Cover

როდესაც კაიროში მოგზაურობას იწყებთ, პირველ რიგში პარტნიორი უნდა იპოვოთ, მარტომ რომ არ მოგიწიოთ ქალაქში ხეტიალი.  შემდეგ უნდა იცოდეთ ის ადგილები, სადაც არ უნდა გაიაროთ და ისიც, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდეთ.

“Turkish Airlines”-ის თვითმფრინავი ოქტომბრის ცხელ საღამოს დაეშვა ეგვიპტის დედაქალაქში.  აეროპორტიდან გამოსვლისთანავე სინათლის შუქზე შეგიძლიათ დაინახოთ მტვრის სქელი ფენა, რომელიც მუდმივ თანმდევად იქცევა მომდევნო დღეებში.  ამიტომ გირჩევთ, ბევრი ტანსაცმელი წაიღოთ.

kairo

 

თვითონ ქალაქიც მის დადებით და უარყოფით მხარეებად უნდა დაიყოს.  უარყოფითი: ეს არის უამრავი უსახლკარო და შემწეობის მთხოვნელი.  ეს ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობენ, საშინელი ანტისანიტარია კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქალაქს საერთოდ არ ალაგებენ („იუნესკოს“ სიაში შესულ ალ მოაზის ქუჩაზე თევზის გამყიდველმა შუა ქუჩაში გადმოაპირქვავა თევზის ნარჩენები და იქვე დატოვა), საშინელი საცობები (ქალაქში იშვიათად შეგხვდებათ შუქნიშანი, დიდ გზაჯვარედინებზე მოძრაობის რეგულირებას პოლიცია ცდილობს) და კორუფცია (ყველგან და ყოველთვის – იმაზე მეტად, ვიდრე ეს 90-იანი წლების საქართველოში იყო).

დადებითი მხარეა საოცარი სიიაფე.  მიუხედავად იმისა, რომ კაირო უზარმაზარი – 20 მილიონიანი ქალაქია, ტაქსით მგზავრობისას მაქსიმუმ 40 ეგვიპტური ფუნტი დაგეხარჯოთ (დაახლოებით 6 ლარი).  ქალაქი სავსეა სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტით, პრესტიჟულ უბნად კი ნილოსის ერთ-ერთ კუნძულზე გაშენებული ზამალეკი ითვლება, სადაც მდებარეობს სხვადასხვა ქვეყნის საელჩო და პრესტიჟული რესტორნებიც აქვეა, სადაც საკმაოდ იაფად შეგიძლიათ ისადილოთ.  ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად შეგიძლიათ მიაკითხოთ რესტორან „Zooba“-ს და „Cairo Kitchen“-ს.  ევროპული სამზარეულო კი მრავლადაა წარმოდგენილი ნილოსისპირა რესტორნებში.  რაც შეეხება ღამის კლუბებს,  აღსანიშნავია “River Side”-ი და “Cairo Jazz Club”-ი.

piramida

ქალაქი ძალიან დიდია – მეტროს 61 გაჩერება და 3 ხაზი თქვენს გადაადგილებას უზრუნველყოფს, თვითონ მეტრო კი ძალიან მოწესრიგებულია და 1 ეგვიპტური ფუნტი (20 თეთრი) ღირს.  მეტრო ავტობუსსაც და ტაქსისაც გადასაადგილებლად ბევრად სჯობს.

beduini

 

სანახაობებით კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში.  პირამიდების ტერიტორიაზე შესვლა 80 ეგვიპტური ფუნტი – დაახლოებით 16-17 ლარი ღირს, თუმცა თუ პირამიდების მთლიანად ნახვა გსურთ, უნდა ესტუმროთ ეგვიპტის ეროვნულ მუზეუმსაც, რადგან პირამიდებიდან გატანილი სიმდიდრის დიდი ნაწილი იქ ინახება.  პირამიდების ტერიტორიაზე ყოფნისას გესაჭიროებათ მყარი ნერვები, რომ ბედუინების შემოსევას გაუძლოთ და ასევე სიცხესაც, რადგან ოქტომბრის დასაწყისში ყოფნისას ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევდა.

ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას 2 საათი სჭირდება, რათა ეგვიპტის მდიდარი ისტორიის არტეფაქტები კარგად დაათალიეროთ.

ali

ჩემზე პირამიდებზე მეტად სალადინის ციტადელმა და მის შიგნით მოქცეულმა მუჰამედ ალის მეჩეთმა დატოვა დიდი შთაბეჭდილება, რომელიც არაბული არქიტექტურის დიდებული ნიმუშია.  აუცილებლად უნდა ეწვიოთ ელ-მოაზის ქუჩას, რომელიც XI-XII საუკუნეებით თარიღდება და „იუნესკოს“ სიაშია შესული.  ამავე ქუჩაზე მდებარეობს ალ-ჰაკიმის მეჩეთიც, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

movachreebis

მოაზის ქუჩასთან მდებარეობს ხან-ელ-ხალილი – უზარმაზარი ტერიტორია, სადაც მხოლოდ სუვენირები იყიდება და ძალიან იაფად 300 ეგვიპტურ ფუნტად (60 ლარი) შეგიძლიათ ერთი დიდი პარკი გაავსოთ სხვადასხვა სახის სუვენირებით.

 

berdznuli

ცალკეა ქრისტიანული უბანი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ კაიროს ბერძნული ეკლესია, ასევე კოპტური „დაკიდებული ტაძარი“, რომელიც სვეტებზე დგას.  აქვეა კოპტური მუზეუმიც.

kopturi

უნდა მოერიდოთ გარეუბნებს, სადაც ღარიბი ხალხი ცხოვრობს და თავისუფლად იყიდება ნარკოტიკული საშუალებები.

და ბოლოს… თუ თქვენ გსურთ აღმოსავლურ ვიწრო ქუჩებში ხეტიალი და არაბული არქიტექტურის ნახვა, ეს ქალაქი სწორედ თქვენთვისაა!

დიმიტრი დოლიძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი