Cover

ვთვლით, რომ წმ. პეტრეს ტაძრის ინტერიერს უკვე ვიცნობთ და გავეშუროთ გუმბათისაკენ. ასასვლელი ლიფტის ბილეთების (7 €) სალაროები ფასადის ჩრდილოეთ მხარესაა. იქვეა ვიწრო კიბე ფეხით ასვლის მსურველთათვის.

ავდივართ ლიფტით ბაზილიკის სახურავზე. ამ ტერასაზე დასათვალიერებელი ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით, რომ მოციქულთა ქანდაკებები უფრო ახლოსაა. გადავდივართ გუმბათში და შიდა სპირალურ ასასვლელს გუმბათის უმაღლეს აივანზე ავყავართ. გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან დამქანცველი გზაა. ზოგიერთ ადგილებში საკმაოდ ვიწრო გასასვლელებია და ოდნავ გვერდზე გადახრილსაც კი მოგვიწევს სიარული. ეს მიქელანჯელოს შეცდომა კი არ არის დაპროექტებისას – უბრალოდ 5 საუკუნის წინ ადამიანები უფრო მომცრო ტანისა იყვნენ, ვიდრე დღეს. მშენებლობის დასრულებას ავტორი თავად ვერ მოესწრო და ჩანაფიქრი მისივე მოწაფემ, ჯაკომო დელა პორტამ დაასრულა. გუმბათის დიამეტრი 42 მეტრია, შიდა სიმაღლე კი 119 მეტრი.

ტაძრის გუმბათი ინტერიერიდან

ტაძრის ინტერიერი გუმბათიდან

წარწერა თაღის ძირში და ცენტრალური ნავის ზედა ნაწილში – ღმერთის მიმართვაა პეტრესადმი ციური სამეფოს გასაღების გადაცემისას. გუმბათის ქვეშ სახარებათა ავტორებია გამოსახული: მათე ანგელოზთანაა, მარკოზი – ლომთან, ლუკა – ხართან, იოანე კი არწივთან. იოანე ღვთისმეტყველი ხომ არწივს, ლომსა და ხარს თავის „აპოკალიფსისში“ ღვთის ტახტის გარემომცველ ცხოველებად მოიხსენიებს.

ღია აივნიდან ვათვალიერებთ ტაძრის მოედანს, ვატიკანის ტერიტორიას. გრძელი შენობა მუზეუმებია, ტაძართან ახლოს კი სიქსტის კაპელას სახურავსაც დავინახავთ.

სიქსტის კაპელა გუმბათიდან

 

რომის ხედი გუმბათიდან

ჩამსვლელი ლიფტით ისევ ბაზილიკის ინტერიერში ვხვდებით.

ბაზილიკის ცენტრში, წმ. ანდრეას ქანდაკების ქვეშ არის ტაძრის იატაკქვეშა სართულზე (ტომბო) ჩასასვლელი. აქ დაკრძალულნი არიან რომის პაპები.
IM000567.JPG

სარკოფაგთა და სამარხთა რიგებს ორი დერეფანი მიუყვება. ტაძრიდან ჩამოსასვლელთან ახლოსაა წმინდა პეტრეს საფლავის ზონა, რომელიც მინის კარ-კედლითაა გამოყოფილი.

წმ. პეტრეს საფლავი ტომბოდან

ტაძრის ინტერიერში ამ ადგილის თავზეა მადერნოს მიერ გაფორმებული საკურთხევლისპირა კონფესია – სააღსარებო ადგილი, და ბერნინის დიდი ბალდახინი. აქ არ არის მიღებული სანთლის დანთება, მართლმადიდებელნი ამ ადგილს მუხლმოყრით და ლოცვების წაკითხვით სცემენ პატივს.

პაპთა საფლავების გარდა ამ სართულზე სხვადასხვა კათოლიკური ქვეყნების სამლოცველოებია (პოლონეთის, ლიტვის, უნგრეთის…). საფლავთა გაფორმებაზე ცნობილ ხელოვნებსაც უმუშავიათ – პაპი სიქსტუს IV-ის საფლავის ფილა ანტონიო პალაიოლოს შექმნილია, პიუს VI-ის ქანდაკება კი ანტონიო კანოვას ეკუთვნის. გასასვლელ დერეფნებში ძველი, კონსტანტინეს ტაძრის ნაშთების დიდი ექსპოზიციებია. აქვეა სხვადასხვა ეპოქაში ძველი ტაძრის მდგომარეობათა შესაბამისი მაკეტები, რომლებიც შემორჩენილი ისტორიული დოკუმენტაციის საფუძველზეა შექმნილი.

უკვე შეგვიძლია მოედანს დავუბრუნდეთ. ტაძრის ზონიდან მოედანზე გამოსასვლელთან, სამრეკლო კოშკის ძირას შვეიცარიელი გვარდიელების საყარაულო ჯიხურია და ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ჯარისკაცებს დავინახავთ. მათთან ბევრი მიდის სხვადასხვა შეკითხვებით, და ისინიც არ ერიდებიან ტურისტებთან გაბაასებას, თუმცა გასაგებია, რომ ძირითადი მიზანი ამ საუბრისა სამახსოვრო სურათის გადაღებაა იქვე მიმალული მეგობრის მიერ…

ამით არ მთავრდება წმ. პეტრეს ტაძრის თვალიერება. ტაძრის ქვეშ გათხრების ზონაა, სადაც უძველესი, ჯერ კიდევ იმპერიის პერიოდის ნეკროპოლია აღმოჩენილი და რაც მთავარია, არის საშუალება უფრო „მივუახლოვდეთ“ წმ. პეტრეს საფლავს! დეტალური ინფორმაცია გათხრების ტერიტორიაზე ვიზიტისათვის ინტერნეტ-გვერდზე http://saintpetersbasilica.org/Necropolis/Scavi.htm არის მოცემული.

ნეკროპოლიდან გამოსასვლელი ტომბოში

აქ ზონის სქემაა და თითოეული უბანი თავისი აღწერითაა მოცემული.. აქვეა მითითებული, თუ როგორ უნდა შევუკვეთოთ ბილეთი (13 €). დღეში მხოლოდ 200-მდე ვიზიტორის მიღებაა შესაძლებელი, აქტიურ სეზონზე 1 თვით ადრე მაინცაა საჭირო თადარიგის დაჭერა – ტელეფონით ან ინტერნეტით ვაცნობებთ ვიზიტორთა მონაცემებს, სასურველ პერიოდს, რომელ ენოვან ჯგუფში გვირჩევნია გაერთიანება, ელექტრონული ფოსტის მისამართს. შემდეგ მივიღებთ პასუხს ვიზიტის დროის დაზუსტებით და ბილეთის ღირებულების გადახდის აღწერით. მიღებული საბოლოო ამონაბეჭდით, მითითებულ დროს მივდივართ ტაძრის მარცხენა კოლონადასთან მდებარე გვარდიელების პოსტთან (კოლონადის გარე მხარეს), გავივლით უსაფრთოებაზე შემოწმების მარტივ პროცედურას და შემდეგ უკვე მიგვითითებენ, თუ სად უნდა მივიდეთ.

წმინდანთა ქანდაკებები კოლონადაზე

დაიშვებიან 15 წლის ასაკზე უფროსები, წმინდა ადგილისათვის შესაბამისი ჩაცმულობით. ვიზიტი გიდის თანხლებითაა და გრძელდება საათნახევარი. ფოტო გადაღება აკრძალულია. კატაკომბებში ძალიან მაღალი ნესტიანობაა – ზოგს შეიძლება გაუჭირდეს კიდეც იქ ყოფნა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაა უბრალო ექსკურსია – წმ. პეტრეს საფლავის უშუალო სიახლოვე რელიგიური რიტუალის დატვირთვასაც ატარებს.

ცოტა რამ ამ ნეკროპოლისა და საერთოდ ტაძრის ისტორიიდან. საეკლესიო წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ ტაძარი აგებული იყო პეტრე მოციქულის საფლავზე, რაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იყო მიღებული. გავლენიანი საეკლესიო მამები თავიანთ დასაფლავებას ანდერძებში სწორედ ტაძრის საკურთხევლის სიახლოვეს ელტვოდნენ. ასე იყო პაპი პიუს XI-ის დაკრძალვის დროსაც, 1939 წელს. მაგრამ საფლავის გამჭრელმა მუშებმა ჯერ საინტერესო საფლავის ფილები აღმოაჩინეს, ხოლო შემდგომ, უშუალოდ საკურთხევლის ქვემოთ მოზრდილი უსაფლავო ზონა იქნა მიკვლეული. ამ ფაქტების საფუძველზე, პაპი პიუს XII-ის უშუალო განკარგულებით და საკმაოდ დახურულ რეჟიმში წარიმართა არქეოლოგიური სამუშაოები. საქმიანობას მსოფლიო ომმაც კი ვერ შეუშალა ხელი. შედეგები მხოლოდ 1952 წელს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

ნეკროპოლის ზონაში მიკვლეული სამარხები ჩვენი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებს მიეკუთვნება. ძირითადად ფერფლთა ურნებია ამ სამარხებში განთავსებული, რაც რომში ქრისტიანობის დაკანონების წინა, წარმართულ პერიოდს მიუთითებს. ბევრგან, მიკვლეულ ბარელიეფებზე დაკრძალულთა სახელებიც კი არის მითითებული და სამარხთა შესახებ ცნობები მოიპოვება. თავად წმ. პეტრეს სამარხი ე.წ. P ზონაშია – ასე აღინიშნება ეს ადგილი, რომელიც ბერნინის ბალდახინის ქვეშაა. დამტკიცებულია, რომ ეს არის სამარხი, რომელიც I საუკუნეშია აგებული – ამას ადასტურებს კედლების აგურებზე რელიეფურად გამოსახული მათი დამზადების თარიღები.

პაპის გადაწყვეტილება არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მრავალი ისტორიკოსი პეტრეს რომში მოღვაწეობასაც კი უარყოფდა და ამრიგად, ჩატარებულ გამოკვლევებს ქრისტიანობისათვის სერიოზული შედეგები უნდა მოჰყოლოდა.

საერთოდ, ამ ადგილას უბრალო ტაძრის აგება კონსტანტინეს დროს ძალიან გაურკვეველი ქმედება უნდა ყოფილიყო – აქ თიხიანი, არამყარი ნიადაგია, ასევე აქ სასაფლაოა – მისი ხელის ხლება დიდ ცოდვად ითვლებოდა. ეს ფაქტები ერთგვარი მინიშნება იყო, რომ ტაძრის ადგილი შემთხვევით არ ყოფილა განსაზღვრული. გათხრებმა უკვე გარკვეული სიცხადე მოიტანა. საკურთხევლის ქვეშა ადგილი გამოყოფილად „აუთვისებელი“ იყო სასაფლაოს მიერ, თუმცა მის გარშემო აკლდამათა დიდი სიმჭიდროვე იყო – ესეც მიანიშნებდა, რომ აქაურობა რაღაცით გამორჩეული იყო. პირველი ტაძრის აგება ხომ IV საუკუნის დასაწყისში მოხდა, ადგილი კი ამდენ ხანს ხელუხლებლად შემორჩენილიყო. პირიქით, ამ ზონაში დამატებითი სამუშაოები ჩატარებულა – აგებული იქნა 2.5მ სიმაღლისა და 7მ სიგრძის ე.წ. „წითელი კედელი“, შემდეგ მისი გამაგრების მიზნით აიგო დამატებითი კედელი, რომელზე დატოვებული წარწერებში პეტრე მოიხსენიება. კიდევ ერთი მინიშნება – სასაფლაოზე წარმართულ საფლავთა შორის მიკვლეულია ქრისტიანთა სამარხებიც. დევნის პერიოდში გარდაცვლილ ქრისტიანთა დაკრძალვა უფრო დაცულ ადგილებში – მღვიმეებში ხდებოდა, ასე რომ აქაც ამ ადგილის ერთგვარ განსაკუთრებულობაზე მოხდა დამატებითი მინიშნება.

არქეოლოგიური შესწავლისა და მასალათა კვლევის საფუძველზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ დაადასტურა, რომ სამარხის „წითელ“ და „წარწერებიან“ კედლებთან არსებულ ნიშებში მოთავსებული ძვლები სწორედ წმინდა პეტრე მოციქულს მიეკუთვნება. ამ მოვლენის შესახებ 1968 წელს პაპი პავლე VI-ის მიერ ოფიციალური განცხადება იქნა გავრცელებული. ამ ცნობამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანის ძვლების მიკვლევა აღიარა. გამოკვლევის შემდგომ წმინდა ნაწილები გამჭვირვალე კედლიან საცავ ყუთში მოთავსდა და დასვენებული იქნა იქ, სადაც იყო ნაპოვნი.

წმ. პეტრეს წმინდა ნაწილები წარწერებიანი კედლის ნიშაში

უშუალოდ წმ. პეტრეს სამარხთან მისვლა გამორიცხულია – შესაძლებელია მხოლოდ მეზობელი სამარხის კედელში გამოჭრილი სამზერიდან თვალი შევავლოთ წითელი კედლის ნაწილს, შემდეგ გარს ვუვლით კონსტანტინეს ტაძრის დროინდელ საკურთხევლის ნაშთებს და – მღვიმის სიღრმეში, კედელს ნახევრად მოფარებულ ნიშაში დავინახავთ გამჭვირვალე ყუთში მოთავსებულ წმინდა ნაწილებს, რომლებიც გამოკვლევების თანახმად მიეკუთვნება წმ. პეტრე მოციქულს.

გამოსასვლელთან პაპი პიუს XII-ის სარკოფაგია. მის მტკიცე ნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ფარდა აეხადა.

ექსკურსიის დასასრულ კატაკომბებიდან ტომბოს სართულზე აღმოვჩნდებით.

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი