Cover

10. ფამუქალე (თურქეთი)

სიტყვა ფამუქალე ბამბის ციხესიმაგრეს ნიშნავს.  ადგილი თურქეთის სამხრეთ- დასავლეთით, ეგეოსის რეგიონში მდებარეობს.  მთიდან ჩამოსული წყალი კირქვის ბუნებრივ ავზებს ქმნის.  თეთრი ტერასები კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილებით წარმოიქმნა.  ფამუქალეს სიგრძე 2700, სიმაღლე კი – 160 მეტრია.  ბუნების მიერ  შექმნილი ულამაზესი აუზების კომპლექსის ნახვით მრავალი ტურისტი ვერ კმაყოფილდება და ისინი კვლავ უბრუნდებიან თურქეთის ამ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს.

famuqela

 

9. ბეპუ (იაპონია)

bepu

ბეპუ იაპონიის ქალაქია კუნძულ კიუსიუზე.  კურორტ ბეპუში 2800-ზე მეტი „ცხელი წყარო“ მოედინება.  სამკურნალო და გამაჯანსაღებელი აუზებიდან ცხრა აუზს, რომელიც ყველაზე მეტად სასარგებლოა და ტურისტებსაც მრავლად იზიდავს, Nine Hells Of Beppu (ბეპუს ცხრა ჯოჯოხეთი) ეწოდება.  დასახელება წყაროებიდან ამომავალი ორთქლიდან გამომდინარეობს.

 

8. სანციანშანი (ჩინეთი)

მთა სანციანშანი და მისი ეროვნული პარკი მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია აზიაში.  პარკის ტერიტორიაზე მრავალი მწვერვალი და ადამიანის აღნაგობის მსგავსი გრანიტის სვეტი მდებარეობს.  23 000 ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში უამრავი სხვადასხვა ექსკურსია ტარდება.  სანციანშანი 2008 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობების სიაში.

sancianshini

 

7. „ქილების ველი“ (ლაოსი)

ლაოსში მდებარე ეს ისტორიული ძეგლი დაახლოებით 2000 წლისაა.  არქეოლოგთა თვალსაზრისით, ქილები წყლისთვის ან მიცვალებულთა დასამარხად იყო განკუთვნილი.  ქილების საშუალო სიგრძე 3 მეტრამდეა.  ველზე დაახლოებით 60-მდე ქილის მოედანი მდებარეობს.  ტურისტების დიდი რაოდენობა სტუმრობს ამ ერთგვარად მისტიკურ ადგილს.

qilebis veli

 

6. „დალაქავებული ტბა“ (კანადა)

ამ უცნაური სახელის მქონე არანაკლებ უცნაური ტბა კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის რეგიონში მდებარეობს.  ტბა დიდი რაოდენობით მინერალებსა და სხვადასხვა სახის მეტალებს შეიცავს.  ზაფხულობით, როდესაც ტბის წყალი შრება, ზედაპირზე ჩნდება სხვადასხვა ფერის მქონე უამრავი ლაქა.  ტბის წყალი თერაპიული მიზნებისთვის, ასევე სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

tba

 

5. მავრიკის 7 ფერიანი მიწა და ჩანჩქერები (მავრიკის რესპუბლიკა)

ეს ტურისტული ატრაქციონი მავრიკის სახელმწიფოს ბუნების მშვენებაა.  ულამაზეს ნაციონალურ პარკში რამდენიმე ჩანჩქერი მდებარეობს, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.  ამავე ადგილას, ჩანჩქერებს შორის, მავრიკის ცნობილი ფერადი მიწებია.  წითელი, მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, მუქი და ღია იასამნისფერი – ამ შვიდი ფერის ქვიშამ დროთა განმავლობაში განიცადა გეოლოგიური ფორმაცია და მყარ მიწად გადაიქცა.  ბუნების ეს უცნაური ქმნილებები უმშვენიერეს შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველზე.

mavriki

 

4. „რიო-ტინტო“ (ესპანეთი)

ესპანეთის ეს საოცარი მდინარე ანდალუსიას რეგიონში მოედინება.  სახელწოდება „რიო-ტინტო“ წითელ მდინარეს ნიშნავს, რაც წყლის მოწითალო ფერით არის განპირობებული.  წყლის წითელი ფერის მიზეზი, მასში რკინის მაღალი შემცველობაა.  რკინის გარდა წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობით მჟავასაც შეიცავს და ამდენად მდინარეში მხოლოდ ექსტრემალური პირობების გამძლე ორგანიზმები არსებობენ.  მეცნიერებმა წყლის გამოკვლევა დაიწყეს, რადგან მარსისა და იუპიტერის მიწისქვეშა წყლები ორგანულად „რიო-ტინტო“- ს გავს.  ეს კი მათ უადვილებს ამ პლანეტების წყლების შესწავლას.

tinto

 

3. ნევადის გეიზერი (აშშ)

ეს ადგილი, მიუხედავად მისი სილამაზისა, ტურისტებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. გასაკვირია, მაგრამ გეიზერი კერძო რანჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის მფლობელიც ტოდ ჯეკსიკია.  გეიზერი წარმოიშვა ჭაბურღილის ჩადგმის შემდეგ, რომლითაც წყაროს მოპოვება უნდოდათ.

nevada

 

2. „მთვარის ხეობა“(ბრაზილია)

mtvaris

ქვის ბასეინი ეროზიის შედეგად წარმოიშვა და მასში სან-მიგელის მდინარე გაედინება.  კლდის ფერიდან გამომდინარეობს ამ ულამაზესი ადგილის სახელწოდებაც, რადგან ხეობის ეს ადგილი მთვარის ზედაპირს წააგავს.  ეს კლდოვანი ზედაპირი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქანად ითვლება – მისი ასაკი დაახლოებით 1.8 მილიარდი წელია.  ეს ადგილი ზედგამოჭრილია ექსტრემალური ექსკურსიების მოყვარულთათვის.

 

1. “კანო-კრისტალეს“ (კოლუმბია)

უმშვენიერესი მდინარე კოლუბიაში ცნობილია თვისებით შეიცვალოს ფერი.  ფერის ცვლილება სხვადასხვა წყალმცენარეების დამსახურებაა.  ეს მდინარე კოლუმბიის რეგიონ მეტაში მდებარეობს.  ადგილობრივი მოსახლეები მას ხუთი ფერის მდინარეს უწოდებენ.  ეს ფერებია:  წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და ყვითელი.  ეს თხევადი ცისარტყელა ულამაზესი სანახავია და მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

kano

 

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი