– „თქვენი პასპორტი, თუ შეიძლება“ – მითხრა მესაზღვრემ და ხელი გამომიწოდა. პასპორტი დახლზე დავუდე და დიდ კონვერტში შენახული საბუთების ამოღება დავიწყე. ყველაფერი თან მაქვს : უკან დასაბრუნებელი ბილეთი; სამოგზაურო დაზღვევა; სასტუმროს ჯავშანი და ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი საბუთები.  თუმცა მესაზღვრემ უხმოდ დამიბრუნა პასპორტი და „ევროპის კარი“ გამიღო. ასე წელში გამართულს, არასოდეს გამივლია ალბათ – არანაირი შეკითხვა და საეჭვო მზერა – ერთი ნაბიჯიც და.. ევროპაში უპრობლემოდ აღმოვჩნდი.

ამ ბლოგ-პოსტის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რადგან თავად ვიცი, რამხელა კომფორტია უცხო ქვეყანაში, თუნდაც თეორიული გზამკვლევის არსებობა. თანაც ესეც არ იყოს, ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიეთ ქართველები, საკუთარი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალებას და ისევე, როგორც ჭირი, რა გინდ რომე კაცმან მალოს, შური თავსა არ დამალავს. ამიტომ, რაც მეტს ვნახავთ, მით უფრო ნაკლები უარყოფითი ემოციები იარსებებს ჩვენში და ჩვენ გარშემო ))

დავიწყოთ სულ თავიდან…..

ავიაკომპანია Wizz Air-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა არანაკლები ბედნიერებაა, ვიდრე უვიზო რეჟიმი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დაბალბიუჯეტიანის ნიშას ძალიან მყარად ინარჩუნებს. აგრეთვე, ახორციელებს პირდაპირ რეისებს ევროპის რამდენიმე ქალაქში. დამეთანხმებით, გადაჯდომასა და აეროპორტში ყურყუტზე მოსაწყენი არაფერია.

ავიაბილეთების ნაადრევად შეძენით, იხდით იმდენად მწირე ღირებულებას, რომ თქმადაც არ ღირს. ამ ყველაფრის გაკეთება, ტურისტული სააგენტოს გვერდის ავლითაც შეგიძლიათ. ავიაკომპანიას ქართული ვებ-გვერდიც კი აქვს, საიდანაც მარტივ ინსტრუქციაზე მიყოლით, თავად შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ.

კომპანიას უამრავი დამატებითი სერვისი აქვს. მაგალითად : დიდი ზომის ხელბარგი; პრიორიტეტული ჩასხდომა; ჩასაბარებელი ბარგი; ადგილების არჩევის შესაძლებლობა; ტრანსფერი; აეროპორტში რეგისტრაცია და ა.შ. თუკი ამ ყველაფერს გვერდს აუვლით, ბილეთის ღირებულება არ შეიცვლება. ჩემი რჩევაა, წასვლამდე აუცილებლად გაზომეთ თქვენი ხელბარგის პარამეტრები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზომებს: 42X32X25 სმ. გადაჭარბებული ზომები, ადგილზე უკვე 32 ევრო დაგიჯდებათ.

ე.წ Check Inn, ანუ რეგისტრაცია ონლაინ შეგიძლიათ გააკეთოთ, აეროპორტში ფასიანია და, არც მეტი, არც ნაკლები, 40 ევრო ღირს.

ჩემმა მოგზაურობამ ერთ კვირას გასტანა, თუმცა მოვახერხე ამ ერთ კვირაში ოთხი ქვეყანა ჩამეტია.

როგორ???

ევროპელებს ძალიან უყვართ მატარებლით მგზავრობა და ერთმანეთში მიმოსვლისთვისაც, უმეტესწილად, ამ ტრანსპორტს იყენებენ. თუმცა სამგზავრო ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია. ამიტომაც, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ალტერნატივა, მაგალითად ავტობუსი, რომელიც არანაკლებ კომფორტულია, ვიდრე მატარებელი.

ამ მხრივ, კონკურენცია მაღალია, ბაზარზე საკმაოდ ბევრი ისეთი კომპანია არსებობს, რომელიც ქვეყნებსშორის რეისებს ახორციელებს. გიამბობთ რამდენიმე მათგანზე.

– გერმანული კომპანიაა, რომელიც რეისებს მთელი ევროპის მიმართულებით ახორციელებს. სხვებთან შედარებით, მაღალი ფასები აქვს და ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება, საშუალოდ, 21-23 ევრომდე მერყეობს. სამწუხაროდ, საქართველოდან ინტერნეტით ვერ შეიძენთ ბილეთს, ადგილზე ყიდვა კი ღირებულებას, დაახლოებით, 5 ევროთი ზრდის. მომსახურებაში შედის ცხელი სასმელები, ასევე არის ინტერნეტის ფუფუნებაც ))

ჩეხური კომპანია გახლავთ. FlixBus-ისაგან განსხვავებით, აქ ბევრად დაბალი ფასებია და, დაახლოებით, 12-15 ევრომდე მერყეობს. ერთ საინტერესო უცნაურობას წავაწყდით: სერვისი აქაც მოიცავს უფასო ჩაისა და ყავას, თუმცა ბარგის (მნიშვნელობა არ აქვს ზომას) მოთავსებაში 0.50 ევროს გადახდა მოგიწევთ. ბილეთის შეძენა, საქართველოდანაც შეგიძლიათ online, ხოლო ადგილზე  შეძენის შემთხვევაში, ფასი აქაც იმატებს. არის ქვეყნები, მაგალითად უნგრეთი, სადაც ამ კომპანიას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, სხვა ქვეყნებში მუშაობს გამართულად.

– Leo Express-იც ჩეხური კომპანიაა, რომლითაც ჯერ არ მიმგზავრია, თუმცა ახალი შემოსულია ბაზარზე და მაქსიმალურად ცდილობს, კონკურენტუნარიან გარემოში თავის ადვილად დამკვიდრებას დაბალი ფასებითა და სასიამოვნო სერვისებით.

ერთი სიტყვით, თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას აპირებთ, ჩემი რჩევაა, წინასწარ შეიძინოთ შიდა გადაადგილების ბილეთები. ასე არც სავსე ავტობუსის ალბათობა იქნება და ფასის მხრივაც, მოგებული დარჩებით.

სასტუმრო

ერთი შეხედვით, ტურის დაგეგმვა გამოცდილი ადამიანის რჩევის გარეშე, ძალიან რთულია, მაგრამ რეალურად მხოლოდ მცირეოდენი ინგლისური ენის ცოდნა და დაკვირვებაც საკმარისია იმისთვის, რომ სასურველი მოგზაურობა თავად დაგეგმოთ. დამიჯერეთ, ბევრად მარტივია თქვენს მოძიებულსა და ნაპოვნ ადგილებში სიარული, ვიდრე ტურ-ოპერატორის მიერ დაგეგმილი მარშრუტის მიყოლა. ასეთ დროს, საუკეთესო გზაა, მიმართოთ ვებ-გვერდებს Airbnb.com და booking.com

სასტუმროს არჩევისას, ყველაზე გასათვალისწინებელი ფაქტორია მეტრო, რომელიც სასტუმროს სიახლოვეს უნდა გეგულებოდეთ. მეტროს ხაზებსა და ტარიფებზე, ქვევით, უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

იმ ქალაქებში, სადაც ტურისტული ბუმია, ჰოსტელსაც ვერ ნახავთ იაფად. თუ ნახავთ, არც მისი მდგომარეობა და არც მდებარეობა არ იქნება მისაღები და საცხოვრებელში დაზოგილ თანხაზე ბევრად მეტის გადახდა, ტრანსპორტში მოგიწევთ. ამიტომაც, ჯობს მეტი გადაიხადოთ და ცენტრთან ახლოს იყოთ.

Booking.com-ს ხშირად აქვს ფასდაკლებები კონკრეტულ სასტუმროებზე, უბრალოდ, ძალიან მრავალფეროვან არჩევანში, არ უნდა დაგეზაროთ მოძებნა. პირადად მე, პრაღაში Holiday Inn-ში ორი ღამე 88 ევროდ, ხოლო ვენაში, 2 ღამე 70 ევროდ, Courtyard Marriot-ში გავატარე. ასე რომ, ვინც ეძებს, პოულობს კიდეც – ეცადეთ, კარგად გაეცნოთ booking.com_ის შემოთავაზებებს.

ჩემი პირველი მიმართულება, Wizzair-ის ქუთაისის რეისებიდან გამომდინარე, ბუდაპეშტი იყო.

ბუდაპეშტი ევროპის უგრძეს მდინარე – დუნაიზეა გაშენებული. ქალაქი მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად არის დაყოფილი – ბუდა და პეშტი. ეს უკანასკნელი ტურისტებისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, ამიტომაც, სასტუმროს მოძებნისას გირჩევთ, პეშტის მხარეზე შეაჩეროთ არჩევანი.

სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ და, მათ შორის, უნგრეთმაც, დღემდე ვერ მოიშორა სოციალიზმის დაღი და ეს ბუდაპეშტშიც იგრძნობა, თუმცა დამთვალიერებელს მაინც მრავალ ზღაპრულ სანახაობას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი, ქვეყნის პარლამენტი გახლავთ.

   

ამ შენობის ხილვისას, უნებურად აღმომხდა „Woow“, რადგან ნამდვილი არქიტექტურული შედევრია და ბევრად უფრო შთამბეჭდავი და საოცარია მისი ინტერიერი. პარლამენტის გვერდით, ჩადის დიდი კიბე, სადაც აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და შენობის დასათვალიერებელ ტურში ჩაეწეროთ. ღირებულება 20 ევრო გახლავთ. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველ ენაზე მოსაუბრე გიდი, რომელიც ამ საოცარ ზღაპარში გაგიძღვებათ.

ღამის ბუდაპეშტი იმდენად ლამაზია, რომ ძილის ცნებას საერთოდ დაგავიწყებთ. გირჩევთ, კრუიზის ტურში ჩაეწეროთ, რომლის ხანგრძლივობა 1 საათია და 12 ევრო ღირს. ღირებულებაში შედის 2 ჭიქა სასმელი. ღამის ბუდაპეშტის დათვალიერება დუნაიზე, კრუიზით, ჭიქა როზესთან ერთად, ნამდვილი კათარზისია, რომელიც აუცილებლად უნდა განიცადოთ :)) მსგავს ტურს რამდენიმე კომპანია აწყობს, უმეტეს მათგანს მხოლოდ ინგლისურენოვანი გიდი ჰყავს, თუმცა თუ ენის პრობლემა გაქვთ, არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსულის მცოდნეთათვისაც აქვთ სერვისი.

ქალაქი ცნობილია თავისი თერმული აბანოებით. სამწუხაროდ, ორ დღეში შეუძლებელია საკუთარი თავისათვის ასეთი საჩუქრის გასაკეთებელი დროის გამონახვა, მაგრამ თუკი თავისუფალი დრო გაგიჩნდათ, აუცილებლად ესტუმრეთ. ერთ-ერთი აბანო, Kiraly Bath, XV საუკუნიდან ფუნქციონირებს.

მიუხედავად ევროზონისა, ჯერ კიდევ მიმოქცევაშია უნგრული ფორინტი, რომელიც მეტად გაუფასურებულია და 30 000 ფორინტი 100 ევროს უდრის. სმარტფონებისათვის არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ რეალურ ფასებში, რადგან ერთი სუვენირის ოთხნიშნა ღირებულება საკმაოდ დამაბნეველია. ევროს უმეტეს ადგილებში იღებენ, თუმცა ხურდად ფორინტს დაგიბრუნებენ და თანაც ძალიან ცუდი კურსით. თქვენ კი, ასე ზეპირად,  ვერც მიხვდებით, რომ მოგატყუეს. ამიტომაც, ჩემი რეკომენდაცია ე.წ „კონვერტერებს“.

ტყუილებს წააწყდებით აგრეთვე ვალუტის გამცვლელ პუნქტებში, სადაც საკმაოდ უნამუსოდ იტყუებიან და მიცემული თანხის 25-30%-ს, თვალსა და ხელს შუა გაცლიან. უმეტეს მათგანს მომსახურების საკომისიო აქვს, ზოგს ძალიან მაღალი, ზოგს – დაბალი. ამიტომ, სანამ ფულს დაახურდავებთ, დიდი დაკვირვება გმართებთ. ბარათით თანხის წაღებას არ გირჩევთ, რადგან ასეთი ვალუტის შემთხვევაში, თქვენი ბანკი ჯერ დოლარში გადაიყვანს ანგარიშზე არსებულ თანხას, ხოლო შემდეგ იმ ქვეყნის ადგილობრივ ვალუტაში, სადაც იმყოფებით და ამდენ კონვერტაციაში საკმაოდ დიდ თანხებს დაკარგავთ.  ჩემი რჩევაა საქართველოშივე დაიჭიროთ თადარიგი და შეიძინოთ იმ ქვეყნის ფული, რომელში მოგზაურობასაც გეგმავთ. მიმართეთ მსხვილ ქართულ ბანკებს, ერთ-ერთი მათგანისაგან შევიძინე პირადად მეც. მართალია, არსებულთან შედარებით, დაბალი კურსი აქვთ, მაგრამ რეალურ კურსზე მაინც არავინ, არსად არ გაგიხურდავებთ და ამიტომ, მხოლოდ ამ გზით იქნებით მოგებული.

 

ეს ბუდაპეშტის მეტროს ხაზებია. ეცადეთ, წითელი ხაზის სადგურებთან ახლოს შეარჩიოთ სასტუმრო. ასე მეტროში ჩასვლა მხოლოდ ორჯერ – ჩამოსვლისას და წასვლის დროს მოგიწევთ. მაგრამ თუ მაინც მოგიწევთ მეტროთი სიარული, ეცადეთ შეიძინოთ 24 ან 48 საათიანი სამგზავრო ბილეთები, რომელიც ბევრად ეკონომიურია და ბილეთის აპარატის ლაბირინთებშიც არ ჩაიკარგებით  🙂

 

უცებ გავიდა ორი ლამაზი დღე, რომელმაც ისეთი საოცარი პალიტრა გადაგვიშალა თვალწინ, რომ ძალიან შეგვიყვარდა ქალაქი. თითქოს, გაორების შეგრძნებაც გვესტუმრა – გვინდოდა დარჩენა, მაგრამ თან გული წინ მიგვიწევდა, სადაც კიდევ ორი, არაჩვეულებრივი მიმართულება გველოდა.

 

შემდეგი გაჩერება – პრაღა!

 

გაგრძელება იქნება.

 

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი