gallery2 3

სიერა ლეონეს უახლესი ისტორიიდან

1991 წლიდან მოყოლებული სიერა ლეონე გააპარტახა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა. აყვავებული, ინგლისელების მიერ აშენებული და სამოციან წლებში ახალი  დამოუკიდებელი ქვეყნისათვის გადაცემული ინფრასტრუქტურა ერთიანად გაცამტვერდა და დაიქცა. ისე გასწორდა მიწასთან, თითქოს არც პორტუგალიელები მოსულიყვნენ საუკუნეების წინ, არც ბრიტანეთის იმპერიის სახსენებელი ყოფილიყოს არასოდეს. თითქოს არც ეარსებოს ”დასავლეთ აფრიკის ათენად” წოდებულ ფრიტაუნს თავისი გამოჩენილი ”ფორაბეი კოლეჯით” და სამაგალითო სასწავლებლებით. ყველაფერი ერთბაშად პირველყოფილ და მახინჯ ფორმებს დაუბრუნდა.

ამ უბედურების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო გენერალი ”მასკიტა”. 1991 წელს სწორედ მასკიტა შემოუძღვა ლიბერიიდან სიერა ლეონეში RUF – ის (გართიანებული რევოლუციური ფრონტის) რაზმებს. შემოუძღვა და ენით აუწერელი უბედურება დაატრიალა.

ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:

კითხვა: – … დავაზუსტოთ, ეს პრეზიდენტ ტეილორთან შეხვედრის შემდეგ მოხდა?

პასუხი: – დიახ. ეს იყო შეხვედრის შემდეგ, სწორედ ამ დროს დაბრუნდა სემ ბოკარი (მასკიტა) ლიბერიაში

…. ბოლოს ვნახე ჩემს სახლში ქალაქგარეთ ფერმაზე. მე იქ წავედი დასასვენებლად. საღამოს ჩამოიარა დიდმა კოლონამ. ასზე მეტი მანქანა იყო. შეიარაღებული სამხედროები. კოლონა გაჩერდა. შემოვიდნენ ბენჯამინი (პრეზიდენტის პირადი დავალებების შემსრულებელი) ცოლთან ერთად, ბოკარი ცოლთან და კიდევ რამდენიმე ქალთან ერთად… ბენჯამინმა მითხრა რომ ჩვეულებრივ საპატრულო დავალებას ასრულებს და ბოკარი პრეზიდენტმა გამოაყოლა. კარგ ხასიათზე იყვნენ, შევიპატიჟე, ცოტა ხანს გაჩერდნენ, ცოტა დალიეს, დაისვენეს და გზა გააგრძელეს…

RUF – ი ვითომ ხალხთა განთავისუფლების და ძმობა თანასწორობის ლოზუნგით მთელ დასავლეთ აფრიკაში დათარეშობდა. სად არ გადასწვდა, სად არ აურდაურია საქმე ლიბიელი კადაფის წაქეზება-დაფინანსებით და მისი მეგობარი ჩარლზ ტეილორის, რომელიც ამ ტალღაზე სიერა ლეონეს მეზობელი ლიბერიის პრეზიდენტი გახდა, ორგანიზებით.

სიერა ლეონეს ჯერიც დადგა. ტეილორმა ცივსისხლიანად დაგეგმა არეულობა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა და შემდეგ ათი წელი შეინახა გაღვივებული ნაკვერჩხალი. ვინ აღარ ჩაიწილა და ”ჩაისასტავა”, ვინ აღარ მოითბო ხელი – რუსი ავანტურისტები იარაღით ვაჭრობდნენ, თანაც განურჩევლად, აქეთ იქით ყველა მხარე კალაშნიკოვს ატრიალებდა. ტალიბანი და ალ-ქაიდა იარაღს ალმასებზე ცვლიდდენ. ათასი ჯურის ავანტიურისტი და ყაჩაღი შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან და დაიწყო სრული განუკითხაობა. ბატონი ტეილორი კი  ყველაფერს ამას ”ამენეჯმენტებდა”. მისმა პირადმა სარგებელმა ოპერაცია ”სიერა ლეონედან” სამას ოთხმოც მილიონ დოლარს გადააჭარბა. გენერალი მასკიტა კი ჩარლზ ტეილორის მარჯვენა ხელი და საყვარელი შემსრულებელი გახლდათ და თავისი წილი არც მან დაიკლო.

სემ ”მასკიტა” ბოკარი (Sam ‘Maskita’ Bockarie), 35 წლის, 1990 წელს ლიბერიაში ჩაეწერა RUF – ის სიაში. იგი კონოში დაიბადა, სიერა ლეონეს ალმასებით მდიდარ პროვინციაში. მამამისი ალმასის მაძიებელი იყო, როგორც უმრავლესი კონოელი გლეხობა. უნდა იცოდეთ თუ რა ჯოჯოხეთური შრომაა ალმასის მაძიებლობა. მთელი დღეები აფრიკულ ხვატში წელამდე წყალში დგას ათასობით ადამიანი, თხრიან ”გრაველს” – ალმასის შემცველ ნიადაგს, მერე საცერში რეცხავენ და ეძებენ, ეძებენ იმ ერთადერთ ქვას რომელიც სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. როგორც წესი უმრავლესობა ავადდება, სხვადახვა ინფექციებისაგან ცოცხლად ლპება, ბრმავდება… მაგრამ არ, ან ვეღარ ეშვებიან ამ საქმეს და გრძელდება ეს გაუთავებელი ”გრაველის” რეცხვა თაობიდან თაობამდე…

მასკიტამ მეორე კლასიდან მიატოვა სკოლა და მამასავით ალმასის მაძიებლობა დაიწყო. 1985 წლამდე ეძებდა ბედს, მერე დისკოს მოცეკვავედ გადაიქცა და ისევ იქვე ტრიალებდა, მაინინგიდან (როგორც აქ ეძახიან ალმასის ძებნას) მაინინგზე გადადიოდა, კონცერტებს აწყობდა და ალმასის მაძიებლებს ართობდა. ასე ხეტიალ-ხეტიალში ლიბერიაში გადავიდა და პარიკმახერობას და ოფიციანტობას მიჰყო ხელი. ხან ლიბერიაში მუშაობდა და ხანაც კოტდივუარში. სწორედ ამ დროს 1989 წელს შემოვარდა კოტდივუარიდან ლიბერიაში ჩარლს ტეილორი თავისი RUF – ის რაზმებით. იმდენი ქნა რომ ბოლოს ლიბერიის პრეზიდენტი გახდა.

”მასკიტა” შემთხვევით აღმოჩნდა RUF – ში, ერთხელაც მიმავალ საბარგოს შეახტა და რამდენიმე დღეში სადღაც ტყეში, საწვრთნელ ბანაკში ამოჰყო თავი… 1991 წელს კი უკვე გენერალი ”მასკიტა” რაზმებს მიუძღვება საკუთარი სამშობლოს ასაოხრებლად.

საოცარი ათწლეული გამოიარა სიერა ლეონემ. უსასტიკესი სამოქალაქო ომი, მილიონობით დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები, გაოხრებული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა. ”რებელები” (ასე ეძახოდნენ RUF – ის რაზმებს) ერთის მხრივ და ”კამაჯოსები” (სახელმწიფოს მხარდამჭერი მოხალისეების რაზმები) ებრძოდნენ ერთმანეთს. ცოტა უცნაური კი იყო ეს ომი. ორივე მხარე ცდილობდა ისე ეთარეშა ქვეყანაში რომ ერთმანეთს არ გადაყროდა. არა სჯობია მშვიდობიანი უიარაღო ხალხი დაზაფრო და დააწიოკო?! აბა შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს თუ შეები, ვაითუ მართლა გესროლონ?! იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთმანეთს უთანხმებდნენ მარშრუტს, ემანდ მართლა არ გადავეყაროთ შემთხვევითო.

გენერალმა მასკიტამ ყველა რეკორდი მოხსნა. შიშმა პათოლოგიური ფომები მიიღო. ხალხი მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზე ხდებოდა ცუდად.. სისხლის ზღვა დააყენა… მან მოიგონა ხელების დაჭრა – ამ ხელებით მონაწილეობდით ხალხის მტერი მთავრობის არჩევნებშიო! მან მოიგონა მოზარდების თვალწინ მშობლების დახვრეტა და მერე ამ მოზარდების ”წამალზე დადსმა” და თავის რაზმებში ჩაწერა, ორსული ქალების საჯაროდ გაფატვრა… ჩვეულებრივი მკვლელობა, გაუპატიურება და ა.შ. ლმობიერებად ითვლებოდა…

მასკიტას რაზმი პატარა სოფელში შევიდა, გზა აერიათ და სულ შემთხვევით მოხვდნენ აქ. არაფერი საინტერესო, მიწური ქოხები, ტიტველი ბავშვები… დიდი პალმის ქვეშ ხის გათლილი სავარძელი – ბელადის სკამი.

–         ესენიც რომ კუდაბზიკობენ! – გაიფიქრა მასკიტამ.

უცებ ხასიათზე მოვიდა, ბელადის სკამისკენ წავიდა. ჩაჯდა, უმალ მოართვეს პატარა კუნძი, ზედ ფეხები შემოაწყო და თავისიანებს გადახედა… ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინათ, ამუშავდა ჩვეული მანქანა, დაიწყო სპექტაკლი…

ამას ერქვა რაზმში ახალი წევრების მიღება. მოზარდების თვალწინ უნდა დაეხოცათ და დაესახიჩრებინათ მათი მშობლები და უფროსები, მერე ეს მოზარდები უნდა წაესხათ და ახალ რაზმელებად ექციათ. ეს იყო მასკიტას ”ნოუ ხაუ”. შეყარეს მთელი სოფელი,.  ყველა მოლოდინით და შიშით უყურებდა… შუაში კუნძი დააგდეს, რამდენიმე კაცი და ქალი იქვე უსიტყვოთ, სამაგალითოდ დახვრიტეს. რიგ-რიგობით მოათრევდნენ კაცებს და ორივე ხელს აჭრიდნენ.. იდგა კვნესა, ტირილი და გოდება…

საიდანღაც გამხდარი, ძარღვიანი მოხუცი გამოვიდა წინ

–         ბელადი! ბელადი!

–         ჩვენ არაფერი დაგვიშავებია – მოხუცმა ორივე ხელი ასწია – გაუშვი ეს ბავშვები, რა გინდა? თუ რამე გვაბადია და გჭირდება შენი იყოს…

–         ბებერო, ხელს ნუ გვიშლი. თუ გინდა აქ დაჯექი და სანახაობით დატკბი. მოუტანეთ სკამი – ბალადის სავარძელში გაშხლართულა მასკიტა.

–         ნუ იზამთ ამას!

–         ბებერო გაეთრიე აქედან!

ორი კაცი ეცა ბერიკაცს აქეთ იქიდან და გაქაჩეს. მთავარ ჯალათ-შემსრულებელს, ზორბა ზანგს მიუთრიეს და მის წინ მუხლებზე უნდოდათ დაეცათ. ორმეტრიანმა გორილამ სისხლიანი მაჩეტე (კოტლასი აქაურად) მოუღერა და სანდომიანად გაუღიმა.  მოულოდნელი მოძრაობით მოხუცი გამკავებლებს გაუსხლტა… მთავარ ჯალათს თავური ჩასცხო გაპრტყელებულ ცხვირში. იმან სიმწრისაგან დაიხავლა, მაჩეტეს ხელი გაუშვა და სახეზე აიფარა ორივე ხელი. უცებ დაავლო ხელი დაგდებულ კოტლასს, ქვევიდან ამუქნია და მარჯვენა ბადრაგი ყვერებიდან მუცლამდე ამოჩეხა…

–         ძაღლებს არც კი გაულესიათ – გაუელვა

უცებ  უნაცვლა ხელი და მეორეს შიგ ყელთან ჩასცხო, ლავიწი ჩაუმტვრია… იცოდა მოხუცმა რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, შემობრუნდა და მასკიტასკენ წავიდა… სადღაც გვერდიდან  დაიჯაჯღანა კალაშნიკოვმა და წელში გადაწყეტილი მიწაზე დააგდო…

ბელადის სავრძელში გარინდული, შავ სათვალეს ამოფარებული მასკიტა დაგიპნოზებული მიშტერებოდა ამ უცნაურ დავლურს… ერთხელ კიდევ იძალა ბერიკაცმა, მიწა მოფხოჭნა და ძალუმად გაიწია, თვალებით ლამის შეჭამა… გენერალი მასკიტა უეცრად ისევ დალაქად იქცა რამდენიმე წამით…

ყველა ერთად ესროდა განახევრებულ მოხუცს ….

მასკიტამ სული ძლივს მოითქვა და გვერდით გაიხედა, აცრემლებული ბავშვები აღარ ტიროდნენ, უცნაური დამცინავი ღიმილით უყურებდნენ მასკიტას და ძალუმად მუშტავდნენ პატარა მუჭებს…

–         ესენი არც ერთი აღარ გამოდგება…

ჩქარ-ჩქარა, ფართხა-ფურთხით, უდილიხოროდ ამოხოცეს მთელი სოფელი და გაეცალნენ იქაურობას. პატარა სოფელს მარაუ ერქვა…

2003 წელს დატოვა მასკიტამ სიერა ლეონეს ტყეები და ლიბერიას შეაფარა თავი ძმაკაც ტეილორთან. სიერა ლეონეს მთავრობამ ნოტა გაუგზავნა ლიბერიას და მოსთხოვა სემ ”მასკიტა” ბოკარის დაკავება და საერთაშორიშო სასამართლოსთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი ტეილორი განიხილებოდა როგორც სამხედრო დამნაშავეთა მფარველი და მათი თანამონაწილე.

ოფიციალური განცხადებით ”მასკიტამ” შეიარაღებული წინააღდეგობა გასწია საზღვრის გადაკვეთისას და შეტაკებაში დაიღუპა. ვერ გადარჩა მასთან ერთად მყოფი ვერც ერთი ოჯახის წევრი და თანმხლები პირი….

ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:

კითხვა:  … რა მოხდა მეორე დღეს?

პასუხი: …. მოვიდა კურიერი, ბენჟამენი გთხოვთ სახერხის ტერიტორიაზე მიხვიდეთ, იქ შეჩერდა პატრული და გელოდებათ… აუცილებელ საქმეზე აქვს სალაპარაკოო…

… სახერხის ტერიტორიაზე შევედი, ჩემი დაცვა წინ გამიძღვა და ბენჯამინთან მივედი. ხის სავარძელში იჯდა და მელოდა. რომ მივედი წამოდგა – სალამი ჩიფ! იმ პიკაპთან მიდი, ნახე. ეს იყო ჩვენი მისია… მანქანისკენ წავედი. დაცვამ გამასწრო, პირველი მივიდა, საბარგულში ჩაიხედა და გაჩერდა… მეც მივედი… ბოკარის გვამი ეგდო საბარგულზე, სამხედრო ფორმაში იყო, თავისი იარაღიც ზედ ქონდა… გვერდზე მეორე სამხედროს გვამი იყო, თავმოჭრილი, თავი იქვე ეგდო… ისევ ბენჯამინთან დავბრუნდი… – ეს იყო პატრულის მისია?! -ეს იყო ჩიფ! ჩიფმა დამავალა პირადად.  – კარგი, მე მონროვიაში (დედაქალაქში) მივდივარ! – დიახ ჩიფ! მეც იქით მოვდივარ, უნდა ვუპატაკო!

ძალიან ბევრი, პრაქტიკულად ყველაფერი, ზედმეტი იცოდა მასკიტამ…

ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:

პასუხი: … საწრაფოდ ჩავედი მონროვიაში (ლიბერიის დედაქალაქი), პრეზიდენტთან გავემართე. …

–         ბენჯამინმა ჩამოიარა დღეს ჩემს სოფელთან… იქ მანქანის საბარგულში ვნახე ბოკარის და კიდევ ერთი სამხედროს გვამი…

–         ეგ შენი საქმე არ არის! ეს სამხედრო ოპერაციაა და შენ როგორ ვიცე-პრეზიდენტს არ გეხება… დაივიწყე…

როგორც ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩარლზ ტეილორმა ჰააგის სასამართლოზე განაცხადა, მისი დადანაშაულება სემ ბოკარის და მისი ოჯახის მკვლელობაში აბსურდია.

–         მე შვილივით მიყვარდა ეგ ბიჭი, ძალიან ვაფასებდი. მძიმედ განვიცადე მისი სიკვდილი და რასაკვირველია არავისთვის მის გადაცემას არ ვაპირებდი…

ფრიტაუნზე შეტევისას უცხოელი ჯურნალისტები სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდნენ მასკიტას და ინტერვიუ ჩამოართვეს:

–         მე მიხარია! ყველგან ჩემი სახელი ისმის. ჩვენ არ გავახარებთ ხალხის სისხლის მსმელ მთავრობას! მე რა ვიცი რამდენი კაცი მყავს მოკლული! შეტევისას ჩემს ტყვიებს ვერავინ ვერ გადაურჩება!!!

*  *  *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მიყვება ხოლმე აქაურ ამბებს.

–         მომო ომის დროს მოგიწია ბრძოლა?

–         ეჰ სერ! არ მიყვარს მაგ ამბების გახსენება! თქვენ ბედნიერი ხართ სერ, არ იცით რა არის სამოქალაქო ომი!

–         კარგი მომო, ეგრე იყოს…

 

ქ.ფრიტაუნი
თორნიკე ბერიშვილი
2010 წლის 20 მაისი

http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/6-10.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი