მარტო მოგზაურობის მოკრძალებული ხიბლი

რეალურად არც ისე მოკრძალებული, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და მე არ ვარ მარტო, თუმცა ასეთები მაინც უმცირესობაში ვართ თან ღრმა უმცირესობაში. ჩემი აზრით მარტო მოგზაურობისგან სიამოვნებას მხოლოდ კონკრეტული ტიპის ადამიანები მიიღებენ. პირველ რიგში როგორც მინიმუმ უნდა შეგეძლოს მარტო ყოფნა, ეს არ უნდა გთრგუნავდეს და გაშინებდეს მაგრამ თუ მარტოობისგან შეგიძლია სიამოვნებაც მიიღო მაშინ ჩათვალე რომ მარტო მოგზაურობა შენი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება. მეორე თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის რომ უნდა იყო დამოუკიდებელი, ვუტრირებ მაგრამ ადამიანს რომელსაც საყიდლებზე მეგობარი დაყავს ვურჩევ ის მეგობარი სამოგზაუროდაც წაიყვანოს. უნდა შეგეძლოს მარტივი და რთული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. მესამე არის ის რომ უნდა შეგეძლოს დღის დაგეგმვა და გეგმის შესრულება. ეს გულისხმობს დროის მენეჯმენტსაც, არ არის აუცილებელი ყველაფრის საათებად გაწერა მაგრამ აუცილებელია რომ შეგეძლოს დროსა და სივრცეში კარგად ორიენტირება და ეს შეუძლებელია გარკვეული წინასწარი გეგმის გარეშე და ბოლოს Enjoy The Silence, ეს დეივ გეენმა მითხრა, მერე ამაზე სიმღერაც დაწერა. ალბათ ბევრს მოგისმენიათ კიდეც. ხოდა როგორც ბიძია დეივმა მითხრა (ნათესავია დედის მხრიდან) Enjoy The Silence, ხოდა ესეც უნდა შეგეძლოს.

მარტო მოგზაურობის უპირატესობები

[lists style=”style4″]

  • საკუთარ თავში ბევრ ისეთ თვისებას აღმოაჩენ რაზეც ადრე  წარმოდგენა არ გქონდა. უფრო კარგად გაიცნობ შენს თავს. მე და მე გაცილებით უკეთ ვუგებთ ერთმანეთს მოგზაურობის შემდეგ ვიდრე ეს იყო მოგზაურობამდე. რა თქმა უნდა არსებობს იმედგაცრუების საფრთხეც, შეიძლება სულაც არ ხარ ისეთი როგორიც ფეისბუქზე ჩანხარ სხვისთვისაც და პრინციპში შენთვისაც, თუმცა ეს უარყოფითი შეგიძლია დადებითად აქციო და შეცვალო შენი თავი რეალურად და არა პროფილის ფოტოს დონეზე.
  • გაცილებით მეტს ნახავ მარტო ვიდრე სხვასთან ერთად, ამაზე ნებისმიერს ვეკამათები, ძალიან მარტივია, სხვა საქმე არ გაქვს, არავინ გართობს, არავინ გექაჩება მარცხნივ როცა გინდა მარჯვნივ ან პირიქით. სრული თავისუფლება გაქვს და ამ თავისუფლებას თუ მიუმატებ ბოდიალის სიყვარულს ჩათვალე რომ გაცილებით მეტს ნახავ ვიდრე ნებისმიერი წყვილი რომელიც ნახევარ საათს კარგავს კარლოვი მოსტიდან მზის ჩასვლის ყურებაში.
  • აბსოლუტურად სხვა გარემოში ხვდები, არავინაა იმ ცხოვრებიდან რომელსაც სულ ცოტახანში დაუბრუნდები,  რეალურად ისვენებ ჩვეული გარემოსგან და ჩვეული ადამიანებისგან.
  • ძნელია იპოვო თანამგზავრი რომელთანაც არ გექნება პატარ პატარა ბრძოლები, სამამულო ომზე არაფერს ვამბობ, თუნდაც ბრძოლები.  მიუხედავად იმისა რომ ვარ უკონფლიქტო და მშვიდი, მაინც ძალიან გამიჭირდება დავასახელო ადამიანი რომელთან ერთადაც მშვიდობიანი მოგზაურობა მექნებოდა. sad story.

[/lists]

მოგზაურობის დაგეგმვის ტექნიკური საკითხები მოკლედ

აი ასე მოულოდნელად გადავედი თეორიიდან პრაქტიკაზე. მინდოდა 13 დღეში მენახა მაქსიმალურად ბევრი და მაქსიმალურად იაფად, რთულია თუმცა შესაძლებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. შესაბამისად ქვეყნებიც შევარჩიე ამ რეგიონიდან, პოლონეთი, გერმანია და ჩეხეთი. მოსაზღვრე ქვეყნებია, სანახავი ბევრია და შედარებით იაფია როგორც მგზავრობა ასევე ცხოვრება. ისე მოხდა რომ ვიმოგზაურე არატურისტულ სეზონზე რამაც კიდევ უფრო შემიმცირა მოგზაურობის ხარჯები.

რამდენიმე თვით ადრე იზრუნეთ თვითმფრინავის ბილეთზე. სიიაფის გამო ვიმგზავრე Wizz Air-ით და არ შევცდი, ქუთაისი-ვარშავა ორი გზა დამიჯდა 70 ევრო თუმცა ეს არ არის მინიმუმი, უფრო იაფადაც შეიძლება. ხარისხი ფასზე უკეთესია, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ფრენის დროს ფეხები შევიწროებულად გრძნობენ თავს, თუმცა შეგიძლიათ ჩუმად უთხრათ ამ ფასად მეტი რა გინდოდაო. ჩუმად მხოლოდ იმიტომ რომ ჩასვლისას ტრაპთან თეთრ ხალათიანები არ დაგხვდნენ.

გირჩევთ როგორც მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც დაჯავშნოთ სასტუმრო ან ჰოსტელი. სასტუმრო ოდნავ უფრო ძვირი ღირს თუმცა სხვაობა ძალიან დიდი არაა, მაგალითად ჰოსტელი ერთი ღამით თუ ღირს 15-20 ევრო სასტუმრო დაგიჯდებათ სადღაც 30-35 ევრო. ზოგჯერ ამ ფასში შედის ვახშამიც. შეგიძლიათ იქირაოთ ბინა ან ოთახი ბინაში, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ airbnb.com გაითვალისწინეთ რომ სეზონზე ოთახის ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. სოციალიზაციისთვის რა თქმა უნდა კარგია ჰოსტელი ან ოთახი ბინაში თუმცა თუ სიმშვიდეს ეძებთ, ჯობია მოძებნოთ სასტუმროში.

პოლონეთიდან შევარჩიე სამი ქალაქი, ვარშავა, კრაკოვი და ვროცლავი, თითო ქალაქისთვის მქონდა მხოლოდ არასრული ორი დღე, დღის ნახევარს ფაქტიურად გზაში ვატარებდი, რაც რა თქმა უნდა ცუდია თუმცა გარდაუვალი. ვმგზავრობდი ავტობუსით, კერძოდ კი Polskibus-ით. ბილეთები შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ გვერდზე polskibus.com მგზავრობა საკმაოდ იაფი ჯდება, მაგალითად ვარშავიდან კრაკოვამდე სულ რაღაც 5$ -ად ვიმგზავრე.

გერმანიაში მხოლოდ ორი ქალაქით შემოვიფარგლე, ბერლინი და ლოგიკური გაგრძელება დრეზდენი. შემდეგ კი პრაღა. ჩეხეთსა და გერმანიაში flixbus-ით ვიმგზავრე, ბილეთები ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ, ვებ გვერდზე flixbus.de.  მგზავრობა უფრო ძვირი დამიჯდა, თან მნიშვნელოვნად, მაგალითად ბერლინიდან დრეზდენამდე 2 საათიან მგზავრობაში 12 ევრო გადავიხადე და უნდა ავღნიშნო რომ პოლონური ავტობუსი არამხოლოდ ფასით ჯობდა გერმანულს, უფრო კომფორტულიც იყო.

ნავიგაციისთვის ვიყენებდი აპლიკაციას maps.me რომელზეც წინასწარ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კონკრეტული ქვეყნების რუქები და გამოიყენოთ ინტერნეტის გარეშეც, რაც ძალიან მოსახერხებელია. სანამ წახვალთ წინასწარ მონიშნეთ რუქაზე ავტობუსების ან მატარებლების ვაგზალი და სასტუმრო, განსაზღვრეთ მათ შორის მანძილი რომლის გაკეთებაც ასევე აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი და შემდეგ იფიქრეთ, შეძლებთ თუ არა ამ მანძილის ფეხით დაფარვას, მე ფეხით დავდიოდი, თუმცა ხშირად რამდენიმე კილომეტრის გავლა მძიმე ზურგჩანთით მიწევდა. არ ვწუწუნებ. ფულიც დავზოგე და მეტიც ვნახე.

უფრო კონკრეტულად შემდეგ. დღეისთვის საკმარისია. უბრალოდ ბოლოს გავიმეორებ იმას რაც დასაწყისში ვთქვი. მარტო მოგზაურობა ბევრს შეუძლია მაგრამ სიამოვნებას ცოტა მიიღებს.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი