ბერნინის კოლონადა და პაპის კაბინეტის ფანჯრები

ვატიკანი კათოლიკური სამყაროს გულია. რომში სტუმრობისას აქაურობის სანახავად ერთი დღის გამოძებნა აუცილებელია, დეტალური გაცნობისთვის კი სჯობს სადმე აქვე სამუდამოდ დავსახლდეთ…

ვატიკანის შიდა ტერიტორიაზე მოსახვედრად სპეციალური საშვებია საჭირო. ტურისტებისათვის მისაწვდომია წმინდა პეტრეს მოედანი, ტაძარი, მუზეუმები და სიქსტის კაპელა. წინასწარი ჩაწერით შესაძლებელია ბაღების, მიწისქვეშა ნეკროპოლის დათვალიერება.

ვატიკანში მისვლამდე გავითვალისწინოთ, რომ დიდი ყურადღება ექცევა სტუმართა ჩაცმულობის ადგილთან შესაბამისობას – არავის შეუშვებენ მოკლე შარვლებით, მოშიშვლებული მხრებითა და შილიფად მორგებული კაბებით.

პირველი ბაზილიკა წმინდა პეტრეს საფლავზე 324 წელს დაიდგა კონსტანტინეს ბრძანებით. თანამედროვე ტაძარი XVI საუკუნეში აშენდა, დონატო ბრამანტეს პროექტის საფუძველზე. მშენებლობაში მრავალი ხუროთმოძღვარი მონაწილეობდა – ბრამანტე, რაფაელი, პერუცი, სანგალო, მიქელანჯელო… ფასადი კი მოგვიანებით კარლო მადერნომ შექმნა ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლისა და 11 მოციქულის (პეტრეს გარდა) ძეგლებით ცენტრალურ ატიკაზე.

დათვალიერებას ვიწყებთ კოლონადებით შემოფარგლური მოედნით. მოედნის ცენტრში აღმართული ეგვიპტური ობელისკის გვერდით ორი შადრევანია, შექმნილი კარლო ფონტანასა და კარლო მადერნოს მიერ. ფასადისკენ დიდი კიბე ადის. მარჯვნივ წმ. პავლეს, მარცხნივ კი წმ. პეტრეს ქანდაკებებია. წმ. პეტრეს ხელთ ღმერთისაგან ნაბოძები ციური სამეფოს გასაღები უპყრია. კოლონადები ლორენცო ბერნინის შემოქმედებაა.

 

საინტერესო ჩანაფიქრია შესრულებული – ობელისკსა და შადრევნებს შორის ქვაფენილში მრგვალი ნიშნულებია ჩასმული. დავდგეთ მასზე და გავხედოთ კოლონადებს. აღმოჩნდება, რომ ვხედავთ მხოლოდ პირველი, შიდა რკალის სვეტებს, დანარჩენები კი მათ უკან აღარ მოჩანს. კოლონადის ბალუსტრადები 140 სხვადასხვა კათოლიკე წმინდანის მონუმენტითაა შემკული. მარჯვენა კოლონადის უკან, ვატიკანის ტერიტორიის მაღალ შენობაში ზედა სართულის მარჯვენა მხარის ფანჯრებს მივაქციოთ ყურადღება – იქ პაპის სამუშაო კაბინეტია. მარჯვნიდან მეორე ფანჯრიდან კვირაობით, შუადღისას, პაპი ესალმება შეკრებილ ხალხს და კითხულობს ღვთისმშობლის ლოცვას „ანგელუს“.

kolonada

ობელისკის გარშემო ქვაფენილში წრიულად ჩასმული ფილები ერთგვარი კომპასია – ყველა ფილაზე გამოსახულებასთან ერთად ქარის მიმართულება და სახელია ამოტვიფრული. ამ კომპოზიციას ”ქართა ბუკეტს” უწოდებენ.

ტაძარში შესვლა მარჯვენა კოლონადის მხრიდან ხდება. ტურისტების დიდი რიგი ნუ შეგვაშინებს – მალე მივადგებით შესასვლელთან უსაფრთხოების მაგნიტური კარს. აქედან მივუყვებით სვეტებს შორის გასასვლელს ტაძრისკენ. სანამ ისევ მოედანზე გამოვალთ, დავაკვირდეთ შენობაში შემავალ კიბეს, აქედან ხდება ოფიციალური სტუმრებისა და ”შინაურთა” შესვლა. კიბეს თავისებური არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს – ზედა საფეხურები ქვედებთან შედარებით ხელოვნურადაა დაპატარავებული და ამით პერსპექტივის ილუზია ძლიერდება, ანუ კიბის თავი ერთი შეხედვით იმაზე მეტად შორეულად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. კიბეზე ცნობილი ბრინჯაოს კარია. რომელიც ლორენცო ბერნინიმ გადმოატანინა ამ ადგილას მოედნის რეკონსტრუქციის დროს. პერსპექტივის ილუზია უფრო კარის მიღმა ნაწილში აღიქმება. ამ კიბეს სკალა რეჯია, ანუ სამეფო კიბე ჰქვია.

kibeebi

 

შესასვლელში, შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები მორიგეობენ ლურჯ-ყვითელ ზოლებიან ფორმებში.

IM000576.JPG

 

პაპი იულიუს II-ის მიერ დაარსებული შვეიცარიული გვარდია ვატიკანის დაცვას და არმიას წარმოადგენს. მასში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეს, რომელიც არა მარტო ფიზიკური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს არჩეულ სამსახურს (174 სმ-ზე მაღალი) – კანდიდატი შვეიცარიის ჯარში უნდა იყოს ნამსახურები, ასევე მოწმდება მისი ოჯახის რელიგიურობა და დამსახურება კათოლიკური ეკლესიის წინაშე, და მოითხოვება უამრავი რეკომენდაცია. სამსახური 2-3 წლიანია, ან 20 წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს. მიიღებიან უცოლო ახალგაზრდები, დაოჯახებისთვის სპეციალური ნებართვა გაიცემა, თანამედროვე ლამაზი საპარადო ფორმა „გალა“ გვარდიის მეთაურის (1910-1921 წწ.), ჟულ რეპონის შექმნილია. იგი 154 ცალკეული ნაჭრისგან შედგება, ყოველი გვარდიელისთვის ინდივიდუალურად იკერება და საკმაოდ მძიმეც არის – 4 კილოგრამამდე. 1527 წლის 6 მაისს გვარდიელებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად სიკვდილს გადაარჩინეს პაპი კლემენტე VII, წმინდა რომის იმპერატორის, კარლ V-ის მიერ რომის აღების დროს. ამ დღეს 147 გვარდიელი დაიღუპა. ამ ფაქტის აღსანიშნავად ახალწვეულთა ფიცის დადების დღედ 6 მაისია დაკანონებული.

სურათების გადაღება ტაძრის შიგნით შეზღუდული არ არის, თუ რაიმე რელიგიური რიტუალი არ მიმდინარეობს. ტაძარში მრავლადაა აღსარების მისაღები ჯიხურები, რომლებზეც მითითებულია, თუ ვისთან და რა ენაზე შეიძლება ამ რიტუალის ჩატარება, და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მოსურნეებიც ბევრია. რა თქმა უნდა, ამ რიტუალის ფოტოგრაფირება მიუღებელია. ტაძარში შეუმჩნევლად, თუმცა მრავლად არიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები…

სანამ ტაძარში შევალთ – ფასადის ატრიუმის ბოლოებში, ერთ მხარეს, სკალა რეჯიას თავთან, ბერნინის მიერ შექმნილი ცხენზე ამხედრებული კონსტანტინე დიდის ქანდაკებაა (1670 წ.), მეორე მხარეს, 139 მეტრ მანძილზე, ასევე ამხედრებული კარლ V დიდია (აგოსტინო კორნაკინი, 1725 წ.).

petres

 

ხაზგასმულია მათი დიდი ღვაწლი ქრისტიანული სამყაროს წინაშე – კონსტანტინე – როგორც ქრისტიანობის დამამკვიდრებელი რომში, იმპერატორი კარლ V დიდი კი ამ ტაძარში ეკურთხა, როგორც დასავლეთის ქრისტიანული რომის იმპერიის დამაარსებელი. ატრიუმის შუაში, ზედა მოზაიკა „ნავიჩელა“ (ჯოტო, 1298 წ.) ძველი ბაზილიკიდანაა – პეტრეს ნავი და გალილეას ზღვაში ქრისტესკენ წყალზე მიმავალი პეტრე სიმბოლურად ხაზს უსვამს ქრისტიანული ეკლესიის სიძლიერეს, რადგან ღმერთისგან არის მხარდაჭერა. დავაკვირდეთ ტაძრის კარიბჭეებს. სულ 5 კარია, შუა – ფილარეტეს (ანტონიო ავერლინოს) კარიბჭე 1445 წელსაა შექმნილი. იგი გაფორმებულია მრავალი მითოლოგიური, რელიგიური და ისტორიული სცენებით და რომში აღორძინების ხანის დაწყების პირველი ნიმუშია. მარჯვენა – ”წმინდა კარიბჭე” დახშულია და იღება 25 წელიწადში ერთხელ შობის წინადღეს, ან პაპის ბრძანებით რომელიმე განსაკუთრებულ დღეს (ბოლო გაღება 2000 წელს მოხდა).

IM000580.JPG

 

შევდივართ ტაძარში. მარჯვნივ მიქელანჯელოს უკვდავი ქმნილებაა – ”პიეტა”. ქანდაკება რომში მომსახურე ფრანგი კარდინალის შეკვეთით შექმნა მიქელანჯელომ 1500 წელს. ორი საუკუნის მერე შედევრი კარდინალის საფლავიდან ტაძარში გადმოიტანეს, 1972 წელს ქანდაკება დაზიანდა შეშლილი ფანატიკოსის მიერ და ამის შემდგომ მას მინის კედელი იცავს.

pieta

 

„პიეტას“ მომდევნო ნიშა თანამედროვეთათვის კარგად ცნობილი პაპის, იოანე პავლე II-ის საფლავს უჭირავს.

წმინდა პეტრეს საფლავის თავზე დადგმული უზარმაზარი ბალდახინი ბერნინის შემოქმედებაა. ხვეული სვეტების შექმნაში დიდი წვლილი ბორომინისაც მიუძღვის. სვეტების ბრინჯაოსათვის პანთეონის პორტალის ჭერის სამაგრები იქნა გამოღებული პაპი ურბან VIII-ის ბრძანებით.

მიქელანჯელოს ცენტრალური გუმბათი ბალდახინის თავზე მიუწვდომელ სიმაღლეზე გვეჩვენება (თუმცა იქ სულ მალე მოვხვდებით…).

მარმარილოს იატაკში ბევრ ადგილას სხვა ფაქტურის ჩადგმებს შევამჩნევთ – ეს როზეტები სპეციალურადაა ჩამოტანილი მსოფლიოს სხვადასხვა კათოლიკური ქვეყნების კარიერებიდან. იატაკზევეა სხვა კათოლიკური ტაძრების ზომების მიმანიშნებლებიც, რათა ხაზი გაესვას პეტრეს ტაძრის სიდიადეს. ბალდახინთან ახლოს წმინდა პეტრეს ბრინჯაოს ქანდაკებაა (არნოლფო დი კამბიო). ტურისტებისათვის ტრადიციაა სურათის გადაღება ქანდაკების ტერფზე მოფერებისას (სურვილის ჩათქმა არ დაგავიწყდეთ!), რის გამოც ბრინჯაოს ეს ადგილი განსაკუთრებით გაპრიალებულია.

di-kambio

 

ტაძარს ზედხედში ლათინური ჯვრის ფორმა აქვს, თუმცა ბრამანტეს პროექტით სიმეტრიული ბერძნული ჯვრის ფორმა იყო ჩაფიქრებული. მიქელანჯელომ თავისი მეტოქის ჩანაფიქრში საკმაოდ ბევრი ცვლილება შეიტანა და ამით ტაძარმა დიდად მოიგო, თუმცა მისი პროექტით ტაძარი ერთნავიანი იყო, განაპირა ნავები მისი პროტესტის მიუხედავად დამატებული იქნა სარიტუალო ცერემონიების მასშტაბების გამო. ინტერიერში რალიგიური თემატიკის მრავალი ხელოვნების შედევრია განთავსებული. ბერნინის შექმნილია ბალდახინი და წმინდა პეტრეს კათედრა მასში ჩადგმული საბრძანებელი ტახტითა და გაბრწყინებული სიმბოლური სულიწმინდათი ამ ტახტის სათავესთან.

taxti

 

კათედრის მარჯვნივ პაპი ურბან VIII-ის საფლავია ასევე ბერნინის მიერ გაფორმებული კომპოზიციით (და სადაც ბარბერინთა ოჯახია წარმოდგენილი, იქვეა აუცილებლად ფუტკრების სიმბოლოებიც).

კათედრის მარცხნივ პაპი პავლე III-ის საფლავია, რომლის გაფორმება მიქელანჯელოს მოწაფის, დელა პორტას მიერაა შესრულებული. ტაძარში კიდევ მრავალადაა ბერნინის სხვა ნამუშევრებიც. ”პიეტასთან” ახლოს გრაფინია მატილდას საფლავია ბერნინისა და მისი მოწაფეების მიერ შექმნილი მონუმენტით. ეს პირველი ქალი იყო, რომელსაც ტაძარში დაკრძალვის პატივი მიეგო. ცენტრალური კარის თავზე ასევე ბერნინის შექმნილი ბარელიეფია – ”იესო გადასცემს ციური სამეფოს გასაღებს პეტრეს”, საკურთხევლის მარცხნივ ალექსანდრე VII-ის საფლავიც ბერნინისეულია, შექმნილი უკვე ღრმად მოხუცი მოქანდაკის მიერ. პაპის ქანდაკებას ქალთა ფიგურებით გადმოცემული ოთხი ალეგორია აკრავს – სათნოება და ჭეშმარიტება წინა პლანზე, სამართლიანობა და კეთილგონიერება – სიღრმეში.

saflavi

 

საკურთხევლის გარშემო გუმბათის საყრდენი ერთ-ერთი სვეტის ნიშაში ბერნინის შექმნილი წმ. ლონგინის ქანდაკებაა – ეს ის მეომარია, ვინც ჯვარცმულ ქრისტეს შუბი აძგერა მარჯვენა ფერდში, რათა მისი სიკვდილი დაედასტურებინა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მან იწამა ახალი რელიგია და მისი მქადაგებელიც კი გახდა.

მარცხენა ნავის მხარესაა ანტონიო პალაიოლოს ნამუშევარი პაპი ინოჩენცო VIII-ის საფლავზე, რომელიც ძველი ტაძრის დროინდელია.

მარჯვენა ნავის ბოლო ნაწილი აღსარებათა მისაღები ზონაა და ტურისტებისათვის გადაკეტილია. მარჯვენა ტრანსცეპტში პაპი კლემენტე VIII-ის სამარხია, რომელსაც ანტონიო კანოვას მიერ შექმნლი ქანდაკება ამშვენებს – ზედა დონეზე დაჩოქილი მლოცველი პაპი, შუა დონეზე კი სამარხის დამცველი ლომები და სხვა სიმბოლოებია. ქანდაკებაზე მუშაობისას ანტონიო კანოვას თანაშემწედ ყოფილა ძალიან მორიდებული ქვისმთლელი, გვარად ელეფანტე (elefante – სპილო), და დიდმა ხელოვანმა მისი წვლილის ხაზგასასმელად ორიგინალური ხერხი მოიგონა. დავაკვირდეთ მარჯვენა ლომს – მისი გავა სხვა არაფერია, თუ არა სპილოს თავის სილუეტი, კუდიც არაა ბუნებრივად გლუვი – ეს სპილოს ხორთუმია!

ტაძარში პატარა მუზეუმია, სადაც ვატიკანის მცირე საგანძურის ნახვა შეიძლება (ბილეთი € 6). აქვე კედელზე, მარმარილოს მაღალ ფილაზე ამოკვეთილია რომის ყველა პაპის სახელი და მათი აღზევების წლები.

ტაძრის ინტერიერით არ მთავრდება ჩვენი ვიზიტი – კიდევ სანახავია ცენტრალური გუმბათი, პაპების სამარხების სართული (ტომბო) და მიწისქვეშა ნეკროპოლის შესახებაც ვისაუბრებთ…

interieri

 

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი