აფროქართველის ჩანაწერები სიერა ლეონედან – მარაუტ!

ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო…

დიდი ხნის წინათ, თეთრი ადამიანების გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე, აფრიკის თვალუწვდენელ სივრცეებზე მოქიშპე ტომები ცხოვრობდნენ. რამდენიმე ძლიერი პირველყოფილი იმპერია ჩამოყალიბდა. გავლენისა და ბატონობისათვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ომობდნენ და დავობდნენ ტერიტორიისთვის, საკვებისათვის, სანდირო ადგილებისათვის, საძოვრებისათვის. ძლიერები ჩაგრავდნენ სუსტებს, სუსტები ხან ერთს მიეტმასნებოდნენ და ხან მეორეს. საქონლის გარეკვა, ადამიანების  დატყვევება და დამონება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყო. ძალა აღმართს ხნავდა.

ამ დიდი ორომტრიალის და ვნებათაღელვის შუაგულში მოექცა მარაუტების  პატარა ტომი. მარაუტები არ გამოირჩეოდნენ არც რაოდენობით, არც ტერიტორიის სიდიდით, არც განსაკუთრებული სიძლიერით ან სიმდიდრით. მაგრამ ყველამ იცოდა მათი სამართლისმოყვარეობა, გაუტეხლობა და სიკეთე.

მარაუტი არასოდეს არ იტყოდა ტყუილს, არავის არასოდეს არ დაჩაგრავდა მაგრამ თითონაც არ დაიჩაგრავდა თავს. მარაუტს ცოცხალს ვერ დაატყვევებდი და თუ მომხვდური იმძლავრებდა იგი აუცილებლად თავს შეაკლავდა და ვისაც შეძლებდა თან  გაიყოლებდა.

ყველამ, ძლევამოსილმა მეომარმა, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ, ქალმა და ბავშმა იცოდა, რომ თუ ბედი ინებებდა უნდა მოეხადა თავისი ვალი და სიცოცხლე გაეწირა, არავის არ უნდა ეფიქრა რომ შეიძლება მარაუტი შეაშინო, მოისყიდო ან დაჩაგრო, რადგან ეს იყო ის ერთადერთი ძალა, რომელიც დანარჩენი ტომის წევრებს გადაარჩენდა.

ნელ-ნელა შეიქმნა ლეგენდა. მართალს მოგონილი დაემატა, ნანახს მონაყოლი და მთელმა დასავლეთმა აფრიკამ დაიჯერა რომ მარაუტები განსაკუთრებული, ხვთით მოვლენილი ხალხია. მათი ხელის ხლება და წყენინება არ შეიძლება.

თუ ვინმე უცოდინრობით ან შემთხვევით რამეს დაუშავებდა მარაუტს, თავისიანებივე გაკოჭავდნენ და მიართმევდნენ ხოლმე მარაუტებს. ისინი კი თავის სამართალს იქმოდნენ, ყოველთვის აწონილს და შეძლებისდაგვარად ლმობიერს. მარაუტები არასოდეს არავის არ ერჩოდნენ. თუ სიკეთე შესაძლებელი იყო არასოდეს უკან არ იხევდნენ. ბოლო ლუკმას გაგიყოფდნენ.

მარაუტების პატარა ქვეყანას გაუჩნდა ფუნქცია. განმსჯელის, მომრიგებელის, შუამავლის…მათთან მირბოდნენ სამართლისათვის, მათ სთხოვდნენ შუამავლობას, მათთან იმალებოდა და აფარებდა თავს დამარცხებული. მათ ტერიტორიაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს უდიდესი მოქიშპე იმპერიების ლიდერები მოსარიგებლად.

წარმოიდგინეთ რამდენი შრომა, თავისივე შექმნილი წესების ერთგულება, თავგანწირვა, სიცოცხლე და მსხვერპლი დასჭირდა ამ უცნაური, საპატივსაცემო და გამორჩეული მდგომარეობის მიღწევას.

ეს იყო დიდი ხნის წინ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მარაუტები სადღაც გაქრნენ. დღესაც სამაგალითოდ არის მათი სახელი და ვინმეს შექება თუ უნდათ, იტყვიან ხოლმე -”მარაუტ!”, მაგრამ იმასაც დააყოლებენ, ბოლომდე ნამდვილ მარაუტს ვეღარსად ვერ ნახავო…

ამ ამბების მოსმენამ და აფრიკულმა ხვატმა მომთენთა და ფიქრებში წამიღო.

რამდენჯერ მინატრია, ალბათ უმრავლესობა თქვენგანის დარად, მომცემოდა რაიმე ჯადო-ძალა, რათა გადავრჩენილიყავით საბედისწერო განსაცდელებს, როდესაც უსუსურობის და გარდაუვალობის განცდა ფარავს ყველაფერს. 9 აპრილს, გაგრის დაკარგვისას, სოხუმიდან გაძევებისას, 2008 წლის აგვისტოში…

ძველი სპარტელებისათვის მეომრის გაქცევა და მტრისათვის ზურგის ჩვენება სამარცხვინო იყო. ასეთებს ”ტრესანტეს” – აკანკალებულს ეძახდნენ. მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ სახელით, სირცხვილში უნდა გაეტარებინა. ჯერ-ჯერობით მთელი ჩვენი ქვეყანა ასეთ აცახცახებულ მდგომარეობაშია. უნდა ვიძალოთ, ეს ტრემორი და ვიბრაცია დავძლიოთ, გვეყოფა…

საქართველო უნდა გამოერკვეს. თანამედროვე მსოფლიო ერთი დიდი სივრცე ხდება. ინფომაციიის გადაცემის, გადაადგილების და სხვა ტექნოლოგიების განვითარებას მოაქვს ამ პატარა დედამიწის ერთიან სივრცედ აღქმა. ყოველდღიურად ისე ვცხოვრობთ თითქოს პარაგვაიდან, ირანიდან თუ ავსტრალიიდან მოსული ამბები მეზობელი ორღობიდან გადმოგვძახესო.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ამავე დროს სასარგებლო და სასურველი ვიყოთ დანარჩენებისათვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ამ დიდ სოფელში ჩვენი ოჯახი და უბანი რას გააკეთებს, რა სახელი ექნება.

სოფელში ყოველთვის არის ყოჩი, რომელიც გამოირჩევა ძალით, არის მშრომელი და მუყაითი, არის სოფლის სულელი და არის სოფლის ბოზი, არის უქნარა და არის ბრძენი… ჩვენთვის აუცილებელია მართალი და ალალი კაცის სახელი გვქონდეს, ეს კი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – მართლაც ასეთი უნდა იყო.

ისეთი სახელი უნდა გქონდეს რომ ვინმე ხეპრე თუ რამეს გაგიბედავს მთელი სოფელი დადგება შენს მხარეს და მას გაამტყუნებს იმიტომ კი არა რომ ძალიან სამართლიანია, ან დიდად უყვარხარ, არამედ იმიტომ რომ შენნაირი მართალი კაცი თუ დაიჩაგრა და სოფელმა არაფერი იღონა, სოფელი დაინგრევა…

გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოში როგორ გამალებით ეძებდნენ ევროპელები რაიმე მიზეზს  რომ არ დაგვხმარებოდნენ… ჩვენ კი ასეთი მიზეზები რამდენიც გინდა იმდენი მივეცით. ეს პროცესი ეხლაც წარმატებით გრძელდება.

”ფეისბუკში”, ქართველები ”პირწიგნაკს” რომ ეძახიან, წავიკითხე ერთი ჩეჩენი კაცის წერილი, რომელიც ასე იწყება, – ”დედა საქართველოვ, ქართლის დედავ გეძახით, ნუ დაივიწყებ შენს შვილებს…”

ჩვენი საცხოვრებელი ადგილი თავად გვკარნახობს ჩვენთვის ბუნებრივ საქმიანობას, თუნდაც მისიას. კავკასია ჩვენი საპატრონოა, ჩვენი საჭირისუფლოა. ჩვენ არ შეგვიძლია ძალით მოუგოთ ვინმეს და ქართული ტანკები დავაყენოთ კავკასიის პერიმეტრზე. არც არის საჭირო. უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს რომ აქ, საქართველოში ფიქრობენ, დარდობენ კავკასიაზე და აქაურ ხალხებზე, აქ იციან რა არის უკეთესი, აქ ქომაგობენ ყველას, აქ იპოვიან თავშესაფარს და თანაგრნობას… ვუქომაგოთ დაღესტნელს, ჩეჩენს, ინგუშს… რაც მთავარია აფხაზსა და ოსს… შეიძლება მათ არ უნდათ ეხლა ჩვენი მოსმენა და გაგონება. მაშ, ვუქომაგოთ ჩუმად, თავზე მოუხვევლად, რეალურად… მადლობის მოლოდინის გარეშე. აფხაზმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ჩეჩენის მსგავსად რუსისაგან გაქცევა მოუწევს, ყველა წინაპირობის მიუხედავად ყველაზე მეტად საქართველო შეიფარებს და უჭირისუფლებს… აქეთ კი უმძიმესი ფუნქციაა, შევარიგოთ აზერბაიჯანელი და სომეხი… უძნელესია, მაგრამ მყარად უნდა დავდგეთ ჩვენს მრწამსზე. ორივემ უნდა იცოდეს რომ საქართველოში ყველა მათ საქციელს ობიექტურად აფასებენ და აქ, თბილისში, არის საუკეთესო ადგილი თუკი მათ რეალურად მორიგება უნდათ. მეტსაც ვიტყვი (ალბათ ბევრი პირჯვარს გადაიწერს, ფუი ეშმაკსო!), თუ საჭირო გახდა ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფხაზებს რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

გაგიკვირდებათ რამდენად მოულოდნელად და სწრაფად შეიცვლება განწყობა ჩვენს მიმართ, რანაირად ჯადოსავით გაჩნდება ნაყოფიერი ნიადაგი მომდევნო ურთიერთობებისათვის, მაგრამ საკმარისია ერთხელ წაგვცდეს  და ხელები მოვიფშვნიტოდ რა მაგრები და ეშმაკები ვართო, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

იმისათვის რომ ეს ფუნქცია ვიტვირთოთ და ესე დაგვინახონ გარედან, შიგნით უნდა დავალაგოთ და უამრავი ნაგავი მოვიცილოთ.

გრძელი გზაა, და მით უფრო საშურია პირველი ნაბიჯის გაკეთება. პირველი ნაბიჯი კი – დიდი სარკე ჩამოვკიდოთ და შიგ კარგად დავთვალიეროდ საკუთარი თავი… სხვას არა, ჯერ ჩვენს თავს ვუთხრად სიმართლე… განა ჩვენ მართლები ვართ სხვებთან ან ერთმანეთთან?

როგორ გახდა შესაძლებელი 2008 წლის აგვისტო? განა ასეთი რამ შესაძლებელი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც იყო ერთიანობა, სამართლიანობის ილუზია და ყველას, შინაურსაც და გარეულსაც ეგონა რომ გზა გაიხსნა და ეს ღირსეული ხალხი სულ წინ ივლისო.

როგორ მოხდა ჩვენი დასუსტება? მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ, მტრის გასახარად, ჩვენს მოყვარეს და მოსარჩლეს შეექმნა აზრი, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი არ ღირს თავის შეწუხებად, არც ისე მართალნი და კეთილნი არიან რომ მათი დაჩაგვრის გამო რამე დაშავდეს ან პასუხი მოგვეთხოვოსო. ამას ხელი შეუწყო მთავრობამ თავის მხრივ, რომელიც დააბრმავა ძალაუფლებამ და სიხარბემ და ოპოზიციამ, რომელმაც ვერ იპოვა არგუმენტი, მეთოდი და ისტერიკა მოაწყო, ბოლოს კი ერთმა ნაწილმა სულ დააგვირგვინა – საჩივლელად და შველის სათხოვნად რუსეთში გაიქცა!

იმ დალოცვილ დიდ სარკეში თუ კარგად ჩავიხედავთ ძალიან ბევრ ისეთ შეცდომას დავინახავთ, რომლებმაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ხოლო იმისათვის რომ სხვამ დაგვიჯეროს და გვენდოს ჩვენ ჩვენი სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვათ.

მოდი ვაღიაროთ პარლამენტის დოკუმენტის დონეზე მაინც რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ:

  • ტრაგიკული, საბედისწერო შეცდომა იყო თბილისის ომი და მაშინდელი მთავრობის ძალადობით ჩამოგდება.
  • გამოუსწორებელი შეცდომა და დანაშაული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალით შესვლა და იქ საომარი მოქმედებების გაჩაღება.
  • შეცდომა და დანაშაული იყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები და ძალადობის პროვოცირება.
  • სავალალო შეცდომა იყო 2008 წელს პროვოკაციაზე წამოგება და მცდელობა ისევ ძალის გამოყენებით გადაგვეჭრა პრობლემები…

და ალბათ კიდევ მრავალი დიდი თუ პატარა შეცდომა და დანაშაული, რომელთა სია აუცილებლად გასაკეთებელია, საჯაროდ გამოსაცხადებელია და ბოდიშიც მოსახდელია…

ის ხალხი კი რომლების რამენაირად მონაწილეობდნენ ამ შეცდომების დაშვებაში აღარ უნდა იყვნენ არც მთავრობაში და არც ოპოზიციაში. გამოცდილებით ვიცით, შეცდომადაშვებული და ნაპატიები პოლიტიკოსი სიკეთემდე ვერ მიგვიყვანს…

ამას წინათ ერთ სოფელში გადავაწყდი ძალიან ხნიერ აფრიკელ მათუსალას და იმისგან გავიგე გადმოცემით მოღწეული მარაუტების გაქრობის საიდუმლო. თურმე ძალიან დიდი ხნის წინათ მარაუტები აიყარნენ, დატოვეს თავისი სამყოფელი და გადაიხვეწნენ. ამბობებ სადღაც შორეულ კავკასიას მიაღწიეს, იქ დასახლდნენ, ნირი და ფერი იცვალეს და ….  გადაგვარდნენ.

* * *

ჩვენი კარ-მიდამოს ღამის დარაჯმა, პოლიციელმა მომომ გუშინ პატარა ქურდბაცაცა დაიჭირა. ბაცაცა ჩვენი მანქანის სანათურის მოპარვას ცდილობდა. მომომ ერთი წაარტყა ყურის ძირში და ქეჩოთი მიუთრია დედამისს…

  • მომო, პოლიციას რატომ არ ჩააბარე?
  • ცოდოა სერ! დაიღუპება ბიჭი… – სევდიანად შემომხედა – მაგრამ თქვენ თუ ეგრე გინდათ?
  • არა, მომო, არა…

ქ.ფრიტაუნი
თორნიკე ბერიშვილი
2010 წლის 28 აპრილი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010/09/6-10.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი