როდესაც მოგზაურობაზე ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, ბევრი არ მიფიქრია, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი ბლოგპოსტის თემატიკა, რადგან ვთვლი, რომ ტურიზმის ეპიცენტრების გარდა, ჩვენი პლანეტა ნაკლებად ცნობილ, სხვა უამრავ მშვენიერებასაც გვთავაზობს და, გამსახურდიასი არ იყოს, სწორედ ასეთ ადგილებს უნდა “გამოვესარჩლოთ”. ))

მოგზაურობა ყოველთვის მიტაცებდა, თუმცა გერმანია არასდროს ყოფილა ჩემს სამოგზაურო ნუსხაში. მეც, ისევე, როგორც ყველა მოგზაურობის მოყვარული, გატაცებული ვიყავი ფლორენციისა და რომის არქიტექტურით, ბერძნული ცივილიზაციითა და ნისლიანი ალბიონისათვის დამახასიათებელი უცნაურობებით და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთი შეხედვით მოსაწყენ გერმანიას ასე გავუმიჯნურდებოდი.

ყველაფერი კი დაიწყო ასე :

მეგობარმა დამირეკა და მახარა, რომ გრძელვადიან პროექტზე მივდიოდით ევროპაში. ყურმილს იქით მყოფი, აჟიტირებული ადამიანის საუბრიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ არჩევანი ჩვენზე იყო – ან საფრანგეთს ვესტუმრებოდით, ან გერმანიას.  მეც წამიღო ფიქრებმა და გონებაში დავხატე, როგორ გავისეირნებდი უდიდესი სულიერი სიმშვიდით შანზ-ელიზეზე, როგორი გულდასმით დავათვალიერებდი ლუვრის მუზეუმს, დავაგემოვნებდი ფრანგულ ყველსა და ბურგუნდიულ ღვინოს და ა.შ. თუმცა… ლუდისა და ბავარიული ძეხვის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი ოცნებები ერთი ორად გადაწონა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე დავადექი გერმანიისაკენ მიმავალ გზას..

პირველივე შთაბეჭდილებით განიმუხტა ჩემი მრუმე წარმოდგენები გერმანიაზე, როცა ერთი შეხედვით მისტიკურ, მაგრამ ისტორიული ღირებულებით დახუნძლულ ქალაქში მოვხვდი.

ქალაქი ვორმსი მდ. რაინის ნაპირებზეა გაშენებული და რაინლანდ-პფალცის რეგიონში მდებარეობს. სურათზე აღბეჭდილია ვორმსის წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც რომაულ-კათოლიკური ეპარქიის ცენტრი იყო მეშვიდე საუკუნემდე, მოგვიანებით კი, შუა საუკუნეების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის – ბურგუნდიის სამეფოს დედაქალაქი.

1122 წელს, კარლოს დიდმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეასუსტა სუვერენის უფლებები ეკლესიის სასარგებლოდ და სასულიერო საკითხებზე უფლებამოსილება ეკლესიას მიანიჭა. კონკორდანტი სწორედ ვორმსში დაიდო.

რომის პაპის, ლეო X-სა და იმპერატორ კარლ V-ის ძალისხმევით, 1521 წელს, ვორმსში, რაიხსტაგის გადაწყვეტილებით, გაასამართლეს მარტინ ლუთერი. განაჩენი ვორმსის ედიქტის სახელითაა ცნობილი, რომლის თანახმადაც, ბერი მარტინ ლუთერი განიკვეთა ეკლესიიდან და კანონგარეშედ გამოცხადდა საღვთო იმპერიის მიერ.

დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს ქალაქის არქიტექტურაზე ძველ რომაულ გავლენას. ვორმსს შენარჩუნებული აქვს ძველებური იერსახე, რაც მეტ ეშხს სძენს ქალაქს.

მემორიალი ეძღვნება პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გერმანელ ჯარისკაცებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ვორმსის ჯარისკაცთა სასაფლაოზეა დაკრძალული. ამ სასაფლაოს ადგილობრივი მაცხოვრებლები მეოცე საუკუნის მიწისქვეშა ქალაქსაც უწოდებენ.

სასაფლაოზე საუბრისას, აუცილებლად ვახსენებ ებრაელების უძველეს სასაფლაოს, რომლის ხილვისასაც, პირადად მე,  თავი საშინელებათა ფილმის პერსონაჟი მეგონა ))) იგი XIV საუკუნით თარიღდება, ხოლო უკანასკნელი მიცვალებული აქ 1714 წელს მიაბარეს მიწას.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გული მაინც თანამედროვეობისკენ მიმიწევდა. იქ, სადაც ევროპის გულისცემას თითოეული სტუმარი საკუთარ საფეთქლებთან გრძნობს. მითხრეს, აქ ასეთი ქალაქი არ არისო, სხვაგან მოხვდიო, მაგრამ თუ ეძებ, იპოვნი კიდეც და მეც მივაგენი….

თუკი გადაწყვეტთ,რომ თქვენი კომპასი გერმანიისაკენ მიმართოთ, აუცილებლად ესტუმრეთ დუსელდორფს. ამ ქალაქში ყველაფერია თავმოყრილი, რითიც გერმანელი ხალხი ამაყობს.

მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ერზე შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისათვის, ყველაზე უმნიშვნელო კრიტერიუმად ჩაცმულობა მიმაჩნია, ჩემი პირველი აღტაცება მაინც ამ თემამ გამოიწვია – ქალაქის ცენტრში ამღერებულ მუსიკოსებსაც კი, რომლებსაც, მოწყალების იმედად, ინსტრუმენტის ბუდე წინ ფართოდ გადაშლილი ედოთ,  როგორც იტყვიან, ბოლო მოდაზე ეცვათ. საერთოდ, იშვიათად თუ შეხვდებით ჩაცმულობაზე ორიენტირებულ გერმანელს, თუმცა ამ ქალაქში ყველანაირი რუტინა ირღვევა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები მთელს ქალაქშია მიმოფანტული.

დუსელდორფი ქვეყნის უძლიერესი ეკონომიკური ცენტრია, უამრავი ადამიანი აქ სამუშაოდ სხვა რეგიონებიდან ჩადის. საუცხოო არქიტექტურითა და მგზნებარე ღამის ცხოვრებით, ეს ქალაქი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.

მეტროს ე.წ “ხაზები” აქ საკმაოდ მოხერხებულადაა გაშლილი მთელი ქალაქის მასშტაბით და, რაც მთავარია, ადვილად შეძლებს გადაადგილებას ისეთი საშინელი ორიენტაციის მქონე ადამიანიც, როგორიც მე ვარ.

Heinrich heine allee

თუკი გსურთ მოკლე დროში ქალაქის საინტერესო ნაწილში გაისეირნოთ, იშოპინგოთ, მიირთვათ გემრიელი კერძები და ქუჩის საინტერესო ღონისძიებების მომსწრენიც გახდეთ, heinrich heine allee-ს უნდა ესტუმროთ. ამ უბანში თავმოყრილია ყველაფერი, რამაც შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება. აქ თითქმის ყოველი ცენტრალური ქუჩის ჩიხში, ცნობილი ბრენდებისა და საუცხოო სუვენირების მაღაზიები, ან სხვადასხვა ქვეყნის რესტორნები და კაფე-ბარებია თავმოყრილი.

თუმცა, აქვე ავღნიშნავ, რომ ქალაქის დიდებულებას თან სდევს საოცრად მაღალი ფასები. თუ თქვენი მოგზაურობა მწირი ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება, გირჩევთ VAPIANO-ს ესტუმროთ, რომელიც უგემრიელესი კერძებითა და მისაღები ფასებით გიმასპინძლებთ.

შოპინგის მოყვარულები, რომლებსაც არ სჭირთ “ბრენდომანია”, თუმცა სურთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის შეძენა, აუცილებლად უნდა ეწვიონ PRIMARK-ის მაღაზიას. შედეგით აუცილებლად დარჩებით კმაყოფილი.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მე, პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეს კი არა, თავად ბებერი ევროპის შვილებსაც კი უკვირთ, არის აქ მოარული მსუბუქი მანქანების სიჭრელე, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ))  ქალაქში მოსეირნეს გექმნება შთაბეჭდილება, რომ ქუჩაში კი არა, მუზეუმში ხარ და იქ მყოფი თითოეული მანქანა, ეს ესაა, ფირმამ თავის მოსაწონებლად გამოიყვანა გამოფენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში შესანიშნავ სამეულთან ერთად ვიყავი, სამეულთან, რომელთან ერთადაც არსად და არასდროს მოიწყენ, გარემომ მაინც იქონია ზეგავლენა და ჩვენი ცხოვრების რიტმიც ადგილსამყოფელის მიხედვით იცვლებოდა. მოვინახულეთ ადგილები, სადაც ოთხივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უკეთ ვგრძნობდით თავს, ვიდრე ერთად; ზოგგან კი პირიქით – ერთმანეთს ატუზული, ხელჩაკიდებულები დავდიოდით რეგიონიდან რეგიონში. ზოგგან საერთოდ არ გვეძინა, ზოგგან – ყოველგვარი მეგობრული გრძობა ბალიშით ჩავანაცვლეთ. ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობის შემდეგ, როდესაც შთაბეჭდილებებით დახუნძლულები, ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად, ოთხივეს ერთი და იგივე ქალაქი ჩაგვარდნოდა გულში….

ჰაიდელბერგის სახელთან ზოგს ცემენტის ასოციაცია უჩნდება, ზოგი კი, ძალიან თბილისური მანერით (გამობზეკილი ტუჩებითა და თევზის თვალებით) გეკითხება: აუ, ეგ რაა აააა?  მე კი არ ვიცი რითი ავხსნა ჩემი ამ ქალაქისადმი დამოკიდებულება. სავარაუდოდ, იგივეს ფიქრობს ჩემი შესანიშნავი სამეულიც, რომ ამ ქალაქს რაღაც მაგნიტის მსგავსი ენერგეტიკა აქვს, გიზიდავს, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.

ჰაიდელბერგი პატარა ქალაქია, შეიძლება ითქვას, სტუდენტური ქალაქიც, რადგან აქ უამრავი უნივერსტეტია თავმოყრილი. ადგილობრივ მკვიდრებს ნაკლებად იხილავთ, რადგან ყველას, ვინც ამ ქალაქში უძრავ ქონებას ფლობს, სტუდენტებზე აქირავებს და ამიტომაც, ასაკოვან ადამიანს იშვიათად თუ შეხვდებით.

არქიტექტურით ძალიან ჰგავს პრაღას, არ ახასიათებს საცობები და გადატვირთული ქუჩები. ველოსიპედი აქ გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ზემოხსენებული სამუზეუმე ექსპონატები ))

ქალაქის დათვალიერებით დაღლილები, აზრზე მოსასვლელად ერთ-ერთ რესტორანში შევდივართ, სადაც უცხოეთში თანამემამულის ხილვისაგან აღმომხდარ სტანდარტულ ფრაზებს არ ვიშურებთ : “ქართველი ხაარ, ბიჭოო”?  “აქ საიდან”? და ა.შ …. ეს ხუმრობით, ისე კი, შორეულ გერმანიაშიც შეგვახსენეს იქ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართული სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის ფასი 🙂

დაბრუნებულებმა ვთქვით კიდეც, რომ ჩვენი გერმანული ვოიაჟის ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაცია, ჩვენს მეხსიერებაში, ასე თუ ისე, მაინც საქართველოდ ჩაილექა….

დასრულდა ჩვენი ხანგრძლივი მოგზაურობა. აეროპორტში, თბილისისაკენ მომავალ ჩემს რეისს ველოდები. თვალი გადავავლე პატარა ობიექტივში ჩატეულ, განვლილ ორ თვეს, რომელმაც თითქმის მთელი გერმანიის ტერიტორია მოიცვა, თუმცა გონებაში მაინც გამოიყო მშვენიერების ნიშა, რომელშიც ამ პატარ-პატარა დეტალებს მიეჩინა სამუდამო ბინა.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი