ფრიტაუნი

ფრიტაუნს 1792 წელს ჩაუყარა საფუძველი ტრანსატლანტიკურმა სავაჭრო კომპანიამ, როგორც განთავისუფლებული მონების საცხოვრებელს. მთელს მსოფლიოდან ჩამოჰყავდათ მონად ნამყოფი აფრიკელები, ურიგებდნენ მიწის ნაკვეთებს და აქ ასახლებდნენ. ასე ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს დანაჩენი ტომებისაგან სრულიად განსხვავებული ახალი თემი, კრიო და მათი სამყოფელი – ქვეყნის მომავალი დედაქალაქი – ფრიტაუნი.

კრიოები სხვა ტომებთან შედარებით ბევრნი არ არიან, მაგრამ მათი ენა, კრიო (დამახინჯებული ინგლისური), გახდა სიერა ლეონეს გამაერთიანებელი მთავარი ენა. კრიოებს თავი განსაკუთრებულად უჭირავთ (ეს აქაური ინტელიგენციაა), სხვებს ჩამოსულ პროვინციელებად თვლიან და ნამდვილ ქალაქელობაზე დებენ თავს. მათი უმრავლესობა მართლაც გამოირჩევა განათლებით, საქციელით, იერითაც კი.

– ეჰ, რა ქალაქი იყო ფრიტაუნი! ეს ამდენი პროვინციელი რომა არა!!!

განსაკუთრებით სამოქალაქო ომის მერე გაივსო ქალაქი ლტოლვილებით.

– ქალაქში ვეღარ გაივლი, ნაცნობ სახეს ძლივს თუ შეამჩნევ! ადრე სულ სხვა იყო! იკარგება ქალაქური სული!

ჩემმა წინა წერილებმა სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა კარგი მითხრა, ზოგმა არაფერი. ერთი კი ნამდვილად მეუცნაურა (თუმცა მოსალოდნელი იყო). ეს რა არის – აფრიკელებს როგორ გვადარებსო! რა გითხრათ, ძალაუნებურად ვადარებ. ერთს კი ვიტყვი, ვისაც კი ეს ეხამუშა და ჩემს ნაწერებში პირველ რიგში ეს შედარება მოხვდა თვალში, სწორეთ მათნაირების გამოა რომ აქამდე ესეთ დღეში ვართ, ერთ ადგილას ვიტკეპნებით და თუ შემთხვევით წინ გადავდგით ნაბიჯი უმალ უკან უკან მივჩოჩავთ… აფრიკისაკენ!

აქ კი არაფერი ხდება ცუდი! ან ისეთი ჩვენ რომ ძალიან გაგვიკვირდეს, გვეუცნაუროს ან ალღო ვერ აუღოთ.

ჩემი კანის ფერის გამო აქაურებს საოცნებო, შორეული ევროპიდან ვგონივარ და შემომნატრიან ხოლმე – White man! ბევრსაც მეკითხებიან ესა თუ ის თქვენთან როგორ არისო. მეც არ ვიტეხავ იხტიბარს, ყველა ნაკლს თუ შეცდომას ვუსწორებ და ხან რას ვსაყვედურობ და ხან რას, მაგალითად კი სულ საქართველო მომყავს. შეამოწმებენ თუ რა! ესენიც თავს იმართლებენ და მპასუხობენ – რას იზამ, ეს აფრიკაა სერ! სად ჩვენ და სად თქვენ. ჰოდა ჩემი მონაყოლით ასე აქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები: ინგლისი, ბელგია, საქართველო… არა უფრო სწორედ ინგლისი, საქართველო, ბელგია…

მათთვის საქართველო არის ქვეყანა სადაც:

– არასოდეს არ აგვიანებენ;
– სამაგალითო პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან;
– სტერილური სისუფთავეა;
– არაფერს არ აგდებენ და მტვერიც კი გამოყენებულია;
– ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველა ერთმანეთს ეხმარება;
– ყველა დაკავებულია და თავისუფალი დრო თითქმის არავის აქვს;
– ყველა ძალიან ჭკვიანი და განათლებულია;
– მშიერს და ღარიბს ხომ სანთლით ვერ იპოვი;

ძალიან კარგი ქვეყანა გამომივიდა!

შენატრიან ჩემი ნაცნობი სიერა ლეონელები საქართველოს და ოცნებობენ ეგეთივე ქვეყანა ააშენონ. არ წახვიდეთ, გვასწავლეთ, იქნებ შვილები მაინც მოესწრონ თქვენნაირ ქვეყანაში ცხოვრებასო! აქაურისგან ვერ გაიგებ – ამან მე რა უნდა მასწავლოსო!

საქართველოს უახლესი ისტორია მალე დამოუკიდებლობის მეორე ათწლეულს შეასრულებს. სიერა ლეონე უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა. როგორც ამბობენ გადასარევი ქვეყანა, ნამდვილი სამოთხე ყოფილა სანამ 90 წლებიდან არ დაიწყო დაუმთავრებელი გადატრიალებების სერია და 10 წლიანი სამოქალაქო ომი. ქვეყანა მთლიანად მოიშალა და გაპარტახდა. გაეროს ჯარი და ცისფერჩაფხუტიანები იდგნებ გამშველებლებად რამდენიმე წელიწადი. ბოლოს ისინიც წავიდნენ. აქ ორი პოლიტიკური პარტიაა (ძირითადი) სლპპ (ეს-ელ-პი-პი) და აპს (ეი-პი-სი). 2008 წლამდე სლპპ მართავდა. არჩევნების მერე აპს-მ გაიმარჯვა. არც არაფერი. აღიარა სლპპ-მ დამარცხება და გადავიდა ოპოზიციაში. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის აქვს. 2012 – ში ახალი არჩევნები იქნება. ხალხი ამბობს ეყოფა ეხლა აპს-ს, ისევ სლპპ ვცადოთო.

მგონი მალე საქართველოში იქნება ადგილობრივი პიპიპიები. ნეტა თბილისის მერად რომელ პიპის აირჩევენ?!

ამ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, სოციალური სფეროს განვითარებას ეხებოდა. სემინარები იყო თბილისში, გუდაურში. მერე კი ვინც თავი გამოიჩინა ბრატისლავაში წაგვიყვანეს სამეცადინოთ. რბილად რომ ვთქვა იმ დროს თბილისი ვერ იყო კარგ ფორმაში. დენის პრობლემები, ჩაბნელებული ქუჩები და ა.შ. საზღვარგარეთ გასვლა კი ნამდვილად დასვენება და სუფთა ჰაერის ყლუპი იყო… ბრატისლავა კოხტა და კრიალა ქალაქია შუაგულ ევროპაში. სიდიდით არ გამოირჩევა და შესაბამისად არც ჰიტროუს ზომის აეროპორტი აქვს…

დაფრინდა ჩვენი თვითფრინავი ბრატისლავის აეროპორტში, ქართული დელეგაცია ჩაბრძანდა ტრაპზე. პირველი ქართული შთაბეჭდილება და პირველი სიტყვები:

– ეეე ბიჭო, ეს რა საქათმეში ჩამოგვიყვანეს!

* * *
ჩვენი ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო სევდანარევი გასცქერის ოკეანეს

– რა იყო მომო!
– სერ! პენსიაზე რომ გავალ, საქართველოში უნდა წავიდე საცხოვრებლად!

მობრძანდი მომო, მაგრამ… შენღა აკლიხარ აქაურობას!

პატივისცემით,
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
21 აპრილი, 2010 წელი

http://afrogeorgian.blogspot.com/2010_09_01_archive.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი