6

როდესაც მე და ჩემი მეგობარი ევროტურს ვგეგმავდით, ბუდაპეშტისა და ვენის გარდა გვინდოდა რაიმე სხვა ადგილებიც გვენახა.  ამიტომ, არჩევანი ვენიდან 75 კმ-ით მოშორებულ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაზე შევაჩერეთ, რომლის ერთ დღეში დათვალიერება სავსებით შესაძლებელია.  სლოვაკეთი ქართველებისთვის დიდწილად კინოფილმებიდან „რაჭა ჩემი სიყვარული“ და „ევროტური„ არის ცნობილი.  ჩვენც დაგვაინტერესა, რა შეიძლება ყოფილიყო ცენტრალური ევროპის ამ ქვეყანაში კოლმეურნეობაზე უფრო წარმატებული და დარინაზე უფრო ლამაზი ან თუ შევძლებდით 10 ცენტად სასტუმროს გახსნას.

ვერ შეგპირდებით, რომ 10 ცენტად ბიზნესს დაიწყებთ, თუმცა საჭირო ადგილების ცოდნის შემთხვევაში, ლამაზ ადგილებს აუცილებლად ნახავთ.

1

ვენიდან, ერდბერგის ავტოსადგურიდან, თითქმის ყოველ საათში გადიან „ევროლაინის“ ავტობუსები ბრატისლავისაკენ, ბილეთიც იაფია – ორი გზა 13 ევრო.  მგზავრობა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, ავტობუსში კი უსადენო ინტერნეტი დიდებულად ფუნქციონირებდა.  ვენიდან სანახევროდ შევსებული ავტობუსით დავიძარით, მალევე გადავკვეთეთ ავსტრია-სლოვაკეთის საზღვარი და დუნაის პირას გაშენებულ ბრატისლავას მივადექით.  პირველი შთაბეჭდილება უცნაური იყო, რადგან, თბილისის მსგავსად, აქაც „ხრუშოვკები“ შემოგვეგება, ოღონდ შეღებილი და ოდნავ უფრო მხიარული იერით.

3

სლოვაკეთის მთავარი ხიდის  – “MOST SNP”-ის გადაკვეთის შემდეგ, რომელიც ამ ერის სიმბოლოს წარმოადგენს და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მივადექით ძველი ქალაქის წინ მდებარე გაჩერებას, საიდანაც აუცილებლად ფეხით უნდა განაგრძოთ გზა, რომ ბრატისლავას ციხე-სიმაგრე და ძველი ქალაქი დაათვალიეროთ.

ციხე-სიმაგრე ქალაქის შემაღლებულ ადგილას დგას და შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.  ეზოდან საკმაოდ კარგი ხედი იშლება მდინარე დუნაისა და ძველ ქალაქზე, ხოლო ეზოში მდებარე კაფეში საკმაოდ კარგი ყავით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

7

ძველი ქალაქი კი უმთავრესად საელჩოებითაა დატვირთული და არ გაგიკვირდეთ თუ მშობლიურ დროშასაც გადააწყდებით – საქართველოს საელჩოც სწორედ აქ მდებარეობს.

8

ძველ ქალაქში სეირნობისას აუცილებლად უნდა ნახოთ მთავარი მოედანი – Hlavnoe Namestie,  წმინდა მარტინის კათედრალი, მერიის ძველი შენობა, წმინდა მიქაელის კარიბჭის გავლით კი, მისსავე სახელობის ქუჩაზე გაისეირნოთ და ძველი ფერადი შენობების ცქერით დატკბეთ.

6

ძველი ქალაქი სავსეა სუვენირების მაღაზიებით, რომლებიც შედარებით ძვირია, ვიდრე ბუდაპეშტში, თუმცა უფრო იაფი, ვიდრე ვენაში.

კვებაში მინიმალური თანხა დაგეხარჯებათ.  ადგილობრივ პიცერიებში კაცზე 4 ევროდ საჭმელ-სასმელი და ქუჩის კარგი ხედი არ მოგაკლდებათ და მიუხედავად იმისა, რომ ძველ ქალაქში უამრავი ტურისტი ირევა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვება საკმაოდ იაფია.  ასევე აღსანიშნავია “GREENTREE CAFFE”, რომელშიც კარგ კაპუჩინოსთან ერთად ლამაზი ინტერიერიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.

4

საერთო ჯამში თუ ვენაში ან ბუდაპეშტში ყოფნისას „ზედმეტი“ ერთი დღე გამოგიჩნდებათ, გირჩევთ მოინახულოთ ევროპის ეს პატარა ქალაქი, რომელშიც აუცილებლად იპოვით ბევრ ღიმილსა და კოხტა ადგილებს.

დიმიტრი დოლიძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი