Miami (8)

უკვე ღამდებოდა, როცა მაიამის აეროპორში ჩავფრინდი, გარეთ გამოსვლისთანავე სული შემეხუთა, ნესტიანი სიცხისგან, საბედნიეროდ ჩემი მეგობარი დიეგო აეროპორტშივე დამხვდა და ცივ მანქანაში ოდნავ ამოვისუნთქე.
მოკითხვის და ნიუ იორკის ამბების გამოკითხვის შემდეგ დიეგომ ლათინო ფართიზე წამოსვლა შემომთავაზა:
– დღეს მეგობრები ვიკრიბებით, ჯერ ჩემ ერთ მეგობართან, სახლში დავლევთ და შემდეგ რამდენიმე კლუბში წავალ, შეგიძლია შემოგვიერთდე.
– აუცილებლად! – ძალიან მიყვარს, როცა უცხო ქალაქში, ადგილობრივებთან ერთად ვატარებ დროს, მადლობა! – დავთანხმდი მომენტალურად.

სახლში მივედით, წყალი გადავივლე და ვეცადე მეტნაკლებად პრეზენტაბელურად ჩამეცვა, დიდი არაფერი, უბრალოდ ნახევრად სპორტული პერანგი, ესპადრელები და ოდნავ აკეცილი, ვიწრო ჯინსი – მაინც ყოველი შემთხვევისთვის.Miami (4)ჯერ დიეგოსთან დავიწყეთ, მისი ორი მეგობარი მოვიდა, ჯერ ხოსე და მერე მარია, რომლებიც ასევე საკმაოდ კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ. უკვირდათ, როცა „კაპიტან მორგანს“ გაუზავებლად ვსვამდი და ყინულზეც უარი ვთქვი, რაკი ეს სასმელს ჩემთვის გემოს უკარგავს… საკმაოდ მომეკიდა სასმელი… ღამის 10 საათი იქნებოდა, როცა მათ მეგობართან ავედით, რომელიც ჩვენს გვერდით კორპუსში ცხოვრობდა.

სახლი ძალიან ლამაზი იყო, დიდი, გემოვნებით მოწყობილი, ახალი რემონტით და ავეჯით, ასევე უზარმაზარი აივნით, საიდანაც მაიამის განათებული ხედი მოჩანდა. სახლში კიდევ 4 ბიჭი და 1 გოგონა დაგვხვდნენ, ნაწილი აივანზე ვსვამდით და ვეწეოდით, ნაწილი ოთახში, ბარის გარშემო, ზოგიც ტახტზე ისხდნენ და ასევე სვამდნენ, სასმელების უზარმაზარი არჩევანი იყო.

– ცოტა ხანში ჟაკლინი მოვა – ბედნიერად მაუწყა დიეგომ, – ის ყველაზე ლამაზია ჩემ მეგობრებს შორის…
შევატყვე, რომ დიეგო ვინმე ჟაკლინის მიმართ გულგრილი არ იყო, თუმცა არ ჩავეძიე, რაკი მეგობარი უწოდა… – თუ საჭიროდ ჩათვლის თავად მომიყვება – გავიფიქრე და ჭიქა ერთი მოსმით ჩავცალე.
– დათვრები – მომიახლოვდა ღიმილით ხოსე.
– ნუ გეშინიათ, კარგი სიმთვრალე მაქვს – გავუღიმე მეც და მივხვდი, რომ ცოტათი მართლა უნდა შემენელებინა სმის ტემპი.

ცოტა ხანში ოთახში შევედი, სტუმრების რიცხვი კიდევ 5-ით გამრავლებულიყო, ძირითადად მუქი ფერის, ლათინოამერიკელი ბიჭები და კიდევ ერთი გოგონა.
– ალბათ ეს არის ჟაკლინი – გავიფიქრე და შორიდან შევათვალიერე – მაღალი იყო, სიმთვრალისგან, ჩაბნელებულ ოთახში მეტი ვერაფერი გავარჩიე. ცოტა ხანში მანქანებში გადავნაწილდით და კლუბისკენ გავემართეთ.
კლუბში ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა, კარგი მუსიკა, უამრავი მთვრალი ადამიანი, ხმაური, თავისუფლება… რაკი საცეკვაო ადგილი დიდი არ იყო, მოგვიწია ჯგუფებად გადანაწილება, ჩემთან დიეგო, ხოსე, მარია, ორი ჩემთვის უცნობი ბიჭი და ჟაკლინი მოხვდნენ. ჟაკლინი ჩემ გვერდით ცეკვავდა, შიგადაშიგ მისი გრილი სხეული მეხებოდა და სიმთვრალისგან გახურებულს ძალიან მსიამოვნებდა. თვალი გავაპარე და შევათვალიერე: მაღალი იყო, ოდნავ შოკოლადის ფერი გადაჰკრავდა და ლათინოამერიკელისთვის დამახასიათებელი ყველა ღირსებით – გლუვი კანი, სავსე და ლამაზი ფორმები, გრძელი ფეხები, სქელი ტუჩები, მოციმციმე თვალები.
– ალბათ ძალიან დავთვერი, ეს რომ აქამდე ვერ შევნიშნე – გავიფიქრე და დიეგოს შევხედე, რომელიც ჟაკლინს თვალს არ აშორებდა.

დაახლოებით ორი საათი იქნებოდა გასული, როცა უკვე მძაფრად შევნიშნე ამ საოცარი გოგოს ყურადღება, თითქოს ცეკვის დროს მუდმივად აპარებდა თვალს ჩემკენ და თან შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ „შემთხვევით“ შემხებოდა. არც ვიცოდი, როგორ დამეწყო კომუნიკაცია, უბრალოდ გამოველაპარაკე.

ხმის ტემბრიც ძალიან სასიამოვნო ჰქონდა, ოდნავ ლათინური აქცენტი და ტუჩების საოცარი მოძრაობა ლ-ს წარმოთქმისას. გავიგე, რომ 25 წლის იყო და პიცის დიდ ქარხანაში, შეკვეთებს ანაწილებდა კურიერებზე. ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა, მაიამიში 1 წლის ჩამოსული იყო ბოგოტადან. ვეკითხებოდი ათას სისულელეს და ხმაურის გამო მიწევდა ტუჩები ძალიან ახლოს მიმეტანა მის ყურთან, ტუჩები ჩემი სხეულისგან დამოუკიდებლად ვერ მივიდოდა, შესაბამისად მთელი სხეულითაც ვეხებოდი და ფიქსაციისთვის ხელს ხან მხარზე, ხან წელზე ვხვევდი. თვითონაც არანაკლებ კითხვას მისვამდა და ბოლოს უკვე ჩურჩულისას, როცა ყურზე ტუჩებით შემეხო რამდენჯერმე, მივხვდი, რომ ან თავი ძალიან შორს უნდა დამეჭირა, ან….

– შეიძლება რაღაც გკითხო? – მოვიდა ჟაკლინი უცებ.
– შეიძლება – ვუპასუხე გაოცებულმა, ვერ მივხვდი ნებართვას რატომ იღებდა, როცა უკვე ამდენი კითხვა ჰქონდა დასმული.
– გელფრენდი გყაავს? – ჩამჩურჩულა ხმადაბლა და თავი დახარა. ამ კითხვას კი არ ველოდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, რომ ბედმა ლანგრით მომართვა საჩუქარი, ოდნავ პაუზა გავაკეთე, რომ კრეატიული პასუხი მომეფიქრებინა.
– ჰო, მეც მომწონხარ!
ხმაურში ჟაკლინმა მხოლოდ YES გაიგო და იმედგაცრუებული გამერიდა. ახსნას აზრი არ ჰქონდა. ფეისბუქზე დამამატე, აქ ვერ გესაუბრები, ხმაურია – ავკრიფე ტელეფონზე და ვაჩვენე.
– მაპატიე ამ სულელური შეკითხვისთვის – მითხრა შეწუხებული სახით, მერე ავუკრიფე ჩემი სახელი და გვარი.
– ოჰ! – ამოიოხრა. – რა მაგარია! – ჩამყვირა ყურში.
მივხვდი ჩემ მთავარ ფოტოს გულისხმობდა, რომელზეც გაშლილი ფეხებით, ერთ-ერთი სასტუმროს სავარძელში ვიყავი გაშოტილი 🙂 გამეღიმა და გარეთ გავედი, თან სიგარეტი ვაჩვენე, გამომყვა.
– არ მყავს გელფრენდი – ვუთხარი მოკლედ, არ მინდოდა ჩემი ზედმეტი აჟიტირებით დამეფრთხო.
– ოოჰ, რა ბედნიერი ვარ! – წამოიძახა და ისევ დახარა თავი. თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი, რომელიც დიდი ხნის ფანმა მოულოდნელად სადღაც იპოვა 🙂
ჟაკლინი უკვე გათამამდა, კლუბიდან კლუბში გადასვლისას სხვებს ჩამოვრჩით… ხან წელზე მეხებოდა ხელით, ხან ხელს ჩამკიდებდა, თან მიღიმოდა ოდნავ მორცხვი მზერით. ერთ ადგილას გამაჩერა და თავისი კამერით ფოტო გადამიღო (ეს ჩემთვის, როცა მომენტარები – ამიხსნა სევდიანი ღიმილით).

Miami (2)
ბოლო კლუბიდან იმ სახლში წავედით, სადაც ერთმანეთს შევხვდით, დილის ოთხი საათი იქნებოდა… დიეგოს მეორე დღეს სამსახური ჰქონდა და ეძინებოდა. – მე დავრჩები, შენ თუ გინდა დაიძინე – შევთავაზე მეგობრულად.
– მარტო ვერ დაგტოვებ, კარგი, მეც დაგელოდები მაშინ და შენ როცა წამოხვალ, მაშინ წავალ – გამოხატა მეგობრული ჟესტი დიეგომ.
– წააადიიიიიიი – აღმომხდა გულში და საცოდავი მზერით შევვარდი ფეისბუქზე, მინდოდა ვინმესთვის ჩემი დარდი გამეზიარებინა, მაგრამ ამაოდ, საქართველოში ყველას ეძინა.
ისევ დიეგოსთან წავედით, ჟაკლინი და ხოსეც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. ოთახში ვიჯექით, მე სმას ვაგრძელებდი, როცა ინბოქსში წერილი მომივიდა ჟაკლინისგან:
– Красивый
– რუსი არ ვარ!!! ჩვენი ენა გვაქვს!!! – მივწერე და მრისხანე მზერით გადავხედე. არ გამოუხედავს.
– „ლამაზი“ – მომწერა ცოტა ხანში ქართული შრიფტით… გამეცინა და მომენტალურად შემეყინა ღიმილი სახეზე, როცა გვერდით დიეგო მიუჯდა და ტელეფონში ჩახედა. ვერ მივხვდი რა წააკითხა, მაგრამ თითქოს არაფერი, ორივე წამოდგა. ჟაკლინი მანქანამდე გავაცილეთ, ხოსე დაწვა.
– ხვალ დილით მაიამი ბიჩზე მინდა წასვლა, დიეგო მუშაობს და შენ ხომ არ გამომყვებოდი? – მივწერე ჟაკლინს და გული შემეკუმშა მოლოდინში…
– კი, ხვალ საღამოს ვიწყებ მუშაობას და დილით შემიძლია – მომწერა მალევე.
ღამით უბედნიერესად მეძინა, ორი საათი ვერ დავიძინე, ათას რამეზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ჟაკლინზე, ათას სხვადასხვა გარემოში… დილით ადრე ავდექი, დიეგომ პლიაჟის მოპირდაპირე ქუჩაზე დამტოვა და წარმატებული დღე მისურვა, არ მითქვამს ვინ აიღო თავის თავზე ჩემი გიდობა.Miami (1)ჟაკლინი დათქმულ დროს მოვიდა, თუმცა პარკინგის ძებნაში რამდენიმე წრე დაარტყა, მე ყოველ 2 წუთში ვწერდი, მიუთმენელი თინეიჯერი ბიჭივით, ისიც მოთმინებით მიხსნიდა, კონკრეტულ მომენტში რით იყო დაკავებული, მე ალბათ ასეთ შემთხვევაში ტელეფონს თავზე გადავალეწავდი ჩემ მსგავს შემაწუხებელ არსებას, ვეღარ ვცნობდი საკუთარ თავს!

როგორც იქნა მოაღწია და დღის შუქზე მის დანახვაზე უკვე ელდა მეცა! ღია ფერის რბილი, მოკლე შორტი ეცვა და თეთრი, ასევე მოკლე მაისური, თმა ოდნავ ტალღოვანი ჰქონდა, გაშლილი, კანი კიდევ უფრო გემრიელი, სახე უმაკიაჟო, ოდნავ გამოუძინებელი თვალები კიდევ უფრო ბუნებრივს და სასურველს ხდიდა.
ჯერ მაკდონალდში შევირბინეთ, დიდი რიგი იყო, ჩემ წინ იდგა და სივიწროვის გამო მთელი რბილობით წინიდან მყავდა მოკრული, მისი თმის სურნელს ვგრძნობდი და საუბრისას სუნთქვას. აღარ მშიოდა, განსაკუთრებით, როცა ჭამა დავიწყეთ და მარილიანმა ფრიმ ოდნავ აუწითლა სქელი ტუჩები!!
ჭამა მალევე დავასრულეთ… ნელ-ნელა გავუყევით გზას პლაჟისკენ, გზადაგზა ფოტოებს მიღებდა. ღია კაფეების გავლით მივდიოდით, როცა მოულოდნელად, ერთ-ერთი კაფის შუაგულში ფორტეპიანოს გადავაწყდით. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მომეხდინა მასზე შთაბეჭდილება: ახლა უნდა დავუკრა, ქართულად, შენთვის…
ვიცოდი, არ შეიძლებოდა, მაგრამ სანამ დაცვა მოვიდოდა – მივუჯექი პიანინოს… მაიამის ცხელი სიოსა და პალმების ფონზე, გარშემო „თბილისოს“ ჰანგები ისმოდა, ისე შევიჭერი როლებში, სანამ დაცვამ ხელი არ ჩამავლო და არ გამომაგდო – სხვა ვერაფერი მესმოდა.
– ჩემი ბიჭი ხარ! – შეჰკივლა ჟაკლინმა და მსუბუქად გამარტყა სახეში, ოდნავ მეტი მოუვიდა…
– ამისთვის დაისჯები! – გამოვცარი კბილებში, ხელი ლოყებზე მოვუჭირე, ისე, რომ ტუჩები კიდევ უფრო გამოებურცა და ჩემკენ მოვიზიდე, ტუჩებთან მის სუნთქვას ვგრძნობდი…
– ოოჰ! როგორ დავისჯები? – მომაგება გამომწვევი მზერა და მომენტალურად ხელი შიშველი წელიდან შორტში ჩამიცურა, უკნიდან. დავიმორცხვე, გარშემო მიმოვიხედე და მისი ხელი მოვიშორე. ხმამაღლა გადაიკისკისა.
როგორც კი წყალს მივუახლოვდით, მზისგან დამცავი კრემის წასმა დაიწყო, ზურგს ვერ წვდებოდა.
– დაგეხმარები – შევთავაზე მეგობრულად და მომენტალურად ვინანე. მუცელზე დაწვა, მე საჯდომთან დავაჯექი და ისტერიულად ვაზელდი კანში კრემს, ჯერ მხრებზე, მერე ქვემოთ, წელს როცა მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო!

Miami (9)
– საკმარისია – მივახალე უცებ და ისტერიულად შევვარდი წყალში, შემომყვა.
– ნეტა ჩაიძიროს და მერე მე გადავარჩინო – მომედო მაინ რიდის რომანის გმირის აურა და მერე ჩემ თავზე გავბრაზდი, ასეთ სისულელეზე. თან მე ჩემზე ღრმა წყალში ვერ ვცურავდი, ჟაკლინი კიდევ აღარც ჩანდა ისე ღრმად შევიდა, მერე ჩემთან მოცურა.
– კარგია შენთან – დამადო მხრებზე ხელი და ფეხები წელზე შემომაწყო. ნელ-ნელა მისკენ ვიწევდი და თან ისტერიულად ვიყურებოდი გარშემო…
– ქამ ონ, ითს მაიამი! – გაეცინა ჟაკლინს და მთელი სხეულით მომეკრა.
– იმედია ვერავინ ხედავს წყლის ქვეშ რა ხდება – ჟაკლინი ზედ მყავდა ჩამოკიდებული, მე კიდევ მთელი სხეულით ვცახცახებდი. – 14 წლის ვაჟიშვილივით ვიქცევი ბლინ! – გავუბრაზდი საკუთარ თავს.
– ავიდეთ, ცოტა გავირუჯოთ კიდეც – ჩამკიდა ხელი ჟაკლინმა და ნაპირისკენ წავედით. მე წელამდე წყალში დავრჩი, მან გზა გააგრძელა.
– წამოდი – გამიმეორა ისევ.
– როგორ წამოვიდე! – გამეღიმა ნერვიულად. დაიბნა.
– ოკ. თუ გინდა, რომ წამოვიდე, ცოტა ხნით არ შემეხო, გთხოვ! – ვუთხარი და წყლისკენ დავიხედე… ახლა უკვე მიხვდა ჩემ „გასაჭირს“ და ხმამაღლა გადაიხარხარა.

როგორც იქნა ავლასლადი ნაპირზე, მაგრამ დიდხანს გაჩერება აღარ შემეძლო, ხელში აყვანილი შევაგდე წყალში და მეც მივყევი. ზღვაც საშინლად მარილიანი იყო, ტანზე მარილის ნამცეცებად გვაშრებოდა წყალი. გავითვალისწინე მისი რჩევა (ქამ ონ, ითს მაიამი) და მეორე შესვლა უფრო თამამი გამოგვივიდა, თუმცა ისევ წყალქვეშ, კოცნა მაინც უხერხული იყო, გარშემო ბავშვიანებიც იყვნენ. წყალქვეშ ვცადეთ პირველად გვეკოცნა. თითქოს საერთოდ პირველად ვკოცნიდი, ისეთი ბედნიერი ემოცია დამეუფლა, თან საკმაოდ ვყლაპე მარილიანი წყალიც.
2 საათი იქნებოდა გასული, როცა სასწრაფოდ ამოვვარდით წყლიდან და ნახევრად სველები გავემართეთ პარკინგისკენ, სველ ტანზე გადმოცმული შორტი კიდევ უფრო კვეთდა მის საოცარ ფორმებს და მეც ვოცნებობდი, რომ პარკინგი უკაცრიელი ყოფილიყო (როგორც მითხრა, რაღაც შენობის პარკინგის მესამე სართულზე დატოვა მანქანა).

ლიფტში შევედით, ვეღარ მოვითმინე და ვეცი ტუჩებზე. ჩანთის დავარდნის ხმა გავიგე. ტუჩებს ოკეანის მარილის გემო ჰქონდა, გიჟივით ვკბენდი და თან რაღაც ენით აუწერელ წყურვილს ვიკმაყოფილებდი, ლიფტის კარის გაღებამ გამოგვაფხიზლა. პარკინგზე არავინ იყო, მაგრამ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა მესამე სართული და გვერდით კორპურსებიდან გვხედავდნენ. მანქანაში წელს ზემოთ შიშველი ჩავჯექი, მანაც მხოლოდ შორტი ჩაიცვა. მინდოდა კიდევ უფრო გაგიჟებულიყო, როგორც მე ვიყავი, შარვალი ჩემი სიშავთეთრის საზღვრამდე ჩავიწიე და ტოტებიც – ისედაც მოკლე ნაჭრის შორტის – კიდევ უფრო ავიკეცე. გაამართლა. ჟაკლინმა ხელი გადმოსწია და მუხლიდან ზემო მიმართულებით ნელ-ნელა ააცურა. აი, როგორც ტრაილერის მძღოლი „ეთომარება“ ტრასაზე მოხსნილ „ნაშას“.

სადღაც, საკმაოდ ზემოთ ნაწილში ხელი დავუჭირე: შეწყვიტე!
რატომ? – შემომხედა შეწუხებულმა და შუქნიშანზე გაჩერდა. მერე თმაში ხელი ჩამავლო და ტუჩებზე მეცა. ყველა შუქნიშანთან ისტერიულად მკოცნიდა, თან ორივე ხელით სახეზე და თმაზე მეხებოდა და კიდევ უფრო მაგიჟებდა.
– გვერდით მანქანიდან გვიყურებენ – წავილუღლუღე ქართველი ქალწულივით…
– ქამ ონ, ითს მაიამი! – გამიმეორა სიტყვა-სიტყვით
– სადმე უხმაურო ქუჩაზე შედი!
– რა?
– შედი-მეთქი – საჭეს ხელი დავავლე და ერთ-ერთ ქუჩაზე შევუხვიეთ.
– რას აკეთებ, აქ ხალხია… ჟაკლინმა რამდენჯერმე მოუხვია და ერთ-ერთ შედარებით ნაკლებ ხალხმრავალ ქუჩაზე გააჩერა.

ახლა უკვე მე დავკარგე ყოველგვარი სირცხვილის შეგრძნება, სასწრაფოდ შევიხსენი ღვედი.
საოცარი შეგრძნება იყო, მარილიანი ტუჩები, როცა მარილი დამთავრდა, სხვა მარილიან ადგილებს დავეწაფე, თან ვეღარ ვზომავდი და ვკბენდი, ოდნავ თრთროდა, რითაც ვხვდებოდი, რომ ტკიოდა და კიდევ უფრო გამეტებით ვამჩნევდი კბილების კვალს.

ბოლოს ჟაკლინს შერცხვა – ბავშვები იყვნენ აივანზე – დამიჭირა სახე ხელით, აი როგორც ძაღლებს იჭერენ „ნამორდნიკით“
– ქამ ონ, ითს მაიამი! – საზეიმოდ მივახალე თავისივე სიტყვები და ხელები კისრისკენ ჩავაცურებინე. ჟაკლინს გაეცინა, მეც – მომენტალურად კბილებით დავეჯახეთ…
უკვე აღარც ბავშვები მაინტერესებდა გარშემო და საერთოდ არაფერი, ჟაკლინსაც გადაავიწყდა ყველაფერი, მუსიკის ხმას ავუწიეთ და შემდეგ რა ხდებოდა უკვე ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ შეგრძნებები და ისევ მარილი, ბევრი მარილი…
ჟაკლინმა სახლში დამტოვა.
– ხვალ მივდივარ – ფორდ ლოდერდეილიდან
– მეც მანდ ვცხოვრობ! – მეგონა მომესმა, უბედნიერესი ვიყავი, ანუ ხვალ საღამოსაც ვნახავდი და ბოლო წუთებამდე ჩემ გვერდით იქნებოდა!
– შევთანხმდით! – დავავლე ხელი ჩემ იქვე მიმოფანტულ ტანსაცმელს და სახლისკენ გავიქეცი.
ღამე იყო, დიეგომ აეროპორტში დამტოვა. ჩამოსული არ ვიყავი, უკვე ჟაკლინს ვწერდი, პასუხი აგვიანებდა.
– ხომ იცოდა, რომ ამაღამ მივდიოდი, სად არის?! – გავბრაზდი და თან გული დამწყდა.
ამაოდ ველოდე ნახევარი საათი, როცა მისი ტექსტი მომივიდა: ძალიან დაღლილი მოვედი სამსახურიდან, მაპატიე, მიყვარხარ
– Fuck off! I Hate YOU!!!!! – მივწერე და თითქოს რაღაც ბურთი გამეჩხირა ყელში, ნუთუ ახლა სულელი თინეიჯერი გოგოსავით უნდა მეტირა?!
შევვარდი აეროპორტში და ისევ ფეისბუქზე მომინდა გულის გადაშლა, თბილისში ისევ ყველას ეძინა. ისევ გარედ გავედი მოსაწევად, როცა ახალი წერილი მომივიდა: სად ხარ?
– რა მნიშვნელობა აქვს!!! – მივწერე მალევე და მომენტალურად საჯდომზე ვიღაცამ ხელი წამომარტყა. ის აქ იყო და ჩემ წინ იდგა!!! მივხვდი, რომ ამ წუთას სხვა არაფერი მაინტერესებდა, ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო ის, რომ ფრენა გადადებულიყო და თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით, მაიამიში დავრჩენილიყავი! ის ჩემთან იყო, რთულია სიტყვებით გამოხატო ის ბედნიერება, რასაც იმ წუთას განვიცდიდით, თავი მის თმებში მქონდა ჩარგული და მთელი სხეულით ვეხვეოდით ერთმანეთს. გაფრენამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როცა ჟაკლინი გამომემშვიდობა…
– მომენატრები – მითხრა ხმადაბლა, თვალები ისევ უციმციმებდა, ახლა უკვე აღტაცებასთან ერთად მის მზერაში სევდაც იკითხებოდა…

ის მანქანისკენ გაიქცა, უკანმოუხედავად და ჩაჯდა, ვუყურებდი და თითქოს წამიერად ყველაფერი გაიყინა, რაღაც სიცარიელით ავივსე, აღარც ნიუ-იორკში დაბრუნება მიხაროდა, აღარც ის დაგეგმილი აქტივობები, რაც იქ მელოდა, ვგრძნობდი, რომ რაღაც სასიამოვნო და ძალიან ბედნიერი, სამუდამოდ დასრულდა და დამრჩა მაიამიში.
ჟაკლინი ძალიან ნელა მიდიოდა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა არ უშვებდა. და ჩემთანაც ჩამობნელდა მომენტალურად! ჩანთები დავყარე და გავიქეცი… მერე გიჟივით გამოვაღე კარი და მანქანაში ჩავხტი.
– რამე დაგრჩა? – შემომხედა სევდით სავსე, ოდნავ წყლიანი თვალებით და გამიღიმა, თითქოს მელოდა…
– ჰო! და შენ იცი რაც! – გამეღიმა მეც (თუმცა ღიმილს მხოლოდ კბილები გამოხატავდნენ, სახის სხვა ნაკვთები ფაქტიურად ტირილის მიმიკას გამოსახავდნენ)… და ისევ დავეჯახეთ კბილებით!
უკნიდან ვიღაცის მანქანის სიგნალი მესმოდა ბუნდოვნად, მაგრამ მეც და ჟაკლინსაც საერთოდ არ გვაინტერესებდა ის ფაქტი, რომ გზას ვკეტავდით, თან აეროპორტის შესასვლელის წინ!
მაიამი კი – კიდევ უფრო და სამუდამოდ იბეჭდებოდა ჩემ ცნობიერებაში, როგორც ბედნიერების, სიყვარულის, აღტაცებისა და … მარილიანი ტუჩების სამყარო!!!

Miami (5)

გურამ შეროზია
http://guramsherozia.com

დატოვე კომენტარი

კომენტარი