gold

(აფრიკელი, სემიტი, კავკასიელი…)

უმდიდრესი ქვეყანაა სიერა ლეონე. აქ ყველაფერია: მშვენიერი ბუნება, მდიდარი ფლორა და ფაუნა, ოკეანის არაჩვეულებრივი სანაპირო, ყველანაირი წიაღისეული: რკინა, ბოქსიტები, რუტაილი, გრანიტი, მარმარილო, ოქრო, ალმასი… და ვინ მოსთვლის კიდევ რა.

ამასთან ერთად უღარიბესი ქვეყანაა სიერა ლეონე, ერთ-ერთი ბოლოა ქვეყნების სიაში. უკიდურესი გაჭირვება, მიუსაფრობა და სიდუხჭირეა.

თვითონ აქაურები მწარედ ასე ხუმრობენ  თავის თავზე. ღმერთი რომ ქვეყნებს ანაწილებდა და სიერა ლეონეს ჯერი მოსულა, დაუფერთხია კალთა, ჩაუყრია ამ მიწაში რკინა, მერე ოქრო, მერე ალმასები, ნავთობი, არაჩვეულებრივი ხილი, უხვად წყალი… ანგელოზებს შეუბედიათ, უფალო ერთი პატარა ქვეყნისათვის მეტი ხომ არ არისო? – მაცალეთ ჯერ ნახეთ აქ ვინ დავასახლოო…

ომი ახალი დამთავრებულია, სტაბილურობისა და ეკონომიკის განვითარებისა რა გითხრათ და ამიტომ ეტანება აქაურობა უამრავი ავანტიურისტი და იოლი გამდიდრების მსურველი. თავის ქვეყანაში რომ ვერ გამოდგნენ და დარწმუნებულები არიან ამ ველურ ხალხში ”გავიჩითები”, მივდგებ მოვდგები, ჭკუაში ვაჯობებ და ავშენდებიო…

ამ რამდენიმე წლის წინ სურამიდან დიდი ხნის წინათ წასული ებრაელი ”ბიძა” და მისი ძმისშვილი ”გამეჩითნენ” ფრიტაუნში. საბიზნესოდ ჩამოვიდნენ. მე თბილისიდან დამირეკეს და მთხოვეს სერიოზული, კარგი ხალხია და ხელი შეუწყე, თუ რამე შეგიძლია მიეხმარეო. ან თხოვნა რად მინდოდა, ძლივს ქართულად მოლაპარაკე ხალხი ვნახე.

თუკი ვინმეს ვიცნობდი და გავლენიანი ან სერიოზული ნაცნობი მყავდა, ყველა შევახვედრე. ისენიც არ დამზარდნენ და ათასნაირად დაარიგეს ჭკუა. ამ ჩემმა ებრაელებმაც რომ მიიხედ მოიხედეს, ბევრი რამ  აწონ-დაწონეს და გაზომ გამოზომეს, ხელები მოიფშვნიტეს და თქვეს:

–         ეხლა გვიყურე, დაგენაცვლე, ამ არიფებს და გოიმებს რა უყოთო. შენ ჩვენთან იყავი და შენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფსო.

ოქროო! – დაიჩემეს. ეგ არის რაც არის. დღევანდელ ეკონომიკას ეგ შეეფერება. ამ ბედოვლათებმა რა იციან ”ბურსას” ფასი. აქ იაფად დავცინცლავთ, იქ კი ძვირად გავყიდით! ეგ არის ბიზნესიო! მოკლედ – ოქროო!

ჩემმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დოქტორმა ბაბა კონდემ მთელი ლექცია ჩაგვიტარა ასე ქენით და ისე ქენით, ლიცენზია აიღეთ, ყველაფერი კანონით გააკეთეთ და ქე მაინც არ წააგებთო. მერე მე განზე გამიხმო და მითხრა:

–         ეგ შენი სტუმრები თუ მეგობრები რაღაც ალმაცერად მიყურებენ, მგონი არ მიჯერებენ და იცოდე შარში გაეხვევით, ხომ იცი ჩემი ძმა ხარო…

–         დოქტორ, – გამეცინა – შენ არ იცი ეგ რა ჯიშის ხალხია, მთელი მსოფლიო მაგათ ჭკუაზე დადის და ოქრო ხომ საერთოდ მაგათი მოგონილია…

დოქტორამ სევდიანად შემომხედა, მძიმედ ამოიოხრა

–         რამე უკანონობაში არ გაიხლართონ, თორემ ვეღარ გიშველით, ვინმე თუ რამეს შემოგთავაზებთ, აუცილებლად დამიძახეთ, თუ ჩემი გამოჩენა იუარეს, იმ ხალხთან საქმე აღარ დაიჭიროთ…

ებრაელებმა კი:

–         ეს ვინ ბიუროკრატი და პედანტი მოგვიყვანე, წილში უნდა ჩაგვიხტეს, მაგასთან ერთად დახლი არ დაგვიდგებაო…

მესამე თუ მეოთხე დღე იყო, სასტუმროში მივადექი. საქმიანად დამხვდნენ, გახარებულები.

–         აგერ ძმაო, სერიოზული კაცი სერიოზულ კაცთან მიდის, მაგარი შეხვედრა გვაქვს და წამოგვყევიო.

წაგვიყვანეს ქალაქის მეორე ბოლოს. მივადექით უშველებელ გალავანს. ეზოში ერთი სამი ახალთახალი, უძვირესი მანქანა იდგა… მეორე სართულზე გაწყობილ დარბაზში შეგვიპატიჟეს, აქ მოისვენეთო, სასმელი და ხილი მოგვართვეს. ცოტა ხანში სამი კაცი შემოვიდა. ერთი ძვირფას აფრიკულ ბალახონში, ხელში უშველებელი კრიალოსანით, ორნი აშკარად მოწიწებით მოყვებოდნენ. ხელი ჩამოვართვით.

–         ეს ალაჯი ალ-მამია, წარმოგვიდგინა ერთერთმა ბალახონიანი – ალაჯი შარშან გახდა, მექა მოიარა…

და კედელზე უშველებელი ფოტოსურათისკენ მიგვითითა, იქ მართლა მექას ფონზე იდგა მომღიმარი ალ-მამი…

დაიწყო მაგრამ რა დაიწყო. ვაჭრობა თავბრუდამხვევი, საკუთარი შესაძლებლობების და კავშირების ჩვენება და ტრაბახი, მე ესა ვარ და მე ისა ვარო. არც ერთი მხარე არ უდებდა ტოლს… ბოლოს, ეს ერთი და სხვა მრავალიო, ჩვენ დიდი ხნის და დიდი მასშტაბის პარტნიორები უნდა ვიყოთო და ამ პირველით გამოვცადოთ ერთმანეთიო… და… ოცი კილოო!!! ალ-მამიმ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა თავისიანებს. ერთ-ერთი ადგა და გავიდა…

აბა თავიდან გახურდა, ეხლა ფასზე ვაჭრობა. გრამზე ოცი დოლარიდან დაიწყეს და თორმეტ დოლარზე გაჩერდნენ. ცხრა ოფლი გადასძვრა ორივე მხარეს.

შემოიტანეს ორი ტომარა. გახსნეს და ამოანათა ყვითლად… უფროსი ებრაელი (ბიძა) მუხლებზე დადგა და – ჩაის კოვძიო! ყველა დაიბნა, ვიფიქრე გაგიჟდა. კოვზიო! დაიჟინა. მოუტანეს… ამოჰკრა ოქროს ქვიშას, ჯერ ცხვირთან მიიტანა, მერე ქვევიდან სანთებელა შეუნთო. აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზანგებზე, პატივისცემით შესცქეროდნენ და თავებს მრავალმნიშვნელოვნად აკანტურებდნენ.

მე დრო ვიხელთე, ჩუმად გავედი გვერდზე ოთახში და დოქტორ ბაბას დაურეკე, ასე და ისე თქო, შენ კიდევ ამბობდი-თქო. დოქტორმა ერთი კი ამოიგმინა და თუ ჩემი ხათრი გაქვს მაგათ უთხარი, ჩემი აქაური მეგობარი უნდა მოვიდეს, დამელოდეთ, უჩემოდ არაფერზე არ დაეთანხმოთო.

რო შევბრუნდი იქ ატყდა ამბავი თუ ატყდა, ჩვენ სერიოზული ხალხი გვეგონეთ, ხო გთხოვეთ არავინ ჩარიოთ, ეს ბიზნესი ასეთ რამეებს ვერ იტანს. თუ გინდათ გინდათ, არა და თავი დაგვანებეთ… მე აღმოვჩნდი დამნაშავე. ჩემმა მხარემ სასტიკად მისაყვედურა, რას გადაგვეკიდე ამ შენი ხარბი პოლოტიკოსით, შენი ხათრით გადაუგდებთ რაღაცას ოღონდ თავი დაგვანებოს. შენ კი თუ ძმა ხარ, ხმას ნუ იღებ, რაც არ გესმის, არ გესმისო… მართალი გითხრათ მეწყინა და ძლივს შევიკავე თავი მომავალი სარგებელის ხათრით.

მოკლედ შეთანხმდნენ. ოციდან თორმეტ დოლარზე ჩამოვიდნენ. რადგან პარასკევი შუადღე იყო ჩემებმა გამოაცხადეს ორ საათში მზე ჩადის და ჩვენ შაბათ კვირას ხელს არ გავანძრევთ, ბიზნესი და ფული კი გვიყვარს, მაგრამ ეგრე კი არ არის! რწმენა და ღმერთი გვირჩევნია და ორშაბათ დილამდე უნდა მოვიცადოთო. დიდი პატივისცემა და თავის კანტური გამოიწვია ამ განცხადებამაც.

ორშაბათიც გათენდა, ვეახლეთ ალ-მამის. იმ ორი პარკიდან პატარა ნიმუშები ავიღეთ, პარკები დავლუქეთ, ჩემოდანში ჩავდეთ, ჩემოდანი დავლუქეთ და უმცროს ებრაელს ჩავაბარეთ. ორი მანქანით წავედით ნიმუშების შესამოწმებლად. ორნი, ერთი ჩვენგან და ერთი იმათგან, გადავიდნენ ოქრომჭედელთან და ნიმუშები გადაადნეს. დაბრუნდნენ. სადრაც უკაცრიელ ადგილას გავედით მანქანებით და ალ-მამი ჩვენს მაქანაში გადმოჯდა.

აი აქ კი ელოდა ჩვენს აფრიკელ მეგობარს საბედისწერო დარტყმა. უფროსმა, ”ბიძამ” წარბები შეჭმუხნა და ჩაახველა:

–         ჩემო ალ-მამი, შენ გამოცდილი კაცი ხარ და თავად უნდა მიხვდე, ნიმუში ძალიან დაბალი ხარისხის ოქრო აღმოჩნდა და თორმეტ დოლარს ვერ გადავიხდი, ხომ არ წავაგებთ არა?

ისედაც შავი ალ-მამი უეცრად გამუქდა.

–         მოკლედ გრამზე ოთხი დოლარის მეტის მომცემი ვერა ვარ, თვალი ჩამიკრა ”ბიძამ”

–         რას ამბობ – ამოიგმინა ალ-მამიმ.

–         ეგრე ძმაო, თუ არ გინდა კეთილად დავცილდეთ. მაგრამ ეს პირველია და ჩვენისთანა კლიენტების დაკარგვას…

ბევრი რომ არ გავგრძელო, დიდოსტატურად ჩატარდა გამბიტი. ალ-მამის ცხრა ოფლი გადასძვრა, დიდი ვაჭრობის შემდეგ ხუთ დოლარამდე აიწია ფასმა. ”ვახ ეს რა დღეში ჩავარდი”, ”ვალი რომ არ მქონდეს გადასახდელიო” და 224 000 ამერიკული დოლარის ნაცვლად 100 000 ამერიკული დოლარი აიღო, ოცი კილო დაგვიტოვა და კუდამოძუებული წავიდა. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ქონდა!

–         აი ძმაო, ეს არის ბიზნესიო – ”ბიძამ”

გეოლოგიურ სამართველოში მივედით, ოცი კილო ოქროს საბაჟოზე გასატანი საბუთის ასაღებად. უფროსი ჩემი კარგი მეგობარია. უცბად გამიკეთა ყველაფერი, რიგიც ამაცილა, საბუთების უსასრულო კეთებაც. ტომარები გახსნა შესამოწმებლად და გაკვირვებით ამომხედა…

–         ეს ბიჭო მობრინჯავებული კარის სახელურების ნაქლიბია, 20 დოლარი ღირს ტონა!

–         ვაიმე, გულიო!!!

აბა არიქა სად არის დოქტორი ბაბაო! დოქტორმა კიდევ ერთხელ არ გამწირა, დაატრიალა დიდიან პატარიანა. პოლიცია მიადგა ალ-მამის სასახლეს. ”რის ალ-მამი, რა ალ-მამიო, ეგეთი სულ არ გაგვიგიაო! მაინც იყოჩაღეს, ალ-მამის ორი თანმხლები სადღაც იპოვეს და ჩააყუდეს ვირის აბანოში. დაინიშნა სასამართლო.

ფრიტაუნის მთავარ მოედანზე დგას ”Cotton Tree” ქვეყნის სიმბოლო – ერთი მართლაც უშველებელი ხე, უსასრულო სიმაღლისა და უდიდესი და გაფარჩხული ტოტებით. მის გვერდით კი ჯერ კიდევ ინგლისელების აშენებული, ლამის ერთადერთი ლამაზი შენობაა, ეს აქაური სასამართლოა. აქ იკრიბებიან ადრე დილიდან მილეთის ხალხი და იწყება გაუთავებელი საქმის გარჩევა, მოქიშპეები, პატიმრები, პროკურორები, ადვოკატები და შავ მანტიებსა და ქათქათა პარიკებში მოსამართლეები… ყველაფერი ძალზე სერიოზულად არის.

ჩვენც აქა ვართ დილიდან… ბადრაგმა მოიყვანა ალ-მამის ორი თანამოაზრე. თეთრპარიკიანმა მოსამართლემ საქმე გახსნა. უცებ კარი გაიღო და მინისტრივით გამოწყობილი ალაჯი ალ-მამი არ შემოდის!

–         ალ-მამი, ფიფტი ცენტი! – ატყდა ჩურჩული

ალ-მამის გამოსვლიდან: ”… მე პატიოსნად ვაჩვენე საქონელი, ბევრი ვივაჭრეთ, რაც შემეძლო დაუკელი! ერთი კი გამიკვირდა, რად უნდათ ეს ნაქლიბი მეთქი, მაგრამ კლიენტის ნება უპირველეს ყოვლისა! ბიზნესი კი ბიზნესია… ჩვენ საწყალმა აფრიკელებმა არც კი ვიცით რაში იყენებენ ამ ნივთიერებას, არც არავინ გვიმხელს, ასე გააქვთ ჩვენი სიმდიდრე, გროშებს გვიხდიან და თითონ კი მდიდრდებიან!”

არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მოსამართლემ მგონი თვალი ჩამიკრა:

–         დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდეს საქმე, დაპატიმრებულები განთავისუფლდნენ!

და მძლავრად დასხო ჩაქუჩი

მონაწილეობდნენ: ზანგი (აფრიკელი), ებრაელი (სემიტი) და ქართველი (კავკასიელი)!

მას მერე სამი წელი გავიდა…

ამ ორი დღის უკან გაზეთი მომიტანეს. მთელ პირველ გვერდზე დედიშობილა დაღრეჯილი ალ-მამი ფიფტი ცენტის სურათი იყო. მორიგ (ვინ მოსთვლის მერამდენე) მსხვერპლს სასამართლოსთვის აღარ დაუცდია, დაუჭერიათ შენი ალ-მამი, მაგრად უბეთქიათ, ტანსაცმელი სულ გაუხდიათ და შუა ქალაქში ტიტველი დაუგდიათ. – ”ცნობილი აფერისტი და გადამგდები ფიფტი ცენტი როგორც იქნა დაისაჯა!!!” – ნეტა ვის უმტყუნა ნერვებმა?

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმოდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს ვაჩვენე დედიშობილა ალ-მამის სურათი გაზეთში.

–         მომო, იცნობ ალ-მამის!

–         ფიფტი ცენტს! დიახ სერ, – გაეცინა – ბავშვობიდან.

–         რატომ ფიფტი ცენტი, მომო?

–         ბავშვობაში ნომერი ჰქონდა, ხურდას ეთხოვებოდა ვინმეს, მერე გადაყლაპავდა და – ვაიმე ჩამეყლაპაო! მიშველეთ ვკვდებიო! ასე აწერავდა ფულებს… განასაკუთრებით ორმოცდაათცენტიანები უყვარდა, გემოს ატანდა…

ქ. ფრიტაუნი
თორნიკე ბერიშვილი
2010 წლის 27 მაისი

http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/6-10.html

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი