Basel

ვენა

გასულ ზაფხულს ვენაში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი. ვენა ხომ თავისთავად საოცარი ქალაქია თავისი ვენური სულისკვეთებით, მაგრამ ახლა ბაზელზე მინდა მოგითხროთ.

ბაზელში ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს და როდესაც ვენაში ვიზიტი დაიგეგმა, ისე მოვაწყე, რომ სამუშაო მივლინებას რამდენიმე დღე შვებულების ხარჯზე დავუმატე და შვეიცარიისკენ ავიღე გეზი.

მგზავრობის დეტალები თბილისიდანვე მოვაგვარე. განვიხილავდი მგზავრობის რამდენიმე ვარიანტს: ვენიდან ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით. ვინაიდან დროში შეზღუდული ვიყავი, თვითმფრინავის ვარიანტი ვამჯობინე.

ბილეთების ძებნა სხვადასხვა საიტებზე დავიწყე. ეს საიტებია: www.priceline.com ; www.orbitz.com ; www.expedia.com.

საბოლოოდ expedia.com-ზე შევჩერდი და არც თუ ხანგრძლივი ძიების შემდეგ ავიაკომპანია Niki-ს ბილეთი შევიძინე 160 დოლარად, თან ჩემთვის სასურველი დღეებიც ზუსტად დაემთხვა. მიმართულება: ვენა-ციურიხი-ვენა.

ვენაში ვიზიტი საინტერესოდ და სწრაფად გასრულდა. დავემშვიდობე კილეგებს, რომლებიც თბილისში ბრუნდებოდნენ და მეორე დილით, 7-ის ნახევარზე უკვე ვენის აეროპორტში ვიყავი, რომელიც Schwechat-ის სახელით ცნობილ გარეუბანში მდებარეობს და ამ აეროპორტს ხშირად ამავე სახელწოდებითაც მოიხსენიებენ.

რეგისტრაცია მარტივად გავიარე და თვითმფრინავში კუთვნილი ადგილი დავიკავე. საათსა და თხუთმეტ წუთში უკვე ციურიხში ვიქნები, სადაც ბაზელიდან ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი მხვდება…

ციურიხი

Zurich-Airportაეროპორტიდან გამოსვლისთანავე ბიძაშვილი შემხვდა. ვენისგან განსხვავებით შვეიცარიის ამ ქალაქმა მოღრუბლული და წვიმიანი დილა დამახვედრა. ალბათ, ამინდმაც იქონია გავლენა, რომ აეროპორტიდან ქალაქში აღარ გავსულვართ და მანქანით პირდაპირ ბაზელისკენ ავიღეთ გეზი.

შვეიცარიის ბუნებაზე ბევრი მქონდა მოსმენილი (თუნდაც ის რად ღირს, საქართველოზე რომ ამბობდნენ თუ კიდევ ამბობენ – პატარა შვეიცარიააო:), თუმცა ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი რაიმე აღსაფრთოვანებელი ბუნებით ვერ დაიკვეხნის (ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც სამანქანო მგზავრობისას ციურიხიდან ბაზელისკენ მიმავალ გზაზე ჩანს). სხვა საქმეა უნდა იყოს ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები, სადაც, სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჩასვლა.

ბაზელი

2ბაზელთან მიახლოების კვალდაკვალ არაფრით გამორჩეულმა პეიზაჟმა ინდუსტრიული მრეწველობის ხედი გადაშალა. ბაზელი ხომ შვეიცარიის ინდუსტრიული ცენტრია. აქ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქიმიურ მრეწველობას, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ წარმოებას. ბაზელში მსოფლიოში ცნობილი არაერთი ფარმაცევტული კომპანიის მთავარი ოფისია განთავსებული, რომლებსაც აქვე აქვთ თავიანთი ქარხნების ნაწილი. მანაქნის ფანჯრიდან მოვკარი კიდეც თვალი რამდნეიმე მათგანის ლოგოს, მაგალითად, Novartis, Roche, Pentapharm და სხვა.

ქალაქში შესვლისას ასევე მიიქცია ყურადღება St. Jakob-ის სტადიონმა (St. Jakob-Park), რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო კლუბის – ბაზელის საშინაო არენაა. ამავე არენაზე ხშირად თამაშობს შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები და ასევე ეს სტადიონი იყო ერთ-ერთი მასპინძელი ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისა.

ქალაქის ცენტრში მალევე მივედით და მცირე შესვენებისთვის ბიძაშვილის სახლში ავედით, რომელიც ბაზელის რკინიგზის ცენტრალური სადგურის სიახლოვეს აქვს აღებული.

და აი, პირველი შეხება შვეიცარიულ სიძვირესთან, რომელიც განთქმულია მსოფლიოში. სუპერმარკეტში ერთი ჩვეულებრივი შესვლა მხოლოდ საკვების, ლუდისა და პირველადი მოხმარების რამდენიმე უმნიშვნელო საშუალების შესაძენად 90 შვეიცარული ფრანკი დაჯდა, რაც დაახლოებით 180 ლარამდეა.

ამიტომ ბაზელში მცხოვრებთა უმრავლსეობა საყიდლებზე რამდენიმე კილომეტრში მდებარე გერმანიაში გადადის, სადაც გაცილებით იაფად შეიძლება გამოსვლა (როდესაც გერმანიაში გადავედით, საზღვართან მდებარე დასახლებებში გერმანიის სანომრე ნიშნიანი მანქანა დიდი იშვიათობა იყო. სამაგიეროდ მრავლად იყო შვეიცარიაში და საფრანგეთში რეგისტრირებული მანქანები. აქვე ვიტყვი, რომ საფრანგეთიც, რომელიც ასვე რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ბაზელიდან, გერმანიასთან შედარებით ასევე ძვირია და ბევრი ფრანგიც გერმანიაში გადადის, მაგალითად, სუპერმარკეტში სავაჭროდ).

3საკუთრივ ბაზელი, მისი ცენტრი და ისტორიული ნაწილი საკმაოდ ლამაზი და კარგად მოვლილია. მდინარე რეინზე, რომელიც ქალაქს ჩამოუდის, არაერთი ხიდია გადებული. მდინარეს ჩაუყვება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სახლები, ამწვანებული პარკები, სადაც შესაძლებელია ქალაქის მოძრაობისგან დასვენება, მწვანე მოლზე წიგნის წაკითხვა. არის ადგილებიც, სადაც ასევე შეძლებთ მდინარეში ბანაობას და იქვე მზის აბაზანის მიღებას. მდინარის ჩაყოლებაზე ორივე მხარეს ფეხით გასასეირნებელი შესანიშნავი ადგილებია, სადაც შეგხვდებათ არაერთი კაფე და რესტორანი.

ქალაქში გადაადგილება საკმაოდ მარტივია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებად გვხვდება ავტობუსი და ტრამვაი.

DSC_0072

Marktplaz-ქალაქის ცენტრალური მოედანია. ამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე აღმოცენებული არქიტექტურული მიმართულებების შენობებით გარშემორტყმულ მოედანზე მდებარეობს ქალაქის მერია, გნებავთ Rathaus-ი. ამავე მოედანზე შეგხვდებათ ბაზრობა, სადაც ცოცხალი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი – ბოსტნეული, ხილი, პური, ყვავილები და ასე შემდეგ.

ბაზელში მრავლად არის მუზეუმი. თუ თქვენ აღნიშნული მიმართულება გაინტერესებთ, არჩევანი დიდია.

სამი ქვეყნის საზღვარი

ბაზელში მოხვედრილმა ადამიანმა ხელიდან არ უნდა გაუშვას უნიკალური შანსი, რომელიც საშუალებას იძლევა ფეხით იმოგზაუროთ ერთდროულად სამ ქვეყანაში – შვეიცარიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში თქვენ სამივე ქვეყანას შეგიძლიათ ეწვიოთ და თანაც ფეხით. DSC_1108სამი ქვეყნის ხიდი (La passerelle des Trois Pays), ეს არის მდინარე რეინზე აშენებული თაღოვანი ხიდი ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებისთვის. ხიდის სიგრძე 248 მეტრია და ერთმანეთთან აკავშირების გერმანიასა და საფრანგეთს. ხიდის სამხრეთით 200 მეტრში კი შვეიცარიაა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ შესანიშნავი გრძნობაა ეწვიო სამ ქვეყანას სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ბოლო სიტყვის მაგიერ

ბაზელში სულ 4 დღე გავჩერდი. ამ ხნის მანძილზე მოვიარე საფრანგეთისა და გერმანიის ახლოს მდებარე პროვინციები და დასახლებები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი შვეიცარიის სამხრეთით ჩასვლა, სადაც მართლაც უნდა არსებობდეს ლეგენდარული ბუნება, თუმცა ეს სიამოვნება, ალბათ, მომავლის საქმეა.

ნიკა ჩადუნელი

დატოვე კომენტარი

კომენტარი