორის, ემილ ბინელის პროექტით.  მეორენაირად ხიდს “შარლ ალბერის ხიდის” სახელითაც მოიხსენიებენ იმდროინდელი სავოიელი ჰერცოგის, სარდინიის, კიპრისა და იერუსალიმის მეფის პატივსაცემად.

01
კაის ხიდის კოშკურები
02
კაის ხიდი

მდინარე უსზე (Les Usses) 194 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდი 142 მეტრი სიღრმის ხეობაზეა გადადებული. საყრდენებად სათავეებში ფეოდალური ციხეების ტიპის კოშკებია და მათზეა გადაგდებული საკიდი ტროსები. გზის საფარი ფიცარნაგია. ხიდი ამჟამად საფეხოსნოა (სამანქანო ახალი ხიდი იქვე აიგო 1929 წელს). მანქანის დატოვება ხიდის თავში, სპეციალურ  სადგომზე შეიძლება, სადაც ტურისტებისათვის  სუვენირებიანი სავაჭრო დახლებია.  ხიდის გარე, არქიტექტურულ სილამაზეს ხეობაც კარგად ერთვის, მაგრამ ხიდიდან გადახედვა უკვე სხვაგვარი სიამოვნებაა – აქ ერთმანეთში ირევა შიშისა და მშვენიერების გრძნობები – ჯერ დიდი სიმაღლის გამო იქედან გაქცევის სურვილი იბადება, ამასთან ერთად ხედების სილამაზე ადგილზე გვაჩერებს… ცოტა თვალის შეჩვევა და უკვე ხიდზე მშვიდად შეიძლება სეირნობა და ხეობაში ცქერაც. თანამედროვე „ტარზანებს“ აქაურობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და პერიოდულად გამოჩნდებიან ხოლმე ფეხებზე თოკმობმული მოხტუნავეები.

03
სამანქანო ხიდი კაის ხიდთან
04
კაის ხიდის დაფა

ვაგრძელებთ გზას ანსისაკენ.  ზედა სავოიას დეპარტამენტის მთავარი ქალაქი ტბის პირასაა გაშენებული. სანაპიროსთან მიწისქვეშა ავტოსადგომებია – აჯობებს მანქანის იქ დატოვება და ძველ ქალაქში ფეხით სეირნობა. ანსიში სარკინიგზო ხაზიც შემოდის და სხვა რეგიონებიდან მატარებლითაც შეიძლება აქ მოსვლა. ქალაქის ტურისტული ცენტრი ტბის ნაპირზე გადის.

06
ანსის ტბის ხედი
07
ანსის ტბის პირი

ტბა საკმაოდ წყალუხვია, სიღრმე 82 მეტრს აღწევს. მთებიდან ჩამონადენის გარდა იგი მიწისქვეშა მდინარითაც იკვებება. გამდინარე არხებითა და მდინარეებით კი წყალი რონას აუზს ავსებს.  გარშემო მთელ  პერიმეტრზე სამანქანო გზა გადის, რომელსაც ველოტურისტების ბილიკიც ახლავს – მათი სიმრავლე რეგიონში შესამჩნევია და ტბის გარშემო შემოვლა პოპულარული მარშრუტია. ზაფხულის სეზონზე წყალი საბანაო ტემპერატურამდე თბება. ქალაქის ზონაში და ტბის გარშემო ბევრი კეთილმოწყობილი ფასიანი პლიაჟია, თუმცა  უფასო, „ველური“ პლიაჟებიც მოინახება.

annesy-2
ანსის ტბის ხედი

ქალაქის სანაპირო ზონაში ნავებისა და წყლის ველოსიპედების საქირაო სადგურებია. კარგ ამინდში სანაპირო აკვატორია გადატვირთულიცაა მოყვარული „მენავეებით“. საწყლოსნო სპორტის მოყვარულებს აქ მრავალი სიამოვნება ელით – წყლის თხილამურებზე გასეირნება იქნება ეს, პარაპლანით წყლიდან აფრენა  თუ სხვა მრავალი რამ.

08
ანსის ქუჩებში

09

თავად ტბისპირი მშვენიერი სასეირნო ადგილიცაა. ვასეს არხზე, მარსის მინდვრებიდან ევროპული ბაღისკენ გადასასვლელი პატარა ხიდი „სიყვარულის ხიდად“ იწოდება,  წყვილები სპეციალურად მოდიან აქ ერთმანეთის მიმართ ნაზი გრძნობების დასადასტურებლად.

პირველი დასახლებების კვალი ამ ადგილებში ბრინჯაოს ხანის დროინდელია. რომაელებიც დასახლებულან აქ, მაგრამ V საუკუნეში ბარბაროსებმა განდევნეს ისინი, თუმცა არც ისე შორს – ძველი ანსის (Annecy le Vieux) ბორცვებისაკენ. XII საუკუნეში დაიწყო ციხე-სიმაგრის მშენებლობა ახალი ანსის დასაცავად (Annecy le Neuf) ჟენევიდან დევნილი გრაფის მიერ. XIII საუკუნის ბოლოს დედოფლის კოშკი იქნა აგებული, XIV საუკუნეში ძველმა ლოჯიამ შეაერთა წმ. პეტრესა და წმ. პავლეს კოშკები.   ციხეს გალავანი მოჰყვა ქალაქის გარშემო, ჟენეველი გრაფების სასახლეც აშენდა, რომელიც 1394 წელს სავოიის ჰერცოგთა მფლობელობაში გადავიდა. ციხისა და სასახლის შენება არც XVI-XVII საუკუნეში შეწყვეტილა, თუმცა შემდგომ პერიოდში იქაურობა უკვე გავერანებულია, შენობები ხან ჯარისკაცთა ყაზარმებად გამოიყენებოდა, ხან კი უსახლკაროთა თავშესაფრად. 1952 წელს დიდმა ხანძარმა საზოგადოება გამოაცოცხლა – სასახლე ქალქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდული იქნა, გაკეთდა გრანდიოზული რესტავრაცია და მუზეუმიც გაიხსნა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ანსისა და შემოგარენის არქეოლოგიური მონაპოვრები ინახება – ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები, ასევე წარმოდგენილია რომაული პერიოდის ექსპონატები. სამუზეუმო კოლექციაში საფრანგეთისა და შვეიცარიის რეგიონებიდან მოტანილი მასალებიცაა. ფერწერის განყოფილებაში ალპური პეიზაჟებიანი ნახატები სჭარბობს, აქვეა ეთნოგრაფიული განყოფილებაც.

10
ჟენეველი გრაფების სასახლე ანსიში

11

მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების გამოფენებშიც ღებულობს მონაწილეობას, 1960 წელს ანსიში ჩატარებულა ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამ პერიოდიდან მუზეუმის შესაბამის განყოფილებას ცნობილი ფილმების შექმნის ისტორიები აქვს წარმოდგენილი – ნახატები, პლაკატები, თოჯინები, გადაღების სცენები  და ა.შ.

13
ანსის არხები

12

არხების სიმრავლის გამო ანსი სავოიის ვენეციადაც მოიხსენიება.  ძველი ქალაქის სტრუქტურა სწორედ არხების ქსელით განისაზღვრა. შენობები პირდაპირ წყლიდან ამოდიან.  პირველ რიგში თვალში საცემია გემის ფორმის შენობა, რომელიც ბუნებრივ კლდოვან კუნძულზეა აგებული. ეს ერთ დროს დიდგვაროვნის სახლი ყოფილა, შემდეგ საპყრობილედ გადაიქცა. 1325 წელს დოკუმენტებში მოიხსენიება, რომ ჟან დე მონტუს, კუნძულის პატრონს,  გადაეცა ფული ორი პატიმრის გამოსაკვებად. XIX საუკუნეში მასში სახელოსნოები გახსნილა, ამჟამად კი მუზეუმია შიგ განთავსებული.    საერთო ბილეთის ფასი ორივე მუზეუმისთვის არის 6.50€.

საინტერესო სანახავია სან მორისის ეკლესია (Saint-Maurice), რომელიც ასევე ცენტრალურ უბანშია, მერიის თანამედროვე შენობის პირდაპირ. არხის წყალი ნაგებობის ქვეშაც მიედინება. ტაძარი აგებულია XII-XV საუკუნეებში. აქ ჯერ დომინიკანური სამლოცველო ყოფილა, 1422 წელს კარდინალ ბრონის დაკვეთით ეკლესია გაფართოვდა. ძალიან ლამაზია ვიტრაჟული ფანჯრები. ამავე რაიონში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა – საკათედრო სან პიერე (XVI ს.) რომაული სტილის სამრეკლოთი და გოთური სტილის ინტერიერით, ნოტრ-დამი, ფრანცისკანული ეკლესია…

14
სან მორისის ეკლესია
15
ანსის საკათედრო ტაძარი

ქალაქში ტურისტების სიმრავლე  განსაკუთრებით საგრძნობია აქ მოწყობილი მრავალნაირი ღონისძიებების დროს. ზაფხულობით იმართება ჯაზ-ფესტივალები, ტბის დღე, ქალაქის დღე და ა.შ.  უზარმაზარი საკონცერტო სცენა და ტრიბუნები ამ დროს პირდაპირ ტბაზე ეწყობა, კონცერტებს კი შეღამებულზე ხმაურიანი ფოიერვერკები ასრულებს.

ანსის ძველი უბნების ვიწრო ქუჩებში სეირნობაც ერთგვარი სიამოვნებაა. კოხტა კაფე-ბარები ტროტუარებზე გამოდგმული მაგიდებით, სუვენირების მაღაზიები,  ურმის მაგვარ ორთვალებზე მოწყობილი დახლები, ქუჩებს შორის თაღიანი გასასვლელები, არხებში მოცურავე გედები – ყველაფერი ეს თავისებურ კოლორიტს ქმნის.

თუ მანქანითა ვართ მოსულები, ნუ გავუშვებთ ხელიდან მახლობლად მდებარე ციხე-სასახლეებში სტუმრობის შესაძლებლობას.  გარშემო არაა რთული რელიეფი და სათანადო ველოსიპედებითაც კარგი ექსკურსიები გამოვა, თუ დრო იძლევა ამის საშუალებას.

16
შატო მენტონ სან ბერნარი

17

ფეოდალური ციხე-სასახლე მენტონ სან ბერნარ (Menthon Saint Bernard) ამავე სახელის სოფელთან, ანსის მხრიდან ტბის მარცხენა სანაპიროს მახლობლობაშია. იგი მენტონთა საგვარეულოს ეკუთვნის უკვე 23 თაობაა! დამთვალიერებელთა მიღება გარკვეულ საათებშია (8.50€) და ვიზიტის დრო სწორად უნდა შევარჩიოთ (www.chateau-de-menthon.com). აღსანიშნავია, რომ აქ შეიძლება კოსტუმირებული ვიზიტის ორგანიზებაც!

ანსიდან მარჯვენა მხარეს კი, 12 კმ მანძილზე, სოფელ ლოვანის (Lovagny)  მიმართულებით არის შატო (ციხე-სასახლე) მონტროტიე (chateau de montrottier). ეს ციხე 1606 წელს დაარსებული აკადემიის საკუთრებაა, დამთვალიერებელთა მიღება მხოლოდ ნაშუადღევს ხდება (8€) – აჯობებს ვიზიტის წინ ესეც დავაზუსტოთ. ციხის უძველესი შენობა XIII საუკუნისაა, ძირითადი მშენებლობა XV საუკუნეში ჩატარებულა, ხოლო დასავლეთის კედელი XIX საუკუნეში აღუდგენიათ. მუზეუმის კოლექციაში აღსანიშნავია ძველებური ავეჯი, კერამიკა, გობელენები, იარაღი, აფრიკული და აზიური ნივთები,  XVI საუკუნის ბარელიეფები, ფერწერული ტილოები…

18
შატო მონტროტიე

19

ბუნებრივი ლანდშაფტების მოყვარულთათვის – ციხიდან სულ რაღაც 500 მეტრი მანძილია მდინარე ფიერის კანიონამდე. უნდა გამოვუყვეთ შატოს ალეას და გადავუხვიოთ რუ დე შავანოზე (route de Chavanod). რკინიგზის ხაზთან ახლოს მანქანების პატარა სადგომია და აქედან უკვე ფეხით მივდივართ კანიონამდე. ამ პატარა მონაკვეთზე მდინარის დიდი ნამუშევრის ნახვა არის შესაძლებელი. ათობით საუკუნეს წყლისა და ქვის ჭიდილში განუმეორებელი ფორმები შეუქმნია. ადამიანის ხელი მხოლოდ ტურისტებისათვის სავალი დაკიდული გზების გაკეთებაში ურევია. ტურისტებისათვის სუვენირები და სხვა პატარა მაღაზიები შესასვლელთანაა. ბილეთთან ერთად (5€) სალაროში საინფორმაციო მეგზურის აღებაც შეიძლება. ვიზიტი დაახლოებით 1 საათს დაიკავებს. (http://www.gorgesdufier.com).  თუ უკვე ნამყოფი ვართ შვეიცარიის მეირინგენის მარშრუტზე როზენლაუს კანიონში, აქაურ  სილამაზეთა სათანადოდ შეფასება გაგვიადვილდება.

Annecy-12
ფიერის კანიონი

როგორც ვხედავთ, სანახავი ადგილები მრავალია და ერთდღიანი ექსკურსიის მასშტაბებს აღემატება კიდეც. ასე რომ ჟენევიდან ზედა სავოიას სტუმრობა  აჯობებს რამდენიმე ეტაპად დაიგეგმოს.

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი