კარავაჯო  (მიქელანჯელო მერისი 1571-1610 წწ.) ტრაგიკული ბედის ხელოვანთა რიგებში შეიძლება მოვიხსენიოთ.  იგი მოესწრო მისი ნიჭის აღიარებას, მაგრამ ამით  ცხოვრების გაიოლება ვერ მოახერხა – ამაში მისი ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე კანონთან მუდმივი დაპირისპირება იყო მთავარი მიზეზი. ასევე, მის მიერ შემოტანილი ხატვის მანერა, რომელიც ახლაც უნიკალურად ითვლება და იმ დროისათვის პროგრესულად მოიაზრებოდა, 4 საუკუნის წინ ხშირად იწვევდა სამღვდელოებასთან დაპირისპირებას,  რაც მხატვარს აიძულებდა მფარველ-მეცენატებისათვის მიემართა და ეს გარემოება გარკვეულ შეზღუდვებსაც ადებდა მის შემოქმედებას.

კარავაჯოს მოყვარულებს რომში საინტერესო ექსკურსია შეიძლება შევთავაზოთ. საინტერესოა, რომ ამ დიდი მხატვრის ტილოები არა მარტო მუზეუმებსა და კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ. რომში სამ ეკლესიას აქვს საშუალება იამაყოს კარავაჯოს შედევრებით.

სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი. 1599 წელი იყო. ეკლესიაში დ’არპინოსთან დადებული კონტრაქტი კონტარელის კაპელას მოხატვაზე ვეღარ სრულდებოდა მხატვრის დიდი დატვირთულობის გამო. ეს სამუშაო მასთან მომუშავე კარავაჯოს დაევალა. ახალგაზრდა ხელოვანმა ფრესკების ნაცვლად ნამუშევრები ტილოზე შეასრულა და წმ. მათე მოციქულის თემაზე სამი სურათი შექმნა – „წმ. მათეს წამება“, „მათე მოციქულის მოქცევა“ და „მათესა და ანგელოზის სახარება“. ეს უკანასკნელი შემკვეთის მიერ დაწუნებული იქნა – წმ.მოციქულის სახე ზედმეტად მიწიერი ეჩვენა კარდინალ დელ მონტეს. მის მაგიერ მხატვარმა ახალი სურათი დახატა – „წმ. მათე და ანგელოზი“. პირველი ვერსია შეძენილი იქნა სხვა ბანკირ-მეცენატის მიერ. სამწუხაროდ, იგი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და მხოლოდ ფოტოსურათია შემორჩენილი.

სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი. „მათე მოციქულის მოქცევა“
სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი. „მათე მოციქულის მოქცევა“
სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი. „წმ. მათე და ანგელოზი“, „წმ. მათეს წამება“
სან ლუიჯი დეი ფრანჩეზი. „წმ. მათე და ანგელოზი“, „წმ. მათეს წამება“

სანტა მარია დელ პოპოლო. ეკლესია კარავაჯოს ორ შედევრს წარმოგვიდგენს ჩერაზეს კაპელაში – „წმ. პეტრეს ჯვარცმა“ და „წმ. პავლეს გარდასახვა“ (1602 წ).  აქაც მხატვარს ტილოების ახალი ვერსიების დახატვა მოუწია – წმ. პავლეს ფიგურა ორიგინალ ნახატზე მეორე პლანის სახედ მიიჩნიეს. „წმ.პავლეს გარდასახვა დამასკის გზაზე“ – ახლა ეს ტილო ამშვენებს კაპელას მარჯვენა კედელს, ხოლო პირველი ვერსია ახლა ოდესკალკების ოჯახის კერძო კოლექციაშია და იშვიათად თუ ვინმე უცხო ნახავს. „წმ. პეტრეს წამების“  პირველი ვერსიის კვალი კი დაკარგულია. კაპელას ცენტრალური ტილო „ღვთისმშობლის მიძინება“ ანაბელ კარაჩის შესრულებულია.

სანტა მარია დელ პოპოლო. „წმ. პეტრეს ჯვარცმა“
სანტა მარია დელ პოპოლო. „წმ. პეტრეს ჯვარცმა“
სანტა მარია დელ პოპოლო. „წმ. პავლეს გარდასახვა“
სანტა მარია დელ პოპოლო. „წმ. პავლეს გარდასახვა“

ეკლესია სანტ’ აგოსტინო პიაცა ნავონასთანაა ახლოს. აქ კარავაჯოს ერთი ტილოა – „მადონა დი ლორეტო“ (1604 წ.). იგი ერმეტე კავალეტის შეკვეთითაა შესრულებული, საგვარეულო კაპელას დასამშვენებლად.

სანტ’ აგოსტინო. „მადონა დი ლორეტო“
სანტ’ აგოსტინო. „მადონა დი ლორეტო“

ბარბერინის გალერეაში ცნობილი მხატვრების შედევრების დიდი სიმჭიდროვეა. „ივდითი თავს ჰკვეთს ოლოფერნეს“ – დავაკვირდეთ კარავაჯოს მიერ ქალების სახეებზე ემოციების გამოხატვას – ეს არის ზიზღი დამპყრობელისადმი, და არა თავის მოკვეთის პროცესისადმი. თავის მოკვეთა იმ დროისათვის იშვიათობა არ იყო. კარავაჯოსაც სურათისთვის ნატურალური შთაბეჭდილების მისაღებად ლოდინი არ მოსწევია. ცნობილია, რომ სანტ ანჯელოს ხიდზე იგი შეესწრო ბეატრიჩე  ჩენჩისა და მისი ოჯახის სიკვდილით დასჯას და სწორედ ეს ემოციებია ტილოზე გადმოცემული.  ივდითს მის საყვარელ ქალს, მადალენას ამგვანებენ, ოლოფერნე კი თავად მხატვარს ჩამოჰგავს. ამავე დარბაზში კარავაჯოს კიდევ ორი  ტილოა – „წმ. ფრანცისკეს მედიტაცია“, რომელიც ადრე კაპუცინების ეკლესიაში იყო წარმოდგენილი, და  „ნარცისი“ – გუბეში საკუთარი სილამაზის მოცქირალი ბიჭუნა.

ბარბერინის გალერეა. „ივდითი თავს ჰკვეთს ოლოფერნეს“
ბარბერინის გალერეა. „ივდითი თავს ჰკვეთს ოლოფერნეს“
ბარბერინის გალერეა. „წმ. ფრანცისკეს მედიტაცია“
ბარბერინის გალერეა. „წმ. ფრანცისკეს მედიტაცია“
ბარბერინის გალერეა. „ნარცისი“
ბარბერინის გალერეა. „ნარცისი“

კორსინის სასახლის კოლექციის სიამაყეა კარავაჯოს „იოანე ნათლისმცემელი“.  ხელოვანი აქაც თავის სტილშია – ბიბლიური პერსონაჟი ჩვეულებრივი ადამიანის სახით. ბიჭუნას იდენტიფიცირება, როგორც იოანე ნათლისმცემლისა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ატრიბუტიკით   – ჯოხი, აქლემის ბეწვის მოსასხამი და ა.შ.

კორსინის სასახლე. „იოანე ნათლისმცემელი“
კორსინის სასახლე. „იოანე ნათლისმცემელი“

გალერეა დორია პამფილი.  „მარია მაგდალინა“ (1594-1595 წწ) მონანიების დროს, როცა წინა ცხოვრების დროინდელი ნივთები უკვე უკანაა მიყრილი. ეს კარავაჯოს პირველი რელიგიური თემის ტილოა. თუ დავაკვირდებთ, იგივე მოდელი პოზირებს სურათზე  „შესვენება ეგვიპტის გზაზე“. ისტორიკოსთა აზრით, ეს ანა ბიანკინია. იგი სხვა მხატვრის სურათებშიც ფიგურირებს.

გალერეა დორია პამფილი. „მარია მაგდალინა“
გალერეა დორია პამფილი. „მარია მაგდალინა“
გალერეა დორია პამფილი. „შესვენება ეგვიპტის გზაზე“
გალერეა დორია პამფილი. „შესვენება ეგვიპტის გზაზე“

ვატიკანის მუზეუმის   „ქრისტეს გარდამოხსნა“ კარავაჯოს შემოქმედების ის იშვიათი ეგზემპლარია, რომელმაც საყოველთაო მოწონება და აღტაცება დაიმსახურა  როგორც მხატვრის თანამედროვეებში, ასევე ჩვენი დროის კრიტიკოსებს შორისაც.

ვატიკანის მუზეუმი. „ქრისტეს გარდამოხსნა“
ვატიკანის მუზეუმი. „ქრისტეს გარდამოხსნა“

კაპიტოლიუმის მუზეუმი  „მკითხავი“ – ამ ტილოს კიდევ ერთი ვერსია პარიზში, ლუვრშია წარმოდგენილი. მუზეუმის კოლექციაშია ასევე კარავაჯოს  „იოანე ნათლისმცემელი ცხვართან“.

კაპიტოლიუმის მუზეუმი. „მკითხავი“
კაპიტოლიუმის მუზეუმი. „მკითხავი“
კაპიტოლიუმის მუზეუმი. „იოანე ნათლისმცემელი ცხვართან“
კაპიტოლიუმის მუზეუმი. „იოანე ნათლისმცემელი ცხვართან“

ვილა ლუდოვიზი. რომში შემორჩენილია კარავაჯოს ფრესკა. ტილოების დიდი ოსტატი არ იყო ფრესკების ტექნიკაში გაწაფული, რაც აშკარად იგრძნობა.  მხატვრის მფარველი კარდინალი დელ მონტე ალქიმიკოსობდა, მისი სახელოსნოს ჭერის მოხატულობა ალეგორიულად ამ თემასთანაა დაკავშირებული. ტრიადა იუპიტერი  (გოგირდი და ჰაერი), პლუტონი (ვერცხლისწყალი და წყალი) და ნეპტუნი (ქლორი და მიწა) ალქიმიურ მატერიალებად პერსონიფიცირდებიან და კარდინალის შეკვეთა კარავაჯომ ამის მიხედვით შეასრულა. ფრესკის სანახავად წინასწარ რომელიმე ჯგუფს უნდა მივეკედლოთ – ვილა (ვია ლომბარდია 46) კერძო საკუთრებაა და დაიშვება მხოლოდ ჯგუფური ექსკურსიები.

ვილა ლუდოვიზი. ჭერის ფრესკა
ვილა ლუდოვიზი. ჭერის ფრესკა

გალერეა ბორგეზე.  „ბიჭუნა ხილიანი კალათით“, „მადონა ბავშვით და წმ.ანა“, „წმ.ჯერომე“, „იოანე ნათლისმცემელი“, „დავითი გოლიათის თავით“,  „ავადმყოფი ვაკხი“ – ამ ტილოების ისტორიების აღწერა შორს წაგვიყვანს.

გალერეა ბორგეზე. „ბიჭუნა ხილიანი კალათით“
გალერეა ბორგეზე. „ბიჭუნა ხილიანი კალათით“
გალერეა ბორგეზე. „ავადმყოფი ვაკხი“
გალერეა ბორგეზე. „ავადმყოფი ვაკხი“
გალერეა ბორგეზე. „წმ.ჯერომე“
გალერეა ბორგეზე. „წმ.ჯერომე“

 გამოვყოთ ორი მათგანი: „მადონა ბავშვით და წმ.ანა“ როგორც წესი, ცუდად მიიღო ეკლსიამ – არ მოეწონათ ბავშვის სიშიშვლე, ასევე ქალთა სახეების ე.წ. მიწიერობა. კარავაჯომ ხომ უარი თქვა წმინდანთა გამოსახვის დროს „ღრუბლებში ფრენაზე“ და მის მიერ გამოსახული წმინდანებს უბრალო ხალხის სახე აქვთ. ამ შემთხვევაში კი მხატვარს ნატურებად რომში ცნობილი კურტიზანი ქალები გამოუყენებია და წმინდა მამებიც აღშფოთებულან.

გალერეა ბორგეზე. „მადონა ბავშვით და წმ.ანა“
გალერეა ბორგეზე. „მადონა ბავშვით და წმ.ანა“

დავითის მიერ გოლიათის მოკვეთილი თავი კი  მხატვრის ავტოპორტრეტია – ეს ერთგვარი პატიების თხოვნა იყო მძიმე დანაშაულთა გამო დევნილი ხელოვანის მხრიდან პაპისადმი. შეწყალებამ ვეღარ მიუსწრო ავტორს – 1610 წ. 18 ივლისს პორტო ერკოლეში იგი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვნეს – ციებისაგან, თუ მოქიშპეთა მიერ მოკლული…

გალერეა ბორგეზე. „დავითი გოლიათის თავით“
გალერეა ბორგეზე. „დავითი გოლიათის თავით“

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი