Cover

ხშირად გვსმენია, რომ ისტორიული რომი 7 ბორცვზეა განთავსებული. კაპიტოლიუმი, პალატინი, ავენტინი, ცელიუსი, კვირინალი, ესქვილინი და ვიმინალი. ამათ გარდა, ქალაქს დროთა განმავლობაში შეემატა პინჩო, იანიკული, ტესტაჩო… შევეცადოთ მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი,  საინტერესონი  ტურისტული თვალსაზრისით.

კაპიტოლიუმის ბორცვი რომის ყველანაირი ცენტრია – ისტორიულიც, გეოგრაფიულიც, კულტურულიც და სანახაობრივადაც მას სხვები ვერ შეედრებიან.

არქეოლოგებს ამ ადგილებში ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები უპოვნიათ, რაც ბორცვის დასახლების სიძველეზე მიუთითებს.  ეს საბინიელ ტომთა სალოცავების ადგილი იყო. რომაელ მეომართა მიერ საბინიელი ქალების გატაცების შემდეგ ლათინთა და საბინიელთა შორის ომი გაიმართა, რომელიც საბინიელი ქალის, ტარპეას გამცემლობის გამო ლათინთა გამარჯვებით დასრულდა. საბიიელებს მოღალატე კლდიდან გადაუგდიათ – ეს ადგილი ახლაც ტარპეას კლდედ იწოდება.  მალე ეს ადგილები ლათინებმა აითვისეს. აიგო იუპიტერის ტაძარი (მისი კედელი მუზეუმის ტერიტორიაზეა), იუნონას ტაძარი კი ჩვენთვის ლამაზი ლეგენდიდანაა ცნობილი – მისი ეზოს ბატებმა გააღვიძეს რომაელთა გარნიზონი, როცა გალთა რაზმები ცდილობდნენ შემოპარვას.

Caput – ლათინურად თავს აღნიშნავს. ბორცვის სახელწოდებას ეტიმოლოგები ამ სიტყვას უკავშირებენ. ბორცვზე მდებარე სასახლეებში ქალაქის თავები აქ მდებარე სენატის სასახლეში იკრიბებოდნენ.

kibeebi

 

ბორცვზე ყველაზე თვალსაჩინო ნაგებობა უზარმაზარი თეთრი სასახლე „ვიტორიანოა“. ჩვენ ის სხვა თემების დროს უკვე მიმოვიხილეთ. იგი გვერდს უმშვენებს კაპიტოლიუმის მოედანს, რომელზეც ვენეციის მოედნიდან მიქელანჯელოს კიბე-კორდონატათი ავალთ.

qandakeba

 

კიბიდან მოედანზე გასასვლელთან დიოსკურების სკულპტურული კომპოზიციებია, რომლებიც პომპეუსის თეატრის გათხრებისას  უპოვნიათ და პაპი გრიგოლ XIII-ის ბრძანებით აქ მოუთავსებიათ  1583 წელს. ტყუპი დიოსკურები – კასტორი და პოლუქსი, ზევსისა და ლედას შვილები – ცხენების მფარველებად ითვლებოდნენ და აქაც ცხენებთან არიან კომპოზიციაში. ლედას გედად გარდასახვის მითი დიოსკურების პატარა ქუდებშია ასახული – ეს გედის კვერცხის ნაჭუჭის ნატეხებია, მათ რომ ახურავთ. კიბის თავს  შემდგომ, პაპი სიქსტუს V-ის დროს, დაემატა  კონსტანტინე დიდისა და მისი ვაჟის, კონსტანტინე კეისრის ძეგლები. კორდონატას მარცხნივ პატარა ქანდაკებაა უცნაურად შეკოწიწებული კვარცხლბეკით – ეს სახალხო ტრიბუნის, კოლა დი რიენცოს ძეგლია. XIV  საუკუნეში მის მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად შეიქმნა რომის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც 7 წელი იარსება და იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვა,  ქანდაკება კი მისი სიკვდილით დასჯის ადგილასაა აღმართული.

lomebi

 

ბორცვის პლატოზე ბევრი რამ მიქელანჯელოს მიერაა გაფორმებული – მოედნის ქვაფენილის სურათი, შენობების ფასადები. მისივე იდეა იყო მოედნის ცენტრში მარკუს ავრელიუსის ძეგლის გადმოტანა.

 

avreliusi

შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ ეს  რომში ქრისტიანობის დამამკვიდრებლის,  იმპერატორ კონსტანტინეს ძეგლი იყო.  ამიტომაც მოხდა, რომ იგი გადაურჩა განადგურებას და პაპთა ლატერანოს სასახლეშიც კი ყოფილა დაცული VIII-XVI საუკუნეების განმავლობაში. სიმართლის დადგენის შემდეგ პონტიფიკატი მის თავიდან მოცილებას სიხარულით დასთანხმდა. ამჟამად მოედანზე ძეგლის ასლია, ორიგინალი კი იქვე მუზეუმშია მოთავსებული.

konservatori

მოედანზევე, სენატორის სასახლის მარცხნივ მაღალ კვარცხლბეკზე რომის სიმბოლოს – ძუ მგლის ქანდაკებაა. მისი ორიგინალიც მუზეუმშია დაცული.  65 წელს მეხის დაცემის შედეგად ორიგინალი დაზიანდა და ბავშვების ფიგურები დაიწვა კიდეც. პაპი სიქსტუს IV-ის ბრძანებით და დაფინანსებით რემუსის და რომულუსის ახალი ფიგურები შექმნა ანტონიო დელ პალაიოლომ. როგორც ამბობენ, 1960 წლამდე აქვე ცოცხალი მგელიც კი ყოფილა გალიაში დამწყვდეული, ალბათ უფრო ტურისტების მისაზიდად.

 

კაპიტოლიუმის მუზეუმები არა მარტო კამპიდოლიოს მოედნისა და რომის მშვენებაა – ისინი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მარჯვენა სასახლეს კონსერვატორი ჰქვია, მარცხენას – ნუოვო. მათი ფასადების გაფორმებაც  დიდი მიქელანჯელოს შემოქმედებაა.  ამ ორ სასახლეს მიწისქვეშა დერეფანი აერთებს.

xedi

მიქელანჯელოს ჩანაფიქრით, მოედნის ვიზუალურად გასადიდებლად რამდენიმე ოპტიკური ეფექტი იქნა გამოყენებული. სასახლეები „ნუოვო“ და „კონსერვატორი“ პალაცო სენატორის მიმართ მახვილი კუთხით დგანან – ეს ოპტიკურად აფართოვებს მათ შორის სივრცეს, პარალელურ განლაგებასთან შედარებით. ასევე, მოედნის ქვაფენილის ელიფსური სურათი პერსპექტივაში წრიულად გვეჩვენება – ესეც იგივე ეფექტს იძლევა.

tarpeas klde

სენატორის სასახლეში ამჟამადაც მერიაა განთავსებული.  მისი ფასადის  ორმარშიანი კიბეც მიქელანჯელოს პროექტია. კიბის ძირში მწოლიარე ნილოსისა და ტიბროსის ქანდაკებებია, მათ შუა კი, ნიშაში, „მოზეიმე რომის“ ძეგლი დგას  სფეროთი ხელში – რომის სიძლიერისა და მფლობელობის სიმბოლო.

მიქელანჯელოს გარდაცვალების მომენტისათვის (1564 წ.) ხელოვანის ჩანაფიქრის ნახევარიც არ იყო შესრულებული.  შემდგომ სამუშაოებს ჯაკომო დელა პორტა გაუძღვა, მის მერე კი ჯაკომოს მოწაფე – ჯიროლამო რაინალდი და მისი შვილი, კარლო რაინალდი.

სენატორისა და კონსერვატორის სასახლეებს შორის ფორუმებზე სამზერი მოედნისკენ გზა გადის. მას თუ გავუყვებით, გავივლით ტარპეას კლდესთან, რომელსაც რომის ისტორიაში მძიმე ფუნქცია ეკისრებოდა – ამ კლდიდან სიკვდილმისჯილებს აგდებდნენ ძირს.

insula

 

ამავე გზაზე ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სან თეოდოროს ჩავუვლით, შემდეგ კი წმ. ანასტაზიას ეკლესიაც გამოჩნდება, რომელშიც საინტერესო ქანდაკებაა საკურთხევლის ქვეშ – ერკოლე ფერარას მიერ შექმნილი „წმ. ანასტაზია“ ბერნინის „წმ. ლუდოვიკას ექსტაზის“ ზუსტი ასლია, რომელიც თავის მხრივ, ბერნინისავე „წმ.ტერეზას ექსტაზის“ თემის გამეორებაა.

 

„ვიტორიანოს“ მარჯვნივ, კაპიტოლიუმის  ბორცვის ძირში II საუკუნის დროინდელი რომაული სახლი დგას – ინსულა. ქალაქის ზონაში ადგილის სიმცირის გამო მრავალსართულიანი სახლების შენება შემოუღიათ. ეს სახლი 5 სართულიანი ყოფილა და სასტუმროს ფუნქციებს ასრულებდა.

durglebis

იმპერიის ფორუმსა და „ვიტორიანოს“ სასახლეს შორის პატარა ქუჩა შედის, რომელზეც დურგალთა საძმოს ეკლესიაა –  სან ჯუზეპე დეი ფალენამი. ადგილი იმითაა გამორჩეული, რომ იგი აგებულია ძვ.წ. VII საუკუნის დროინდელ სატუსაღო სარდაფზე და ლეგენდის თანახმად, ამ სატუსაღოში ყოფილან დამწყვდეულნი წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე. ისტორიული დოკუმენტაცია ამ ფაქტის შესახებ არაა შემონახული, მაგრამ ლეგენდა სათავეს უძველესი დროიდან იღებს და პილიგრიმთა ნაკადი ამ ადგილის მოსანახულებლად უწყვეტია.

თავიდანვე სატუსაღო აგებული იქნა ხელისუფლებასთან მებრძოლი მეამბოხეების სამაგალითოდ დასასჯელად, ქალაქის ცენტრში. ძვ.წ. 640 წელს რომის მეოთხე მეფის, ანკუს მარციუსის დროს გაკეთებულა ზედა დილეგი, ქვედა კი ძვ.წ. 578 წელს მეექვსე მეფის, სერვიუს ტულიუსის ბრძანებით გაითხარა.

13

ქვედა დილეგში პატიმარს ზედას იატაკში დატანებული ხვრელიდან აგდებდნენ, შემდეგ კი გვამს ტიბროსის ტალღებს ატანდნენ.  წმინდა მოციქულებს აქ სიკვდილის წინა რამდენიმე თვე გაუტარებიათ. ზედა დილეგში, ქვემოთ ჩამავალ კიბესთან რკინის ცხაურით დაფარული კედლის ფილაა – მასზე აღბეჭდილა წმ. პეტრეს სახე, როცა მეომრებმა იგი კედელს მიანარცხეს. ქვედა დილეგში მარმარილოს სვეტია, რომელზეც მიუჯაჭვიათ მოციქულები. აქ, პეტრეს მიერ სასწაულებრივად გადმოდენილ წყაროს წყლით მოციქულს ორი კარისკაცი – პროკესი და მარტინიანი გაუქრისტიანებია, ასევე მოუნათლავს 47 ტუსაღი!

santa

კაპიტოლიუმის ბორცვზე ბაზილიკა სანტა მარია ინ არაკოელის სანახავად 122 საფეხურიანი მაღალი  კიბით მოგვიწევს ასვლა. ბაზილიკა 1348 წელს გაიხსნა შავი ჭირის გადავლასთან დაკავშირებით (ეს ეპიდემია ჯ.ბოკაჩოს „დეკამერონშია“ აღწერილი).  ინტერიერში აღსანიშნავია იმპერატორ კონსტანტინეს დედის, წმ. ელენეს სარკოფაგი.  საინტერესოა საკურთხევლიდან მარცხნივ მდებარე კაპელაში მოთავსებული ბავშვის ფიგურა.

bavshvis

 

გადმოცემის მიხედვით, იგი გეფსიმანიის ბაღის ზეთისხილის ხის მერქნისაგანაა დამზადებული. ბერს ვერ აურჩევია, რა ფერად შეეღება ფიგურა, მაგრამ ღამით ანგელოზებს დაუმთავრებიათ ეს სამუშაო.  ბავშვის ფიგურა შემდგომ რომში მოხვდა – ჩაძირული გემიდან გადმოვარდნილი, აპენინის ნახევარკუნძულზე გამოირიყა. ამის შემდეგ ფიგურას მრავალი სასწაული მოუხდენია. ძირითადად მას ავადმყოფების განსაკურნებლად  დააბრძანებდნენ.  ერთ ქალს მისი მიტაცება განუზრახავს – დაუმზადებია ზუსტი ასლი და მასთან მიტანილი ფიგურა მალულად ასლით შეუცვლია. მაგრამ, როგორც ამბობენ, „ოქროს ბავშვი“ ღამით თავისით მობრუნებულა ტაძარში!  ბაზილიკის კაპელები ასევე საინტერესო ფრესკებითაა მოხატული (ავტორები პინტურიკიო, გოცოლი…).   ინტერიერში მრავალი დიდგვაროვნის სამარხია, რომელთა გაფორმებაზე არნოლფო დი კამბიოს, დონატელოსა და მიქელანჯელოსაც უმუშავიათ.

ბორცვის დათვალიერების პროგრამაში კაპიტოლიუმის მუზეუმებში ვიზიტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს – ეს რომის დათვალიერების დიდი პროგრამის აუცილებელი ელემენტია.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი