Freetown

მეზობელი მეზობელს
– „ბიჭო, სპიდი ხომ არა გაქ!“
პასუხი (თავის ფხანით)
– „მაქვს, მარა ცოტაღაა და ჩემთვის მინდა!“

აფრიკაში შიდნსი მძვინვარებს. აქეთ რომ მოფრინავ, სავალდებულოა აცრა ტიფზე და ყვითელ ციებაზე. თვითმფრინავში კი აუცილებლად გაჩუქებენ ბროშურას უსაფრთხო სექსის შესახებ.

ფრიტაუნის გარეუბანში, აბერდინის ნახევარკუნძულზე სანაქებო სანაპიროა. რაღა განთქმული კოპა-კობანა და რაღა ეს. ჩაყოლებაზე სულ ერთნაირი ბამბუკისგან შექმნილი „ბიჩ-ბარებია“. ქვიშაში დგას პლასმასის მაგიდები და სკამები, ზედ ადგას მზის ქოლგები… ოკეანეც პირდაპირ ფეხებთან მოდის…

ყველა ბარს სახელი აქვს – ჩინელების, ფრენსისთან, კოკა-კოლა… ჰოდა ერთ-ერთ ასეთ „ბიჩ-ბარს“ ზედ მიეკერა ახალი სახელი „ჯორჯიან ბიჩ“ – ერთხელ ჩაუსხდნენ ქართველები, ლუდს ვისკი მიაყოლეს, მერე არაყი და ღვინო… მანქანის „პლეიერიდან“ ქართული დისკი მოიტანეს და დი-ჯეის ის დააკვრევინეს… აქაურების აყოლიებას რა უნდა – ცოტა ხანში მთელი სანაპირო ტრულაილას გასძახოდა და გაშმაგებული ცეკვავდა ქვიშაში კავკასიურ-ქართული ქორეოგრაფიით… ასე რომ შერჩა ამ ადგილს სახელი „ჯორჯიან ბიჩ“, ბარმენ-მედუქნე და მიმტანების რაღაც უკვე ყეყეჩურ ქართულად იყურებიან, კუდი ყავარზე გაუდიათ და კლიენტებს აღარ ეპუებიან…

ჩვეულებრივ დღეს ოთხი საათისათვის იწყებს საზოგადოება შეკრებას, გაეროს სხვადასხვა ჯურის თანამშრომლები, რუსი პილოტები, აქაური ლიბანელები, სუვენირების, სიგარეტის და ხილის გამყიდველები, ბიჩ-ბოები და კლიენტების მაძებარი მეძავები… დღეს კი კვირაა და დილიდან ხალხმრავლობაა. საფუძვლიანად, მთელი დღით არიან მოსულები – „უიკ ენდის რელაქსია!“

–         სად დავსხდეთ?

–         რა განსხვავებაა?

–         აქეთ მოდით „მასტერ“

–         არა ჩემთან ჯობია, წინა დღეს ხომ მაგასთან იჯექით…

–         მასტერ ჯორჯიან ჩემი ფრენდები არიან და აქეთ უნდა დაჯდნენ!

–         მე რა? არა ვარ მაგათი ფრენდი?!

–         ოღონდ თქვენ გაჩუმდით და ნაწილი აქეთ დავჯდებით და ნაწილი იქით!

–         ხუთნი რომ ხართ? სამი საით დაჯდება?

–         აუუ! მე ცალკე მაგიდა დამიდგით, მარტო უნდა დავჯდე! სასმელს შენ მომიტან და საჭმელს კი შენ! გაიგეთ?

–         ოკეი, სერ! ხომ გეუბნებოდი „მასტერ ჯორჯია“ ყველაზე ჭკვიანიათქო!

ყველაფერს თავის წესი აქვს… თავიდან აქაური მსუბუქი ლუდი – „სტარ-ბიერ“, „სოფტები“ და ხილი…

იქით ჭადრაკის მოყვარულთა მაგიდა, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, გამაყრუებელი, რიტმული ზანგური მუსიკა… ქვიშაში მოცეკვავე-მოძიგძიგე შოლტივით შავი გოგოები (როგორ არ იღლებიან მთელი დღე)… ოკეანეში მოჭყუმპალავეები… თაკარა მზე, ბევრი წყალი და სიცხე…

პაპანაქებაა. ფრენბურთს ზანტად თამაშობენ. მოვიდა ჩია კაცი, „კურნოსა“ რუსი ექიმი, აქ ყველა „დოქტორს“ ეძახის. ბუნებით ორგანიზატორია, სკოლაში ალბათ „ფიზრუკი“ იყო. მოთამაშეებიც ეროვნული ნიშნით იყოფიან და ორი გუნდი დგება, რუსები და ლიბანელი არაბები. თამაშიც ხურდება და ბურთიც გაშმაგებული დაქრის ბადის თავზე. ლიბანელები უფრო ყოჩაღები ჩანან, დაწინაურდნენ, ხალისიანად თამაშობენ, თან სულ რაღაცას ოხუნჯობენ, ერთობიან, მაგრამ… რუსებს ეს თამაში თავისი გამოგონილი ჰგონიათ (როგორც ჰოკეი) და დამარცხება ეროვნულ შეურაცხყოფად მიაჩნიათ, ყოველი ბურთის გათამაშების მერე სახელდახელო თათბირს აწყობენ. „უკან მოსკოვია“ – ერთი ქართველი კაპიტანი გინდათ ბიჭებო, ასე მგონია, ვიღაცა დაიძახებს – „ზა როდინუ! ზა სტალინა!“ არაბებსაც გადაედოთ დაძაბულობა, რა დროს გართობაა, ყველ შეცდომაზე ერთმანეთს ეჯაჯღანებიან, ერთიც და ვინმე დაჰკივლებს – „ალაჰ აკბარ!“

ქართველები კი ლუდს სვამენ და ქალებზე ლაპარაკობენ.

–         აუ ბიჭო, ნახე რა გოგოა!

–         რომელი?

–         აი ყვითელ „კუპალნიკში“, რო ცეკვავს, რა ტანი აქვს!

–         ეგ რომ თეთრი იყოს!

–         თან ექიმი და ქართული პოეზია რომ უყვარდეს, გალაქტიონი…

–         ეგეთი ხომ იცი ვინ იყო?

–         ჰოო, დიმიტრი იყო! გელოვანი…

–         ისე, ამბობენ ყოველ მეხუთეს სპიდი აქვსო…

–         ვინ გითხრა?

–         ერთი ამას შეხედე, ცარიელი ძვალი და ტყავია, ნაღდად სპიდიანია…

–         იცი როგორ უნდა შეატყო? ძალიან გაფითრებულები არიან…

–         მოდი ამას ვკითხოთ! აბდულ! მოდი აქ, როგორ არის თქვენთან სპიდის საქმე?

–         სპიდის? ჰო ბევრს ლაპარაკობენ, რეკლამები მინახავს, კონდომებსაც არიგებენ უფასოდ, მაგრამ მე არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ…

ფრენბურთი დროებით შეჩერდა, ერთი პარტია მოათავეს და ეტყობა სულს ითქვამენ. გაოფლიანებული და ქვიშაში ამოგანგლული რუსი „დოქტორა“ ჩვენსკენ მოდის, აბა მაგან იცის თუ იცის, ქირურგიც არის, პედიატრიც და გინეკოლოგიც – აქაურების რიგები უდგას საავადმყოფოში… სპიდის ამბებიც ეცოდინება.

–         სპიდი? ხოო! სერიოზული პრობლემაა, საერთაშორისო მაშტაბის… უნდა ფრთხილად იყოთ, წესები დაიცავით და შემთხვევით სქესობრივ კავშირებს მოერიდეთ! სპიდის ძირითადი გადამტანები ჰომოსექსუალისტები და ნარკომანები არიან… ხვალ თუ ჩემთან სამსახურში მოხვალთ ოფიცილაურ სტატისტიკას ამოვწერ…

აუუუ! აბა ამასა ყავს ოფოფები!

–         „სპასიბო“ დოქტორ! ლუდს დალევ?

მადლიერად აქიცინებს თავს, ცივი ლუდის ბოთლს მადიანად იყუდებს და ისევ ფრენბურთისაკენ ბრუნდება…

–         ისე ჩვენი უკრაინელი ვიქტორა, მაგალითად, კონდომებს საერთოდ არ ხმარობს, ფატალისტია და თან თავისი თეორია აქვს!

–         რაო!

–         რაო და, სპიდი საერთოდ არ არსებობსო.

–         ეგ როგორ?

–         ხალხის შესაშინებელი პროპაგნდაა და მეტი არაფერიო.

–         ვა!

–         აბა თუ სპიდი არსებობს და სისხლით გადადის, კოღოები რატომ არ ავრცელებენო, მთელი აფრიკა დახოცილი უნდა იყოსო!

–         ვაა!

–         ისე, მართლა!

–         რა იყო ბიჭებო, ხომ არ დათვერით?

–         სპიდი თუ არ გინდა, ყველაზე ნაღდია ვინმე დეპუტატი დაითრიო…

–         დეპუტატი რა შუაშია?!

–         გაძლიერებული იმუნიტეტი აქვთ…

–         თქვენი არ ვიცი და მე აქ ერთი თეთრი გოგო გავიცანი, მგონი ფინელია, „ენჯეოშნიკია“, ეხლა უნდა მოვიდეს, ოიტა ქვია…

შემოასვლელთან თეთრი ჯიპი გაჩერდა და გოგო გადმოვიდა. თეთრია, ოქროსფერი თმებით, წითელ საცურაო კოსტუმში და დიდი ნაჭრის ჩანთით… მოდელივით მოაბიჯებს ქვიშაში და ხელს გვიქნევს. გვიახლოვდება და რაღაც უსაშველოდ დიდდება… სიმაღლე – 1 მ. 95 სმ., ბანჯგვლიანი ფეხის ზომა 44, კუნთები და მოყვანილობა – შტანგისტის, თვალები – წყლისფერი და ელამი (ამბობენ სილამაზეაო)… ეტყობა ხასიათი აქვს კარგი! სანდომიანი ზვიგენივით გვიღიმის და გვესალმება.

–         ჰაი, ბოის!

–         გამარჯობა ოიტა…

–         აბა თქვენ რა გინდათ! ამ დასაკარგავში ვის გამოუშვებდნენ?

რიტმული მუსიკა…

რუსები და ლიბანელები სამკვდრო სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს…

ქართველები სვამენ…

ოიტა მკლავურით მიაპობს ტალღებს…

ზანგები ცეკვავენ…

მზე ჩადის…

ოკეანე არ ღელავს…

გასასვლელთან მათხოვრები იცდიან…

* * *

ორშაბათ დილას ძლივს ავითრიეთ წელი. დღეს საღამოს გეოლოგები ველზე უნდა გაემგზავრონ და დღის პირველ ნახევარში მომზადება უნდა მოვასწროთ. სამნი სახლში ფუსფუსებენ და რაც საჭიროა ამზადებენ, ორნი საყიდლებზე წავედით წალაქში…

კონსერვები ლიბანელების სუპერმაკეტშია, ეთჯერადი სუპებიც… ფანარი და ელემენტები… გაზის პატარა ბალონები… ერთი ზურგჩანთა დაგვეხა წინა ჯერზე, საყიდელია…

დავიბრიდეთ პაპანაქებაში სიარულით… ჰოო, წყალია საყიდელი დიდ ბალონებში…

კარავში დასაფენად პალმის ფოთლებისაგან დაწნული აქაური ჭილოფებია კარგი. ნესტსაც იჭერს, ცხელიც არ არის…

–         იცი სად იქნება? დიდი ბაზრობა რომაა, ორსართულიანი, გადახურული, აქაური ნაკეთობები, სუვენირები და რამე-რუმეები რომ იყიდება…

–         წავიდეთ…

ამ ბაზრობაზე მართლა ყველაფერია, აქაური ხელსაწყოები, ხელეჩოები და მაჩეტეები, ტამტამები, საჩხაკუნოები, ხის ქსილოფონები, საყვირები, აფრიკული ტანსაცმელი, მოქარგული ბალახონები და განიერი შარვლები, ქუდები, მძივები, ეშვები, კბილები, ხისგან გამოთლილი სხვადასხვა ცხოველები და ეს ყველაფერი საოცარი ხმოვანი გაფორმების ფონზე – გადაძახილი, ჯაჯღანი, სიმღერა, ტამტამების რიტმი და რასაკვირველია სიცხე – როცა ჰაერი ლივლივებს…

უკვე ახლოა, ბაზრობა გადახურულია და შიგ მაინც არის ჩრდილი… მივლასლადით და ბაზრობის შესასვლელ უშველებელ თაღში შევალაჯეთ…

* * *

ფრიტაუნის განთქმული მოკამათეები აიშა და ზუბეიდა ბავშვობიდან არიან შეზრდილები, ერთმანეთის გატანა იციან, ბაზრობაზეც ერთად მოვიდნენ და საუკეთესო ადგილებიც ბრძოლით და ორ ხმაში ჯაჯღანით მოიპოვეს. კამათი აქაური ეროვნული სპორტია, ინდივიდუალურიც არის, გუნდურიც და მასიურიც. ხშირად უსაგნო, უბოროტო და გასართობი, მაგრამ ხანდახარ, თუ გახურდა, ხელჩართულშიც გადადის… ბაზრობაზე უკეთეს ასპარეზს კი აბა სად მონახავ.

აიშა პატარა, კაფანდარა ქალია, სწრაფია და ენამოსწრებული, ისეთს გიპასუხებს ნახევარი ქალაქის სამასხროს გაგხდის… ზუბეიდა დიდია და ფაშფაშა, ზანტია, კამათშიც ნელ-ნელა და ზარმაცად შედის, მაგრამ ქანი თუ აიღო და ხმას აუწია, რას ამბობს იმის გაგებას აზრი აღარა აქვს, ყურებზე ხელები უნდა დაიფარო და უკანმოუხედავად გაიქცე. მაინც თუ გაჭირდა, ისეთი ალიყული იცის… იმ დღეს თავის ბიძაშვილ პოლიციელს, რომ შემოვიდა და ვაჭარ ქალებს აწიოკებდა, ისე შემოსცხო, საწყალს სათითაოდ დასცვივდა ჩინ-მენდლები, ჭრელი თასმები და ოქროსფერი ღილები. მთელი ბაზრობა უგროვებდა. ის კი მიწაზე იჯდა და ცრემლებს ყლაპავდა…

გუშინ საინტერესო დღე იყო, დილიდან ნჯო-შნიკები მოვიდნენ და ლამაზ ფერად ფურცლებს არიგებდნენ – „რა არის შიდსი? როგორ დავიცვათ თავი?“ ჰოდა ასე ოფიციალურად დასმული კითხვის უპასუხოდ დატოვება როგორ იქნებოდა! ერთმა თავისი თქვა, მეორემ ეგრე არაო და გახურდა!!! ისიც დაემატა, გაეროს დელეგაცია მოვიდა სუვენირების საყიდლად, მაგრამ ვის ეცალა, ჯერ მაყურებლებად იდგნენ, მერე მოხალისე თარჯიმნებს მოუხმეს, მერე აზრი გამოთქვეს, მერე მათი აზრებიც გაიყო, აქეთ იქეთ გუნდებში გადანაწილდნენ და ეროვნული კამათი ინტერნაციონალურ შერკინებაში გადაიზარდა. მართლა დიდი პრობლემა ყოფილა სპიდი!

დღევანდელი დილა კი უხალისოდ დაიწყო, ყველა გრძნობს, რომ გუშინ გამარჯვებული არ გამოვლინდა და დაუკმაყოფულებლობის გრძნობა სტანჯავთ. აიშა ყველაზე ადრე მოვიდა, მოუთმენლად ელოდებოდა ზუბეიდას, ის კი არა ჩანდა. როგორც იქნა შემოზანზარდა. ლოდინით გულგაწვრილებულმა აიშამ რაღაც მწარე უთხრა, ზუბეიდამ შემოუბღვირა… ეხლა უბრად დგანან, ერთმანეთს არ უყურებენ, არადა ენა ექავებათ… ამათი შემყურე სხვებიც გასუსულან, იტანჯებიან… არც ვაჭრობაა! არავინა ჩანს.

ბაზრობის მთავარ შემოსასვლელ თაღში ორი ჩრდილი დაილანდა. შემოვიდნენ. თეთრები არიან, კაცები, შორტებში, ერთნაირი პანამებით. ერთი აყლაყუდაა, ფარგალივით მოაბიჯებს, მეორე კუპატივითაა, დიდი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდს და ხვნეშის. უცნაურ ენაზე ლაპარაკობენ.

–         აუ ბიჭო რა ცხელა!

–         ვერაფერს ვერა ვხედავ! მზიდან – ჩრდილში!

ერთი წამით ყველა გაირინდა. პირველი კლიენტები! ყველას აიშამ დაასწრო.

–         ამათ უყურეთ ქალებო! ორი სპიდი მოვიდა!

* * *

სახლში გვიან დავბრუნდით, ჩვენს ღამის დარაჯს პოლიციელ მომოს ამჯერად არაფერი არ მოუმოქმედებია, რადგან… მშვიდად ეძინა.

ქ.ფრიტაუნი.
თორნიკე ბერიშვილი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010_09_01_archive.html

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი