Front

1ლუივილი კენტუკის შტატის ყველაზე დიდი ქალაქია.  იგი მდებარეობს მდინარე ოჰაიოს ნაპირას, ინდიანას შტატის მომიჯნავედ.

ამ ქალაქში ორჯერ ვარ ნამყოფი და ორივე ჯერზე კულტურულ ღონისძიებაზე – ჰუმანას ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სადაც ახალ ამერიკულ თეატრალურ წარმოდგენებს უჩვენებენ.  სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გავიცანი ეს ქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები.

ლუივილში ორივე შემთხვევაში თვითმფრინავით ჩავედი.  თვითმფრინავები ამ ქალაქში ლუივილის საერთაშორისო აეროპორტში ჯდება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალზეა დაშორებული.  ეს აეროპორტი ძირითადად ადგილობრივ რეისებს ემსახურება, თუმცა მსოფლიოში მე-7 ადგილი უკავია ტვირთბრუნვის თავლსაზრისით.  აქ მდებარეობს United Parcel Service-ის (UPS) ცენტრალური ჰაბი.  აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად დაინახავთ გასართობ პარკს, რომელიც Six Flag-ის ცნობილ ბრენდს ეკუთვნოდა, თუმცა ამჟამად ამ ბრენდს გამოეყო და დამოუკიდებლად არსებობს.  პარკმა რეკონსტრუქციის 2 წლიანი პერიოდი გაიარა და 2014 წლის მაისის ბოლოს უნდა გაიხსნას.

ქალაქის ცენტრი

ქალაქმა ორივე შემთხვევაში მეტად წყნარი და უშფოთველი ადგილის შთაბეჭდილება დატოვა.  დამეუფლა შეგრძნება, რომ აქ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვიცხოვრებდი, რადგან ყველაფერი ძალიან მოდუნებულად მომეჩვენა.  მოსაბეზრებელი სიმშვიდე რომ წარმოგიდგენიათ, სწორედ ისეთზე ვამბობ, არადა ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის მიხედვით დაახლოებით თბილისის მასშტაბისაა.

Main Srteet2ქალაქის ცენტრს 2 ძირითადი ქუჩა კვეთს – მთავარი (Main Street) და მარკეტის (Market Street) ქუჩები.  სწორედ ამ 2 და მის მიმდებარე ქუჩებზეა თავმოყრილი ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება თუ ორგანიზაცია.  აღსანიშნავია, რომ ამ 2 ქუჩაზეა განთავსებული ამერიკაში სიდიდით მეორე 1800-იანი წლების რკინის ფასადიანი ნაგებობების მწკრივი.

ორივე შემთხვევაში მეც ქალაქის ცენტრში მომიწია გაჩერებამ.  პირველ ჯერზე Main Street-ზე მდებარე ქორთიარდ მარიოტში (Courtyard Louisville Downtown), ხოლო მეორედ კი – გალთ ჰაუსში (Gult House), რომელიც ასევე Main Street-ზე მდებარეობს.  კლასით Gult House-ი უფრო მაღალია, მაგრამ მე ორივე სასტუმროში თანაბარი კომფორტი დამხვდა – არაფერი განსაკუთრებული, ზუსტად ისეთი, როგორიც არის კარგ სასტუმროებში.  Gult-ის უპირატესობა ის იყო, რომ მაღალ სართულზე ვიყავი და ფანჯრიდან მდინარე ოჰაიოს გადავყურებდი.

MAin Street1ქალაქის ცენტრი, როგორც უკვე აღვნიშნე, 2 ძირითადი ქუჩისა და რამდენიმე ამ ქუჩასთან დაკავშირებული სხვა ქუჩებისგან შედგება.  თეატრი, სადაც ჰუმანას ფესტივალი ტარდება, Main Street-ზეა განთავსებული.  ფეხით სავალი მანძილი იყო როგორც Gult House-დან, ისე Courtyard-დან.  ამ თეატრს ლუივილის მსახიობთა თეატრი ეწოდება და ერთ-ერთ მთავარ კულტურულ დაწესებულებას წარმოადგენს ქალაქში.  ფესტივალისა და მასზე წარმოდგენილი სპექტაკლების შესახებ აქ აღარ გავაგრძელებ საუბარს, ამის შესახებ სპეციალურად მაქვს დაწერილი სტატია, თუმცა მისი შინაარსი ჩვენი პორტალის ფორმატში არ ჯდება.  სპექტაკლების შემდეგ ფესტივალზე დამსწრე რამდენიმე კოლეგასთან ერთად სწორედ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ათვისებით ვიყავი დაკავებული.  რამდენჯერმე კი ინტერესისთვის მარტომ ქალაქის გარეუბნებშიც გავიარე ფეხით, თუმცა არაფერი განსაკუთრებული – ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივი გარეუბანი, ერთფეროვანი შენობებითა და სტანდარტული ლანდშაფტით.

ქალაქის ცენტრი კი არ არის ურიგო.  აქ არის განთავსებული რესტორნებისა და ბარების დიდი ნაწილი.  სამზარეულოებიდან ბევრი ქვეყნის კერძეულს შეხვდებით, თუმცა მე ორივე შემთხვევაში ქდობას მექსიკური გრილი ამოვიჩემე და ძირითადად იქ დავდიოდი.  ერთხელ ჩემი კოლეგა, პაკისტანის ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი გაზეთის DAWN-ის მაშინ ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი, შემდგომ კი ამავე გაზეთის მთავარი რედაქტორი ტაჰირ მირზაც დავპატიჟე ამ ჩემს ამოჩემებულ ადგილას.  სამწუხაროდ ტაჰირი მოგვიანებით პაკისტანში გარდაიცვალა ისე, რომ მისი მიპატიჟების გამოყენებაც ვერ შევძელი ვწვეოდი ამ ქვეყანას.  კარგად მახსოვს ტაჰირთან გატარებული საღამოები, Main Street-ზე ავლა და ჩავლა სხვადასხვა თავშესაქცევი საუბრით.  ასევე საინტერესოა, რომ ტაჰირი ჩემზე 44 წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოვნახეთ საერთო ენა.  ამ ადამიანზე ამდენი იმად ვისაუბრე, რომ როდესაც ლუივილს ვიხსენებ, ყოველთვის ისიც მახსენდება.

ბეისბოლი

Bassball2Main Street-ზევეა ისეთი რამ, რასაც მსოფლიოში ყველაზე დიდის სტატუსი აქვს.  ეს არის ბეისბოლის ყველაზე დიდი ჯოხი (ბიტი თუ ბიტა?), რომელიც კი ოდესმე აღმართულა მსოფლიოში.  ეს ღირსშესანიშნაობა Hillerich & Bradsby მუზეუმთან არის განთავსებული.  ეს ის ადგილია, სადაც ბეისბოლის მსოფლიოში ცნობილი ატრიბუტები, მათ შორის – ბიტებიც იწარმოება.  არის პატარა საინტერესო ისტორია თუ როგორ დაიწყო ლუივილში ბეისბოლთან დაკავშირებული ატრიბუტიკის წარმოება:   1880 წელს 17 წლის ბიჭუნამ ჯონ ჰილერიჩმა მამამისთან, რომელიც ლუივილში ხის ნაკეთობათა საამქროსა და მაღაზიას ფლობდა, დაიწყო მუშაობა.  ერთხელაც ეს ბიჭუნა, რომელსაც თავადაც უყვარდა ბეისბოლის თამაში, სამუშაოდან გაეპარა მამამისს, რათა დასწრებოდა ადგილობრივი გუნდის თამაშს, რომლის დროსაც გუნდის ლიდერს თამაშისას ბიტი (თუ ბიტა) გაუტყდა.

ბიჭმა ეს მოთამაშე მამამისის საამქროში მიიყვანა, სადაც ჯონმა ხელით გამოთალა ახალი დასარტყმელი, რომლითაც შემდგომ აღნიშნულმა მოთამაშემ წარმატებას მიაღწია.  ასე ჩაეყარა საფუძველი მსოფლიოში სახელგანთქმულ ბეისბოლის ინვენტარის წარმოებას.  საერთოდ ამ ქალაქში ბეისბოლი ძალიან უყვართ, თუმცა დიდი წარმატებით აქ მოთამაშე გუნდები ვერ გამოირჩევიან.

სპორტზე ვსაუბრობთ და ამ ადგილიდან რამდენიმე ბლოკის მოშორებით შეგიძლიათ ეწვიოთ მუჰამედ ალის ცენტრს.

ცხენები

Derby1ეს ცალკე საუბრის თემაა.  ეს არის თემა, რომლის შესახებაც ლუივილელებს საუბარი ძალიან უყვართ.  ცხენები ხომ მათი სტიქიაა.  Kentucky Derby Festival – აი, ასე ეწოდება მოვლენას, რომელიც სცილდება კენტუკის შტატის ფარგლებს და მთლიანად ამერიკული მოვლენის მასშტაბს იძენს.  ეს ამბავი ყოველწლიურად მაისის პირველი შაბათიდან 2 კვირით ადრე იწყება და ღონისძიებათა მთელ ჩამონათვალს აერთიანებს. ფესტივალის დროს ნახავთ ლუივილის თავზე გაჩაღებულ განუმეორებელ ფეიერვერკს, რომელიც მსოფლიოში შესაძლოა ყველაზე დიდიც იყოს, საჰაერო ბურთების შოუს, მარათონს და სხვა.  ცხენები?  დიახ, ცხენების დოღი, სახელგანთქმული კენტუკის დერბი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სპორტის ყველაზე ამაღელვებელ, აღმაფრთოვანებელ 2 წუთად.  ეს ყველაფერი ქალაქის სამხრეთით მდებარე Churchill Downs-ის იპოდრომზე ხდება.  ტელევიზიები მილიონობით დოლარს იხდიან ტრანსლირების უფლებისთვის, კომპანიები კი კიდევ უფრო მეტს – თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის.

ბურბონის ვისკი

Burbon3ცხენებთან ერთად ეს ალკოჰოლური სასმელიც კენტუკის სახეა.  მეორე ჩასვლისას წაგვიყვანეს ბარდსტაუნში (Bardstown).  ეს არის ლუივილის სამხრეთით 40 მილით დაშორებული პატარა ქალაქი დიდი ტრადიციებით.  აქ ხომ მსოფლიოში ცნობილი კენტუკის ბურბონის ვისკი იხდება, თუ ისხმევა, თუ როგორც არის – გადის მთლიან პროცესს. My Old Kentucky Home – ეს არის, ასე ვთქვათ, რანჩოს სახელწოდება, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი.  ამბობენ, რომ კენტუკის ბურბონი იმავე ასაკისაა, რა ხნისაც თავად ამერიკაა.  სასმელი სახელწოდებას ბურბონის საგრაფოდან იღებს, რომელშიც მდებარეობს კიდეც ქალაქი ბარდსტაუნი.  მსოფლიოში წარმოებული ბურბონის ვისკის თითქმის 95% კენტუკიდან მიდის.

Wiskey2რა თქმა უნდა, My Old Kentucky Home-ში შემოგთავაზებენ სხვადასხვა ტურს.  ჩვენ ვნახეთ სრული ციკლის აღწერა შესაბამისი თვალსაჩინო მაგალითებით და ბოლოს მივადექით ყველაზე თალსაჩინოს თვალსაჩინოთა შორის – ცალ-ცალკე დავაგემოვნეთ ბურბონში შემავალი სხვადასხვა სპირტი, სუფთა სპირტი.  აქ უკვე კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები – კოლეგებმა იტარ-ტასიდან და უკრაინული მედიიდან (ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი მედია საშუალებიდან) ნამდვილი სავანე აღმოაჩინეს და დასაგემოვნებლად გამოტანილი სპირტის სახეობები ერთბაშად აითვისეს.  ამ ღონისძიებას მე ცივილურად შევხვდი, ვინაიდან არ იძლეოდა სხვანაირად მოქცევის საშუალებას არსებული სიტუაცია, თუმცა შემდგომ უკვე ლუივილში დაბრუნებისას, სადაც Main Street-ზე მდებარე ერთ-ერთ გალერეაში მოწყობილ მიღებაზე (კვლავ ბურბონის მესვეურების მიერ) არ დავტოვე არც ერთი წარმოდგენილი სახეობა (ვისკი და არა სასპირტე მასალა), რომელიც ზომაზე მეტად არ დავაგემოვნე და…

NightPღამით ლუივილის შესანიშნავი ხედები იშლება ინდიანას შტატიდან… აღარ მახსოვს იქ როგორ მოვხვდი, ალბათ, ჯორჯ როჯერ კლარკის მემორიალური ხიდის მეშვეობით, რომელიც მდინარე ოჰაიოზე გადადის და დიდხანს ვუყურებდი წყნარ და უპრეტენზიო ლუივილს, რომელმაც უკვე მეორედ ასე შესანიშნავად მიმასპინძლა.

ნიკა ჩადუნელი

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი