Initiation ritual of boys in Malawi

ხემა სთქვა, ცული რას დამაკლებდა
ჩემი ჯიშის ტარი რომ არა ჰქონდესო…

წინა კვირას ვახსენე ჩემი აქაური მეგობარი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორი ბაბა-კონდე. დავჯდებით ხოლმე მე და დოქტორი ბაბა და მიყვება აფრიკულ ამბებს და ადათებს. დოქტორ ბაბას დისერტაცია სსრკ-ში აქვს დაცული და მარქსიზმ ლენინიზმი გამოცდაც კი აქვს ჩაბარებული, ცრურწმენებისა არ სჯერა, მაგრამ…

აქ აფრიკაში ამბობენ, კაცი რომ გარდაიცვლება, მერე კარგა ხანი დაბოგინობს და დაბორიალობს თურმე დედამიწაზე. ხან სად ნახავენ და ხან სად. ეს მაშინ ხდება თუ მის შესახებ სიმართლეს არ იტყვიან – თუ კეთილი იყო კეთილად არ მოიხსენიებენ, თუ ბოროტი და მამაძაღლი, ეგეც უნდა აღიარონ. არადა სანამ ამქვეყანას დარჩენილები თვალთმაქცობენ გარდაცვლილიც ასე დაბოგინებს და ვერ ისვენებს. განსაკუთრებით ცუდი კაცი შემორჩება თურმე დიდხანს (აბა ავის თქმა და აღიარება, ხომ უფრო ძნელია!), დადის და კიდევ აგრძელებს ცუდი საქმეების კეთებას… მაშინ კი უნდა შეიკრიბოს თემი და ერთხმად უნდა თქვან ამ კაცის შესახებ სიმართლე. მხოლოდ ეგრე თუ მოისვენებს მიცვალებული და დაანებეს თავს ამქვეყანას…

– მე დავსწრებივარ თემის ასეთ შეკრებას ჩემს საბელადოში – ჩურჩულით მეუბნება ”მარქსისტი” დოქტორი ბაბა კონტე.

როგორ მინდოდა აფრიკული სახალისო ამბები გამეზიარებინა თქვენთვის, ალბათ მერე ეგრეც იქნება, მაგრამ ამჯერად ვერა და ვერ დავაღწიე თავი ერთ საფიქრალს – რუსეთში, სმოლენსკის თავზე, კატინთან ჩამოვარდა თვითმფრინავი ტუ – 154.

დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე

მათთან ერთად დაიღუპა ოთხმოცდათექვსმეტი ადამიანი, პოლონეთის სულ ნარჩევი საზოგადოება: პოლიტიკოსები, სარდლობა, სამღვდელოება, მეცნიერები…

… ისტორიკოსი სტეფან მიალოკი, კატინის კომიტეტის თავმჯდომარე…
… ევა ბაკოვსკაია, კატინში დახვრეტილი გენერალ მიაჩისლავ სმურავინსკის შვილიშვილი, რომელიც ბაბუის საფლავზე უნდა მისულიყო… და სხვა, და სხვა და სხვა…

ეს ამბავი პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, ქართველებთან და საქართველოსთან. ეს იმ დაუმთავრებელი ბრძოლის გაგრძელებაა რომელიც 1921 წელს კოჯორთან დაიწყო (ალბათ ბევრად უფრო ადრეც) და ჯერაც არ დასრულებულა…

საზარელი ადგილია კატინი, პოლონელთათვის შეიძლება წმინდა ადგილიც: აქ დახვრეტილია 4200 პოლონელი ოფიცერი და 6500 ზე მეტი მაშინდელი საბჭოეთის სრულიად უდანაშაულო მოქალაქე…

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნისლისა თუ სხვა დაუდგენელი მიზეზის გამო დაიმსხვა კატინთან. მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა. რატომ მოხდა? შემთხვევითობაა? ადამიანური ფაქტორია? მოწყობილია? პილოტის ბრალია? პუტინმა გააკეთა? ვინ ჩაიდინა?

მე გეტყვით: ეს ჩვენი, ქართველების ბრალია! ეს ჩვენი გაკეთებულია!!! ალბათ ფიქროფთ, გაგიჟდაო!

გახსოვთ სულხან საბას მაოხრებელი გზირი? ეგ არის! მაგის ჩადენილია – მაოხრებელი გზირის! მაოხრებელი გზირი დაბორიალობს მსოფლიოში, დაუპყრია ხალხის სულები და მთელი ქვეყნები, მართავს მათ და აგრძელებს და აგრძელებს უსასრულოდ ამ ბრძოლას.
მან ჩამოაგდო თვითმფრინავი კატინთან. მან დახვრიტა 4200 პოლონელი ოფიცერი 70 წლის წინ! მან დაიპყრო საქართველო 1921 წელს! ეგ გვებრძოდა 2008 წლის აგვისტოში! სტალინი და სტალინიზმი.

სმოლენსკის თავზე ერთბაშად დაიღუპა პოლონეთის პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი ვისაც სტალინი პირველ რიგში დახვრიტავდა.

ჩვენ ქართველები დიდ ვალში ვართ მსოფლიოსთან. ჩვენ დავბადეთ და გავზარდეთ ეს მეოცე საუკუნის ჯოჯო და ჩვენვე უნდა დავიწყოთ მისი განდევნა დედამიწიდან.

თქვენ იტყვით, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ რუსეთმა იკითხოსო. არა ბატონო, რუსეთი ბოლომდე აქვს დაპყრობილი მაოხრებელ გზირს და სწორედ ეს ქვეყანა ქცეულა მის მთავარ იარაღად. ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვათა და სხვათა ქვეყანამ სტალინი გაიხადა თავის სიმბოლოდ და გზისმკვლევ შუქურად!

ისტორიას ბევრი ახსოვს მტარვალი, მაგრამ ყველაზე ითქვა მეტნაკლები სიმართლე და არც ერთს აღარ დარჩა ნამდვილი მოსარჩლეები..

თუ ამბიცია გვაწუხებს შეგვიძლია ვიამაყოთ. მსოფლიოს არც ისტორიაში და არც ლიტერატურაში არ მოიძებნება მსგავსი მოვლენა. ყველა ჯურის მაოხრებელი გზირების გრძელ სიაში უპირველესი ჩვენია! ყველაფერში ჩემპიონია:

– ღალატში – უგანა და უღალატა ყველაფერს რასაც კი შეიძლებოდა, პიროვნულს თუ საზოგადოს…
– სისხლისღვრაში – ვის დაუღვრია ადამიანის მოდგმის სისხლი ამდენი, ვერც ერთი სისხლისმსმელი ტირანი ან სერიული მკვლელი სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა რაც მაოხრებელმა გზირმა მოახერხა. ჰიტლერიც კი, რომელმაც გერმანული პედანტურობით შეიმუშავა ბიზნეს გეგმა და საწარმოო მაშტაბებით გამართა ხალხის მოგუდვა, ვერ დაეწია ჩვენს მაოხრებელ გზირს.
– გარყვნა და გაათახსირა ხალხები, ქვეყნები და ერები…
– რამდენი გენიოსი, ნიჭიერი ან უბრალოდ გონიერი და მუყაითი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და უკან დახია კაცობრიობის განვითარება, კულტურა, მეცნიერება…

ნამდვილად არ მეყოფა არც წარმოსახვა და არც ფანტაზია ცოდვათა ეს დაუსრულებელი სია რომ შევადგინო. ვინც გინდათ ის გაიხსენეთ, ნერონი, კალიგულა, თემურ ლენგი, ჰიტლერი…. ვერავინ ვერ მოვა მასთან… თანამედროვე პოლ-პოტები და მილოშევიჩები ხომ საერთოდ ვოდევილის ტაკიმასხარებად ჩანან.

ის ისევ აქ არის, ჩვენში ტრიალებს, უზარმაზარ რუსეთს მართავს და იბრძვის, იბრძვის გაშმაგებით მიწის ყოველი მტკაველისათვის, სულებისათვის… უნდა იცოდნენ ქართველმა ტახტის მაძიებლებმა, რომ როცა მოსკოვში გარბიან შველის სათხოვნელად, მასთან სასაუბროდ და სულის მისაყიდად მიდიან.

ლეხ კაჩინსკიმ ზუსტად იცოდა ვის ებრძვის. იცოდა რომ არაფრით არ შეიძლება მოდუნება და არც ერთი გოჯის დათმობა. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაოხრებელი გზირი საქართველოში შემოუძღვა რუსის ტანკებს, როდესაც მე, ქართველი, აფრიკაში ვიჯექი და ზოგიერთი სხვა ქართველები ბაქოში და ერევანში გარბოდნენ, პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა… მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი.

ჩვენ ქართველები ვალში ვართ. 1990 წლიდან ჩვენ მოგვეცა შანსი ჩვენი ვალი მოვიხადოთ, ჩვენს თავში გავერკვიოთ, გავიგოთ ვინა ვართ და ცუდ კაცს ცუდი კაცი დავარქვათ.
საქართველოს თემმა უნდა თქვას ვინ არის სტალინი, ისევე როგორც გერმანიამ აღიარა, დაგმო ჰიტლერი და ფაშიზმი, ბოდიში მოუხადა ყველას და გაანთავისუფლა მსოფლიო თავისი მაოხრებელი გზირისაგან.

ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ, მივცეთ ამ ჩვენს დამოკიდებულებას მორალური და იურიდიული ფორმა. გამოვცეთ კანონი რომ სტალინი არის უდიდესი დამნაშავე კაცობრიობის ისტორიაში, გაუთანაბროდ სტალინიზმი და საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი ფაშიზმს და რომ საქართველოს ტეროტორიაზე კანონით ისჯება სტალინიზმის ნებისმიერი გამოვლინება…

ნუ გეშინიათ, არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ გავიწმინდებით. ჩვენ გვყავს უამრავი საოცრად კეთილი და ნათელი, საამაყო ადამიანები და მათი სულებიც მოისვენებენ…

ამითი ბრძოლა არ დამთავრდება, მაგრამ დამიჯერეთ ფრონტის ხაზი გამოიკვეთება, ნისლი გადაიყრება და მაოხრებელ გზირს სერიოზულად შეერყევა პედესტალი….

მაგრამ განა ესე ფიქრობს საქართველო???

მივხვდი რომ სამიტინგო სიტყვა გამომივიდა, არადა როგორ მინდოდა სახალისო აფრიკული ამბების მოყოლა. ვინ გაცალა!

* * *
ისევ ჩვენი ფრიტაუნული კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო თუ მიშველის.

– მომო შენ იცი ვინ იყო სტალინი?
– არა სერ, ვინმე ბელადია!?
– ლენინი?
– ეგ ვინ არის?
– მომო სკოლაში ხომ დადიოდი?
– დიახ სერ, პოლიციის კურსებზეც, დიპლომიც მაქვს!

დაილოცოს აფრიკა!!!

აფროქართველი
ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 13 აპრილი

თორნიკე ბერიშვილი
http://afrogeorgian.blogspot.com/2010_09_01_archive.html

დატოვე კომენტარი

კომენტარი