Sierra Leone photo queue of women

 

ჯიზუს დონ გრაპ!!! ქრისტე აღდგა!!!

– მოსკოვში შავებში ჩაცმულმა შახიდმა ქალებმა მეტრო ააფეთქეს და 40 ადამიანი იმსხვერპლეს….

– ფუნდამენტალისტმა მუსულმანებმა ლამის მთელ მსოფლიოს ჯიხადი გამოუცხადეს და ცდას არ აკლებენ დიდი, პატარა, კაცი, ქალი, დამნაშავე თუ უდანაშაულო გამოასალმონ სიცოცხლეს…

– სუნიტები ებრძვიან შიიტებს…

– ირანელი ახმადინეჯადი ყველას მუშტს უღერებს, თვალებს უბრიალებს და ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვას იქადნება…

– ისრაელი ებრძვის ჰამასს, რუსები ათამაშებენ უკანალს, უღიმიან ისრაელს და მხარს უჭერენ პალესტინელებს…

– კოკოითი თრუსოს ხეობის დაბრუნებას ითხოვს…

– მართლმადიდებელი ქართველები არ ცნობენ რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მსოფლიო რელიგიის ისტორიას…

კლინიკური შიზოფრენიაა!!!

მე კი აფრიკულ ქორწილში ვარ დაპატიჟებული და საგულდაგულოდ ვემზადები.

აქაური ქორწილი ძალიან სერიოზული ამბავია და დიდხანს და სერიოზულად იგეგმება. ორი თვის წინ მომიტანეს მოპატიჟება და მხარვრულად გაფორმებული ბუკლეტი.

თავფურცელზე ყვავილებით მოჩუქურთმებულ გულში ნეფე პატარძალის ფოტოა: ქორწინდებიან ამადუ ალი ნგეგბა და ფატმატა კორომა! სიყვარული და ბედნიერებება მათ!!!

მერე მოთხრობილია მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორია, ლექსები და კეთილი სურვილები. მთავარი კი საქმიანი ნაწილია. შემაშფოთებელი სერიოზულობით არის აღწერილი მთელი დღის პროგრამა: სად რა იქნება, როდის, ვინ იტყვის სიტყვას და ა.შ.

ფრიტაუნის შუაგულში კათოლიკური ეკლესია ხალხით არის გადავსებული. გაპრანჭული ხალხი, ბაფთებიანი მანქანები, საქორწინო ვიდეო და ფოტოები და გამაყრუებელი პიპინით მომავალი ესკორტი… (თვალი რომ დახუჭო, საქართველოში ხარ!)

ეკლესიაში საპატიო ადგილას მომათავსეს, გვერდით მიზის ჩვენი მეგობარი, აქაური პოლოტიკოსი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დოქტორი ბაბა კონდე, ადგილობრივ წეს ჩვეულებებს მასწავლის და ჭკუას მარიგებს…

ყველაფერი წესით და რიგით მიდის. ერთი უცნაურობა მჭრის თვალს, სიძის მხარეს კაცები აშკარად განსხვავებულად გამოიყურებიან, ჩაცმულობაა თუ რა? ვეკითხები დოქტორ ბაბას.

– სიძე მუსულმანია…

– მერე აქ ეკლესიაში ჯვარს როგორ იწერენ? – კითხვა აშკარად ეუცნაურებათ, ჩემს მეტი ეგ არავის არ უკვირს.

– პროგრამაში ხომ წერია – აქედან მეჩეთში წავალთ, მერე კი ქეიფი იქნება.

– მერე როგორ იქნებიან? და ბავშვები?

– როგორ უნდა იყვნენ? ეს იქნება ქრისტიანი, ის იქნება მუსულმანი, ბავშვები კი… გადაწყვიტავენ რა… რას მეკითხები?

– დოქტორ შენ ხომ ქრისტიანი ხარ?

– მე? – იწყინა! – აბა რა! – და პირჯვარი გადაიწერა დიდის ამბით – ხო მართლა, მამაჩემი მუსულმანია, ეხლა მექაში აპირებს წასვლას. უნდა მოილოცოს რომ ალაჯი გახდეს, ხოდა… იქნებ ცოტა დამეხმაროთ ფინანსებით, უნდა გავამგზავრო, უკვე ხნიერია და ჯერ მექაში არა ყოფილა…

– შენ როდის აპირებ წასვლას?

– მეე? მე მექაში რა მინდა?! მე ხომ ქრისტიანი ვარ – და კიდევ ერთხელ გადიწერა პირჯვარი.

ისე აგიხდა ყველაფერი, მეჩეთშიც ვიყავით. მერე დარბაზში წავედით. ჩვენი ქართული წესისაგან განსხვავებით სუფრა არ დაგვხვდა. კინოსავით დავჯექით რიგებში. პრეზიდიუმში მიკროფონიანმა ”თამადამ” შეხვედრა გახსნა. ჯერ ქრისტიანული ლოცვა თქვეს, მერე მუსულმანურად ვილოცეთ, ორივე მხრიდან სიტყვები და კეთილი სურვილები. მეც მათქმევინეს – აბა ერთი თეთრი კაცი რას გვისურვებსო. მეც ერთი სადღეგრზელო დავურტყი უღვინოთ (თანავ ვფიქრობდი, ნუთუ არაფერს არ გვაჭმევენ და გვასმევენ. ამდენი ცერემონიების მერე კუჭის რეფლექსები ქართულად ამუშავდა).

მორჩა ოფიციალური ნაწილი. პრეიზიდიუმის მაგიდა მოასუფთავეს და დააგრძელეს. უცბად კარი გაიღო და ქალების რიგი წამოვიდა თავზე დადგმული ხონჩებით. სულ ნაირ-ნაირი საჭმელ სასმელით გაივსო იქაურობა – ა ლა ფურშეტ! რა გინდა სულო და გულო! აქაურები ძირითადად ლუდს ეტანებიან.

შემდეგ კი სკამები სადღაც გაქრა, რიტმი და მუსიკა წამოვიდა და ცეკვა, ცეკვა და ცეკვა…. აბა ერთი ეს მსუქანი თეთრი კაცი რას იზამსო და წრეში შემაგდეს. მეც რა მექნა, ხომ არ შევრცხვებოდი?! აქაურებიც ამყვნენ… წავიდააა!!!

ეხლა ფრიტაუნში ახალმოდური ცეკვა დადის, ქართულის ელემენტებით.

სიერრა

* * *

გვიან ღამე, შეიძლება ითქვას დილისთვის მივადექი ჩემს ალაყაფს. საოცრებაა მაგრამ ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს არა სძინავს და კარიც კი გამიღო.

– როგორ მოილხინეთ სერ!

– რა მოხდა მომო? რად არა გძინავს?

– რატომ გინდათ მაწყენინოთ სერ?

– ხო კაი ეხლა, წავედი მეძინება…

– სერ?! – გამომედევნა – ეხლა აღდგომა მოდის, დღესასწაულებია, ხომ იცით ოჯახი, ათასი ხარჯია… იქნებ რაღაცით დამეხმაროთ.

გამახსენდა, მომოს (და არც ერთ სხვა აქაურს) არც ერთი მუსულმანური და არც ერთი ქრისტიანული ზეიმი არ გამოუტოვებია. ქრისტეშობაც იზეიმა, მარიამობაც, რამადანიც, ბაირამიც იბაირამა… თანაც გულწრფელად. დახმარებაც ყოველთვის ითხოვა…

– მომო!

– სერ?!

– ბოლო-ბოლო შენ ვინ ხარ, ქრისტიანი, მუსულმანი თუ ვინ?

– მე, სერ! – დაკრიჭა კბილები – მე ქრის-მუსი ვარ, სერ!

აფროქართველი

ქ. ფრიტაუნი

07 აპრილი, 2010 წელი

თორნიკე ბერიშვილი
http://afrogeorgian.blogspot.com

დატოვე კომენტარი

კომენტარი