Cover Copen Hagen

წინასამოგზაურო წესი ნომერი ერთი, რომელსაც არასრდოს ვარღვევ – აუცილებლად უნდა წავიკითხო იმ ქვეყნის ისტორია, სადაც მივდივარ. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი – ქვეყანას უკეთესად ეცნობი მისი ისტორიით, პატივისცემას გამოხატავ მისდამი, ინფორმირებული ხარ და სხვა დიდაქტიკური თეზისები, რომლებსაც აქ არ გავყვებით.

მეორე – არსებობს ასევე ჩემი წინასამოგზაურო განწყობა, რომელსაც სამგზავრო ნევროზს ვეძახი. ეს ნიშნავს იმას, რომ აეროპორტში ან სადგურზე (მატარებლის ან ავტობუსის) გასვლის დრომდე 5-6 საათით ადრე უნდა ვიყო.

და მესამე – მარშრუტი, რომელსაც პირველად ვაკეთებ უცხო ქალაქში – ვეძებ ტურისტულ საინფორმაციო  ცენტრს, სადაც ვიღებ ქალაქის რუკას (ცხადია, ეს შესაძლებელია აეროპორტებშიც ან მატარებლის სადგურებში) და პასუხს ჩემს შესაძლო ყველა შეკითხვაზე.

დანიაყველას ჩვენი სამოგზაურო წესები და ჩვევები გვაქვს და მათი თვისებად გახდომა, ცხადია, სავალდებულო არ არის, ისევე, როგორც იმ შთაბეჭდილებების გაზიარება, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

დანიაში ჩემმა ბანგლადეშელმა მეგობარმა დამპატიჟა. მაშინ, როცა ბრიუსელში EUROLINE-ის ავტობუსში ჩავჯექი კოპენჰაგენის მიმართულებით, ფეხით უკვე მოვლილი მქონდა ლუქსემბურგი და ბელგია. 950 კილომეტრის გავლას იმაზე დიდი ხანი დასჭირდა, ვიდრე ეს გრაფიკით იყო განსაზღვრული – ავტობუსი ბელგიის საზღვარზე გაფუჭდა (აქვე აღვნიშნავ, რომ შეეცადეთ ბილეთი ყოველთვის დააზღვიოთ (ეს ჯამში დიდ სხვაობას არ იძლევა. ჩემს თანამგზავრებს, რომლებსაც კოპენჰაგენის შემდეგ გზა ოსლოსკენ უნდა გაეგრძელებინათ, ბილეთი არ გადაუცვალეს, რადგან დაზღვეული არ ჰქონდათ, ანუ ავტობუსების კომპანიამ მათ დარჩენილ მანძილზე არ იზრუნა.  შესაბამისად, მათ ხელახლა მოუწიათ ბილეთების ყიდვა).

როგორც ჩემი აფხაზი მეგობარი ამბობს, „სკანდინავია ევროპა არ არის, სკანდინავია, სკანდინავიაა“. ეს ეტყობა ყველაფერს (თუმცაღა, ნორვეგია ისევე განსხვავდება დანარჩენი ევროპისგან, როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებისგან).  ნორვეგიაზე ჩემი დიდი გაოცება გამახსენდა, რომელიც დღემდე გაუგებრად რჩება – ანუ, მე-14 საუკუნეში ნორვეგიის მეფემ დანიის მეფეს სთხოვა საკუთარი სამეფო მიეერთებინა, რადგანაც თვითონ არ შეეძლო ემართა, შედეგად ვალდემარ მეოთხემ საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა ნორვეგიის მეფეს ჰოკონ VI-ს და გაერთიანებასაც იურიდიული საფუძველი დაედო. ამ ისტორიას ყოველთვის ასე ვაგრძელებ – მართა დანიამ ნორვეგია ხუთი საუკუნის მანძილზე. მეცხრამეტე საუკუნეში კი შვედეთს უთხრა, თუ გინდა ნორვეგიას მოგცემო, შვედეთმა, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ, ჩემი რა მიდისო და ნორვეგია საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქცია. ნორვეგიელების პროტესტი მხოლოდ ერთი გამონათქვამით გამოიხატა – შვედებს ასო აქვთ მოკლე, თორემ მეხსიერება დიდიო და ძალიან მორიდებულად გამოთქვეს საყვედური, ეკითხათ მაინცო ჩვენთვის (სხვათა შორის, დანიურმა ენამ საფუძველი ჩაუყარა ნორვეგიულს და შვედურს). როგორც ამბობენ, თუკი იცი ერთ-ერთი ენა, თავისუფლად ილაპარაკებ დანარჩენზე. თითქმის ასე იყო – იცინის ჩემი შვედი მეგობარი, როცა ამ ისტორიას ვუყვები. ის საქართველოში გავიცანი.

ნორვეგიელები დანარჩენი სკანდინავიის ქვეყნებისგან განსხვავდებიან ფერით, სიმაღლით, ინფრასტრუქტურით, ცხოვრების წესით, ხასიათით, არქიტექტურით, სიჩუმით, ქუჩაში სიარულის მანერით. ეს არის ყველაზე საინტერესოდ უცნაური ქვეყანა ევროპაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ნამყოფი ვარ. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ და მანამდე დანია.

simbolo

ჩემთვის, მოგზაურობის ყველაზე მისაღები ფორმა ავტობუსით მგზავრობაა ან ავტოსტოპით (Hitchhiking) . ძალიან ბევრი დადის ასე, თუმცა, როგორც ამბობენ, ბოლო დროს რატომღაც გაჭირდა ევროპაში ავტოსტოპით გადაადგილება. როგორც ჩემმა ევროპელმა მეგობრებმა მითხრეს, დღეს ავტოსტოპებით სიარული ყველაზე ადვილია თურქეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე აზიის რამდენიმე დახურულ ქვეყანაში).

მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მანქანით მოძრაობას, არსებობს ძალიან საინტერესო საიტი blablacar.com, სადაც შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ მძღოლებს, რომლებიც გადაადგილდებიან ამა თუ იმ მიმართულებით (მხოლოდ ევროპის შიდა მარშრუტზე) და შეუძლიათ ძალიან იაფად, ფაქტობრივად ავტობუსების მესამედ ფასად დაგიმგზავრონ (მარშრუტის და მძღოლის არჩევის შემდეგ გაეცნობით მძღოლის პირობებს (ვთქვათ, რა მანქანა ყავს, რამდენი დრო დასჭირდება ადგილამდე ჩასასვლელად, რამდენჯერ გაჩერდება, ან რა ზომის ჩანთა შეგიძლიათ მანქანაში ჩადოთ და სხვა) და მის საკონტაქტო მონაცემებს).

დანიაში რამდენიმე ავტობუსების საერთაშორისო კომპანია მოძრაობს: Swebus Express, +45 80 70 33 00 (info@swebusexpress.se)  – შვედური კომპანია. მათ გარკვეული შეზღუდვები აქვთ მგზავრობისას, მაგალითად, Swebus-ის ავტობუსებით არ შეგიძლიათ გადაიტანოთ ველოსიპედები.  Berolina, +30 88568030 (info@berolina-berlin.com)ბილეთები ავტობუსშივე შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ რეკომენდებულია, რომ წინასწარ იყიდოთ. Eurolines, Halmtorvet 5, +45 33 88 70 00ბილეთები იყიდება ოფისებში, ან ინტერნეტით (ავტობუსში არიგებენ წყალს და ტკბილეულს), დადის ყოველდღე 05.00-დან 19.00 საათამდე, Bohemian Lines, +420 416 810 054 (info@bohemianlines.cz), 08.00-დან 20.00საათამდე, დადის ყოველდღე, ამ ფირმის ავტობუსით შეგიძლიათ დამატებითი გადასახადი გადაიხადოთ და ველოსიპედი გადაიტანოთ  (პრაღის რეისი). Autoprevoz, +387 51 317 333 (info@autoprevoz.org), კვირაში მხოლოდ ორჯერ დადის, Toptourist, +45 48 25 38 37 (info@toptourist.dk), ინტენსივობა კვირაში ორჯერ, ბილეთები იყიდება ავტობუსში, მაგრამ რეკომენდებულია წინასწარ შეძენა.  დადის ზალცბურგიდან.

ყველა საერთაშორისო ავტობუსი კოპანჰაგენში, ცენტრალური ვაგზლიდან ორ წუთში პირდაპირ გზაზევე ჩერდება მხოლოდ რამდენიმე წუთით. სპეციალური სადგური ავტობუსებს არ აქვთ. აქვე, ვაგზალთან ახლოს არის ოფიციალური ტურისტული სააგენტო Copenhagen Right Now – +45 70 22 24 42 (touristinfo@woco.dk).

kop

2012 წლის მონაცემებით დანიაში დაახლოებით 5 600 000 ადამიანი ცხოვრობს. კოპენჰაგენში – იმაზე ნაკლები, ვიდრე თბილისში – 1 200 000 მოსახლე. მოსახლეობის 6% მიგრანტები არიან. დანია ევროპის იმ ერთ-ერთი  ქვეყანათაგანია, რომელიც ამკაცრებს მიგრანტების მიმართ პოლიტიკას.

დანია სკანდინავიის ყველაზე სამხრეთი ქვეყანაა და ისევე, როგორც დანარჩენ სკანდინავიაში, ცივი ჰავაა, თუმცა, არა იმდენად, როგორც, ვთქვათ, ნორვეგიაში. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა 26 გრადუსია. ივლისში მე და ჩემი მეგობარი საშემოდგომო ქურთუკით ვსეირნობთ კოპენჰაგენში. ის აქ 6 წელია სწავლობს როსკილდეს უნივერსიტეტში. როსკილდე საუნივერსიტეტო ქალაქია და  კოპენჰაგენიდან 25 კილომეტრშია. თუმცა ამის გამო არ იცნობენ ამ ქალაქს მსოფლიოს როკის მოყვარულები – აქ, ყოველ წელს ივლისის დასაწყისში იმართება სკანდინავიაში ყველაზე დიდი როკ ფესტივალი.

დანიაში მხოლოდ ოთხი ღამე და ხუთი დღე ვრჩები, მაგრამ ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩემმა მეგობარმა გორამ მაქსიმალურად დამათვალიერებინოს ყველა საინტერესო ადგილი. თან წამოღებული აქვს თერმოსით ჩაი და ტკბილეული, რომელიც მარკეტში ვიყიდეთ დილით (რაც უფრო დიდია მარკეტი, მით მეტად იაფია პროდუქტი). მზიანი ამინდია, მაგრამ ცივი ქარი უბერავს. დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით, სკანდინავიის ყველა ქვეყანში შიდა ტრანსპორტი განსაკუთრებით ძვირია. გორა მიხსნის, რომ ამიტომ საჭიროა იცოდე როგორ და როდის იყიდო ბილეთები, მე მხოლოდ იმას ვგებულობ ახსნილიდან, რომ მატარებლის ბილეთი, რომელშიც 25 კილომეტრის გზაზე (როსკილდედან კოპენჰაგენში) ვიხდით დაახლოებით 13 ევროს, შეიცავს კოპენჰაგენში ავტობუსების და წყლის ტრანსპორტის 24 საათიან მომსახურებას. ტურისტებს ასევე შეუძლიათ იყიდონ ისეთი 24 საათიანი სამგზავრო ბილეთები, რომლითაც 60-ზე მეტ მუზეუმში უფასოდ შესვლაც შეუძლიათ (ასეთი ბილეთები, როგორც წესი, 100 ევროდან იწყება. მსგავსი ბილეთის ყიდვისას არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მუზეუმის სამუშაო დღეები). კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.

avtobus

კოპენჰაგენი ლამაზი და მშვიდი ქალაქია. ავტობუსებს, მატარებლებს და მეტროს რამდენიმე ზონა აქვთ (ანუ, მიმართულებები, რომლებიც ქალაქის კონკრეტულ მონაკვეთს მოიცავენ), რომელთა გარკვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ ადგილობრივების დახმარება, რომლებიც დაუზარებლად აგიხსნიან ყველაფერს. ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარული  11A ხაზია, რომლის მარშრუტიც CityCirkel-ია, ანუ, ქალაქს გარს უვლის და ფაქტობრივად ყველა ღისრშესანიშნაობას ათვალიერებთ.

axali

ჩვენც, ცხადია, ამ ავტობუსით ვსარგებლობთ. შემდეგ კი ფეხით ვათვალიერებთ ქალაქს.

– შენი აზრით მოსახლეობის რამდენ პროცენტს სწამს ღმერთის? – მეკითხება გორა.
– არ ვიცი და ვერც ვივარაუდებ -ვპასუხომ მე.
– დაასახელე რაიმე ციფრი – მეუბნება იგი.
– კარგი, ჩემი აზრით, 15 %-ს.
იცინის…
– ძალიან ბევრი მოგივიდა. ანუ, დაახლოებით 35% -ს სჯერა ღმერთის არსებობის და თითქმის ორჯერ მეტს სულებისა და სხვადასხვა ძალებისო.

გორა სამეფო აპარტამენტებს მათვალიერებინებს. დანიის სახელმწიფო პოლიტიკური წყობა კონსტიტუციური მონარქიაა და 1972 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამეფო კარს წარმოადგენს დედოფალი, რომელიც ერთპალატიან პარლამენტთან ერთად მართავს ქვეყანას. ბელგიის მეფის აპარტამენტებისგან განსხვავებით, აქ ვერ დაინახავთ მაღალ ღობეებს, რომლის იქითაც იწყება უზარმაზარი მინდორი ბოლოში მდებარე დიდებული სასახლით.

samefo

კოპენჰაგენი რამდენიმე ძალიან საინტერესო და უცნაური ადგილით არის ცნობილი. მაგალითად, ტივოლის პარკი (პარკამდე ჩვენთვის უკვე ცნობილი 11A  ავტობუსი მიგიყვანთ, თუმცა შეგიძლიათ ფეხითაც გაისეირნოთ, ის პირდაპირ ქალაქის ცენტრშია), რომელიც პარიზის დისნეი ლენდისა და გერმანული ევროპა-პარკის შემდეგ ვიზიტორების რაოდენობით მესამე ადგილზეა ევროპაში.  ტივოლი 1843 წელს გაიხსნა და დღემდე ბავშვების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ითვლება. ტივოლის შემდეგ ყველაზე პოპულარული ადგილი კოპენჰაგენში ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პარკი Dyrehavsbakken-ია ((“The Deer Park Hill”, 2, 7 მილიონი ვიზიტორი ყოველ წელს). ის მსოფლიოში უძველესი პარკია და 1583 წლით თარიღდება.

tivil

ქუჩაში გამოსულებს, ცხადია, გვშივდება და ვირჩევთ ჩინური რესტორნის ღია მომსახურებას, სადაც მუყაოს ყუთში გარნირის გარდა (ბრინჯი ან მაკარონი) ნებისმიერ სამ კერძს ირჩევ 35 კრონად (დაახლოებით 10 ლარი). საჭმელს თან ჩინურ წიწაკასაც თუ დაამატებ და იქვე, ქუჩის ცენტრში სხვა ტურისტებთან ერთად დაჯდები, წიწაკის სიმწარესთან ერთად (რომლის გამოც შენს გვერდით ბევრი ვიშვიშებს) შეიგრძნობ ხალისს, რომელიც ახლა ირგვლივ მყოფებთან ერთ სტატუსში გამყოფებს და ემოციებს ღიმილით უცვლით ერთმანეთს.  ლუდიც დაახლოებით იგივე ფასი ღირს – 30-35 კრონი. მე ყავას ვირჩევ (25-40 კრონი, გააჩნია როგორს  აიღებთ) და მე და გორა მსოფლიოში ყველაზე უცნაურ „თავისუფლების ქალაქ“ კრისტიანიაში მივდივართ (კოპენჰაგენის ნაწილი. რკინიგზის სადგურიდან ფეხით დაახლოებით 30-35 წუთის სავალზე). ეს არის ქალაქი, სადაც მანქანით არ შეიძლება მოძრაობა, ასევე სირბილი, ფოტოების გადაღება და ქალაქის წესის თანახმად, უნდა მოსწიო მარიხუანა ან ჰაშიში  და გაერთო.

ეკატერინე ლემონჯავა

დატოვე კომენტარი

კომენტარი