299628 002

ცათამბჯენების მოყვარული გახლავართ და დღემდე დიდი ინტერესი მაქვს ამ საინჟინრო-არქიტექტურული გადაწყვეტილებისა.  შესაბამისად, ყველა ის ქალაქი მაინტერესებს, სადაც ცათამბჯენების სიმრავლეა.  ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი ამ კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება.  პირველად ვაშინგტონი ჩემს ცხოვრებაში სერიოზულად მაშინ შემოვიდა, როდესაც სულ პატარას მამაჩემმა მითხრა, რომ ამ ქალაქში კაპიტოლიუმზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება და ამდენად იქ არც ცათამბჯენებია.  რაღაცნაირად გული დამწყდა… ჩემთვის მაშინ ქალაქის სიავკარგე ცათამბჯენებით განისაზღვრებოდა და ჩემი ჯილა ნიუ-იორკი გახლდათ, მამაჩემი კი მეუბნებოდა – რა მოგწონს ამ ნიუ-იორკში, აზელილ-დაზელილი ქალაქია, მაგას ბოსტონი სჯობს, აკადემიური ქალაქიაო, თუმცა არც ნიუ-იორკში იყო ნამყოფი, არც ბოსტონში და არც – ვაშინგტონში.  მისთვის რკინის ფარდის იქით გადახედვა აუხდენელ ამბად დარჩა.

ასე იყო ვაშინგტონის ამბები მაშინ…

ვაშინგტონი„როდესაც ვაშინგტონზე საუბრობ, გახსოვდეს სამი სიტყვა:  Watch Your Back!“ – უთქვამთ ბრძენებს.  დიახ, დიახ, ზუსტად ასეა.  ეს არის დიდი ძალაუფლების, გავლენისა და, რა დასამალია, ინტრიგების ქალაქი, სადაც არ პატიობენ შეცდომებს.  ეს აურა ვაშინგტონში მუდმივად ტრიალებს.  თუ დედამიწაზე არსებობენ ისეთი ქალაქები, რომლებსაც გავლენა აქვთ მსოფლიო წესრიგზე, მაშინ ერთ-ერთი ასეთი უპურველესთაგანი ვაშინგტონია.  შეუძლებელია ეს არ იგრძნოთ თუ ოდნავ მეტი ყურადღებით დააკვირდებით ამ პოლიტიკურ ცენტრს.  ეს იგრძნობა ქუჩებში, დაწესებულებებში, ხალხში, რომლებსაც იქ შეხვდებით.  ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია თავისუფლებისა და სიძლიერის (თავისუფლება ხომ ლომთა ხვედრია) განსაცვიფრებელ ნაზავში, რომელსაც თითქოს შეისუნთქავთ, ხელით ეხებით…  ასეთია ვაშინგტონი.

დალესის აეროპორტიამ ქალაქში ტრანსპორტის ყველა ძირითადი საშუალების გამოყენებით ვარ ჩასული:  თვითმფრინავით, მანქანით, მატარებლითა და ავტობუსით.  თუ თქვენ უცხო ქვეყნიდან მგზავრობთ, მაშინ (დიდი ალბათობით) ვირჯინიის შტატში მდებარე დალესის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვდებით ქალაქში, რომელიც საკმაოდ მოშრებით მდებარეობს (ეს ის აეროპორტია, ბრიუს უილისი ერთ ამბავს რომ ატრიალებს „კერკეტი კაკლის“ რომელიღაც ეპიზოდში).  თუ შიდა რეისით ხართ, მაშინ (ასევე დიდი ალბათობით) რონალდ რეიგანის ნაციონალური აერიპორტი გიმასპინძლებთ, რომელიც დალესისგან განსხვავებით გაცილებით მოსახერხებელია, რადგან თითქმის ქალაქის ცენტრში მდებარეობს  და რამდენიმე წუთში ნებისმიერ მნიშვნელოვან ადგილზე შეგიძლიათ მოხვდეთ (მეტროს გამოყენებით, მაგალითად).

თუ ავტობუსით იმგზავრებთ, მაშინ Greyhound-ის ავტოსადგურზე შეხვალთ, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ „შიგ ქალაქის“ ცენტრში მდებარეობს.  მაგალითად, კაპიტოლიუმამდე ფეხით 10 წუთში გადახვალთ, მაგრამ თუ ვაშინგტონში პირველ ჯერზე ავტობუსით მოგიხდათ ჩასვლა (როგორც მე), ამ ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება ცუდი გექნებათ.  ეს ავტოსადგური არის ერთი უბადრუკი რამ შენობა – პატარა, არაფრით გამორჩეული და გარემოც არავაშინგტონისეულია.  ხაშურის ავტოსადგური მომაგონა (როგორი შედარებაა?).  საერთოდ, ვაშინგტონს ახასიათებს ასეთი გარდასვლები – ხარ ერთ ადგილას და ნამდვილად ვაშინგტონში გრძნობ თავს, გაივლი რამდენიმე ბლოკს და სადღაც გაურკვეველ ადგილზე აღმოჩნდები.  არ დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი კრიმინალის მაღალი დონითაც გამოირჩეოდა (ახლა არ ვიცი როგორაა), თუმცა ეს მეტწილად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ეხება.

Union Stationმატარებლები ვაშინგტონში Union Station-ზე შედის.  ეს უზარმაზარი ნაგებობაა და ძალიან საინტერესოც.  ავტოსადგური რომ ვახსენე, ზუსტად რკინიგზის საგდურის უკან, შეიძლება ითქვას, 300-400 მეტრში მდებარეობს და ამ ორ სადგურს შორის დისტანციასთან არცთუ კარგი მოგონება მაკავშირებს… პირველად ვარ ვაშინგტონში.  მნიშვნელოვანი და ცნობილი ადგილები კი მაქვს წინასწარ შესწავლილი და არც გამჭირვებია მიგნება-მოგნება, მაგრამ ეს ავტოსადგური და მიმდებარე ტერიტორია, როგორც უკვე ვთქვი, თვალში არ მომივიდა (ადრიან დილით ჩავედი და უკანაც (ნიუ-იორკში) იმავე დღეს ავტობუსით უნდა დავბრუნებულიყავი).  დილით კი უპრობლემოდ დავაღწიე თავი ავტოსადგურს და საღამოსაც ტაქსის მძღოლმა პრობლემების გარეშე მიმიყვანა, მაგრამ… იანვარი იყო და თოვდა სასტიკად (თოვლი, მოგეხსენაბათ, როგორ აფრთხობს ამერიკელებს).

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

ავტობუსების მიმოსვლა შეჩერებულიაო, მაცნობეს გაღიმებული სახით.   არადა ნიუ-იორკში ვარ დასაბრუნებელი.  ვიწრიალე მცირე ხანს… მატარებელი უნდა ავიღო, სხვა გზა არაა.  სასწრაფოდ რკინიგზის სადგურში უნდა წავიდე, მაგრამ რკინიგზის სადგური (Union Station) რომ ორ ნაბიჯზეა, არ ვიცი.  მივადექი ტაქსის, რომელშიც სტანდარტული აფრო-ამერიკული ფიზიონომიის  მძღოლი ზის.  ვუთხარი, სადაც მინდოდა წასვლა.  ცოტა გაკვირვებულმა კი შემომხედა, მაგრამ რა შემატყო აზრზე არ ვიყავი… 15 დოლარიო.  მოკლედ, ფიქრის დრო არ იყო და ჩავჯექი.  მანქანის დაძვრამდე კიდევ ერთხელ გამიმეორა საფასური და თანხმობაც მიიღო.  დავიძარით… ერთი შეხვევა, ცოტა გავლა, კიდევ შეხვევა და მოვედითო.  მოკლედ, კარგად მაჭამა.  რას ვიზამთ, ვაშინგტონში არ დავბადებულვართ.

ასეთი უსიამოვნო შემთხვევა ვაშინგტონში სხვა აღარ მქონია, ვინაიდან შემდგომ ეს ქალაქი ბედის გამოისობით საფუძვლიანად გავიცანი (ალბათ, ქალაქმაც გამიცნო:).

გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მოგონებები მომეძალა.

რა უნდა ვნახოთ ვაშინგტონში?

თეთრი სახლილინკოლნის მემორიალი
რაღა არ უნდა ვნახოთ…  თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი, ლინკოლნისა და ჯეფერსონის მემორიალები.  ეს სტანდარტულია.  ტურისტების უმეტესობა ასეთ ადგილებს ეტანება.  თეთრ სახლშიც (შიგნით) შეიძლება ტურის აღება, მაგრამ გარკვეული რეგულაციებია, თუმცა უფასოა (გვირჩევენ, რომ ჩვენი ქვეყნის საელჩოს დავუკავშირდეთ, სადაც  დაგვეხმარებიან ტურის, ასე ვთქვათ, დაბევებაში, მაგრამ მე რა პერიოდზეც ვლაპარაკობ, მაშინ ჩვენს საელჩოში თეთრ სახლში ტურის დაჯავშნა კი არა სხვა უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ოპერაციების გაკეთებაც კი ჭირდა).  ვფიქრობ, მაინც ღირს ცდად, რადგან თუ ვაშინგტონში ხართ და ეცნობით ქალაქს, თეთრი სახლიც უნდა ნახოთ.  როგორც ტურისტი არა, მაგრამ როგორც ჟურნალისტი რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ძალიან საინტერესოა.

სხვა?

ჯეფერსონის მემორიალიკაპიტოლიუმი
გაისეირნეთ მოლზე, კონსტიტუციის, დამოუკიდებლობისა და პენსილვანიის ავენიუებზე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 ქუჩებზე… აქ შეიგრძნობთ ნამდვილ ვაშინგტონს.  შეგხვდებათ სხვადასხვა დეპარტამენტი, სამთავრობო დაწესებულება, მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი.

დუპონინახეთ დუპონიც (Dupont Circle).  ეს ის ადგილია, სადაც ქართველი დიპლომატი წლების წინ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ შარში გაეხვა…  მთლად დუპონზე არა, მაგრამ ახლოს – კონექტიკუტის ავენიუზე.  დუპონთანვე, ნიუ ჰემპშირის ავენიუზე მდებარეობდა საქართველოს ძველი საელჩო.  ამჟამად ჩვენი საელჩო დუპონიდან არცთუ ისე შორს, მასაჩუსეტსის ავენიუზე მდებარეობს.  ახლახანს საქართველოს სახელმწიფომ შენობა, რომელშიც საელჩოა განთავსებული, შეისყიდა, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია.  საერთოდ, დუპონის მხარეს და მიმდებარე ადგილებში უამრავი ქვეყნის საელჩო შეგხვდებათ, რომელთა თვალიერებაც ერთგვარი აზარტივითაა.

კიდევ?

აინშტაინის ქანდაკებაკონსტიტუციის ავენიუზე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადასწვრივ ნახავთ აინშტაინის ცნობილ ქანდაკებას, რომელიც ჩაფიქრებული დაჰყურებს სამყაროს.  ეს ქანდაკება, რომლის ავტორიც რობერტ ბერკსია, მეცნიერების ეროვნული აკადემიის ეზოში მდებარეობს.  ჩემთვის საინტერესო ქანდაკებაა და თქვენც გირჩევთ.

ვაშინგტონის მეტრო გადაადგილების ძალიან კარგი საშუალებაა.  ამდენად, ქალაქში სხვა ტრანსპორტის გამოყენება არც ღირს.  მეტრო ყველა მნიშვნელოვან უბანს უდგება და ნიუ-იორკისგან განსხვავებით სუფთა და კეთილგანწყობილია.

მოლივაშინგტონში უამრავი სკვერი და პარკია, იქნება ეს მემორიალებთან თუ სხვაგან.  შეგიძლიათ ბალახზე დაჯდეთ (ან დაწვეთ) და იკითხოთ ან მუსიკას მოუსმინოთ ან რაც გინდათ ის აკეთოთ (კანონი არ დაარღვიოთ მხოლოდ).

თუ პენტაგონის ნახვა დაგაინტერესებთ, აიღეთ მეტროს ლურჯი ან ყვითელი ხაზი და ამოდით გაჩერებაზე – „პენტაგონი“.  უცნაური სადგურია.  რომ ამოხვალთ, საკუთრივ შენობაშივე აღმოჩნდებით და დაინახავთ საკონტროლო თარჯებს, რომლის გავლაც მხოლოდ თანამშრომლებს შეუძლიათ (რა თქმა უნდა, ეს ამ უზარმაზარი შენობის ერთ-ერთი შესასვლელია).  სანამ პენტაგონამდე მიხვალთ, ისე როგორ იქნება, რომ არლინგტონით არ დაინტერესდეთ.  ამოდით გაჩერებაზე – „არლინგტონის სასაფლაო“ (ასე არ უხდება, უფრო პანთეონი, ალბათ) და აღმოჩნდით შესაშურ სიმყუდროვეში (აქ ხმამაღალი საუბარი არ შეიძლება).  არლინგტონშია ამერიკის პრეზიდენტების ტაფტისა და კენედის საფლავები (და ბევრი სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანის საფლავი).

როგორც არლინგტონი, ისე პენტაგონი ვირჯინიის შტატში მდებარეობს.  თავად ქალაქი ვაშინგტონი არცერთ შტატს არ ეკუთვნის და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში მდებარეობს.  ვირჯინიის მსგავსად ვაშინგტონს გარეუბნად ეკვრის მერილენდის შტატის სხვადასხვა დასახლება (მაგალითად ბეთეზდა, სადაც ჩვეულებრივ მეტროთი მიხვალთ.  ბეთეზდაში მდებარეობს უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრი, სადაც საჭიროების შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტებს აღმოუჩენენ ხოლმე დახმარებას.  ბეთეზდაშივეა კიბოს ეროვნული ცენტრი.  საერთოდ, მერილენდის ეს ქალაქი სამედიცინო მიმართულებით ძალიან ძლიერია).

ჯორჯთაუნიამდენი დავწერე და ჯორჯთაუნზე არაფერი მითქვამს.  ასე არ შეიძლება.  ბუნებრივია, რომ ჯორჯთაუნში მდებარეობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი.  ვაშინგტონის ამ მხარეს ნაკლებია ძალაუფლების გოროზი შეგრძნება.  ეს უფრო მომავლის, ახალგაზრდობის კერაა.  ჯორჯთაუნში უამრავი საინტერესო რესტორანი, კლუბი და ბარია.  საერთოდ, თუ ვაშინგტონში ცოვრებას გადაწყვეტთ, ჯორჯთაუნში შეიძინეთ სახლი, ნამდვილად არ ინანებთ (არ ვხუმრობ).

კიდევ ბევრს დავწერდი ამ ქალაქის შესახებ, მაგრამ თავის მობეზრება გამომივა.  დავჯერდები იმას, რაც უკვე დავწერე.  ერთს დავამატებ მხოლოდ:  ვაშინგტონიდან ისე არ წამოხვიდეთ, რომ არ ეწვიოთ ავიაციისა და კოსმოსის ეროვნულ მუზეუმს.  ამისთვის კი მოგიწევთ დალესის აეროპორტამდე მისვლა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მაგრამ ნამდვილად ღირს.

ნიკა ჩადუნელი

 

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი